| ავტორი: ლიჩელი ჟანრი: იუმორისტული 18 ნოემბერი, 2017 |
რწყილი და ჭიანჭველა (ქართველ კლასიკოსთა ვირტუალური ვერსიები)
გრიგოლ რობაქიძე ჩაკლული ძმობა
ველი მწიფე შინდისფერისა, თითქო მზით ნაყვავილარი. არე, მზის ხურუშით გარინდული. ორნი უნაბით დაჩრდილულ გზაზე. გზნება რწყილისა: ვაჟური, მარჯვი, ჭიანჭველა - - ქალურად მიმღები, ამაყად მორცხვი. სივრცე- დაძაბული, მზერა- გამჭოლი. რუ რამ იხილეს. რწყილს დაბრკოლება ვნებას უგზნებს, ჭიანჭველას სითამამის ფრთებს უკვეცს. ინახად სხდებიან, მსჯელობენ. ერთის აზრი თამამი, გონიერებას განრიდებული. მეორისა - ფრთხილი, შიშთან შეუღლებული. ბინდი ძირს ეშვება, დრო არ იცდის. ხტებიან. აღტაცების ამოძახილი. მარცხის სინანული... მეგობარი მბორგავი სტიქიის ბრჭყალებში. გრძელ გზას ადგება რწყილი: მხსნელის საძიებლად, ვითარ გილგამეშ უთანაფიშთის საბრძანისისკენ.
კონსტანტინე გამსახურდია დიონისოს წუხილი
ფიცვერცხლი სჭამეს გზად გადაყრილთა. მერმე მიმწუხრის ბინდს შეერივნენ. შორით რუ დალანდეს ერთი. შიში არ შეიმჩნია რწყილმა, ისკუპა უმალ. „ახლა შენ სცადეო, ჯაბანო!” ისკუპა ჭიანჭველამაც და მეყსეულად წყალთ დაინთქა. შვიდი გარსი განვლო რწყილმა მეგობრის თვისის დასახსნელად - ღორისა, კატისა, ძროხისა, კრუხისა, ყვავისა, მუხისა და ორმოსი. ხსნა არსაიდან ჩანდა. ბოლოს ერთ ველზე გასულმა ანაზდად თვალი ჰკიდა ველის ბალახთ. ბალახის სიმდაბლემ კაცთა ქედმაღლობაზე მიანიშნა იგავურად. შეიცნო სიბრძნე სოფლისა - საკუთარ თავშია გზა ხსნისა. ჩაიმუხლა და ბალახს დაუწყო კრეფა.
ლევან გოთუა მწერთა ვარამი
დანისლულ მინდორს საღამოის რუხი სხივი ჩამოეწვერა. ფოთლებს ჟალტამური ფერი შეჰპარვოდა. დაძარღული ხელი გაუწოდეს ურთიერთს, დანდობილად ჩამოართვეს. ველ-სავალ-ხრიოკს დაადგნენ რასმეს. ეჭვის ღრუბლები შემოსჯარვოდა ჭიანჭველას, არკი იმჩნევდა. არ მოსწონდა ეს ორგზის რჯულნაცვალი მგზავრი. გზაზე შემხვედრ რუს გადაევლო რწყილი, გაღმიდან შეასახელა გამოღმადარჩენილი, მხნეობას უწუნებდა, სითამამეს უგზნებდა. თვალებში მზაკვარი სხივი უელავდა თანაც. დაიძაგრ-დაიმუხტა ჭიანჭველა. ახლაღა მიხვდა ხაფანგდაგების სივერაგეს. ვერ კი მოზომა თვალზომით, ფეხი დაუცდა უხერხულად. ვერყურს მიწვდომილი ღმუილი აღმოხდა, ძეძვის ჩამონაშალი ჩაიყოლა თან. ახლოს მივიდა რწყილი, კმაყოფილებით ჩახედა ხახადაფჩენილ უფსკრულს. მერე ფეხით მიწის ნაშალი მიაყოლა.
ოთარ ჩხეიძე ჩემი უბნის ჩანახატები
დაძმობილდნენ და დაძმობილდნენ. ძმობაც რო ისეთი ჰქონდათ, ტლანქი, დაუდგრომელი. ლხინში რო გასწევს თამამადა, ჭირში - რო ოჩნობს. რუს წააწყდნენ, ანთუ გადაეყარნენ, ასე უფროა. რუს - უსახელოსა, უბრალოსა, თავისთვის რო დიოდა, არცთუ მაცდურადა. თავად რო ესირცხვილება გატრუნვაი. რწყილი ზედ გადაევლო უხინჯოდ, გამომწვევადა, ლაჯებ გაშლითა. ჭიანჭველა - ფეხმიწკიპებით, დაეჭვებითა, მალაყიც რო არ გამოუდიოდა. მაინც ისკუპა, ეგრე უნდილადა. წავიდა, დაინთქა ჭიანჭველა, ეგრე უხმოდა, უკვალოდა. ვითომც არცა ყოფილა, არც კვალი ჰქონია.
გურამ დოჩანაშვილი შიგნიშიგან გარსმავალნი
ასე იყო მუდამ: იყო და აგრეთვე არა იყო რა. ხოლო მაგრამ ვისაც იყოდ ყოფნა ესურვილებოდა და მერე როგორ ამპარტავნულად და ვისაც პირიქითობით - არა იყო რა, აბა რა იქნებოდა. და ეგრეთ იყო რწყილი ერთი, მაღლად და მერე რარიგ მხტომელი და ერთიც ჭიანჭველა , დაბლად მიწას მედგრად მხოხავი დაძმობილდნენ. გაუდგნენ გზას, ზოგჯერ ლამაზად მფინარს, ხოლო ზოგჯერაც, ბედის არმოწყალეთათვის, მერე როგორი ტალახ-ლამით ხასიათებულს. გზად ვერ მოლოდინებული, და ამად ვერაგად მშვიდი და ხანდახან ცბიერზე მეტად თქმული, როგორც რომ მჭევრად მეტყველთა, თუმც არ მართალთა ნათქვამია, რუ. იშვირა ფეხი რწყილმა, უფრო თამამად და აქა-იქ თავხედადაც, გამომწვევსაც იტყვიან, გამომეტყველმა. გადაევლო წყალს. არამეტჩარა დარჩენილმა ჭიანჭველამაც გამოიღო ის ცნობილი და მაგრადაც განთქმული ფეხი. მაგრამ ვერცთუ მოხერხებულად და საიმედოდ მხტომი.მეგობარყოფილის ნიშნისმომგები, უპირატესობის მაღიარებელი ხარხარი მიჰყვა ზურგში ჩავარდნილს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. გამიხარდა ჭა-ს გამოჩენა.
რა კარგადაა დაჭერილი როგორ ზროვნებენ ეს ავტორები გამიხარდა ჭა-ს გამოჩენა.
რა კარგადაა დაჭერილი როგორ ზროვნებენ ეს ავტორები
7. ძალიან კარგი იყო...კარგად ვიხალისე... ყველა ვერსია მშვენიერია, მაგრამ ვფიქრობ გოთუა მეტად მოიხდინა...:)
ლიჩელი...-საინტერესო ავტორი და კარგი ადამიანი... ძალიან კარგი იყო...კარგად ვიხალისე... ყველა ვერსია მშვენიერია, მაგრამ ვფიქრობ გოთუა მეტად მოიხდინა...:)
ლიჩელი...-საინტერესო ავტორი და კარგი ადამიანი...
6. დიდი მადლობა ავტორს! ამ მცირე იუმორისტული ნაკვესებიდანაც კარგად ჩანს, რა არის სტილი და რამხელა მნიშვნელობა აქვს. არახალს ვიტყვი ალბათ, რომ სტილი ქმნის ავტორს, - ავტორის ავტორია. რაც არ უნდა დიდი ინტელექტუალური ბაზა ჰქონდეს მწერალს, თუ ვერ მიაგნო თავის ხელწერას, ენას, ინდივიდუალიზმს, კაპიკია მისი ფასი და არავის დაამახსოვრდება. ასე რომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რას ყვები, მთავარია - როგორ. ეს ყველაფერი კი ლიჩელს სხვებზე უკეთ მოეხსენება. +5 დიდი მადლობა ავტორს! ამ მცირე იუმორისტული ნაკვესებიდანაც კარგად ჩანს, რა არის სტილი და რამხელა მნიშვნელობა აქვს. არახალს ვიტყვი ალბათ, რომ სტილი ქმნის ავტორს, - ავტორის ავტორია. რაც არ უნდა დიდი ინტელექტუალური ბაზა ჰქონდეს მწერალს, თუ ვერ მიაგნო თავის ხელწერას, ენას, ინდივიდუალიზმს, კაპიკია მისი ფასი და არავის დაამახსოვრდება. ასე რომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რას ყვები, მთავარია - როგორ. ეს ყველაფერი კი ლიჩელს სხვებზე უკეთ მოეხსენება. +5
5. დიდი მადლობა, მეგობრებო! დიდი მადლობა, მეგობრებო!
4. ძალიანი მომეწონა. საერთოდაც საინტერესო ავტორია. ძალიანი მომეწონა. საერთოდაც საინტერესო ავტორია.
3. იდეა და შესრულება- უმაღლესი კლასის! :)
ვერსიების სათაურებიც! :) იდეა და შესრულება- უმაღლესი კლასის! :)
ვერსიების სათაურებიც! :)
2. რა მშვენიერი რამე იყო. 5. რწყილის და გილგამეშის ერთმანეთთან შედარება მომეწონა.
:)
რა მშვენიერი რამე იყო. 5. რწყილის და გილგამეშის ერთმანეთთან შედარება მომეწონა.
:)
1. კარგად ვიხალისე. კარგად ვიხალისე.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|