ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნოსტრადამუს
ჟანრი: პოეზია
23 აპრილი, 2017


სერია 2

მზეჩასულ დღეებს აფერადებ თვალებით, თვითონ,
ფოთოლცვენებსაც შენისლული მაგ მზერით მართავ,
სახიდან ღრუბლებს ჩამოვიშლი თითოდ და თითოდ,
როცა შენს ამაყ სუნთქვას ვიგრძნობ გათოშილ მხართან.

მოგონებები, აწმყოსი ან  მომავლის მახე,
გოლიათებად აზვირთულნი მორბიან ხვნეშით,
ყველა ჩვენს ვარსკვლავს მოვუფიქრებ საკუთარ სახელს.
მერე მთვარიან ღამესაც კი ჭკუიდან შევშლი.

ცამდე გავსდევდი ყველა გზას და ყველა ლიანდაგს,
ოღონდ კი შენი გაღმერთების მე ნება დამრთონ,
და თუკი  წლები, უფრო მეტიც  შემაგვიანდა
მუცელში პეპლებს მოუარე, როგორმე, მარტომ.

ვცდილობ თითებით წაგიკითხო სახელდახელოდ,
ვისწავლო კარგად შენი შუბლი, შენი კისერი,
ნუ ჩამიხუტებ, ნუ გამატან სურნელს საყელოს,
არ მიმიკარო მაგ ტუჩებთან ასე ფხიზელი.

შემოდგომაა და ოქროსფრად დარწეულ დილას,
იქნებ დამფრთხალი ბეღურები მაინც ეწვიონ,
გადავეჩვევი ფრჩხილის კვნეტას, დალევას, ყველას,
ოღონდ ნუ მთხოვ რომ შენზე წერას გადავეჩვიო.

ქარი, ურჯულო გადაგისვრის უფრო შორს,    სხვასთან
სანამ დამბაჩას საკადრისი რითმით დავტენი,
უბრალო სიტყვებს მხატვარსავით ცამდე ფრთებს ვასხამ
და მაგ ღიმილის მოსაპარად რიგში ვაყენებ.

მზით ალმოდებულ ტალღებზე წევს ლტოლვა, თავხედი,
ჰორიზონტს გასცდე უსაშველო არის ცდუნება,
უკვე ვერ წახვალ, ისე როგორც ადრე წახვედი.
არ გაპატიებს ოქტომბერი ვერდაბრუნებას.

წყვდიადს ანათებ, სინათლესაც აქცევ წყვდიდად, 
ათასი მთის და ათასი ზღვის გადაღმა გნატრობ,
და თუკი  წლები, უფრო მეტიც  შემაგვიანდა
მუცელში პეპლებს მოუარე, როგორმე, მარტომ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები