ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
24 აპრილი, 2020


* * * (გაურკვეველი პათოსია)

გაურკვეველი პათოსია. უაზრო სპლინი
ბორგავს სივრცეში. სახელები არაფერს ქვია.
შენ გულიანად აღარ ტირი. ვეღარ იცინი.
ხვეტავ ამ ფოთლებს და საფლავებს მიწიანს, ქვიანს
სადაც ნაცნობი აურაა. სასმლიან ჭიქის
გახსენებაა. შუაღამის. საზიზღრად მთვრალის,
მეასე თვალი გადავლილი ქარისკენ მიქრის,
შენ გეშინია აღარაფრის. მეასე თვალის
მიდევნებაა. გადაჭრილი ვენაა ესეც.
რა დააზუსტებს ასეთ წვიმას. ასეთ აურას.
წერ სინამდვილეს. უნიათოდ განსაზღვრულ წესებს
მილიგრამ მორფით. ალკოჰოლზე გავესაუბრო

მინდება. რახან იოლია, აღარაფერი
მოხდეს და კარგად როცა ვიყოთ, ცუდზე ვიფიქროთ.
ძმას ახსენდება, შარშანწინ რომ მაგრად ვაფრენდით,
ერთი მოყვება, კაცი მოკლეს წიხლით იქით რომ.
ძველი მუსიკაც მოხუც ატმის მტვირთველზე ყვება.
მგონი დრო არის, დონ კიხოტი გადაიკითხოს

კაცმა. და დიდი მოსახდენის ნაპერწკლები ვართ.
როცა მთვარეა, დორო უყრის თავს ფიცხელ კოცონს.
თანამოძმენი ხმელი ლერწმის ტოტით წვდებიან,
მას, რაც კი დოროს, უანდოროს და ყველას მოსწონს.
ხელის გულებზე ტალახია. წვიმა გარეცხავს.
სუფთა ხელებში ავიყვანო თავი მინდა რომ.
უდროო ნისლი არყით სავსე ჭიქაში ძვრება.
ან ახლა რად ღირს
შენი თვალების რომანი რომ გადავიკითხო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები