ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფაუსტოელი
ჟანრი: პოეზია
12 მაისი, 2017


ეს წელიწადიც..

ეს წელიწადიც,სმით და წერით,გადავიტანე,
თავის მართლებით,გამომაყრის კეთრად ფორიაქს,
ვიწვალე,ვცადე,გავუძელი,ვიცოცხლე თანაც,
სხვებივით მაინც არასოდეს,არ მიცხოვრია.
იესოს ჯვარზე უფრო მძიმე,ვზიდე ბავშვობა,
არც არასოდეს წაუკითხავთ ჩემთვის არაკი,
მახსოვს ბაბუ რომ გაიტანა,ხალხმა სახლიდან,
და მიზეზებზე არავინ არ მელაპარაკა.
გულმოსულმა რომ გავიპარე,მდინარის გაღმა,
და მარტო დავრჩი შუაღამით,შიშის წინაშე,
საყვედურივით მოხვედრილი ხელები მამის,
მოსანათლად რომ წამათრია,ეკლესიაში.
მახსოვს თუ როგორ გაიქურდა ჩვენი სოფელი,
როგორ დაგვაკლდა ყველაფერი,დედის რძესავით,
მჭადის ფქვილზე რომ მესამედაც მგზავნიდა ბებო,
მეზობელიც რომ მაბარებდა უარს,მესამედ.
მახსოვს წიგნებში მოძიებულ ყველა სიმართლეს,
თავში თორმეტჯერ გადახარშულს,თორმეტ ვერსიანს,
ტირილისაგან გადაყლაპულ ნერწყვების გროვას,
თორმეტ ლარიან,აუღებელ ყველა პენსიას.
შუშის ნატეხზე უნებურად გაჭრილი მუხლი,
ექიმბაშებთან მიყვანილზე,ხორცის გაკვეთა,
ემოციით და ამბოხებით გადაწვა რუკის,
ჩაუტარებელ,დაუსწრებელ ყველა გაკვეთილს.
ბუტბუტი,ლოცვა,წარმოსახვით,ხატების მიღმა,
ველოდით წვიმებს,მზეებს,ქარებს,თოვლს და თუმცა მეტს,
მაშინ ბავშვები გაჭირვებას მივხვდით,თეფშებზე,
სიცარიელე თითებით რომ მოვასუფთავეთ.
მახსოვს თემიდეს უცნაურად ცოლის მოყვანა,
მეზობლებში რომ შეიცხადა მერე მამიდამ,
გვერდით ოთახში შუაღამე არწევდა საწოლს,
და ჩვენ თვალებს რომ ვადევნებდით,ჭუჭრუტანიდან.
მახსოვს ყველა დღის მოტანილი,თითქმის ყველა დღე,
მადლიერება გადახდილი,ამ ცის,ამ მიწის,
პირველი ლექსის არ დაწერა როგორ ვიცრუე,
თამბაქოსავით მალულად რომ მუჭში ჩავიწვი.
მახსოვს ის გოგო,პირველად რომ გამომიწვია,
ყოველ ღამით რომ მიტკიებდა გულის ნახევარს,
პირველად ჩუმად მოწეული მსუბუქი პლანი,
სიცილებით რომ ვიკავებდით,თავბრუდახვევას.
მახსოვს სოფლიდან გადმოხვეწა მტვრიან ქალაქში,
უცხო გარემო პალტოსავით რომ ვერ მოვირგე,
მახსოვს სიძველე,ახლებური ნიშნისმოგებით,
და ახლა უფრო წუთებია უფრო მორიგი.
ეს წელიწადიც,სმით და წერით,გადავიტანე,
თავის მართლებით,გამომაყრის კეთრად ფორიაქს,
ვიწვალე,ვცადე,გავუძელი,ვიცოცხლე თანაც,
სხვებივით მაინც არასოდეს,არ მიცხოვრია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები