 | ავტორი: ნუნუ ნონა ჟანრი: პროზა 26 დეკემბერი, 2016 |
ადამი და ლეღვი
ლეღვის ხე მწიფე ნაყოფებით დახუნძლულიყო, გულიანად შემომცინეს ვარდისფრად ალანძულმა ლეღვებმა, აბა გვერდს როგორ ავუვლიდი, ორივე ხელი ავივსე და ბაღის ხავერდოვან ბილიკებს გავუყევი. სულ მალე ადამს გადავეყარე, ერთადერთი ფრთაღა შერჩენოდა თმაში გარჭობილი. დაჭყეტილი თვალები შემომაცეცა, აზრადაც არ მოსვლია, ლეღვი წაერთმია ჩემთვის. ის კი არადა, მგონი ვერც კი შეამჩნია, რომ ხელები უტკბილესი მოცინარე ხილით მქონდა სავსე. მე მაინც მივაწოდე მწიფე ლეღვი, სწორედ ისეთი, გულიანად რომ იცინოდა... უფრო სწორად, ხარხარებდა. - ჭამე, ძალიან გემრიელია. გამომართვა ადამმა ლეღვი, ისე რომ ჩემთვის თვალი არ მოუცილებია, ზედაც არ დაუხედავს, ისე გააქანა პირისკენ და გადაყლაპა. არც სახეზე დასტყობია რაიმე, მგონი ვერც კი გაიგო, იმ ლეღვის გემო. მე კიდევ მივაწოდე ლეღვი, ისიც შეჭამა, მერე კიდევ... ჭამს ადამი ლეღვებს, ისე რომ თვალს ერთი წამითაც არ მაშორებს, სახეზე უწინდებური დაბნეულობა ახატია, თვალებიც დაჭყეტილი აქვს. ბოლო ლეღვი რომ შეჭამა, უცბად მისი ხმა გავიგონე; შენ ძალიან გავხარ ლეღვსო, ასე მითხრა. გაკვირვებული მივაჩერდი; მთელი ამ ხნის მანძილზე როგორც იქნა, ხმა ამოიღო ადამმა, თან ჩემი აზრით, მეტაც უცნაური რამ თქვა. ვითომ მართლა ასე ძალიან ვგავარ ლეღვს? ადამი იქვე დავტოვე, მე კი ორი მზის ტბორისკენ გავიქეცი, რათა საკუთარი თავი ერთი კარგად შემეთვალიერებინა. მწვანე ბუჩქები მივწიმოვწიე, გადავიხარე და კამკამა წყლის სარკეში ჩავიხედე. ჯერ ვერაფერი დავინახე, ბუჩქად წამოშლილი თმების გარდა. თმები გადავიწიე და... ადამი დავინახე, ახლა უკვე წყლის სიღრმიდან მიყურებს თვალდაჭყეტილი. თავდაყირა მდგარი ადამი კიდევ უფრო სასაცილო იყო, ის ერთი ფრთა ჯერ ისევ თმაში ჰქონდა გარჭობილი. გამეცინა გულიანად. მგონი მართალი უთქვამს ჩემთვის ამ ყმაწვილს, ლეღვს გავხარო, როცა გავიცინე, მართლა დავემგვანე მოცინარე ლეღვს. ახლა ეს უკვე კარგად დავინახე, თმები აღარ მიშლიდნენ ხელს. ლოყები მწიფე ლეღვივით ვარდისფრად მაქვს ალანძული, სიცილი ხომ სულ მთლად მისი მაქვს, ფართოდ ტუჩგაპობილი და მხიარული. ის კი არადა, მგონი ტანითაც ლეღვის ხეს დავმსგავსებივარ, ჩემს სხეულს ლეღვის ხის მსგავსი სიმრგვალე და ბორცვები ეტყობა. გაკვირვებული შევყურებ საკუთარ გამოსახულებას, რაღა მაინდამაინც ადამმა დაინახა ეს მსგავსება, მე კი ვერა... უცბად წყლის ტყაპუნი გავიგონე. ჩემი ანარეკლი აძიგძიგდა და დაიშალა... თურმე ადამი ჩავარდნილა წყალში... ძლივს ამოფორთხდა წყლიდან, თმებიდან წყალი წურწურით ჩამოსდის, ერთიანად სველია და სიცივისგან ძიგძიგებს. კიდევ კარგი, ის ერთი ფრთა მოსცილდა... ასეთ ყოფაშია და თვალს მაინც არ მაცილებს. თითქოს განგებ, მზეც მიეფარა ღრუბლებს მიღმა. ძალიან შემეცოდა ადამი. გამახსენდა, მე თვითონ როგორ გადავვარდი ერთხელ ტბორში, არც მაშინ ანათებდა მზე, სიცივისგან ვკანკალებდი. ცისფერი ჩხიკვი მოფრინდა მაშინ ჩემთან, ფრთებით წყლის ნამი შემიშრო და გამათბო. ახლა არც ცისფერი ჩხიკვი ჩანს სადმე. - მოდი, გაგათბობ, - ვეუბნები ადამს. ნელნელა მომიახლოვდა. თვალს, რა თქმა უნდა, არ მაცილებს. წყალი წურწურით ჩამოსდის მთელი სხეულიდან. სველ ხელებზე მოვუსვი ხელები, ზუსტად ისე, როგორც ცისფერი ჩხიკვი მისვამდა ფრთებს. ადამი დარჭობილივით დგას. თმებიდან წყალი ჩამოვუწურე, ადამი არც კი შერხეულა... მერე სველ ლოყებზე მოვუსვი ხელები, ადამი არც ახლა იძვრის, მაგრამ ვატყობ, თანდათან თბება. სახეზე ფერი მოუვიდა, ლოყები გაუვარდისფერდა. მე ისევ მოვუსვი ხელები, ახლა უკვე მთელ სახეზე, ადამს ლოყები ცეცხლივით უგიზგიზებს. მე ისევ ვუსვამ ხელებს სახეზე, ადამს ლოყები ახლა უკვე მეტისმეტად ცხელი აქვს, ისე ცხელი, რომ ლამის ხელებს მწვავს. და არა მარტო ლოყები... ადამი მთელი სხეულით ცეცხლივით ანთებულა... ყველაზე საოცარი ისაა, რომ ჩემზედაც გადმოინაცვლა ამ ცეცხლისებურმა მხურვალებამ. ორივენი ცეცხლივით ავენთეთ, თითქოს მზე გვაცხუნებსო. ამ დროს კი მზე არსად ჩანდა, კვლავ ღრუბლებს მიღმა გვემალებოდა, თუმცა ჩვენ ეს უკვე აღარ გვაწუხებდა, ჩვენ ვიპოვეთ ჩვენი მზე, არანაკლებ მხურვალე და სხივთამფრქვეველი, ვიდრე ცის თაღზე მსუფევი მზეა. ირგვლივ ყოველივე ალისფერი სხვების ნიაღვარში გადნა და ჩვენც თან გაგვიყოლა.
მზის ზეიმი
ყველაფერი ისე მოხდა, როგორც გველმა გვიქარაგმა: მე და ადამმა ერთად ვიხილეთ მზე, რომელმაც საოცრად მწველი ცეცხლი დააგზნო ჩვენს ირგვლივ, მხურვალე მკლავებით ავგიტაცა და ჰამაკივით დაგვარწია. გველის ნათქვამი სიტყვები დაწვრილებით ვუამბე ადამს. მართალი უთქვამსო, დამეთანხმა, მაშინვე ტბორში ჩავარდნის ამბავი გაიხსენა. სულ მთლად სველი ვიყავიო, არც მზე ანათებდაო, მაგრამ ისე სწრაფად გავშრი და გავთბი, ვერც კი გავიგეო. თანაც როგორ შეიცვალა ადამი... უწინდებურად დაბნეული სახით როდი იყურება, თვალები მხიარულად უციმციმებს, თითქოს მათში მზე ჩასახლდაო. სახის ფერიც მოუვიდა, ლოყები სულ უღაჟღაჟებს, მათაც უწია მზის ნათელმა. - რომ იცოდე, როგორ გავხარ მზეს, - ვეუბნები ადამს, მისი ფერისცვალებით მოხიბლული, - შენი თვალებიდან მზე იყურება, შენს ლოყებზე მზის ნათელი ანთია, შენგან მზის სითბო და სინათლე მეფინება. - რას ამბობ, - უკვირს ადამს, - მე კი არა, შენ გავხარ მზეს. შენი სახე მზესავით ანათებს, თვალები ხომ, რაღა ლაპარაკი უნდა, მზესავით გიბრწყინავს. საკმარისია ოდნავ შეგეხო, შენგან ისეთი სითბო და სინათლე მეფინება, მზის სხივებს ბევრად აჭარბებს... აღარ გაჩუმებულა ადამი, იმდენი მზე ჩამოთვალა, ვერც კი დაითვლიდი. მეც კიდევ ჩემსაზე ვიდექი, მზეს შენ უფრო გავხარ-მეთქი. ადამი არა და არ მეთანხმება. - ორი მზის ტბორში ჩავიხედოთ და ვნახოთ, რომელი ჩვენგანი უფრო ჰგავს მზეს, - ვთქვი მე. ადამს ეს აზრი მოეწონა, ერთად ჩავიხედეთ ორი მზის ტბორში, გაფაციცებით შევყურებთ ერთმანეთის ანარეკლებს წყლის სიღრმეში, აბა რომელი ჩვენგანი უფრო ჰგავს მზეს? ჩვენს ანარეკლებთან სულ ახლოს მზის ელვარე სახე ბრწყინავს და გულიანად იცინის. - აბა ვნახოთ, რომელი უფრო ვგავართ მზეს, - ვეუბნები ადამს და წყლისკენ ვიხრები, რათა ჩვენი სახეების ანარეკლები რაც შეიძლება კარგად დავათვალიერო. ადამიც გადაიხარა... უცბად წყალი დაიჭმუჭნა, ტბის ზედაპირი პატარა ტალღებით დაიფარა, ეს ქვა ჩავარდა წყალში, ახამს მოუსხლტა ფეხიდან. ჩვენი ანარეკლები აძიგძიგდნენ და დაიშალნენ, უკვე ძნელია მათი შეთვალიერება. ვეღარ გავარკვიეთ, რომელი ჩვენგანი უფრო ჰგავს მზეს.
თაფლი
ადრე ხელიდან მტაცებდა ყველაფერს, რასაც კი თვალს მოჰკრავდა... ადამზე გეუბნებით... ახლა კი სულ სხვანაირად იქცევა. რას ვიფიქრებდი, თუ რაიმე ამის მსგავსი მოხდებოდა; ორივე ხელი აუვსია ნაირნაირი მწიფე ხილით და მორბის. - კარგად ვიცი, ხილი გიყვარს, - მეუბნება. გემრიელად მივირთმევ მართლაც მშვენივრად დამწიფებულ ხილს, თან ადამსაც ვაწოდებ, ასე უფრო მოსწონს, ჩემი ხელით მირთმეული. ციყვსაც კი შეშურდება, ისე ცქვიტად დაძვრება ადამი ხეზე, საუკეთესო ნაყოფებს წვდება და კრეფს ხოლმე ჩემთვის. შევყურებ ადამს, გუნებაში ძველ ადამს ვადარებ და მეცინება. - რაზე იცინი? - მეკითხება ადამი. - ძალიან მომწონს შენი დაკრეფილი ხილი და იმიტომ ვიცინი, - ვეუბნები. არ მინდა ძველი ადამი გავიხსენო. - თაფლსაც მივაგენი ამას წინათ, - თავმომწონედ მეუბნება ადამი. - კიდევ კარგი, რომ გამახსენე, რა ხანია, თაფლი არ მიჭამია. ერთად ვესტუმრეთ თაფლით სავსე სკას. ადამმა მითხრა, ცოტა მოიცადეო, სადღაც გაიქცა და ხელისგულივით ამოღრუტნული ხის ორი ჯოხი მოიტანა (ძალიან ხელმარჯვეა ეს ყმაწვილი). მართლა ძალიან დამეხმარა თაფლის ჭამაში. გემრიელად მივირთვი, რამდენიც მინდოდა, არც ადამმა დააკლო ხელი. ორივეს გული მოგვისუყდა. მეტის ჭამა აღარ შეგვეძლო, ჰოდა, მე ახალი გასართობი მოვიგონე: მისივე მოტანილი ხის ჯოხით მოვურიე თაფლი და ადამს გადავასხი. ტკბილი წვეთები სახეზე ჩამოეწუწა, ძალიან სასაცილო იყო. ადამმა იგივე გაიმეორა, მანაც გადამავლო თაფლი, თუმცა მე გაქცევა ვცადე, მაგრამ მიმიხვდა და დამასწრო, სულ ერთიანად ამომავლო თაფლში. მერე მე კვლავ დავუმატე ადამს თაფლი, მთელი სახე მოვუთხუპნე, არც ახლა ჩამორჩა ადამი, სახეც მომითხუპნა თაფლით და თმებიც. აი ასეთნაირად გავწუწეთ ერთმანეთი, სულ ერთიანად თაფლში ამოვიგანგლეთ. თაფლის მოსაცილებლად ყვავილოვან მდელოზე გავგორდით. თაფლი არა და არა მოგვცილდა, ყვავილები და ფოთლები კი სულ ზედ აგვეკრა. რა სანახავები ვიყავით... შევყურებდით ერთმანეთს, ვიცინოდით, ვიცინოდით, ვკვდებოდით სიცილით. მზეც იცინოდა ჩვენთან ერთად, მწვანე ტოტებს მიღმა მომზირალი. - თაფლობის თვე, თაფლობის თვე! - მომესმა უცბად სადღაც მაღლიდან. ავიხედე, ცისფერი ჩხიკვი შემომჯდარა ხის ტოტზე და გვითვალთვალებს. მშვენიერი ნათქვამია, ცისფერ ჩხიკვს ეხერხება ამისთანები...
მაფშალია განა მაბეზღარაა?
მშვენიერების შესახებ ვლაპარაკობდით, ადამსაც აღმოაჩნდა თავისი სათქმელი. - მშვენიერია ის, რაც ძლიერია, - ამბობს ადამი და თან დაკუნთულ მკლავებზე იყურება. მე არ დავეთანხმე. - სამოთხის ბაღში ბევრი რამაა ისეთი, რასაც ძლიერს ვერ უწოდებ, მაგრამ მაინც მეტად ლამაზია. თუნდაც ეს პაწია, ჭიოტა ყვავილი, მის წვრილ ღეროებს ძლიერებასთან ნამდვილად არაფერი აქვს საერთო. განა მისი სილამაზეს ამით რაიმე აკლდება? აი მწვანე ბალახიც, მუდამ ჩუმად მყოფი და თავმდაბალი . . . მის მიერ დაფენილი მწვანე ხალიჩა თვალს და გულს ესალბუნება თავისი მშვენიერებით. და კიდევ... კიდევ რა ვთქვა? უცბად მაფშალია ამღერდა. - თუნდაც მაფშალია ვთქვათ, - ვამბობ გახარებული, - ერთი უღონო, პატარა ჩიტია, მაგრამ როგორ გალობს... მისი გალობა ყოველივეს აღემატება სიმშვენიერით. - ვიცი, ეს ადრეც მომისმენია, - გულგრილი სახით ამბობს ადამი. - ცუდად მოგისმენია, ამ საოცარ საგალობელს ხომ არაფერი შეედრება მთელ სამოთხის ბაღში. აი, ყური დაუგდე, როგორ მიიწევს მაფშალიას ხმა მაღლა, სულ მაღლა... თვით უფლის ბაგემდე აღწევს. მაფშალიას უფალთან მიაქვს ყველა ამბავი, რაც კი სამოთხის ბაღში ხდება. - განა მაფშალია მაბეზღარაა? - მეკითხება ადამი. მაოცებს ამ ყმაწვილის სიტყვები. თითქოს შეიცვალა, თქმა არ უნდა, მაგრამ ზოგიერთი უცნაურობანი მაინც შემორჩა. - რა შუაშია აქ მაბეზღარობა? - ვუსაყვედურე ადამს, - მაფშალია ყველაფერს უმღერის სამოთხის ბაღში, მერე კი უფალთან მიაქვს ეს ტკბილი საგალობლები. ყველაზე ლამაზად მაფშალია ჰყვება ჩვენს ამბავს, ეს უფლისთვის დიდად საამოა... ადამი მომეტებული ყურადღებით უსმენს მაფშალიას გალობას, სახეზე ცნობისმოყვარეობა ეტყობა. უსმინა, უსმინა და მერე ასეთი რამ მითხრა: - ჩემი თამაში გამახსენდა, როცა ფრინველებს ვბაძავდი. ახლა მგონი მართლა მივფრინავ . . .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|