ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიჩელი
ჟანრი: პროზა
17 ნოემბერი, 2016


ლურჯი პეპლების ადაჯიო

        ლურჯი პეპლების ადაჯიო

  -ალო,ალო! შენა ხარ, შვილო? მადლობა ღმერთს! სად იყავით ამდეხანს? რათ არა პასუხობდით? გადამიქანდა გული.!
  -შორს ვიყავით, უკაცრავად!
  - მერე სუყველანი? მე კი, სულო ცოდვილო, ვიფიქრე, მემალებიან-მეთქი.
  -ბატონო? რომელი ხართ?
  -როგორ, ვეღარცა მცნობ, ბიჭო?! ყოჩაღ შენს შვილიშვილობას! ვარ აქ ჩაკეტილი უპატრონო პატიმარივით, ერთს არ გაგახსენდებით. თქვენც ხო დაბერდებით როდისმე. ამაზე არ უნდა იფიქროთ? შენი პაწუა მიშო მაინც არ უნდა ჩამახუტო ერთხელა? ისღა დამიდის უბედური მამიშენის სახელზე. მერე როგორ გიყვარდა აქაურობა, მაგხელა რო იყავი!
  -ვინ მიშო, სად რეკავთ?
  -ბიჭო, არ გამაგიჟო ეხლა! ანო ბაბო ვარ, ვეღარა მცნობ?
  -დდიახ, დიახ, ცუდად ისმის!
  -შენც როგორ დაგვაჟკაცებია ხმა! მე კიდევა ამამიღამდა თვალები თქვენს ლოდინში. ერთთავად იმ ჩამოვარდნილ კარზე მაქ ყური მიბმული. როდის დაიჭრიალებს-მეთქი. მეზობლადაც არავინა მყავს, ეს ოხერი ჩათუთქული გული რო ამოვირეცხო.
  -მე მგონი, თქვენ იქ...
  -არ გამითიშო, ბიჭო! ძლივას ავკრიფე ამ სატიალეზე. ესეც ლამის ჩემი ხნისაა. ჩემსაეფ შეკრული და შეკოწიწებული. ხო გახსომს ჩვენი შავი ტელეფონი? ღმერთმა გაახაროს ის დოღრიალაანთ ბიჭი, მანტიორია თუ რაღაც იმას რო არ შაეკეთებინა და არ ეთქვა წინ რა ჩამამეყარა, ეხლაც ვერ დაგირეკამდით. დამატყდა თითები. შენ კიდე ლაპარაკიც გეზარება ბაბოსთანა. (იცრემლება).
  -არა, ბებო, გისმენ, გისმენ!
  -შენ მაინც სხვა იყავი, ბიჭო, ჩემს მონაგარში. ბაღიც  გიყვარდა და პირუტყვიცა. გახსომს ჩვენს „სალუქას” ნახირში რო ვაცილებდით შეცისკრებაზე. „ბებო, არ გამეპარო, იცოდეო”- ძილისწინ დამანამუსებდი. როგორ არ გეზარებოდა ადრე ადგომა სხვებივით. ჰა, რას გაჩუმდი?
  -როგორ არ მახსოვს, მახსოვს.
  -პაპაშენი რო შაგსვამდა ხარის ქედზე, ამასეეფ ძრიელი გამოხვალო, აბუზული რო წაავლებდი პაწუა ხელებს რქებში, გახსომს?
  -როგორ არა.
-მერე მითხარი რამე, შენი ხმა გამაგონე! დანატრული ვარ ადამიანის ხმას. ლამის არი, ყმუილი დავიწყო.
  -მახსოვს ერთხელ ტბორზე წამიყვანეს უფროსმა ბიჭებმა. ვითევზავეთ, ციმციმ გავავსე თუნუქის ყუთი ვითომ ლიფსიტებით. მოვიყვანე შინ. სათლში ჩავსხი  და პურის ნამცეცები დავუყარე. ორ დღეში სულ თავკომბალებად გადაიქცნენ. თურმე იმათ გამიჩალიჩეს.
  -მერე სადა ნახე ჩვენთან ტბორი? შენ ღაბოანთ რუზე ამბობ ნამდვილათა. ეგეც დაშრა რამდენი ხანია.
  -შეღამებულზე ციცინათელებს ვიჭერდი, მეზობლის პატარა გოგოსთვის თმებში რომ ჩამეწნა. მერე იმ გოგოს დიოფალს ვეძახდით. ჟღალი კიკინები ჰქონდა.
  -ხოო? დიდი უცნაური იყავი მაშინვე.
  -ბაბუაწვერებს აგროვებდი, ქარი რო ფანტამდა, გული გწყდებოდა. განა სულს უბერამდი სხვებივით. რას გაჩუმდი, ბიჭო! ხო არ გავითიშეთ?
  -მახსოვს, ჭრელი ვარია მაჩუქა მეზობლის ქალმა. ჭრელა დავარქვი. ცალკე საბუდარი გავუკეთე ძველი ყუთისგან. ხელით ვაჭმევდი, ველოლიავებოდი. მერე თბილისიდან ჩამოსულ ვიღაც სტუმარს დაუკლეს ის ვარია. ყველაზე მძიმედ ეგ ამბავი მახსენდება.
  -მაგას შავი მაგდანა გაჩუქებდა. ჭრელი დედლები იმასა ჰყვანდა. ეჰ, შარშან ნააღდგომევს დავმარხეთ საწყალი!
  -ატირებული გულში ჩამიკარი, აქამდე მომყვა შენი შავი კაბის სურნელი, თივის სუნს რომ წააგავდა.
  -დაგეწამლე შენა.
  -სოფლის ბოლოს სიმინდის ყანებში მივყვებოდი უფროსებს...
  -როგორა? რას ამობ აბა, ჩვენს სოფელში სიმინდის ყანებს რა უნდა, ბიჭო? განა იმერეთია.
  -არა, მინდოდა მეთქვა...
  -ვიცი,ვიცი, ხოდაბუნებზე ამბობ. იქ მიჰყავდი პაპასა.
  აბა, ამისი დავიწყება იქნება, ბიჭო?! ეგეებია მილეულ სულს  რომ გვატანინებს წუთისოფლის ყიამათში.
  -ჩემს სიზმრებშიც სულ წარსული დღეები ფარფატებენ ლურჯი პეპლებივით, თითქოს დღევანდელობა ბეტონის ნაპრალებში ჩაიკარგაო.
  -დაგეწამლე შენა!
  ძაან გამიჭირდა, შვილო! სუ დაბლა ოთახში ვარ გამოკეტილი, იქ წყალი არ ჩამოდის. ხანდახან თუ გამოვალ, ვიYთომ მივალაგ-მოვალაგებ. ზერელედ, ვარაუდით, ვეღარც ვიყურები წესივრად. მაინც არ ვეშვები, ნაოხარი რომ არ ეგონოს ვინმეს. წაიღო ეზო ჭინჭარმა. იმას რა ცელი აუვა. ანდა სად არის ცელი. სუ ჟანგმა შეჭამა პაპიშენის ნალოლიავები იარაღი. მეც ეგრე მჭამს წუთისოფლის ჟანგი.რას ელოდებით, ჩემი დაღუპვის ამბავსა? იქნებ ვერც ვერავინ მამაგნოს ამ უკაცეთში.
  -ჩამოვალ, ბებო, აბა რას ვიზამ. აი, ორ დღეში აქაურ საქმეებს მივხედ-მოვხედავ და ჩამოვალ. მისამართი თუ გავიხსენე როგორმე.
  -აბა ჩვენი სახლის მოგნებას რა უნდა, ბიჭო! კასპის ავტობუსი „თელიანის” გზაზე გადმოუხვევს თუ არა, მარჯვნივ მესამე სახლი ჩვენია. წინ ნამეხარ ჭადარზე მიხვდები. იმოტოლა ხე არც მანამდე იყო სოფელში და არც ეხლაა.
  განა არ ვიცოდი, რო გული არ დაგაყენებდა. შენი იმედი მუდამა მქონდა, ბიჭო! იქნება კიდეც ჩამამისწრო.
  თუ არადა, ჭირიც მამჭამოს, სულერთია, იქითა მაქს გზა. მაგ შენი სიტყვების სითბო ხო მაინც გამყვება შავეთის გზაზე.

      2016, IIIAA

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები