ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიოლეტა
ჟანრი: პროზა
24 აპრილი, 2017


  ჩამოტვირთვა

ის....

ციოდა, ოთხ კედელს შორის გამომწყვდეულს საკუთარი "მე" მიხსნიდა სულის ცხრაკრიტულის კარს. მარტოობა ასეთია, ჩაგახედებს შენი გულის ყველა კუთხე-კუნჭულში და დაინახავ საკუთარ თავს ისეთს, როგორსაც არ იცნობდი მანამდე. ამის განწყობაზე არ ვიყავი, პალტო მოვიცვი და სახლი დავტოვე. წვიმდა. უცნაურად სუსხიანი და ბნელი ღამე დასეირნობდა ქუჩაში. ვხედავდი, როგორ იკრავდა დაღლილი მიწა ციდან მონადენ ცრემლებს მტვერიან გულში. სწრაფი ნაბიჯით მავალი, უეცრად შევდექი და  უახლოეს ბარში ჩავედი,ვისკი შევუკვეთე. მიყვარდა აქ მოსვლა, წყნარი გარემო იყო და საინტერესო საზოგადოება.ბარის შუაგულში ძველი, გოთიკური პიანინო იდგა, ჩუქურთმებით გაწყობილი. ანტიკვარიატი იქნებოდა. ციმციმა ოქროსფერ სინათლეზე ცეცხლივით ელვარებდა. მასზე თითქმის არასდროს არავინ უკრავდა.ვისკი დავაგემოვნე, მეამა. უეცრად, მონაბერი სიოსავით დაქროლა მცირე ოვაციებმა და პიანინოსთან ქალის სილუეტი გამოჩნდა. მსგავსად დახვეწილი სხეული არასოდეს მინახავს. ქალი გამხდარი იყო, მაგრამ საოცრად ლამაზი ტანი ჰქონდა. მისი ნაბიჯის ხმა რომ გაისმა, ერთიანად დამემუხტა გული,ნესტოებში ჰაერი მომაწვა და დამიგუბდა. საკუთარმა რეაქციამ გამაკვირვა... წაბლისფერი თმა მხრებზე სცემდა. სარკესავით უპრიალებდა მოღეღილი მხრები და ნახევრად მოშიშვლებული ზურგი. მაყურებლის მიმართ ზურგით იყო, ამიტომ მისი სახე არ დამინახავს. ატმოსფერო დაიმუხტა და მოლოდინმა გონება გათიშა. პიანინოს თავს ახადა. ნაზად შეეხო  კლავიშებს, სკამზე ჩამოჯდა და დაკვრა დაიწყო. უკრავდა ისე ჰაეროვნად, თითქოს არცკი ეხებოდა კლავიშს. ატმოსფერო გაირინდა, მეგონა რეალობის საკანს მოვწყდი და სხვა განზომილებაში მოვხვდი. ვნების ფერხულში ჩავები. მუსიკა ნელი იყო, წვიმის წვეთების წკარუნის მსგავსი, თუმცა მალე ელვა და ჭექა-ქუხილიც დაიწყო. კლაუდერმანს ჰგავდა, მაგრამ დაზუსტებით ვერ ვიტყოდი. ვუყურებდი... მელოდია წიგნივით იყო და რატომღაც მგონია, რომ მისი რამდენიმე ფრაზა ამოვიკითხე. მოჯადოებული ვუმზერდი.  მატყვევებდა ეს ქალი თავისი მუსიკით, მოჯადოებული ვიყავი არა მხოლოდ მისი უბადლო სხეულით, რომელიც პეპელასავით მსუბუქი ჩანდა და ირხეოდა, არამედ მისი სულით, მისი პიროვნებით რომელიც მან მუსიკაში გააშიშვლა. ცხოვრებაში პირველად დავინახე ქალის შინაგანში მყოფი სამყარო. ის ერთსა და იმავე დროს ძლიერიცაა და სუსტიც, მსხვერპლიცაა და მონადირეც, წმიდაცაა და ჯადოქარიც. ჩვენ ყველანი მივჩერებოდით მას, როგორც  სანახაობას, არარეალურს, ზესკნელიდან ჩამოსულ ქალღმერთს, თუმცა ეჭვი მეპარება მას ეს შეენიშნა.ის სხვა რეალობაში გახლდათ, თავის საუფლოში, სადაც ჩვენ არ ვარსებობდით. მისი ერთადერთი მესაიდუმლე კი პიანინო იყო. ქალი თავის გრძნობებს წერდა კლავიშებზე და კლავიშები ახმოვადნებდნენ  მათ. მეგონა სული განმშორდა, თითქოს მიწას მოვწყდი. ეს ქალი მეძახდა, მაკვირვებდა, ჩემს შინაგანს ჩხრეკდა და მეუფლებოდა. თავბრუდახვეულმა ამოვილაპარაკე: "რა მშვენიერია ადამიანი, როდესაც აკეთებს იმას, რისი ნიჭიც აქვს,არა იმიტომ, რომ ვინმე მოხიბლოს, არამედ იმიტომ რომ შეიცნოს თავისი 
თავი." ის თავს არავის აწონებდა და ეს ხდიდა მას ღვთაებრივს. ყველა მივჩერებოდით, ის კი ცად იყო ამაღლებული ჩვენგან, რომც მოგვენდომებინა ვერ მივწვდებოდით.
დაკვრა დაასრულა. გული გამალებით მიცემდა. შუბლით პიანინოს მიეყრდნო და ღრმად სუნთქავდა. საოცარი წყვილი იყო- პიანინო და ქალი, ერთ მთლიანობად ქცეული.მეჩვენებოდა რომ კლავიშები თითებზე ეალერსებოდნენ და მადლობდნენ. გონსმოსულმა ხალხმა ოვაციის ტალღა უძღვნა. მე ფეხზე წამოვდექი, არ ვიცი რატომ... ქალი გამოფხიზლდა. წამოდგა. პიანინოს დაახურა თავს და გამოემშვიდობა. ჩემსკენ მოდიოდა. სული შემეყინა. ისე ახლოს იყო და ამავედროს ისეთი მიუღწეველი ჩანდა. ცაზე მოკიაფე ვარსკვლავივით. არა, მითოლოგიურ ქალღმერთს ჰგავდა. იყო წამი, როდესაც ვნებითა და იდუმალებით აღვსილი მზერა მესროლა და მეგონა სამყაროს თვალებში ჩავხედე. თუმცა, ეს თვალთა პაემანი მხოლოდ ერთ წამს შედგა. პალტო აიღო და ბარი დატოვა. რამდენიმე წუთი გაუნძრევლად ვიდექი და საკუთარ გულისცემას ვუსმენდი. მე დატყვევებული გახლდით ქალით, არა, მასში მცხოვრები სულით, მასში არსებული სამყაროთი და გრძნობათა ღელვით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები