ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემურ მაკარაძე
ჟანრი: პროზა
9 ივნისი, 2017


ბოლო ბედნიერება

      ჯერ კიდევ სიბნელე იყო, როცა მოხუცი თავისი ხელჯოხით პატარა სახლის პატარა ეზოში გამოდიოდა. სანამ მზე ამოვიდოდა და სოფელს შეავლებდა თვალს უკვე შემოვლილი ჰქონდა თავისი კარმიდამო. უჭირდა სიარული, მაგრამ თავის ჩვევაზე ერთხელაც არ უთქვამს უარი.
    ჩამოჯდებოდა ხოლმე ეზოში სპეციალუარად მისთვის მდგარ სკამზე და ფიქრობდა როგორ მოეკლა დრო, მაშინ როდესაც სიცოცხლე ყველაზე მეტად წყუროდა. საით არ მიუწევდა გული, მაგრამ მუხლები მეტად დამძიმებოდა. ერთი მეგობარი ჰყავდა; რას არ უყვებოდა მოხუცი აცრემლებული თვალებით, ის კი ყოველთვის ჩუმი და უსიტყვო იყო. ალბათ გრძნობდა კიდეც მოხუცის ტკივილს, მაგრამ რა უნდა ეთქვა - ხელჯოხი იყო.
    ამჯერად შვილიშვული გაახსენდა. გაახსენდა როგორ დაჰყვებოდა პატარა ცელქი ბიჭი ბაბუას ყანაში, ჭალაში. როგორ გაუჯავრდებოდა ხოლმე, როცა ბიჭი აქეთ-იქით სირბილისას ნათესებს ფეხით თელავდა. ხანდახან კი ორივე ერთად თამაშობდა ეზოში. (ბაბუაც ხომ ბავშვი იყო, როცა შვილიშვილს სურდა).
    მოხუცი ხშირად ამბობდა, რომ ბოლო ბედნიერება ჰქონდა დარჩენილი - თავის საწოლში მშვიდად სიკვდილი. პატარაობისას არ ესმოსდა ბიჭს რას ამბობდა ბაბუა.
    დრო გავიდა. ბიჭი გაიზარდა. მოხუცი ისევ ამბობდა საკუთარ საწოლში სიკვდილი ბედნიერებააო. უკვე ვაჟკაცი შვილიშვილი კი სიცილით ეტყოდა: "სისულელეა. როდის იყო სიკვდილი ბედნიერება იყოსო" და ძმაკაცებისკენ ამაყად გასწევდა.
    ერთხელაც ჯარში წაიყვანეს. ჯარიდან კი სადღაც მისიაზე სამშობლოს გარეთ, საიდანაც ცოცხლად ვეღარ დაბრუნდა...
    ყოველდღე იჯდა მოხუცი თავის სკამზე და უყვებოდა ამ ამბავს თავის ხელჯოხს... ისიც მოუყვა ერთხელ, რომ შვილიშვილი დაესიზმრა და უთხრა საკუთარ საწოლში სიკვდილი ნამდვილად ბედნირება იქნებოდაო.
    რამდენიმე კვირიანი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ მოხუცი თავის საწოლში გარდაიცვალა.                ჰო, თავის საწოლში, მაგრამ იყო კი ბედნიერი? ვინ იცის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები