ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პროზა
14 იანვარი, 2017


მელანოMANia

,,მარტოობა-თავისუფლების მეორე მხარეა“
რიჩარდ მელვილ ჰოლი
Moby
თავი ოცდამეხუთე
რაოდენ უადგილოდაც და უზნეოდაც არ უნდა ჟღერდეს ჩემი მხრიდან, დღესასწაულის არანაირი განწყობა არ მქონდა, პირიქით, მინდოდა მალე გადასულიყო ეს დღე და ნაცად ხერხს მივმართე, გამოვრთე მობილური ტელეფონი და გემრიელი ძილისათვის მოვემზადე, ძილი ყველაფრის წამალია, ჩემთვის ერთგვარი პლაცებოს ეფექტი აქვს, მოკლედ კარგად მაქვს დაცდილი ძილი, როცა არ მინდა ვინმე მეგობრისთვის ხელ და ხმამისაწვდომი ვიყო, თან მიზეზიც მშვენიერია მომკითხავთათვის, ბართლომე ღამისთევაზე იყო და ძინავს, ეგ დედაჩემს არ შეეშლება.
სამაგიეროდ, დედაჩემს ისიც არ შეშლია, რომ დღეს "ღვთისმშობლობის" დღესასწაული იყო და მთხოვა მარკეტში ჩავსულიყავი და პროდუქტი ამომეტანა, ტიპიური, დედისთვის დამახასიათებელი ხმის ტონით, უფრო მარტივი და ვადაგასული მიზეზების მთელი დასტით, სტუმრების შესაძლო მოსვლით, მძიმის ვერ აწევით და მისთ.
ცხოვრებაში ამდენი არ მიბუზღუნია მასთან, ძლივს დამითანხმა ჩასვლაზე, რადგანაც იცოდა ჩემი წესის შესახებ, მივეცემოდი ღრმა, საღათასეულ ძილს და მძიმე ხვრინვას ამოვუშვებდი.
ჩვეულებისამებრ მოვუკიდე სიგარეტს და კიბეები ზანტად ჩავიარე, სადარბაზოსთან გასულს ერთი ფიქრი არ მასვენებდა, მალე ავსულიყავი სახლში და დამეძინა.
ჩემი უბნის მაღაზიაში იმხელა რიგი იდგა, რომ შესვლას აზრიც არ ჰქონდა, ახლა გახდა ყველა მორწმუნე, მეთქი და მეორე მაღაზიისაკენ დავეშვი, ცოტა მოშორებით კი იყო, მაგრამ იქ რიგში დგომას ყველაფერი მერჩივნა.
ინსტიქტურად მივდიოდი, გათიშული ვიყავი, ისევ ძილზე ფიქრი მიტრიალებდა თავში, უცებ გონება გამინათდა და ტაქსი გავაჩერე,
გეზი ნუცუბიძიდან ბახტრიონისაკენ ავიღე, "კორტებთან" ჩამოვედი, მელანოს კორპუსთან შორი-ახლოს, ძველ, გახუნებულ და საღებავგადაცლილ ხის სკამზე დავაპირე ჩამოჯდომა, იქვე, სიგარეტის ჯიხურში, ერთჯერადი ყავა მოვადუღებინე გამყიდველს და პატარა ბავშვივით დავიწყე თვალის ცეცება, იმის იმედად, რომ მელანოს წავაწყდებოდი სადმე.
დედას გადავურეკე და ვუთხარი, რომ ცოტა შემაგვიანდებოდა შინ მისვლა, რადგან თითქმის "დელისამდე" მომიწია ჩასვლამ, თან კიდევ წავებუზღუნე, სათქმელი რომ არაფერი ჰქონოდა, ვუსაყვედურე, ამხელა გზაზე წამოსვლამ მომიწია, მეთქი.
გავბედე და მისი სადარბაზოსკენ გავემართე, ვიფიქრე, აივანზე გამოსულს მაინც გადავაწყდებოდი ან სულაც პროდუქტებით დატვირთულს და სახლისაკენ მიმავალს.
ისეთნაირად დავდექი სადარბაზოში, რომ მოპირდაპირე მანქანის წინა საქარე მინიდან პირდაპირ მელანოს აივანს ვუყურებდი, ღერს ღერზე ვეწეოდი, მაგრამ, როგორც ჩანს, იმ დღეს არ მეწერა მისი ნახვა.
დედაჩემმა დამირეკა და ამჯერად ვერაფერი ვეღარ ვუთხარი თავის გასამართლებლად, როგორც მითხრა, უკვე საათზე მეტი იყო გასული, რაც ვესაუბრე, ბოლოს მითხრა, საერთოდ არ მოხვიდე თუ გინდა, ჩემით ვიყიდიო ყველაფერს.
ნერვები მომეშალა, თვალები მოვიფშვნიტე და ამოვიოხრე, ჩემი ბედის დედ...
უცებ, ლიფტის კარის გაღების ხმა გავიგე ჩემ ზურგსუკან და გავჩუმდი.
არ მივტრიალებულვარ, ლიფტიდან ახლადგამოსული გამოიქცა სადარბაზოსკენ და ქარივით ჩამიქროლა, წამიერად შეჩერდა და აივნისკენ აიხედა, ამ დროს კი მელანოს ხმა გავიგე:
"სანდრო, დახვდი ელენეს და პარკები ამოატანინე".
სუნთქვა შემეკრა, ვიფიქრე, ახლავე გავალ და ავხედავ, მეთქი, მაგრამ ნაბიჯიც ვერ გადავდგი წინ.
რამდენიმე წუთში სადარბაზოსთან ყვითელი მარშუტკა გაჩერდა და იქიდან პროდუქტით დატვირთული ელენე გადმოვიდა.
უკანმოუხედავად გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი ლიფტისაკენ, ისე რომ, ბავშვებისთვის თვალი არ მომიცილებია და სუნთქვა შეკრული დაველოდე მათ შემოსვლას.
როცა სადარბაზოს ზღურბლს გადმოვიდნენ, სწრაფად წავედი მათკენ და შევაქე: "ყოჩაღ ბავშვებო, დედას რომ ეხმარებით, ნამდვილად იამაყებს თქვენით!"
წამომცდა სიტყვა "დედას", რადგან სხვა შემთხვევაში ალბათ "მშობლებს" ვიტყოდი, თუმცა ბავშვები ვერაფერს მიხვდნენ, ბუნებრივია, ელენემ კი დანანებით თქვა, დედა შეუძლოდ არისო და მე მომიწია მის ნაცვლად საყიდლებზე წასვლამ, თან მერამდენედო.
აქ კი, წინდახედულობა გამოვიჩინე და აღარ ჩავეკითხე დედის ამბავი, პარკები გამოვართვი და ვუთხარი სახლში მაინც შეგატანინებთ, ლიფტიც გამოძახებული მაქვს, მეთქი.
ბავშვებიც სიამოვნებით დამეთანხმნენ და ლიფტიც დაიძრა...






მელანოMANia
,,გამოდი შენი ციხიდან, რომ აღარ ჰგავდე სხვას“
ირაკლი ჩარკვიანი
თავი ოცდამეექვსე
რამდენჯერ ვყოფილვარ ამ ლიფტში, როცა მელანოსთან შესახვედრად ამოვდიოდი ხოლმე, კარს მუდამ ღიას ტოვებდა, როგორც კი შევიდოდი, საიმედოდ გადავკეტავდი და მივეცემოდით მხურვალე ალერსს...
ახლა კი, სრულიად გაუფრთხილებლად და მოულოდნელად უნდა მეხილა ის, იმ მიზეზით, რომ ელენეს პარკების ატანაში ვეხმარებოდი.
ამდენხნიანი პაუზის შემდეგ ავდიოდი, როგორც უცხო და დაუპატიჟებელი სტუმარი, თან ორივე ისე უნდა მოვქცეულიყავით, რომ ბავშვებს არაფერი ეეჭვათ, ამაზე გაბედული ნაბიჯი ცხოვრებაში არ გადამიდგამს და საკუთარი თავის მიკვირდა, როგორ გადავლახე ჩემი შიში და მოჩვენებითი, ცრუ სიამაყე, რომელსაც მეტწილად გაუბედაობის შესანიღბად ვიყენებდი.
მილიონი აზრი დამიტრიალდა თავში, რას მეტყვის მელანო, როგორ მიმიღებს, მე რას ვუპასუხებ, როცა მკითხავს ასვლის მიზეზს, მინდოდა ერთი-ორი წინადადება ან სიტყვა მაინც მომეფიქრებინა, რასაც დალაგებულად და აუღელვებლად ვეტყოდი, მაგრამ მეექვსე სართულმაც მოატანა და ლიფტის კარი გაიღო.
"ჩვენ აქ ვცხოვრობთ"-მითხრა ალექსანდრემ და კარზე მიმანიშნა.
ღმერთმა იცის, რამდენჯერ დამხვედრია მელანო ამ კარს უკან და უჩუმრად მომხვევია, როცა მასთან ავსულვარ...
ელენემ მადლობა გადამიხადა, დამშვიდობებას აპირებდა, ამასობაში ალექსანდრემ კარზე დაკაკუნებაც მოასწრო და ზურგს უკან ისევ მელანოს ხმა გავიგონე:
"სად ხართ ამდენ ხ"...
უცებ შეჩერდა და დაბნეულმა მეორე შეკითხვა დასვა დაბნეული ხმით:
"ეს ბიჭი ვინ არის?"
მივხვდი, რომ მიხვდა და მიხვდა, რომ უნდა მიხვედრილიყო საქმის ვითარებას.
"მე ლუკა ვარ, ლუკა შენგელია, თქვენ მეზობლად მოვდიოდი, მეგობარი უნდა მენახა და გზად ბავშვებს დავეხმარე"-არ დავიბენი მეც.
ბავშვები ნელ-ნელა შევიდნენ პროდუქტებიანად სახლში, მელანომ კარი ოდნავ მიიხურა და როცა ერთმანეთს მორიდებულად შევხედეთ, აღმოვაჩინე, რომ ოდნავ დასუსტებული იყო,
თვალებიც შეშუპებული ჰქონდა, მეტწილად უძილობისაგან...
"შევიდეთ"-მითხრა მან და თავი ძირს დახარა.
საჩვენებელი თითით ნიკაპზე შევეხე, თავი მაღლა ავაწევინე და ვუთხარი:
"მელანო, მაპატიებ?!"
თვალები დახუჭა, კარი უსიტყვოდ შეაღო და უხერხული დუმილის დასარღვევად ხმამაღლა მომმართა:
"ლუკა, ყავაზე დაგვეწვიეთ, ბავშვებსაც გაუხარდებათ".
"კარგი, სიამოვნებით გეახლებით ერთ ფინჯან ყავას"-წავიბუტბუტე და შევედით.
დავსხედით სამზარეულოში. ალექსანდრე კომპიუტერთან იჯდა უკვე, ჯოისტიკი ჰქონდა მომარჯვებული და ფეხბურთს თამაშობდა, ელენე მეგობართან წასასვლელად მოემზადა და სასაუბროდ იდეალური გარემო შეიქმნა.
მინდოდა ელენეს გაცილების პროცესი დიდ ხანს გაწელილიყო, რადგან უკვე ნამდვილად არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა მისთვის, მაგრამ სამზარეულოში შემოსულმა მელანომ პირიქით მითხრა, რამდენი ხანია შენი ნახვა მსურს, ძალიან მნიშვნელოვანი რამ მაქვს სათქმელიო.
"მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი და იმედგაცრუება ვიწვნიე შენგან, თან არაერთგზის, მაინც გაპატიე, გულმა ასე მიკარნახა, აი შენ კი, რამდენად მაპატიებ, არ ვიცი, ბართლომე"...
ეს სიტყვები წარმოთქვა და სიკვდილმისჯილივით დახარა თავი, სწორედ ისე, ძველებურ ფილმებში რომ მინახავს, ეშაფოტზე ასვლისას.
დავიძაბე და ნერვიულად მოვუკიდე სიგარეტს, ერთი ყლუპი ყავა ძლივს გადამივიდა ყელში, მაგრამ მაინც გამახსენდა მისი მოდუღებული ყავის გემო და არომატი. წარმოდგენაც კი ვერ შევძელი, რას გულისხმობდა მელანო, რა უნდა მეპატიებინა მისთვის, ის ნამდვილად არ მიღალატებდა, არც ვირტუალურად და მითუმეტეს, არც ისე, რეალურ ცხოვრებაში.
"ბართლომე"-თავაუწევლად მომმართა მელანომ.
თვალები დავხუჭე, შუა, საჩვენებელი და ცერა თითებით შუბლი მოვისრისე და სუნთქვა შევწყვიტე წამიერად.
"გისმენ!"-აკანკალებული ხმით ვუთხარი და ფინჯანზე გავაშტერე მზერა.
ჩვეულებისამებრ, ღრმად ამოისუნთქა, როგორც მაშინ, ქმრის ამბავს რომ მიყვებოდა და ჩურჩულით წარმოთქვა:
"სანამ ბოლოჯერ ვიკამათებდით, მინდოდა მეთქვა შენთვის, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, მაგრამ"...
"რა, მაგრამ, მელანო, რა, მაგრამ?"-ბრაზი შემერია ხმაში.
-მაგრამ, ჩვენი სიყვარულის ნაყოფი მოვიშორე, ბართლომე.
წამოვენთე და სულ დამავიწყდა სასტუმრო ოთახში დარჩენილი ალექსანდრე, თავი ვეღარ შევიკავე და დავუყვირე:
"ეს როგორ გაბედე, რატომ არ მითხარი, მძულხარ, ვერ გიტან!"
არაფრის ახსნა არ ვაცადე, ფინჯანზე ხელი ავუკარი, ყავა მაგიდაზე გადავუსხი და ჩემკენ წამოღებული მისი ხელი უხეშად გავწიე გვერდზე, იმ მომენტში ვერ გადავხარშე, რომ მელანოც ჩემზე არანაკლებად განიცდიდა მომხდარს და შესაძლოა ჩემგან თანადგომას და ნუგეშისცემას ელოდა, ალბათ ეგონა, რომ თუ მიზეზის ახსნას ვაცდიდი, ვაპატიებდი და უბრალოდ ჩავეხუტებოდი.
გაცეცხლებული გამოვვარდი სამზარეულოდან, წინ შეშინებული ალექსანდრე შემეფეთა, შემრცხვა მისი, თუმცა ვერაფერი ვუთხარი,
უკან აცრემლებული მელანო გამომყვა და ალექსანდრეს უთხრა საკუთარ ოთახში შესულიყო, ბავშვმა მხოლოდ ერთის თქმა მოასწრო, დედი, კიდევ ტირიო?!    მე უკვე გასასვლელთან ვიდექი და მელანოს უკანასკნელი სიტყვები მესმოდა:
"წამლების გამო ვერ შეინარჩუნებდა ნაყოფს შენი მეგობარი, მოვა დრო და ყველაფერს გაიგებ, თუმცა შემდეგ გვიანი იქნება სინანული"...
კარი მოვიჯახუნე და უკანმოუხედავად გავშორდი იქაურობას, იმ ღამით სახლში არ მივსულვარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები