 | ავტორი: ბალახა ჟანრი: პროზა 30 დეკემბერი, 2016 |
,,ადამიანი არასოდეს განიცდის სინდისი ქენჯნას, ჩვეულებად ქცეული საქციელის გამო“ ვოლტერი თავი მეოცე მორიგი დღეც უღიმღამოდ და უნიათოდ მოვლიე სამსახურში. არც ხელფასის ჩარიცხვას გავუხარებივარ დიდად და სხვათა მსგავსად დალევაზე ფიქრიც არ მომეძალა. მარტო მინდოდა ვყოფილიყავი და გამეხსენებინა ყველაფერი, რაც მელანოსთან მაკავშირებდა, სად დავუშვი შეცდომები, რის გამოც დამშორდა და ჩემთან ურთიერთობა აღარ ისურვა, მაგრამ ფიქრიც მეზარებოდა, რაღაცნაირად მოვეშვი და ქვეცნობიერში დალექილი მოგონებებით დავიწყე ტვინის გამოკვებვა. თუმცა ვხვდებოდი, რომ ასე დიდხანს ვერ გავძლებდი. ჩვეულ დროზე ადრე წამოვედი სამსახურიდან. მინდოდა სახლში ავსულიყავი და უბრალოდ დამეძინა. ამ ხერხს ადრეც მივმართავდი ხოლმე, როცა უსამსახუროდ ვიყავი და საშინელი დეპრესია მჭირდა. ნაცადი ხერხი იყო და დროც ადვილად გადიოდა. თუმცა ყველა მედალს ორი მხარე აქვს და მსგავსი სახის თვითმკურნალობას ერთი უკუჩვენებაც ახლავს თან. გვიან ღამით გამეღვიძა და გავაცნობიერე, რომ წასასვლელი არსად მქონდა. შუადღეგადასული ძილით საკმაოდ დავისვენე და მოზღვავებული ენერგია ვიგრძენი,. იმ მომენტში მელანოსთან ყოფნა ჩემთვის მისწრება იქნებოდა, მაგრამ ეს ყოვლად უტოპიური და აბსურდული ოცნება იყო. ბევრი ვიწრიალე. ხან კომპიუტერს მივუჯექი, ხანაც ტელევიზორს ვუტრიალე, მაგრამ ღამე უსაშველოდ გაიწელა და ვიფიქრე, ჩავალ ერთ ბოთლ ლუდს ვიყიდი და იქნებ, წრუპვა-წრუპვაში ძილიანობაც მომგვაროს, მეთქი. შევედი სადღეღამისო მარკეტში და მითხრეს აღწერა გვაქვსო, მერე მეორეგანაც იგივე მომახსენეს, მოკლედ ვიფიქრე, რომ ყველამ პირი შეკრა ჩემ წინააღმდეგ. ამ დროს გონება „გამინათდა“ და აღმოვაჩინე, რომ ლუდს თანხის გადაუხდელად დავლევდი სლოტ კლუბში. იქ მყოფთათვის გაზიანი და ალკოჰოლური სასმელები უფასო იყო, მაგრამ საკუთარ თავს შევპირდი, რომ 5 ლარზე მეტს არ ვითამაშებდი, ისიც იმისათვის, რომ ლუდი თამამად მომეთხოვა, როგორც მოთამაშეს. ტაქსიში ფულის გადახდა დამენანა და ფეხით მივედი დანიშნულების ადგილამდე. ძალიან გაუკვირდათ ჩემი დანახვა „ადგილობრივებს“. შეიცხადეს: ამდენი ხანი რატომ არ ჩანდიო? ვიცოდი, რომ ეს სიტყვის მასალად მითხრეს და დიდად არ დაინტერესდებოდნენ ჩემი ამბით. ამიტომაც მარტივად ვუპასუხე, პირადი საქმეების გამო ქალაქიდან გასული ვიყავი და ახლახანს ჩამოვედი, მეთქი. სალაროსთან მივედი ფულის დასახურდავებლად, თან ოფიციანტ გოგონას ვუთხარი ლუდი მარცხენა ფლიგელში მომიტანე მეთქი, წინასწარ ვიცოდი, სადაც დავიწყებდი თამაშს. ძალიან აღგზნებული ვიყავი და დაახლოებით ნახევარ საათში სამი კათხა ლუდი დავლიე. კათხა ხმამაღალი ნათქვამია, პლასტმასის ერთჯერადი, დიდი ჭიქა. 35 ლარი მოვიგე და მივხვდი, რაც დრო გადიოდა, მით უფრო მეტად შევდიოდი აზარტში და გონებაშიც აშკარად გამოიკვეთა, რომ აქ საქმე ლუდზე აღარ იყო და ჩემში ძველი, მიძინებული ბართლომე იწყებდა გაღვიძებას. დიდად არ შევეწინააღმდეგე ამ ფაქტს, რადგან მივხვდი, რომ აზრი აღარ ჰქონდა, რამდენ ხანს დავყოფდი იქ. მთავარი ის იყო, რომ დიდი ხნის უთამაშებლობა დავარღვიე და „შევცურე“, თან ნაპირსაც საკმაოდ დავშორდი... ნეტავ იმ მომენტში მელანოს მოეწერა ჩემთვის. სამსახურის ტელეფონი კი გადავაგდე, არაფრად აღარ ვარგოდა, მაგრამ ნომერი დავიტოვე. ახალ აპარატში გადავიტანე. თუმცა მხოლოდ მეგობრის შეტყობინება მომივიდა. კარგს ისიც არაფერს მთავაზობდა, ეტყობა მთვრალი იყო და მითხრა, ბორდელში წავიდეთო, თორემ ფხიზელი ამას არ მომწერდა, გამბედაობა არ ეყოფოდა, ძალიან მორცხვია. აქ საკუთარ თავს და პრინციპებს ვღალატობდი, იქ კი მელანოსთვის უნდა მეღალატა. მოკლედ, დილემის წინაშე დავდექი. არჩევანი ცუდსა და უარესს შორის უნდა გამეკეთებინა. მეც რა თქმა უნდა უარესი ავირჩიე და მეგობრის თხოვნა უყურადღებოდ არ დავტოვე. აი, აქ კი ნამდვილად სრულდება მელანოზე თხრობა და შემდეგ ტექსტებში ჩემს უზნეო და გაუმართლებელ საქციელთა მთელ დასტას მოვუყრი თავს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|