ფორუმი


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ურაკპარაკის ფორუმი >> ხელოვნების სხვა დარგები >> გიორგი კორნაპელის პოეზია

1 2 3 4 5
ავტორი შეტყობინება

ბექა სამუკაშვილი
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 22 ივნისი, 2010 21:34:42
      გასახსენებლად

სიცოცხლე მინდა
შენ სიღრმეში დასასვენებლად,
შენი სიშორის და ლაჟვარდის
გასახსენებლად.
ღამეები რომ შენს ვარსკვლავებს
ლურჯად გაცრიან,
შენი ძახილი ჩამოჰყვება
ჩემთან მათ ციალს.

ბექა სამუკაშვილი
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 22 ივნისი, 2010 21:42:33
          ჩრდილი წეროთა
მთვარე მკრთალ ღრუბლებს
უხმოდ დაღერღავს
და სიშორეში დაწდება, დედა.

ისევ იმედი მომეძალება,
სიცოცხლითა ცის ციალებით.

ღამეებიდან ჩრდილნი წეროთა
მოაწყდებიან ჩემს ფიქრებს მშფოთვარს.

ბექა სამუკაშვილი
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 23 ივნისი, 2010 17:15:41
  ბაგრატის ტაძრის უცნობ მხატვარს

დაესიზმრები გადაღლილ ტაძარს,
როცა ზამთარი მოაქვთ ლანქერებს,
პეპლები ნათელ ფრთებს მიაქნევენ.

მომელანდები ფრთიანი ლომით,
ზე აფრენილი ცის გასაღებად
და შეპყრობილი სამშობლოს ზეცა
ფართქალებს ისევ ტაძრის ბაღებთან.

დაესიზმრები გადაღლილ ტაძრს.

ბექა სამუკაშვილი
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 26 ივნისი, 2010 12:45:58
ცისფერ ჭალებში ზეციური დარჩა რაღაცა,
ცისფერ ჭალებში შველი რას სტირის?
ცისფერ ჭალებში ზეციური დარჩა რაღაცა
და დაიბუდა ლურჯი ბარტყივით.

ტირილი მინდა და ტირილი არ შემიძლია,
ქვებზე ტალღები იმსხვრევიან, როგორც ჭიქები,
ცისფერ ჭალებში ზეციური დარჩა რაღაცა
და მოლზე გაქრა შველის ჩლიქები.

ბექა სამუკაშვილი
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 28 ივნისი, 2010 17:09:00
როცა ლომისფრად
შემოდგომა გაივლის მთებში.
მე იმერეთის
ღამეები მაშტერდებიან.
ფოთლის შრიალი
ჩამოშრება ტყის ფერდებიდან,
თან მიაქვთ ტყეებს
კივილი ძერის
და შემოდგომის შეშლილი ფერი

ბექა სამუკაშვილი
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 28 ივნისი, 2010 17:11:30
    შენი ხომლივით

მე დამებედა
შენს უდაბურ გზაზე ხეტება...
დადუმებულან მყინვარების
ლიბრი ვენები,
ღუბელთ სიმრუმეს უზრუნველად
ანათებს ხომლი.
როცა არ ძალმიძს
გაქროლება შენი ხომლივით,
მე აქ უსაზღვროდ
ვიტანჯვი ხოლმე.

რენუარი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 29 ივნისი, 2010 15:22:15
ჩრდილი წეროთა
მთვარე მკრთალ ღრუბლებს
უხმოდ დაღერღავს
და სიშორეში დაწდება, დედა.

ისევ იმედი მომეძალება,
სიცოცხლითა ცის ციალებით.

ღამეებიდან ჩრდილნი წეროთა
მოაწყდებიან ჩემს ფიქრებს მშფოთვარს.

დედაჩემის სახელიც კი– ვიპოვე...

ბექა სამუკაშვილი
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 30 ივნისი, 2010 22:41:50
                        I
შაშვის გალობა მთების კარებთან
შენს სიჩუმესთან მომეპარება.
მთებს რომ ალურჯებს
და ამ განთიადს -
პირველ სინათლის უსუსურს ფრთხიალს.

                        II
ღრუბლის ლანდები და დილის ძგერა,
გამალებული ქარებზე ძერა,
შენს სიჩუმეში ჩნდება მაღალი.
ცა ღრუბლებს იქით უფრო ღრმავდება,
წიწვები თითქოს მწვანე ღამეა,
მწვანე ღამეა დავიწყებისა
და გადაფრენა შენი ფრთებისა.

                      III
აქ ფირუზებში შესული ქარი
გაღვიძებული შენი ხმა არი.
მთაზე დამწყდარი ელვის ტოტები
და დაფიქრება მაღალ ზეცისა...
შენს სიჩუმესთან ჩამომეცრიცა.

ბექა სამუკაშვილი
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 30 ივლისი, 2010 11:09:33
როგორც ჩანს ამ ფორუმზე ნამდვილი პოეზია თითქმის არავის არ აინტერესებს და მხოლოდ ერთმანეთის ლექსების შეფასებით არიან დაკავებულნი. ძალიან სამწუხაროა ამ თემას მხოლოდ რამდენიმე ადამიანი რომ გამოეხმაურა, არადა გაცილებით მეტს მოველოდი. გირჩევთ უფრო მეტი წაიკითხოთ ამ პოეტის ლექსები, რადგან მისი დონის საქართველოში სულ რამდენიმეა. მოკლედ ეს თემა იხურება. სულ კარგად ბრძანდებოდეთ!!!

გიორგი არაბიძე
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 11 ოქტომბერი, 2010 18:13:56
სიცოცხლე მინდა
შენ სიღრმეში დასასვენებლად,
შენი სიშორის და ლაჟვარდის
გასახსენებლად.
ღამეები რომ შენს ვარსკვლავებს
ლურჯად გაცრიან,
შენი ძახილი ჩამოჰყვება
ჩემთან მათ ციალს.

ჰა, რავარია?
ამ კაცის წაკითხვა ერთი მისვლით არ შეიძლება.
უნდა ამოირჩიო ნებისმიერი ლექსი, წაიკითხო და მერე ერთი საათი დატკბე. სხვაზე თუ გადახვედი მაშინვე, სიამოვნებას ვერ მიიღებ.
ჰოდა გირჩევთ ჩაუღრმავდეთ, ძალიან მაგარია.

გიორგი არაბიძე
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 19 აგვისტო, 2012 19:17:59
# # # (გიორგი კორნაპელის ხსოვნას!!!)

                            იშრიალებენ მწვანე ხეები,
                            არ მომკვდარიყოს, თითქოს, არავინ...

                                                          გიორგი კორნაპელი





იქ იდგა დრო და
მიდიოდნენ მხოლოდ დღეები,
დიადი დარდი ისევ შერჩა გაყინულ კერას.
სადაც ხეები შრიალებენ მეფეებივით,
იქ გადატეხილ ირისებსაც არხევდა ქარი,
როგორც პოეტებს
აყვავებულ სახრჩობელაზე...
მერე სიცოცხლეც იყო, მაგრამ სიკვდილის მერე.
დარჩა სოფელი, როგორც ცაში ვერდის ოპერა,
შემთბარ ხნულში რომ ჩაეკარგა მთავარი გმირი.

გიორგი არაბიძე
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 19 აგვისტო, 2012 19:56:29



გვარად კაპანაძე იყო, კორნაპელი მოგვიანებით დაირქვა. მის სოფელში არის ერთი სერი, კორნაპას სერს ეძახიან. ხანდახან ამბობდა, ბიბლიაში არის კორნაპა მოხსენიებულიო. ამ სერზე მან და მისმა თანასოფლელებმა რკინის დიდი ჯვარი აღმართეს. სამუშაოს რომ მორჩნენ, სასწაული იხილეს: დასავლეთისკენ ცაზე, დაისის ბინდბუნდში უზარმაზარი ოქროსფერი ჯვარი აციმციმდა და თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში არ გამქრალა. ეს ციდან იდუმალ დასტურად მიიღო და კორნაპელიც ამის გამო დაირქვა.

გიორგი კაპანაძე დაიბადა ზესტაფონის რაიონის სოფელ პირველ სვირში 1931 წლის 23 ნოემბერს, გიორგობას.

წიგნების გამოცემა სამოციანი წლების შუა ხნიდან დაიწყო. მწერალთა კავშირშიც მიიღეს და ერთ რიგით, არაფრით გამორჩეულ პოეტად თვლიდნენ. მისდამი ამგვარი დამოკიდებულება ჩვენი ლიტერატურის წამყვან ძალებს დღესაც არ შეუცვლიათ. მხოლოდ ერთეულები თვლიან, რომ იგი სხვა იყო - არა ყველას მსგავსი. ამ ერთეულ ლიტერატორთა მოკრძალებული ხმა ნაკლებად ისმოდა ლიტერატურული ცხოვრების ალიაქოთში, იმ გაცხარებულ მარათონში, სადაც საკუთარი ადგილის განაღდება, საკუთარი ლიტერატურული იმიჯის შექმნა იყო უმთავრესი საზრუნავი ყველასათვის. გიორგი კორნაპელი კი განზე იდგა, თავის სულიერ ძიებებში დანთქმული, სხვა სამყაროზე მოფიქრალი. ერთ ლექსში ამბობს: "თითქმის სხვებს დარჩათ ამ ცხოვრების სწრაფი ფუსფუსი, მე კი მეძინა ცის ლანდებში, სიზმრის ქარებში".

მამა, სპირიდონ კაპანაძე, უბრალო გლეხი კაცი იყო. დედა, ეკატერინე ბერაძე, ოჯახის დიასახლისი, უაღრესად სათნო და გასაოცარი ადამიანური თვისებებით შემკული ქალი ყოფილა. პოეტის ლექსებში დედის ხატება სტრიქონიდან სტრიქონში გაიელვებს ხოლმე.

პოეტის მომცრო კრებულების ქრონოლოგია ასეთია: "ლურჯი სათიბი" 1966 წ. "გაზაფხულის ზარები" 1970 წ. "ზღვის ტაძარი" 1974 წ. "ჟამი სინათლისა" 1976 . "მარადიული პაემანი" 1979 წ. "გადაფრენა" 1981 წ. "თოვლი - ჩემი ორეული" 1985 წ. "სხვა არაფერი სინათლის გარდა" 1987 წ. "ნარცისი" 1989 წ. პოეტის ყველა ლექსი და პოემა გაერთიანდა კრებულში "ფენიქსი", რომელიც გიორგიმ გაჭირვებით გამოსცა 1995 წელს.

70-იან წლებში გიორგი კაპანაძე ამთავრებს მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტს მოსკოვში, სადაც მის პოეტურ შესაძლებლობებზე ყურადღებას ამახვილებს პროფესორი ანისიმ კრონგაუზი, წერს კიდეც წერილს და ჭვრეტს მასში მომავალ დიდ პოეტს. გიორგის ამ ინსტიტუტშივე სთხოვენ დარჩენას, მაგრამ არ რჩება, ბრუნდება მშობლიურ იმერეთში და აგრძელებს მუშაობას პოეზიაში. ყოველთვის განრიდებული იყო აქტიური ლიტერატურული პროცესებისაგან და მრავალთაგან განსხვავებით არჩევდა განმარტოებას თავის სოფელში, უაღრესად უბრალო, გლეხურ ყოფაში, საკუთარი შინაგანი ქრისტიანულ-რელიგიური ცხოვრებით.

მძიმე სენით დაავადებული პოეტი გარდაიცვალა 1997 წლის 7 აპრილს, ხარება დღეს. დაკრძალეს კორნაპას სერზე, თავისი ხელით აღმართული ჯვრის ძირას.



1 2 3 4 5

ურაკპარაკის ფორუმი >> ხელოვნების სხვა დარგები >> გიორგი კორნაპელის პოეზია


ამჟამად ფორუმზე იმყოფება 0 სტუმარი და 0 წევრი