და რა ქალი?! ხელის გულით სატარები...
რა თვალები?! ელვის ცეცხლის დამჭერი...
ბოშა ქალი, ვარსკვლავების სადარები...
შეხედეს და... შეუკურთხეს გამჩენი...
მეზღვაურებს გამომწვევად გვერდს აუვლის,
ეტყვიან და... ისიც ეტყვის ურიგოს...
ხელგაშლილი გადუდგება მეზღვაური:
-მხოლოდ ერთხელ მაკოცეო, სულიკო!..
ეს პაწია, სიყვარულის დოსტაქარი,
განა დარდობს, თვალებს ცრემლით იოსებს?
მხიარული, ფეხშიშველი ბოშა ქალი
სტვენით მიდის პორტის სანაპიროზე...
ლამის სახლში შემომეჭრას თუთა,
ლამის თავზე გადამისვას ხელი. . .
დამიძახებს, თავლს ჩამიკრავს მუდამ
ხე მაღალი, ხე ზურმუხტის ფერი. . .
რა ჩურჩული ესმით ჩემთა ყურთა?
რა ჩურჩული?.. დამდაგველი, მწველი. . .
ლამის სახლში შემომეჭრას თუთა,
ლამის წელზე შემომხვიოს ხელი. . .
ფრთაგაშლილი მთები არი,
სხივგაშლილი სერებია...
არ ჩურჩულებს ლელიანი, -
გული შეუჯერებია...
აქ კორდია მობიბინე,
იქ მზიანი ტევრებია...
რად უსკდება გული ირემს?
გელა გადამტერებია...
თეთრი ნისლი ნისლებს ირევს -
ეს ხომ „ლურჯა ცხენებია“?
შვიდი ზეცა გადირბინეს,
არსად შეუსვენებიათ...
ამ მშვენიერ მინდორ-ველზე
რა ნაირი ფერებია?!
„ყაყაჩოსა სიწითლითა
ყანა დაუმშვენებია“...
ლურჯ მწვერვალებს
ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა...
და, როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ,
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...
მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა
და ფარავანს ტბასა ზედა ძრწოდა ქარი...
მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა
და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი...
თოვლის მთებით ჰკვირდებოდა უცხო მგზავრი, -
ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე?
მწყემსსა ჰკითხა: რომელია ქართლის გზაი?
მწყემსმა უთხრა: საქართველო არის ესე...
მიეძინა... ერთ წალკოტში მიეძინა
და ფშატებმა მზისგან მოუჩრდილესო;
ეს ვინ არი, გამოცხადდა მგზავრის წინა?
„ნუ გეშინინ!“- ეუბნება იესო...
გაეღვიძა... წუთით იგრძნო მშობლის სევდა,
მაგრამ რწმენა ავალებდა რაოდენს?
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...