ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პროზა
13 სექტემბერი, 2016


მელანოMANia

"ჩემი ერთადერთი მიზანი იყო, არის და იქნება ის, რომ ჩემი მკითხველი თვითონვე მიხვდეს და შეიგნოს, მე მას არასოდეს შევთავაზებ მზამზარეულ აზრებს".
მიგელ დე უნამუნო

მელანო (თავი მეცხრე)
მთელი ღამე იმაზე ვფიქრობდი თუ როგორ დასრულდებოდა ეს ტკივილიანი და რთულად გასახსენებელი ამბავი. მერწუნეთ, თქვენი მოლოდინი არაფერია, იმასთან შედარებით, როცა შენთვის ძვირფასი ადამიანის სუნთქვა გესმის და თან იცი, რომ ახლანდელი სიმშვიდე არცთუ დიდი ხნის წინ მშფოთვარე და დამთრგუნველი, მტანჯველი დღეეების უსასრულო დასტა იყო, ალაგ-ალაგ შელამაზებული და ბედნიერი წუთებით, ისიც მხოლოდ შვილების წყალობით და ისიც მხოლოდ მათი გულისათვის.
სადღაც 6 საათისაკენ მაღვიძარამ დარეკა. ეს იმ გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის გვქონდა გათვლილი, თუ ორივეს დაგვეძინებოდა, მაგრამ, როგორც გითხარით იმ ღამით თვალი არ მომიხუჭავს.
სიმართლე გითხრათ, არც მინდოდა გათენებულიყო, რადგან ამ ისტორიის დასასრულის მოსმენა იმდენად მტკივნეული იქნებოდა ჩემთვის, რამდენადაც მელანოსთვის თავიდან გახსენება იმისა, რაც თავს გადახდა...
ამ ისტორიის წანამძღვარზე როდესაც ვფიქრობდი, ბოლო წუთამდე ვვარაუდობდი, რომ წამეწერა: "საქმემან შენმან წარმოგაჩინოს შენ", თუმცა თქვენთვის მარტივ და მისაღებ, უნამუნოსეულ ფორმულირებას მივაგენი, რასაც სრულიად ვეთანხმები, თქვენც, იმედია...
მე ჩემ აზრს კი არ გახვევთ თავს, პირიქით, გიამბობთ და წარმოგიჩენთ საკუთარ, ახლა უკვე მელანოს ცხოვრებასაც, დანარჩენი კი თქვენთვის მომინდია.
ერთადერთი რამ, რაზეც თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო არის ის, რომ მელანოს ერთი წამითაც არ მოუცვლია ადგილი ჩემი მარჯვენა მკლავიდან და ზუსტად იმ პოზაში გაიღვიძა, როგორშიც ჩათვლიმა საუბრისას.
თვალები გაახილა თუ არა, მითხრა:
-ბართლომე, როგორ ჩამძინებია, რატომ არ გამაღვიძე, რომელი საათია? სამსახურში ხომ არ გაგვიანდება? ყავის დალევას მოვასწრებთ? გუშინ სად შევჩერდით?
დავიბენი ამდენი კითხვა რომ დამისვა და მარტივი გამოსავალი მოვძებნე, ვუთხარი:
-ყავა დავლიოთ, დღეს სამსახურში არ მაგვიანდება მეთქი, თუმცა იმ დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა ჩანიშნული კლიენტებთან, რომლებთანაც სადაზღვევო პირობები უნდა გამევლო, მგონი, ლოკაციაზეც უნდა გავსულიყავი, განაცხადების ასაღებად...
ვიფიქრე, იქნებ აღარ გაახსენდეს ბოლო შეკითხვა და აღარც ისტორიის დასასრული მიამბოს მეთქი, მაგრამ, როგორც კი ყავით ხელში შემობრუნდა საძინებელში, მითხრა:
-მოუკიდე სიგარეტს ორივესათვის და ჩემი ამბავის დასასრულსაც გეტყვი, შეიძლება ყავის დალევაც ვერ მოვასწროთ ბოლომდე.
ისევ ღრმად დაარტყა ნაფაზი მის წილ სიგარეტს, კვამლი საკმაოზე მეტხანს გაიჩერა ფილტვებში, ისე თითქოს, უკან გამოშვებამდე თავადაც დაფიქრდა, ეთქვა თუ არა მისი ისტორიის დასასრული, ბოლოს, როგორც იქნა ნახშიროჟანგს პირველი სიტყვებიც მოაყოლა:
"მეორე შვილის დაბადების სიხარულით გამოწვეული დრო რომ მიილია,ჩემმა ქმარმა სახლში გვიან მოსვლას მოუხშირა, ზოგჯერ არც მოდიოდა ხოლმე, ვეჭვიანობდი, ვფიქრობდი, რომ მღალატობდა, მაგრამ სამწუხაროდ, ღალატზე უარესი რამ გავიგე მისგანვე.
ერთხელაც, როცა სახლში ჩვეულებრივზე კარგ ხასიათზე და მისთვის შეუფერებელ დროს, საკმაოდ ადრე დაბრუნდა,
დამისვა და მთხოვა, მომესმინა მისთვის.
-გაგეცინება და არც კი უცდია ეს ამბავი შემოეპარებინა ჩემთვის, პირდაპირ განმიცხადა, რომ წამალდამოკიდებული იყო. ეს ფაქტი დაემთხვა მისი უმუშევრობის პერიოდს და ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, "მორიგი ულუფისათვის" ფული მთხოვა, თან იმ პირობით, რომ თავად გავყვებოდი აფთიაქში და ეს უკანასკნელი დოზა იქნებოდა მისთვის.
აქ კი ჩემმა მობილურმა ხელმეორედ დარეკა, ოღონდ ამჯერად მაღვიძარამ არა, მონიტორინგიდან მირეკავდნენ, რათა გადაემოწმებინათ ლოკაციაზე თუ ვიყავი.
მოკლედ, სასწრაფოდ ჩავიცვი, მელანოს ვაკოცე, დავემშვიდობე და თავქუდმოგლეჯილი გამოვვარდი მისი სახლიდან.
ისტორიის დასასრულმაც ერთი თავით გადაიწია ჩემივე ბრალეულობით, უკვე მეორეჯერ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები