| ავტორი: ლიჩელი ჟანრი: პროზა 22 იანვარი, 2017 |
უცებ გაწყვეტილი დიალოგი
-სადა ხარ, ქალო, აქამდინ? დამაწყდა ნერვები ფინთი შნუროკებივითა. რა არ ვიფიქრე! -შენც რაღა დაგემართა, რას ასკდები მაგ გულს ბრმა პეპლებივით! -აბა რა ვიცი, კაის ხო არაფერს იფიქრებს კაცი. -ჩემ ნებაზე ხო არ არი ეს ოხერი. ვითომ არ იცი, რა ჯანდაბის ორღობეში ვარ გაჩხერილი! -რო ვიცი, იმიტომაც მიტირის ეს ოხერი გული. -კაი რა, ეგ სუ იმ შიშების ბრალია, აქამდინ რო ვერ მოიშორე. აკი დაგაფიცე, რაიონში ჩადი, კაი ექიმს ეჩვენე-მეთქი, ჰა! -ნეტაი შენა! საექიმო რა მჭირს- მიქელგაბრიელს ჯერ რეცეფტი არ გამაუწერია ჩემთვინ. -ხო დამპირდი- მივალო. -რო მივიდე, წინდაწინ ვიცი, რაღაც დოზანა უნდა გამამიჩინოს. ეგენი ხო მაგისთვინ არიან. უკვანტავი საქმე საკვანტავად რად გავიხადო. წამლის შუშის დანახვაზე ოტკის შუშა მახსენდება. -სუ მაგას გეჩიჩინები- ნუ ხარ შენი თავისუბედური-მეთქი. -ე, ჭირიც მამჭამოს! წინგაგდებულ საქმეს რა სჯობია. ბოლოს მაინც იქითა მაქს გზა. ისე, ძაან იღლები?არ დამიმალო, იცოდე. ხო იცი, მაინც შეგატყობ. -ნეტაი შენა, არ იცი, თამაზაანთ გადარეული ქალების ამბავი? მეც კაი კერკეტი კაკალი ვარ! -აბა, მე თუ არა, სხვამ ვინ იცის. თვალებიც რო ისევ ისე გიელამს- ჭინკასეებ. -უი, შენ კი მამიკვდი, შენა! -ის მითხარი, ბავშვები როგორ არიან? -რომელი ბავშვები გყამს, ერთი მაინტერესებს? ვირს რქები არ ამოსვლოდა და თავი პატარა ეგონაო.
-შენ სუ ეგეთი ავყია ლაპარაკი ნუ იცი! -აბა რავი, იმათ მე ვერ ვხედამ დაღამებამდინ, ხეტიალობენ თავის ჭკუაზე პალოათრეული ტახებივითა. -დაუმიწდათ დედა! ვინ იცის, ცხელი საჭმლის ოხშივარი ენატრებათ! -ნუ გეშინიან, არაფერს მაიკლებენ. -ეხლა სად არიან? -ვიცი რო. ამ დროს არავისა ვკითხულობ. იცი, რატო? ეს დრო შენი მოლოდინისთვინ მაქ გადადებული. -უი, შენ კი დაგეწამლე, შენა! -ის როგორა გყამს- შენი სოკრატა? -სოკრატა ამასა და ჭირი! -რა იყო, გაბრაზებს? ხელს ხო არ დაგისვამს ხომე ფინთად გავაზე? -უიმე, ნეტა რისი თავი აქს! ან ჩემნაირი რაში უნდა. -რავი კი ჩამრგვალდი ამ ბოლოს ჩვენი მარუსას გოგრებივითა და. -მეე? ეგ ბოღმით რო ვარ გასიებული, იმის ბრალია. -ეხლა, სიტყვა ბანზე ნუ შამიგდე, გაიგე შენა! -რა, ხო არ ეჭვიანობ? -მეე? თუ გაგიგე რამე, აჰა შენა! ისე, ჩვენში დარჩეს- არ გინდები ხომე? რას გატრუნდი ძუძუს გოჭივითა? -უი, მეხი კი ჩამოგათხლიშე მაგ თავზე, ტილების ნაძოვარს რო გიგავს! იქნება შენ გენატრება ვინმე ნორჩი, ჰა? -რად არა რა. რომელ ვირს მოსვლია მეტი ქორფა ბალახი? -აბა დახე ამის აცეტებას! იქნება გამამტყუო რამე! -ეხლა არც მახუმრო. -რაღა დროს შენი ეგეებია, კატები კუდში დაგდევენ- ვალიდოლის სუნით ყარხარ! -ეგ ვალი და დოლი არ მიხსენო, ხო იცი, ალერგია მჭირს მაგ სიტყვებზე. -შენ მოგიკვდეს ჩემი თავი! რა ვქნა, რო ვერაფერსა გშველი. -მე რა შველა მინდა, შენა მყავდე კარგათა და... არავინ იცის, რა ღადარი მითუხთუხებს ამ ჩამწვარ გულში. დღე კიდევ არაფერი, გულს ვაყოლებ- ხან ქათამია, ხან ღობეა გამონგრეული. ყველაფერი მონგრეულია ამ სატიალეში. სხვისია თუ ჩემი,, გული მაინც არ მიშვებს. დაღამდება და, შევალ ჩემს სოროში, შევწვები ცივ ქვეშაგებში და შენი სითბოს სუნი მენატრება. -შენ დაგიმიწდეს ჩემი თავი! (იცრემლება) - დათქმულ დროს რო არ გამოჩნდები, სუ მოუსვენრობა შემომიდგება ხომე. მერე, გავშტერდები და რაღაცები მელანდება. მელანდება რა, ერთთავად ის ჩვენი სახლი მაგონდება. ვითომ წინკარი, ბოლოს რო ამოვაშენეთ წითელი აგურითა, მორღვეულა. ჭერი აღარა ჩანს და შავი ღამურებით ავსებულა იქაურობა. ხან ვითომ ბოსლის კარი ჩაგვკეტია და საწყალი სალუქას ბღავილი ისმის იქიდანა. -შენ კიდე ვერ დაივიწყე იმ ვერანი სახლის ამბავი. თუ ჯანმრთელობა არ იქნება, ოხრადამც დარჩენილა ყველაფერი! ნერვიანობა რო საქმესა შველოდეს... -მერე როგორ გინდა, დარდი მოიცილო, მტვერი ხო არ არის, ჩამაიბერტყო?! -შენა გგონია, ვერა ვხვდები. ეგ არი რო მიწამლავს გულმუცელს. ხანდისხან, მარტოს ისე ამამიჯდება გული. სააბაზანოში შევალ, ამათ რო არაფერი შემატყონ. ის არის ჩემი გულის მოსაოხებელი ალაგი. ჩავკეტამ კარს, მოვუშვებ წყალს, ვაჩხრიალებ და იქა ვცლი ჯავრისგან გასენილ გულსა. ხანდისხან იმასაც ვფიქრობ ხომე, თავი ხო არ დავანებო აქაურობასა-მეთქი. -ეჰ, განა არა, მეც მიფიქრია. მაგრამ თავზეით ძალა არ არის. ხო იცი, ძაღლების დასაჭმელები გავხდებით ყველანი. (პაუზა) რა იყო, რას გაჩუმდი?! -მაიცა, მგონი მეძახის ეს უბედური. უნა გამოვრთო სკაიპი. ხვალე დაგირეკამ, ხვალე. თუ ცოტა დამაგვიანდეს, არ ინერვიანო, გაიგე შენა?!
2016, XII
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. დიდი მადლობა ნეფერტარს! თქვენი კომენტარები ყოველთვის ანგარიშგასაეევია. დიდი მადლობა ნეფერტარს! თქვენი კომენტარები ყოველთვის ანგარიშგასაეევია.
10. ძალიან კარგი მოთხრობაა, ძალიან მომეწონა, ადრეც მქონდა წაკითხული, მაგრამ კომენტარი გამომრჩენია, თუმცა შემიფასებია. ავტორო, დასასრულთან დაკავშირებით სხვა რამეს ველოდი, მაგალითად იმას რომ ეს იყო დიალოგი გარდაცვლილ მეუღლესთან. ეს იქნებოდა არაჩვეულებრივი ფინალი, სკაპის და საზღვარგარეთ გადახვეწილი ცოლის დიალოგი აქ დარჩენილ ქმართან ტრაგიკომიკომიკურ ელფერს აძლევს თხრობას, დიახ არის ეს პრობლემა ამ ქვეყანაში, ადამიანთა ყოფაში, მაგრამ მოთხრობის განვითარებამ სხვა მოლოდინი გამიჩინა პირადად მე.
ზოგიერთი ფრაზა იმდენად არაჩვეულებრივია , ისეთი საღი და ციცხალი, ლამის მოსაუბრეებიც დავინახე. - ამიტომ მომეწონა.
ძალიან კარგი მოთხრობაა, ძალიან მომეწონა, ადრეც მქონდა წაკითხული, მაგრამ კომენტარი გამომრჩენია, თუმცა შემიფასებია. ავტორო, დასასრულთან დაკავშირებით სხვა რამეს ველოდი, მაგალითად იმას რომ ეს იყო დიალოგი გარდაცვლილ მეუღლესთან. ეს იქნებოდა არაჩვეულებრივი ფინალი, სკაპის და საზღვარგარეთ გადახვეწილი ცოლის დიალოგი აქ დარჩენილ ქმართან ტრაგიკომიკომიკურ ელფერს აძლევს თხრობას, დიახ არის ეს პრობლემა ამ ქვეყანაში, ადამიანთა ყოფაში, მაგრამ მოთხრობის განვითარებამ სხვა მოლოდინი გამიჩინა პირადად მე.
ზოგიერთი ფრაზა იმდენად არაჩვეულებრივია , ისეთი საღი და ციცხალი, ლამის მოსაუბრეებიც დავინახე. - ამიტომ მომეწონა.
9. " -მერე როგორ გინდა, დარდი მოიცილო, მტვერი ხო არ არის, ჩამაიბერტყო?!" <3 " -მერე როგორ გინდა, დარდი მოიცილო, მტვერი ხო არ არის, ჩამაიბერტყო?!" <3
8. "-დაუმიწდათ დედა! ვინ იცის, ცხელი საჭმლის ოხშივარი ენატრებათ!" :-( :-( :-( :-( :-(
5 "-დაუმიწდათ დედა! ვინ იცის, ცხელი საჭმლის ოხშივარი ენატრებათ!" :-( :-( :-( :-( :-(
5
7. მშვენიერი მოთხრობაა კარგად გადმოცემული ემოციებით და სამწუხარო რეალობით
5 ქულა ჩემგან მშვენიერი მოთხრობაა კარგად გადმოცემული ემოციებით და სამწუხარო რეალობით
5 ქულა ჩემგან
6. დიდი მადლობა თბილი კომპლიმენტისთვის@ სახლს იმიტომ მისტირის, რომ სხვის სახლში ცხოვრობს. როგორც ჩანს, ბინა დაკარგეს, როგორც ბევრმა ამ ქვეყანაში. ამიტომაც გადაიხვეწა მისი ცოლი. მინდოდა ამ დეტალებზე მხოლოდ მიმენიშნებინა. დიდი მადლობა თბილი კომპლიმენტისთვის@ სახლს იმიტომ მისტირის, რომ სხვის სახლში ცხოვრობს. როგორც ჩანს, ბინა დაკარგეს, როგორც ბევრმა ამ ქვეყანაში. ამიტომაც გადაიხვეწა მისი ცოლი. მინდოდა ამ დეტალებზე მხოლოდ მიმენიშნებინა.
5. საინტერესოა, კარგ კილოზე დაწერილი საინტერესოა, კარგ კილოზე დაწერილი
4. რა თბილი და მგრძნობიარეა აქაური ქმარი. უმნიშვნელო დეტალია, მაგრამ კითხვა დამიტოვა: (ვუკირკიტე და ვერ ამოვხსენი) ქათმებს უვლის, ე. ი. სოფელშია, მაგრამ, იქვე სოფელს მისტირის. დაზუსტება ხომ არ მოუხდებოდა?
რა თბილი და მგრძნობიარეა აქაური ქმარი. უმნიშვნელო დეტალია, მაგრამ კითხვა დამიტოვა: (ვუკირკიტე და ვერ ამოვხსენი) ქათმებს უვლის, ე. ი. სოფელშია, მაგრამ, იქვე სოფელს მისტირის. დაზუსტება ხომ არ მოუხდებოდა?
3. თითქოს პიესაა, თან უკვე სცენაზე .
თითქოს პიესაა, თან უკვე სცენაზე .
2. არადა, დღეს სულაც არ მსურდა ამაოების ჭაში ჩახედვა. :(
არადა, დღეს სულაც არ მსურდა ამაოების ჭაში ჩახედვა. :(
1. ამ დასასრულს არ ველოდი :( დამეწვა გული
კარგი იყო ამ დასასრულს არ ველოდი :( დამეწვა გული
კარგი იყო
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|