ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: განთიადელი
ჟანრი: პოეზია
2 ოქტომბერი, 2020


რექვიემი

საბრალო ლეკვო,
გამოხრულ ტყავად  რომ დარჩენილხარ.
ნეტავ ჭიებმა მოითავეს შენი სხეული,
თუ მშიერმა მოძმემ მიირთვა?
(არა მხოლოდ კაცს შეუძლია
მოძმეთ გვამებზე მაძღრისად დგომა.)
ალბათ, არავის, დაუპოსტავს შენს შესახებ
და დახმარება არ უთხოვია.
ქალაქში გაჩნდი, თუ  "ჰუმანურმა' გლეხმა  ჩამოგსვა?
(ჰუმანურმა - რადგან ღელეში არ ჩაგიძახა პირმოკრულ ტომრით)
კიდევ ერთი უპირობო სიყვარული  ფუჭად განიბნა.

საბრალო ლეკვო,
ჩვენც გვემართება ასეთი რამ, ადამიანებს.
ჩვენშიაც ხშირად უბედობა წრეზე ტრიალებს.
ჩვენშიც ჩნდებიან ისეთები,
ვის დაბადებას გულისთრთოლით არავინ ელის,
ჯერ კიდევ მუცლად მყოფის ფოტოებს
აღფრთოვანებით არ დასცქერიან.
მისი ღიმილი, გაზმორება, პირველი ბგერა,
დღესასწაულად  არ აღიქმება.
თუ ეყვარებათ  - მომხმარებლურად.
მას, ფუთასავით გადახვეულს, ყიფლიბანდზე ალკოჰოლის დასხმით დაბანგულს,
ლუკმის შოვნის  წყაროდ აქცევენ,
ხოლო წამოზრდილს, ჭუჭყიანი ჩვრებით შემოსილს
და მიღებული მორალისგან  გაუცხოებულს
ბრენდულ სამოსში გახვეული დეიდები
ამრეზილად გადახედავენ
და შორიდან მოატარებენ
გაფუფუნებულ თავიანთ შვილებს.
ვერც მის შესახებ გაიგებს ვინმე,
ავად თუ გახდა
და თუ გადარჩა
და თუ სიბერეს მიაღწია
სრატისტიკის ერთ ციფრსაც კი ვერ შეატოკებს.

საბრალო ლეკვო,
ჩვენც გვემართება ასეთი რამ,
ადამიანებს.
არც ჩვენ გვკითხავენ მოვიდეთ თუ საწყისს ვეფაროთ,
არც ჩვენ გვკითხავენ,
თორემ, იქნებ ვიცოდეთ კიდეც,
რომ "მოსვლაში არა ყრია რა."

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები