ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაკაგელაშვილი
ჟანრი: პოეზია
2 ივლისი, 2020


გზა მონაზვნისა

უფლის გულისთვის დავთმე ყოველი,
სახესხვაობა ჩემი იერის,
საზრდელად მექცა თავშეკავება,
დამტევებელი ვარ მიწიერის.
შეუმჩნეველად ვცხოვრობ მიწაზე,
გადის დღეები ლოცვა-მარხვაში,
ზებუნებრივი ბრძოლით და ღვაწლით
წესიერების თვითდამარხვაში.
ნეტავ უზადოდ განლიო ეს გზა
მოკრძალებულო სულო მორჩილო,
მზერადაწმენდით ვხედავ მაცხოვარს,
ვცდილობ ფიქრებიც დავიმორჩილო.
ადამიანთა გრძნობიდან გავქრე,
შორს იყოს ჩემგან ბოროტის შური,
მხოლოდ ღვთის თვალში ვიპოვო მადლი,
ვიყო ღვთის მადლის დამტევი ჭური.
ჩემში ვნებების სრული დათრგუნვით
შევმონაზვნდი და ღმერთთან მივედი,
გულში ვატარებ ფარულ სიწმინდეს,
არ მინდა მქონდეს ნაკლი მცირედი.
“მარხვით სხეული გადადის სულში”,
ვიკლავ სულიერ შიმშილს და წყურვილს,
ჯვარცმულისაკენ მიმავალ გზაზე
ვსწავლობ განვუდგე ჩემს ნება-სურვილს.
მინდა სხეული შრომით მოვქანცო,
თქვენ არ იცით და ვარ წამებული,
ქრისტეს ცხოვრების მსგავსი ცხოვრებით
ვცხოვრობ და ფეხქვეშ ვარ დაგებული.
შეუმჩნეველი მონაზონი ვარ,
ცოდვა შემინდე, მამაო, ამბა,
ეს არის ჩემი განცდები ცრემლით,
გზა მონაზვნისა ასე ვთქვი ამბად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები