ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიჩელი
ჟანრი: პროზა
19 ივნისი, 2017


მინიმალისტური პროზა

მინიმალისტური პროზა


              პირველცოდვა

  პირველი, რაც ვაშლის ჩაკბეჩისთანავე შეამჩნია, ლეღვის ფოთოლი იყო ქალის სხეულზე.


   
        ეჭვიანობა


  რაზე ვფიქრობ ხოლმე, იცი, ამდენი ხნის მერე?
  როცა შენს ლამაზ ქალაქელ ცოლს ძუძუს კერტებზე ბაგეს ახებ, ისევე გებინდება თვალები, როგორც მაშინ, იქ- ვენახის ბოლოს, ჩვენი ყარაულის მიტოვებულ ქოხში?


      მარტოხელას სიკვდილი

  როცა კარის მეზობელმა კარი შეამტვრია, უკვე დაგვიანებული იყო. (ოთხი დღით მაინც).
  სასწრაფოს გამოძახებას აზრი არ ჰქონდა. (მაინც დარეკეს.)
  ამერიკაში შვილთან დარეკვას აზრი არ ჰქონდა. (არც დაურეკავთ.)
  ყველა ხარჯი კარის მეზობელმა გაიღო. (ეკუთვნოდა კიდეც.)


          წარწერა ჯიქეთის დედათა მონასტრის გალავნის კედელზე


  ”მონასტრის სამოცმა, ცივმა წელიწადმა იმ წუთების მხურვალება ვერ გადარეცხა, ბიჭო!”


პოეტი ქალი

  როცა თვის ბოლოს , ჩვეულებრივ, ნისიების რვეულს ჩახედა, უცებ აღმოაჩინა, როგორ- ლექსის პწკარებივით- მიჯრით დაელაგებინა სტრიქონები.


      მიტევება

  ჩემისთანას აქაური სანიტრები ამრეზით უყურებენ. არავის უნდა მოუკითხავი ბინადარი. დედა მოუკვდეს, განა ცუდი გული აქვს, მაგრამ რა ქნას. ვერ ჯობნის იმ როკაპს...


      ორი პატარა

-არ შეიძლება, ხელი გაუშვი, გაფუჭდება!
  -რო გაფუჭდება, მათხოვებ?
  -არ გაფუჭდება.
  -ჰუმანიტალულში მოგცეს?
  -ჰუმატარური რა არის?
  როგორ ნახა სიზმარში ოჯახის ქალმა პირველი სიყვარული

საღამოს, სამსახურიდან დაბრუნებულ ქმარს მისი საყვარელი ქათმის პაშტეტი განსაკუთრებით გემრიელი ეჩვენა.


      მოხუცი ქალის სიკვდილი

  ჯერ ძველი ალბომიდან ახალგაზრდობის გაყვითლებული ფოტო ამოიღო და მაგიდაზე, თვალშისაცემ ადგილას დადო, მერე დალია წინასწარ გამზადებული ათი აბი. 

      2013-2017

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს