ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ.ჭ.
ჟანრი: პროზა
26 ოქტომბერი, 2016


იები მუჭით

თოვლივით თეთრ ოთხ კედელში, ღრმა ძილისაგან თავდაღწევის შემდეგ, საკმაოდ შეშინებულმა გავახილე თვალები.
დავიბადე.
ჩუმად მოვიპარე სამყარო და ერთ ამოტირებაში ფილტვებში ჩავუშვი.
სულ რამდენიმე საათის შავთმიანი გოგო ვიყავი,როცა მოსალოცად მოხუცი კაცი შემოვიდა. ალბათ, ბევრი იფიქრა რა შეიძლებოდა საჩუქრად წამოეღო-ისეთი, რაც ახალ სიცოცხლესა და მის ფერადოვნებას გაუსვამდა ხაზს.
დანაოჭებულ, თეთრ ხელებში მიწა ეჭირა, მიწაში კი ფერადი იები მოექცია.
მალე სიარულიც ვისწავლე, ბაბუაჩემი კი პირიქით- ვეღარ დადიოდა.
მე ძილი აღარ მიყვარდა, დროს სამყაროს შეცნობას ვუთმობდი, ბაბუაჩემს კი უკვე გადაღლილს, ღრმად ჩაეძინა.
დავიწყე ფერების გარჩევა და ხეებზე ფოთლების რაოდენობის გარკვევაც შემეძლო, დაკვირვებაც და მათი ჩურჩულის მოსმენაც.
თითქოს, მალე გავიზარდე და დარჩა ბავშვობა თბილ საბანში გახვეულ, მიძინებულ მოგონებად.
იისფერი კიბე ვიპოვნე.
ავედი.
სულ წინ არ მივდიოდი, უკანაც ვბრუნდებოდი, აუცილებელი შეცდომები მქონდა დასაშვები.
ყოველ ჩამოდგმულ ნაბიჯზე უამრავი უცნაური თვალი მაკვირდებოდა. ზოგი საცოდავად გამოიყურებოდა, ზოგი მაცდურად, ზოგი კი საერთოდ ვერაფერს ხედავდა.
თვალები ქვემოდან მომსდევდნენ.
მივიწევდი იქით, სადაც წვიმა და მზე ერთმანეთს ერწყმოდა, მზე დაფეხმძიმდებოდა და ახალშობილი ბედნიერების ცისარტყელა ფერად წინდებს ჩაიცვამდა.
ცისარტყელამ თმები იებით ჩამიწნა, ფერადი საღებავები მაჩუქა და უკან გამომიშვა.
ერთმანეთში არეული თვალები მელოდნენ.
მე მათ არ ვგავდი.
ვერ გაიგეს, ეუცხოვათ და მალე დაიწყეს ღორებივით ტალახის ძიება. ცოტა შიში მიკაწრავდა სხეულს, მაგრამ არც სიმამაცე იარსებებდა შიშის გარეშე.
...
თქვენ ნატიფ თითებს ჭუჭყის გემოს აგრძნობინებდით და მერე ხელებგაშლილი ჩასახუტებლად მორბოდით, ჩემს ფერად კაბებზე ლაქები რომ ამოგექარგათ.
მე ლაქები მომეწონა.
იების ფორმას მივამსგავსე და საღებავებით გაფერადება ვცადე.
ლამაზი ცხოვრება გამომივიდა...
თქვენ მოგეწონათ და გადახატვა დაიწყეთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები