ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეონე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
26 თებერვალი, 2017


სახელითა მამისათა

მე გშობ ჩემი შიშებიდან, გამოგკვებავ სასოწარკვეთით და გაგზრდი. შეგიყვარებ. შეგიყვარებ, როგორც ღვიძლ შვილს. ნააბორტალს. მოკლულს, მოშორებულს, მოტყუებულს და…

მე ვინანებ შენს სიკვდილს და მოგინანიებ შენსავე კალთაში. მე გაიძულებ, მიყურო თვალებში მანამ, სანამ გამჭვირვალე არ გავხდები და არ მოვკვდები იმაზე მშვიდად, ვიდრე შენ კვდები ყოველ წამს. სულ, მას მერე, რაც ჩემმა შიშებმა დაგბადეს ბუნებრივი სიკვდილით და თანდაყოლილი უიმედობით.

მე შენზე ვილოცებ, შენ წინაშე მუხლებზე დაჩოქილი ვილოცებ, რომ არ გადარჩე, რომ შემიზიზღო, რომ უარმყო, რომ არ დაგჭირდე, რომ არ მიკითხო, რომ არ მეძებო.

მე მომენატრები. მაშინ, როცა ერთხელ და სამუდამოდ ჩაიკირები იმ ბნელ კუთხეში, სადაც ყოველთვის იყო შენი ადგილი, მომენატრები და მოგაკითხავ. ამოგჩიჩქნი საკუთარი ფრჩხილებით, ფრთხილად გაგასუფთავებ სიბნელისგან და სხეულს დაგიკოცნი გამშრალი ტუჩებით. მერე შემოგაცმევ დარეცხილ-დაუთოებულ ტკივილებს, რომ არ შეგცივდეს. ხომ იცი, ვგიჟდები შენს კანკალზე. ჰოდა, არ უნდა შეგცივდეს. მჭიდროდ უნდა შემოიხვიო გახამებული ტანჯვა სხეულზე და ხელი არ გაუშვა, სანამ არ გათბები. მერე მეც მოვალ.

მერე ჩემს თითებს შეეხები ენით და იგრძნობ, იმ ადგილის მომჟავო გემოს, სადაც ყველაფერი ჯერ კიდევ კარგად იყო. სადაც არ ვიყავი მე და სადაც არ იყო არაფერი, ჩემ გარდა. სადაც ჯერ კიდევ ვერაფერს გრძნობდი. სადაც შეგეძლო ჩემი სახელი გეყვირა და არ გეგრძნო სიცივე.

შეგეშინდება და კბილებით ჩაეჭიდები უსაფრთხოების უყველაფრო ილუზიას და სისხლის გემოს იგრძნობ პირში. არა. მე არ მეტკინება. შენ კი ნერვებამდე მისული, იგრძნობ როგორ აივსები ყალბი სიმშვიდით. შემოიწყობ გარშემო ნაირ-ნაირ შიშს და დაგავიწყდები.

შენ ჩემი პირმშო ხარ. შენ უჩემოდ არ არსებობ. მე კი უშენოდ სიკვდილი არ შემიძლია.

ჰოდა უნდა დაიბადო,

რომ ერთად მოვკვდეთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები