ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პროზა
27 დეკემბერი, 2017


პერსონაჟი და ავტორი

უცნაური იქნებოდა, არა? - მხოლოდ ეს ფრაზა ახსოვდა სიზმრიდან უცხო
გრძნობით გამოფხიზლებულს. გრძნობა შიშს უფრო ჰგავდა, ვიდრე სასიამოვნოდ

გაკვირვებას. - რა იქნებოდა უცნაური? - მოუნდა ხმამაღლა ეკითხა საკუთარი თავითვის.
ხმა ამოიღო და...
„ეს რა იყო? ეს ვინ იყო?“ - გაიფიქრა უფრო შეშინებულმა და გაოცებულმა. „ხომ არ
მომესმა?“ და დასარწმუნებლად ისევ დაილაპარაკა, თუმცა მისთვის სამწუხაროდ და
სხვებისთვის - არ ვიცი, ისევ ვერ გაიგო ნათქვამი. ხმა უფრო მისას ჰგავდა, მხოლოდ
სიტყვებს ვერ სცნობდა. მისთვის გაუგებარი და უცხო იყო მისი ნათქვამი სიტყვების
მნიშვნელობა.
„ამდენ ხანს მეძინა?“ - ალბათ ბევრი გაიფიქრებდა ასე მსგავს სიტუაციაში.
საწოლიდან წამოდგა და საწერ მაგიდას მიუახლოვდა. წინა ღამის ჩანაწერებს
გადახედა და ფურცლებზე გამოსახული სიმბოლოები ვერა და ვერ იცნო. იქვე, სამაგიდო
ორ წიგნთა შორის ერთი აიღო, კამიუს უცხო იყო, ყდით ცნობდა, თუმცა ვერც სახელი
ამოიკითხა და კარგად ნაცნობი დასაწყისი - „Aujourd'hui, maman est morte. Ou peut-être hier,
je ne sais pas.“
ახლა უკვე არც მან და არც ავტორმა აღარ იცოდნენ, რა უნდა ექნა. ჩამოჯდა, ცივი
ოფლი შეიმშრალა და დაძინებამდელი ფიქრებისა და მდგომარეობის გახსენებას შეუდგა.
ისეთი ვერაფერი მოიგონა, რაც რაიმეს გარკვევაში დაეხმარებოდა; გარდა მეგობრებთან
გატარებული საღამოსი, საიდანაც შემთვრალი ფეხით დაბრუნდა გვიან სახლში. მისთვის
ჩვეულებრივად ჩაიარა ყველაფერმა, როგორც ახსოვდა. მხოლოდ გზაში რამდენიმე
მანქანის მძღოლს ხელს უქნევდა და ერთსაც, ბენზინგასამართი სადგურიდან
გამომავალს, წინ გადაუდგა და ცეკვა დაიწყო ყურსასმენებში ჩართულ მუსიკაზე.
თუმცა, ადრეც მომხდარა ასე, ახალი არაფერი არ იყო. მოკლედ, ისეთი ვერც ვერაფერი
გაიხსენა და გადაწყვიტა, მეგობრისთვის დაერეკა. მაგრამ საკუთარი ხმის ეშინოდა,
ალბათ მეგობარიც ვერაფერს გაუგებდა.
აქ ავტორის გულჩვილობა უნდა გამომჟღავნდეს, რადგან ვერ იტანს
ადამიანების წვალებას, როცა სიმართლე იცის მათ შესახებ, ჰოდა გაიფიქრა, როგორმე
მიეხვედრებინა პესონაჟი, რომ ფრანგულად ფიქრობდა და ქართულად ლაპარაკობდა.
თუმცა როცა დაუფიქრდა ამ გადაწყვეტილებას, არც ისე უპრიანი მოეჩვენა. თან რომელი
მხსნელი ის იყო ადამიანებისა?! რას იზამდა პერსონაჟი, როცა გაიგებდა, რომ იმდენად
გაუცხოვდა, საკუთარ ფიქრებს და სიტყვებს ვეღარ ათავსებდა? ალბათ აღარასდროს
დაილაპარაკებდა, მხოლოდ იფიქრებდა, მერე ეს მობეზრდებოდა და თავს მოიკლავდა.
ან არ იფიქრებდა და მხოლოდ ილაპარაკებდა თავისთვის გაუგებარ რაღაცებს, თუმცა ეს
პერსპექტივაც არაა მიმზიდველი არავისთვის, ჰოდა ვინც ამას განიცდის, უეჭველად
თავს მოიკლავს. და ვინც ვერ განიცდის, როცა მიხვდება, უფრო მალე მოიკლავს თავს.
მაშინ ადგეს ავტორი და ახლავე საკუთარი ხელით მოუღოს ბოლო ამ გარეწარ
პერსონაჟს, ან თვითონ იყოს კაფკასავით ნაძირალა და ცხოვრებით აწვალოს ადამიანი.
მაგრამ, ერთი ამას დამიხედეთ - სანამ ავტორი ბჭობდა, თავხედი გმირი კომპიუტერს
მიჯდომოდა და ტექნიციზმის მწვერვალის დახმარებით ფუკოს ინტერვიუს უყურებდა

და უსმენდა, პოპკორნს ჭამდა, შიგადაშიგ მარილიან თითებს ილოკავდა და გიჟივით
იცინოდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები