ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
7 აპრილი, 2009


''ცრემლი სამყაროს თვალზე'' /ელა გოჩიაშვილი/

ის წელს ორმოცდაათისა ხდება./თარიღი ზუსტად არ ვიცი/
ელა გოჩიაშვილი ჩემი თაობის გამორჩეული სახელია.სულით ხორცამდე პოეტი!
ინტერნეტით  ვერ სარგებლობს.
ახალგაზრდა ავტორებს არცთუ იშვიათად  მივუთითებ ხოლმე,რომ ყურადღება მიაქციონ ლექსში რიტმულ-ინტონაციურ დინებას.ელას  ნაწარმოებები, ამ მხრივ ,განსაკუთრებით საყურადღებოა.დასკვნითი წინადადება ლექსისა  ,ინტონაციურად პირველი სტრიქონიდანვე მზადდება.
დაუკვირდით,ყოფითი  ლექსიკის როგორი სისადავით,ზომიერად შერეული კახური დიალექტით, წრფელი სასაუბრო მეტყველებისა და  საგაზეთო-მოხსენებითი სტილისთვის დამახასიათებელი კლიშეების  როგორი კომბინაციებით გამოხატავს სათქმელს. როგორ ქმნის ''არაფრისგან'' მეტაფორებს,როგორ  უცნაურ ფორმაში გადაჰყავს  ზმნები ისე,როგორც ამ სახეში:''დროდადრო სული ერწყობოდა შვების ლექსებად''.
როგორ ანგრევს  თუნდაც სიტყვა ''სულთან'' დაკავშირებული პოეზიზმის კლიშეებს.
      /უნდა ვაღიარო,რომ პირადად მე ,ამ ლექსის ავტორი რომ ვყოფილიყავი,არავითარ შემთხვევაში არ გამოვიყენებდი ასეთ ტრივიალურ სათაურს.მთლიანად გადარეცხილ მეტაფორას/.

ელა გოჩიაშვილი

ცრემლი სამყაროს თვალზე

ბორენა ჯაჭვლიანს

ის მეტისმეტად ქალი იყო
და შეეხეტა სიყვარულში.
აბა,ვინ იტყვის,
რომ ეს დიდი შეცდომა იყო,ან გზის აბნევა.
ის,უბრალოდ,ცაში ჩავარდა
და მიწაზე ჩამობობღება აღარ შეეძლო.
ქალი იყო და თავის ჯვარს შეუდგა მხრები,
ქალი იყო
და თავისი ქვეყანა ნახა.
ჰგავდა წვიმას,
მართალია ,საკუთარი თავით დაღლილს
და ფანჯარაზე თავმიდებულს,
მაგრამ მაინც ხომ წვიმას ჰგავდა,
და ქოლგები გაშალეს ირგვლივ...
ტიროდა მთვარისათვის.
არც საყვედური,არც სხვა - წუწუნი,
დროდადრო სული ერწყობოდა შვების ლექსებად.
მერე თვლემდა,
ძალას იკრებდა,
სანამ ტკივილი ისევ დაკბენდა,წამოაგდებდა
და ქვასავით მძიმე კალამს მისცემდა ხელში.
ვამბობდი ხოლმე:
ტკივილებს შორის დაამებავ,ტკბილო,ნეტარო,
მაგ ქალს ცოტა ხნით გაუხანგრძლივდი,
რომ არ მობეზრდეთ მშვენიერ თვალებს
ასე დიდხანს,
ასე ნამდვილად,
ასე ხშირად და ბუნებრივად
ტირილი მთვარის მიმართულებით,
და არასოდეს გამოილიოს სამყაროს ღაწვზე
ცრემლი - ჰიმნი სიყვარულისა...
არა,არა,
რა შეცდომა,
რა გზის აბნევა,
ის ქალი იყო და,უბრალოდ, სიყვარულში შეეხეტა.
იქ კი,როგორც მოგეხსენებათ,
სინათლეები არ არსებობს,
ხელისცეცებით უნდა იარო,
ბედნიერება კი არ არის,სიყვარულია -
- საწუხარი და სამგლოვიარო.
. . . . . . . . . . . . . . . . . .. . . . . . . .
ხანგრძლივი,მძიმე სიყვარულის შემდეგ გარდაიცვალა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები