ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნოსტრადამუს
ჟანრი: პოეზია
17 მაისი, 2017


მათხოვრის დღიურიდან

უჟმური სახით და წყლიანი თვალებით
წინხელებგაწვდილი ვარსებობ, უბრალოდ,
სიცოცხლეს უნდობლად ვედები ბრჭყალებით
მაცვია პერანგი, ვიღაცის, უბრალო.

ოდესღაც მე ჩემი ღუმელი მათბობდა,
მომწონდა რუტინა უებრო, დამღლელი,
ახლა კი ასეთი დამჩემდა გართობა
ხელს ვიშვერ იმედად ყოველი გამვლელის.

როცა გზა აღარ ჩანს, მშველელებს ნურც ელი,
მაგრამ ხომ ამბობენ მოწყალე ღმერთია,
ვიღაცას წყალობით უსკდება მუცელი
წყალობა ჩემზე კი ოთხმოცი თეთრია.

მაშინებს თვალები, ზემოდან მყურალი,
არ მინდა ერთხელაც სიბრალულს წავაწყდე,
ვიკითხე მრავალგზის ბიბლია, ყურანი
და მაინც მჯერა რომ ჩემს თავს მე განვაგებ.

ფიქრებმა ატეხეს უმიზნო თარეში,
ვზივარ და ვიხსენებ ჩემს ისეთ საქციელს,
რატომაც დავიწყე უაზრო თამაში
რატომაც შვილებმა მე ზურგი მაქციეს.

მიმათრევს ცხოვრება მკვდრებისფერ ტალანში
ვერ ვხედავ რომ მზეა ყვითელი, ცა ლურჯი,
შემეძლო მესმინა, მეამბა და მაინც
მუყაო მეჭირა წარწერით: ყრუ-მუნჯი.

სიცრუით დაწყებულ ჩემს ვერაგ ცხოვრებას
ისევ ამ ბინძური ტყუილით ვასრულებ,
სიკვდილზე ოცნებას ვერ ცდება გონება
ნაცრისფერ რიჟრაჟებს არ უჩანთ სასრული.

სიცივემ დამზრალი გულმკერდი გაფატრა
უფრო ღრმად ჩააღწევს მალე ან როდისმე
ქარი ჩემს განვლივ გზას მტვერსავით გაფანტავს,
სიცოცხლის ბოლო წუთს არავინ მომისმენს.

და ზოგჯერ ზეცაში ავხედავ მარჩენალს,
ღამეულ ბოდვაში ბევრჯერ რომ მოვედე,
ადრე სულ ერთ სახლში მიწევდა დარჩენა
ახლა კი ახალი სახლი მაქვს ყოველდღე.

ვაგდივარ უფლისთვის შესაწირ კრავივით,
ირგვლივ ფრთებშეკვეცილ მომავლის სუნია,
ხალხი მე მკვდარსაც კი ისევე ჩამივლის
როგორც დღეს ჩემ ცოცხალ ნეშტს განზე უვლიან.

იარონ, იარონ, უფრო შორს წავიდნენ,
მოვითხოვ სიმშვიდეს სიცოცხლის სანაცვლოდ,
ბოლოს კი ერთ კეთილ საქმესაც ჩავიდენ
წანწალით გადაღლილ ძაღლებს რომ გავაძღობ.

არ იქნა, ვთვრები და ბოთლს ბოთლზე ვამატებ,
მადლობა ხეტიალს შეჩვეულ პოეტებს,
რამდენჯერ ალალად, გრძნობებით დამათვრეს
ლექსებით ჭიდილში რას აღარ მოედვნენ.

სპეკტაკლის ლოდინში ივსება დარბაზი
სეირის მოყვარულ უთავო ბრიყვებით,
და ასე გულწრფელად, ჩვეული სარკაზმით
მაცხოვარს, მათხოვრის ცხოვრებას ვუყვები.

უსულო მზერით და უძილო მთქნარებით,
როგორღაც ვარსებობ, ვარსებობ, უბრალოდ,
სიცოცხლეს უნდობლად ვედები ბრჭყალებით
მაცვია პერანგი, ვიღაცის, უბრალო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები