ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლაშა ბიბიჩაძე
ჟანრი: პოეზია
5 ოქტომბერი, 2016


ლექსიდან გაქცეული

არ იცხოვრებდი, არასოდეს შენ ამ ნაპირზე
თუმცა გიყვარდა აქაფებულ ტალღის ორგია
და კოცონიდან გადმოყრილი ნაკვერჩხლის ბჟუტვა,
მერე მბჯუტავი ნაკვერჩხლების მშრალი ტკაცუნი.
-გთხოვ, კიდევ ერთხელ გაიხსენე დედას გაფიცებ,
თეთრი წვიმები ჩვენ კვალდაკვალ როგორ მორბიან,
როგორც ცხენები, ნაცემი და მათრახგაწნულნი,
თითქოს მიწაში ჩაგვასწრებენ ამ სიჯიუტით.

არ იცხოვრებდი, მე ხომ ვიცი, არ იცხოვრებდი...
არადა რარიგ გიტყუებდა აშარი ტალღა,
რომელიც მარჯნებს გამოექცა და კვდება ახლა
ამდენი დროის ნაგროვები მყრალი სიმლაშით
წითელ სილაში.

-რა რჩება ჩემი სიტყვებიდან?! -მხოლოდ ნაცარი...
ჩაეტეოდა სამ წერტილში, რასაც ვჯახირობ,
ლექსი ლექსია, გულს თუ მოფხანს ვინმე მადლიანს,
თორემ ისეთი ბევრი ვიცი, შუბლს ჩახმახით რომ
გამიხვრეტს, მერე გაიხედავს ჭუჭრუტანიდან
და ჩემ წარსულში მოინდომებს ხელების ფათურს.

და თუ სიმშვიდეს გადააწყდა კუთხეში სადმე,
მას ჭინჭარივით ამოძირკვავს ძირფესვიანად.

რა შორს წამიღო ამ ფიქრებმა... -ასე დადიან!
მეც უსაქმური, როგორც ჩემ ჩრდილს, ფეხდაფეხ დავდევ.

და ბრუნავს მისთვის დედამიწა, მოკვდა ჯორდანო,
წერს ისტორიას ქვაფენილზე თეთრად მეცარცე,
წერს: -არ მიუშვათ ასი ღორი გასვრილ ღორთანო,
და ბრუნავს მისთვის დედამიწა, და მისთვის ბრუნავს,
მე კი გონებას ვისუფთავებ, ვით ნაგვის ურნას,
ყველა ტკივილი რომ ქარისგან შემომეძარცვოს.

შემომეძარცვოს კოშმარები, ღამის მსტოვრები,
აღარ მოვუსმენ აღარც ზღაპრებს, აღარც იგავებს,
მე თუ ოდესღაც სიყვარულთან გაგაიგივე,
აწი გონების ოდესღაც-ში მემახსოვრები...
რადგან შენ ლექსში არასოდეს არ იცხოვრებდი.

ლაშა ბიბიჩაძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები