ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
19 მარტი, 2018


თავბრტყელაანთ მიხოს მეგობრები

თუ კვდები, აუცილებლად ნაცრისფერი შემოდგომის შებინდებისას უნდა მოკვდე. ცა რომ არყისფერია და წვიმს. თუ მოკვდები, აუცილებლად ასეთ მოწყენილ დღეს უნდა მოკვდე, ზაფხულის პაპანაქებაში ვის გაუგონია სიკვდილი, - ასე ფიქრობდა თავბრტყელაანთ მიხო, სოფლის ორღობეში რომ მიჰქონდა გასავათებული სხეული. მერე დაღლილი სახლში მივიდა, გულაღმა გაიშოტა პაპისეულ ტახტზე და ოცნებობდა:
ჰა, ახლა ვთქვათ, მიდიხარ და დაგეჯახა მანქანა. უბედური შემთხვევაა, გულს კი აჩუყებს, მაგრამ მაინც არ გამოდგება ეგეთი სიკვდილი.
კიდე ისა, თრომბია ყველაზე უსამართლო სიკვდილი ცხოვრებაში. აი, დგახარ კაცი და ჰოპ, ვეღარ დგახარ, გდიხარ დაბლა, პირიდან დუჟი გდის და ცალკე ოჯახს აქვს ელდა, ცალკე შენ ვერაფერი გაგიგია და მოგისწრია ისე გაფრინდები, ან ჩაფრინდები (ეს კიდევ ცალკე სადარდებელია). რომ კვდები არა?! კაცმა უნდა იგრძნო, თვალებში უნდა ჩახედო სიკვდილს და ასე კაცურად, წარბშეუხრელად უნდა გახვიდე სხეულიდან. შენი ვალი გაცნობიერებული და შესრულებული უნდა გქონდეს. კაცი დამნაშავესავით არ უნდა გაიპარო.
ვთქვათ და რამე მძიმე სენი შეგეყარა და კვდები უკვე მალე, ჰა და ჰა ერთ თვეში. მერე ხან რომ იციან ხოლმე ოჯახის წევრებმა დაუმალავენ, ვითომ და ეცოდებათ, არ გაიგოს, რომ კვდებაო, არა, კაცო, ეგრე როგორ შეიძლება? პირიქით, იქნება იმ კაცს რა აქვს სათქმელი და საქნელი?! იქნება, უნდა სუფთად ჩაცმული, გამოპეწკილი დახვდეს სიკვდილს.
რომ ვიცოდე, ვკვდები ერთ თვეში, რას ვიზამდი? ოო, რამდენ რამეს გავაკეთებდი და ვიტყოდი, ბიჭოოს. ჯერა წავიდოდი და მანიაანთ ზურიკოს შევურიგდებოდი. კი დამნაშავე იყო, მაგრამ კაცნი ვართ, ყველას გვეშლება ხანდახან. უნდა გავუგოთ ერთმანეთს, უნდა მივუტევოთ, რა იცი შენდაუნებურად ხვალ ვის აწყენინებ ისე, რომ არც გინდა და არც გიფიქრია მისთვის ავი. მერე....
მერე გაიხსენა კიდევ მიხომ რას იზამდა, ვის მოუბოდიშებდა, ვის მოეფერეობოდა, ვის ქონებას დაუტოვდა, ვის დაარიგებდა.
რომ მეცოდინება, ვკვდები, ავდგები და ჩემს ვენახში წავალ, რაღაცნაირად, კაცო, ვაზის ძირში სიკვდილი მინდა. წარმოიდგინე რა კარქი იქნება: დგახარ კაცი ჩამუხლული და ვაზს ეფერები, ეალერსები, ელაპარაკები. შემოდგომა კია და წვიმს კიდევაც, მაგრამ მერე რა, ხომ არ დალბები კაცი? დგახარ ამ ატალეხებულ მიწაზე და ჭაობისფერ სველ ფოთლებზე თითებს ათამაშებ და თან ელაპარაკები, მერე ისიც გპასუხობს და უცბად გული დაგჭვალავს. მომისწრო მაინც ამ ვერანამო და ჩაიმუხლები, ჩაეჭიდები ვაზს აქერცლილ ყავისფერ კანზე, თითქოს ქალისთვის მოგეხვიოს წელზე ხელი და მერე ქართულ მიწაზე რომ გადაემხობი...
არაა, კაცო, მაგას ვინ ამბობს? ქალაქშიც ქართული მიწა კია, მაგრამ ისეთი არაა, სოფელში ვაზის ძირში რომ იცის.
რა კარგი რამეა მაინც ეს ვაზი, ჰა? დაილოცოს მაგისი მომგონი. სადა, ბიჭო, შვილი სად მოგისმენს და გაგიგონებს ისე, როგორც ვაზი გიჯერებს. იქნება ვინმე ყეყეჩს უსულოც კი ჰგონია, ერთი ჩვეულებრივი ხეაო, თქვას ვინმემ, ყურძენს ისხამს ეგაა და ეგააო. არა, შვილო, არა! რაებს ბოდიალობ? ვაზიი, ეს შენი სამშობლოა თითქოს, შენი სისხლი დის მის ჯიშიან ლერწმებში, ესმის კიდეც, ფიქრობს კიდეცა და, თუ კარქათ მიაყურადებ, პასუხებსაც კი გაძლევს, აბაა?!
ცხონებულმა პაპაჩემმა მითხრა ერთხელ, მაშინ ჯერ სულ ბალღი ვიყავი, ასე, ჰა და ჰა, 8 წლისა თუ ვიქნებოდი:
- ვაზი შენი მეგობარია, ყველაზე ერთგული მეგობარი და კარგად მოუფრთხილდი, არ უღალატო, თორე ზურგს შეგაქცევსო.
ვააჰ, რა მეგობარი, რის მეგობარი, ბურთს ეს ვერ თამაშობს და ვერაფერს. ამ კაცმა სულ გაუტია ალბათ-მეთქი, - ვფიქრობდი იმ უტვინო თავით.
მერე სკოლაში ისტორიის სწავლა დავიწყეთ. წიგნი მიყიდა დედაჩემმა, საწყალმა, აცხონოს ღმერთმა მისი სული, კარგი ქალი იყო, შინდი წაეღო ქალაქს გასაყიდად და ისტორიის წიგნი ეყიდა. წითელი იყო, პრიალა ყდა ჰქონდა. გამიხარდა და რა გამიხარდა. გადავშალე, სულ ხმლიანი და თოფებიანი კაცები ხატია ამ წიგნში. სიხარულით აღარ ვიცი, რა ვქნა, ვხედავ, პაპაჩემი ვანო ვენახში ფუსფუსებს. პაპავ, ნახე, როგორი წიგნი მაქვს-მეთქი, გავექანე მისკენ.
-მაიტა, აბა, ერთი,- ოფლიანი შუბლი მაჯით მოიწმინდა და წიგნი გამომართვა.
გადახედა, გადაფურცლა, მოიჟამა კაცი რაღაცნაირად, შუბლზე ბაღის პირას გავლებულ რუსავით გაუარა ნაღველმა. უყურე ამ ნაძირლებსო თუ რაღაც ამგვარი თქვა და წიგნი ხელუკუღმა ისროლა და ისევ ვაზს მიუბრუნდა.
ჯერ გაოცება შემოიჭრა სხეულში, მერე გული ამიჩუყდა და თავს ძლივს ვძლიე, რომ ტირილი არ დამეწყო. მომიბრუნდა, საქმეს ისევ ანება თავი და ჩემს გვერდით ბალახზე დაჯდა:
-შვილო, ეს წიგნი არ ისწავლება! მოვა დრო და ისტორია თავის სათქმელს იტყვის. შენ კიდე თუ ისტორიის სწავლა გინდა, რა უნდა ქნა, იცი? აი, ამ ჩემს ვენახში პატარა ადგილს გამოგიყოფ და ეს იყოს შენი სამშობლო და ამ მიწაზე დაწერე შენი ისტორია.
ვერაფერი გავიგე, რა მითხრა ვანო პაპამ. მაგრამ ისეთი კაცი იყო, ტყუილს არასდროს იკადრებდა და უნდა დაგეჯერებინა. რომ ეთქვა: ეს მიწა ცაოო, მაინც უნდა გერწმუნა. მეც რაღაც დავუჯერე კია, მაგრამ ვერც ვერაფერი გავიგე.
მეორე დღეს სკოლიდან რომ მოვედი, მოდი მიხო ჩემთანო,- დამიძახა. პატარა ბაღი გაეკეთებინა და ეს შენიაო, მითხრა. ვაზის ნერგი მომცა, ახლა ეს შენ უნდა დარგოო და თუ ახარებ, ვნახოთო.
- ვაზმა კაცის ამორჩევა იცის. ორმა კაცმა რომ ერთნაირ მიწაზე ერთი ჯიშის ვაზი ჩარგოს და ერთნაირად მოუაროს, შეიძლება, ერთმა იხაროს და მეორემ - არა. იცი რატომ? იმიტომ, რომ ამ ერთს უყვარს ეს ვაზი და მეორეს მხოლოდ იმიტომ უნდა, ნაყოფი მომცესო. არა და ვაზი ეს შენი სამშობლოა, შენი კაცობის საზომია.
ჩავრგეთ მე და ვანო პაპამ ის ვაზი და რაღაცნაირად მართლა შემიყვარდა ეს დალოცვლილი. კაცნობის საზომია და არ გამიხმეს-მეთქი, არ შევრცხვე პაპასთან, ვფიქრობდი ჩემთვის და დღედაღამ ამ ვაზს დავტრიალებდი თავს.
იხარა, კაცო, იმ მადლიანმა. იხარა და ფოთლები გამოისხა. მერე აისვეტა, ასწია მოღერებული ყელი ზეცისკენ და ასე გამართული სულ ზევით და ზევით არ წავიდა? მთელი ჩემი ცხოვრება ჰა, ლამის ნახევარი საუკუნე გავტანე და ამ ვაზებს შევალიე.
არა, კაცო, არც ღვინის ასე უდიერად მოპყრობა შეიძლება! ეს ვერანები თურმე ქალაქს სპირტიან ღვინოს არ ყიდიან? რას ეუბნები, კაცო, ღმერთს, რა პირით მიდიხარ იმქვეყნად, ამ წმინდა სითხეს რომ აბინძურებ, როგორ შეიძლება კაცო. ვის გაუგია ესეთი რამე.
ვაზმა რა იცის იცი? ვაზმა კაცის ამოჩემება და შეყვარება მართლა იცის თურმე. ახლა უკვე ამ ხნისა რომ მოვიყარე, მივხვდი პაპაჩემის სიტყვებს, ბრძენი კაცი იყო ვანო, მეგობარიაო, რომ მეუბნებოდა, მართალი ყოფილა. ხან რომ არის და ბრაზი და ბოღმა გახრჩობს კაცს, ცუდად ხარ და ვერავისთვის გაგიმხელია, წავიდი კაცო, დაჯექი ვენახში და მოუყევი ერთი შენი დარდი, შენი სევდა გადაუშალე მზის გულზე. მოგისმენს, ისე გაიტვრინება, ისე გულდასმით მოგაყურადებს და მერე აშრიალდება, გითანაგრძნობს, დაგაიმედებს, დაგამშვიდებს. . .
მინდა ანდერძი დავუბარო შვილებს და ჯერ ვერ კი გამიმხელია. რომ მოვკვდები, ჩემს გულზე ვაზი დარგონ. ფესვებმა მინდა გულამდე ჩაატანოს, ხელი მომხვიოს გამოხრულ ძვლებზე, იქაც მინდა კაცო ვგრძნობდე სამშობლოს.
აი ეგეთ სიკვდილს რა სჯობია, ჰა, ღმერთო? როცა მომკლავ, შემოდგომის არყისფერ საღამოს მომკალი, ვაზის ძირში ატალახებულ მიწაზე გადამხობილი.... - ელაპარაკებოდა ღმერთს მამისეულ ტახტზე გადაშოტილი, ვენახიდან დაბრუნებული, შებუჟბუჟებული თავბრტყელაანთ მიხო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები