ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კონსტანტინე იამანიძე
ჟანრი: პოეზია
30 ნოემბერი, 2016


საკუთარი თავისთვის საკითხავი № 3

ერთ დღესაც,
როცა შეამაციებს ჩემი უადგილობა,
დავუჯდები საკუთარ სხეულს მხრების მართობულად.
როგორც ოთახს – ოთხივ კედელი.
და როგორც სასოწარკვეთილ ღმერთკაცებს სჩვევიათ,
დამსხვრეული ხომალდივით დავიწყებ
საკუთარ მუხლებში ჩაძირვას.

და ხერხემალი ჩემი, იქნება მთელი კაცობრიობა.
მასსავით მოხრილი და უსწორმასწორო.

და დღე,
ზღვასავით ჩაძირული ჩემს ნამსხვრევებში,
დაემსგავსება ჩვეულ დღეებს,
მაშინ, როდესაც,
ვბრუნდები სახლში,
ვუშვებ ონკანს და წყალს ვაგუბებ
და ნელ–თბილ წყალში თავჩარგული დავეძებ შვებას,
რომ მთელი ღამის დაღლილობას გამოვეთხოვო.

და ხერხემალი–მთელი ჩემი კაცობრიობა,
როგორც ყვავილი წყლის დასხმისას,
წელში სწორდება .

მაგრამ რა ვუყო, იმ ვერ–სიტყვებს,
იმ ვერ–სიმღერებს?!
ჩემი სული რომ გამოექცა დასაღუპავად.
და ახლა ვზივარ დამშეული,
დაღლილ კაცივით,
და ფეხის წვერზე აწეული
დავყურებ სხეულს,
როგორც განთიადს, –
ერთადერთი მნათი პლანეტა.

და ხერხემალი ჩემი–მთელი კაცობრიობა
გალაქტიკაა, და მის ირგვლივ ვაბრუნებ ყველას.

და როცა ვრჩები ტრიალს
ჩემი თავის გარშემო,
ვსწორდები წელში,
თავს მაღლა ვწევ, მსგავსად ცოცხალთა.
ჩემს ნამსხვრევებზე ფეხით ვდგები,
მერე ვიზრდები.
და ხერხემალი ჩემი –მთელი კაცობრიობა,
როგორც ყვავილი წყლის დასხმისას,
წელში სწორდება.

თუმცა მაციებს ისევ ჩემი უადგილობა.
და უწყვეტ ციკლში ჩაბმული ვარ
სულით ხორცამდე.
ისევ მუხლებთან ვიძირები, როგორც ხომალდი,
და იალქნებად აშვერილი ჩემი ხელები,
იწყებენ ტალღურ მოძრაობას.
–სიცარიელე

და ხერხემალი ჩემი– მთელი კაცობრიობა.
მუდამ მოხრილი,
სულის ბაღში ყვავილებს მიკრეფს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები