ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირიან მერცხალაძე
ჟანრი: პოეზია
16 მარტი, 2017


შაშვები

შაშვები შიფრავენ შოშიებს,
რომ თურმე მათ მათი შურდათ.
ცხოვრება სულ ერთი გროშია,
სიკვდილს კი გაძლევენ ხურდად.

შაშვები შავ შუქზე ხარშავენ,
იმას რომ მათ ვიღაც მოკლავთ,
სხეული თუ არის გამშრალი,
სული ნუ გექნება მოკლე.


მშრალ შიშებს შეჭამენ შაშვები,
თუ ხეებს ძალიან დათოვათ,
ნუ გაგიჭირდება გაშვება,
თუ თუნდაც სულ ერთხელ დაგტოვა.

დათვების ბუმბერაზ ტორებში,
მოქცეულ ზამთარს და ძილსაც,
ხანდახან ძალიან მოეშვი,
ბოქლომიც აუშვი პირზე,

რადგან დღეს შავ შაშვებს დახვრეტენ,
სიცოცხლე სუროდ რომ უღირთ,
ხანდახან იყავი თავხედი,
და ტყვიას ახვედრე ზურგი.

შაშვები შიფრავენ შოშიებს,
რომ თურმე მათ მათი შურდათ,
ცხოვრება სულ ერთი გროშია,
სიკვდილს კი გაძლევენ ხურდად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები