ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
14 დეკემბერი, 2010


ქართული ქურდული ჟარგონი

ადვოკატი კახაბერ როდინაძე

ქართული ქურდული ჟარგონი
(ჩარლზ დარვინის ევოლუციური თეორიის ლინგვისტური დადასტურება)
   
    ქართული ქურდული ჟარგონის ანალიზი, უპირველეს ყოვლისა, იმ ადამიანების  შესწავლით უნდა იწყებოდეს, რომლებიც ამ ენით სარგებლობენ. ქურდული სამყარო, – პროფესიონალი ქურდების, ყაჩაღების, ჯიბგირების, თაღლითების სამყარო, –დეკლასირებული ელემენტების სამყაროა. ისტორიულად,დეკლასირებული ელემენტების რაოდენობის  მასობრივი ზრდა ფეოდალიზმის რღვევის შედეგია, როდესაც ბატონ – ყმობის გაუქმების შემდეგ უმიწო და მცირემიწიანი გლეხობა მასობრივად მოაწყდა ქალაქს. გაღატაკებული გლეხობა პროლეტარიატის რიგებს ავსებდა. სწრაფად მზარდ ქალაქებში განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობები შეიქმნა ოფიციალურ საზოგადოებასთან დაპირისპირებული, საერთო ინტერესებით შეკრული დანაშაულებრივი ჯგუფების ორგანიზებისათვის. კასტურად დახურულ დანაშაულებრივ ჯგუფებში იქმნებოდა პირობები საკუთარი იდეოლოგიისა და საკუთარი მეტყველების ჩამოყალიბებისათვის. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ თუ ერთმანეთს შევადარებთ ქართულ ქურდულ ჟარგონსა და სხვა ხალხების ქურდულ ჟარგონებს, მაშინ დავინახავთ, თუ ერთი და იგივე სოციალური პირობების ზეგავლენით როგორ შეიძლება ჩამოყალიბდეს აზროვნების ერთი და იგივე ტიპი, ერთი და იგივე სტერეოტიპური დამოკიდებულება სამყაროსადმი, ერთი და იგივე წარმოდგენები, ერთი და იგივე იდეოლოგია.მაგალითად, ქართილ, რუსულ და ინგლისურ ენებში ქურდისათვის ისეთ ძირითად ცნებას, როგორიცაა “ციხე”, საფუძვლად უდევს ერთი და იგივე წარმოდგენა:
ქართულ ქურდულ ჟარგონში: “უნივერსიტეტი”.
რუსულ ქურდულ ჟარგონში: “академия”, “университет”.
ინგლისურ ქურდულ ჟარგონში: “accademy”, “college”, “big school”.
სიტყვა “დანაშაული”:
ქართულ ქურდულ ჟარგონში: “საქმე”.
რუსულ ქურდულ ჟარგონში: “дело”.
ინგლისურ ქურდულ ჟარგონში: “job”.
სიტყვა “დაპატიმრება”:
ქართულ ქურდულ ჟარგონში: “დამწვარი”.
რუსულ ქურდულ ჟარგონში: “погореть”, “пожар”.
ინგლისურ ქურდულ ჟარგონში:“heat”.
        ის განსაკუთრებული პირობები, რომლებშიც ქურდი იმყოფება, მტრული დამოკიდებულება ოფიციალური საზოგადოებისადმი, ქურდობის პროცესში პიროვნული თვისებებისა და გარეშე ფაქტორების დიდი როლი, ციხის კამერაში ნივთების საერთო – კოლექტიური სარგებლობა ქმნის სიტუაციას, რომელიც ქურდის აზროვნებასა და მეტყველებაში პირველყოფილი ადამიანისთვის დამახასიათებელი თვისებების აღორძინებას იწვევს. პირველყოფილი ადამიანისათვის დამახასიათებელი კონსერვატიზმი დამახასიათებელია ქურდისთვისაც. ქურდული ტრადიცია დოგმატური და დესპოტურია. ქურდის ქცევა შეზღუდულია უამრავი ქურდული წესითა და ნორმით. ქურდული სამყაროს გავლენა ყოველ ცალკეულ პიროვნებაზე დამთრგუნველია.
  ქურდული აზროვნების ძირითადი განსხვავება ჩვეულებრივი ადამიანურისაგან მდგომარეობს სამყაროსადმი პირველყოფილი მაგიური დამოკიდებულების ელემენტების აღორძინებაში. მართლაც, ქურდის პროფესია სავსეა რისკითა და შემთხვევითობებით. ისევე, როგორც პირველყოფილი ადამიანი. ქურდი თავის წარმატებას მხოლოდ შემთხვევითობასა და საკუთარ პირად თვისებებს არ მიაწერს. ცრურწმენა, როგორც პირველყოფილი მაგიური ცნობიერების გადმონაშთი, ქურდულ სამყაროში ახალი ძალით ვითარდება. ქურდებს შორის ფართოდ არის გავრცელებული რწმენა სიზმრებში, ნიშნებში, მკითხაობაში. ძალიან პოპულარულია ბანქოზე მკითხაობა. ქურდულ სამყაროში ბანქოს თამაში თავისებურო პრიმიტიული კულტის ნიშნებს ატარებს. ხშირად ბანქოს კარგი მოთამაშე ისეთივე დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, როგორც გამოცდილი ქურდი.
ქურდული პირველყოფილი მაგიური ცნობიერების ერთ – ერთი გამოვლინებაა ის როლი, რასაც ქურდი სიტყვას ანიჭებს. სიტყვის კომუნიკაციურ ფუნქციას, როგორც ადამიანებს შორის ორმხრივი კავშირის დამყარების საშუალებას, ქურდულ ცნობიერებაში მინიმალური ადგილი უჭირავს. ქურდული სიტყვის მიერ დამყარებული კავშირი ყოველთვის ცალმხრივია, ეს ან სიგნალია, ან იძულება. ქურდული სიტყვა, ქურდული “წარმოების ” იარაღია. ყველაზე უფრო ნათლად ეს ქურდულ სიგნალებში სჩანს:
“შმონი” – ჩხრეკა.
“ჩამშვები” – პოლიციის ინფორმატორი.
“ნასედკა”– პოლიციის ინფორმატორი.
“ხიპიში” –  ჩხუბი, აყალმაყალი.
“შუხური” – ჩხუბი,აყალმაყალი .
    ქურდული სიტყვა – სიგნალი თავისი ფუნქციით ძალიან ჰგავს სპორტულ ტერმინებს. მაგალითად, ფეხბურთში ან ტენისში მოკლე წამოძახილი – სპორტული ტერმინი საშუალებას იძლევა წარმოვიდგინოთ ძალიან რთული და ამავე დროს სტერეოტიპური სიტუაციები. ერთდროულად იგივე წამოძახილი – სპორტული ტერმინი არის სიგნალი – ბრძანება გარკვეული მოქმედებისაკენ. იგივე სიტუაცია გვაქვს ქურდულ სამყაროშიც. ერთი და იგივე სტერეოტიპური სიტუაციები და ამ სიტუაციებში ქურდების ერთი და იგივე სტერეოტიპური ქცევები განაპირობებენ ძირითადად სასიგნალო მეტყველების განვითარებას. სიგნალის ასეთი ფართო გავრცელება ქურდულ სამყაროში შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ კოლექტიური ნორმების პირობებში. ყოველი ცალკეული პიროვნების ინდივიდუალურობა საერთო ქურდულ ჯოგში მთლიანად ითრგუნება.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ქურდული ცნობიერების ღრმა რწმენა სიტყვის მაგიურ ძალაში. სიტყვა ქურდისთვის არა მარტო “წარმოების იარაღია”, არა მარტო სიგნალი ან ბრძანებაა, არამედ შელოცვაც. მართალია, შელოცვის არსებობა თავისი კლასიკური სახით ქურდულ სამყაროში არ არსებობს, ამისთვის ქურდული სამყარო ზედმეტად ინტეგრირებულია თანამედროვე საზოგადოებაში, მაგრამ უსულო საგნებზე სიტყვით ზემოქმედების შესაძლებლობის რწმენას მაინც მტკიცედ აქვს გადგმული ფესვები. უპირველეს ყოვლისა, ამაზე მეტყველებს ქურდულ სამყაროში ფართოდ გავრცელებული ფანტასტიკურად ჰიპერტროფირებული გინება. ქურდულ მეტყველებაში პრაქტიკულად ყოველი მეორე ან მესამე სიტყვა – გინებაა, ძირითადად სექსუალურად ორიენტირებული. ხშირად ეს გინება უსულო საგნებისკენაა მიმართული (განსაკუთრებით მუშაობის დროს). ყოველივე ზემოთქული ნათლად ადასტურებს ქურდულ ცნობიერებაში პირველყოფილი მაგიური წარმოდგენების გადმონაშთების არსებობას.
არ შეიძლება არ აღინიშნოს მსოფლიოში ერთადერთი, მხოლოდ ქართული ქურდული ჟარგონისათვის დამახასიათებელი მოვლენა. თუ სხვაგან, მათ შორის რუსულ და ინგლისურ ქურდულ ჟარგონებში, აგინებენ სხვის დედიკოს, ქართული ქურდული ჟარგონი XX საუკუნის 70 – იანი წლებიდან დაწყებული სულ სხვა მიმართულებით წავიდა და, სხვის დედიკოსთან ერთად, აქტიურად დაიწყო საკუთარი მშობელი დედიკოს სექსუალურად ორიენტირებული გინაბა. არაფერს არ ივიწყებს. არაფერს არ გამოტოვებს. გავაანალიზოთ ქართულ ქურდულ ჟარგონში საკუთარი  დედიკოს შეგინების ერთ – ერთი ფართოდ გავრცელებული ფორმა. ამ გინების განსაკუთრებული ცინიზმი არ გვაძლევს მისი პირდაპირი ციტირების საშუალებას, ამიტომ, მოდით, ცოტათი შევცვალოთ:
“საკუთარი დედიკოს მაგინებლის დედა მოვტ...”
ავიღოთ სიტყვს “მოვტ...”
სიტყვა “მოვტ...” გავარჩიოთ გრამატიკულად.
დავსვათ კითხვა: “რა ვქენი?”
“მოვტ...”
კილო თხრობითი, დრო წარსული, ასპექტი სრული, აქტი ნახული.
კიდევ ერთხელ ვიმეორებთ:
კილო თხრობითია, ლაპარაკია ფაქტზე, არავითარი კავშირებითი კილი, არავითარი პირობითობა. დრო წარსულია, ლაპარაკია წარსულში უკვე მომხდარ ფაქტზე. ასპექტი სრულია. აქტი ნახული.
კიდევ ერთხელ:
კილო თხრობითი, დრო წარსული, ასპექტი სრული, აქტი ნახული.
სასაცილოა...
რა ხდება? ჯერ კიდევ არც თუ ისე დიდი ხნის უკან დედაზე შეგინება სასიკვდილო შეურაცყოფად აღიქმებოდა, რომელიც, ქურდული წარმოდგენებით, მხოლოდ სისხლით თუ ჩამოირეცხებოდა. ხშირად დაპირისპირება მოწინააღდეგის სიკვდილითაც მთავრდებოდა.
დღეს კი სხვის დედიკოს კი არა, საკუთარს აგინებენ. როგორც ჩანს, უფრო უსაფრთხოა. ქომაგიც არ გამოუჩნდება. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რომ ბოლო წლებში ქართული ქურდული ჟარგონო საკუთარი დედიკოს გინებიდან საკუთარი დის გინებაზე გადადის. აქაც, როგორც უოველთვის, უახლესი მოდის კანონმდებლად საქართველოს დედაქალაქის – თბილისის კრიმინალური საძმოები გამოდიან.
როგორც ვხედავთ, ქართული ქურდული ჟარგონის დეგრადაციას საზღვარი არა აქვს. საინტერესოა, საკუთარი დის შემდეგ რიგში ვის ჩააყენებენ?
ქურდული ჟარგონის დამახასიათებელი ნიშანია მეტყველების კონკრეტულობა, რაც, ერთი მხრივ, გამოიხატება ცნებების უმაღლესი განმაზოგადებელი ერთეულების თითქმის სრულ არარსებობაში, ხოლო მეორე მხრივ, ცნებების ცალკეული კერძო შემთხვევების აღმნიშვნელი უამრავი სინონიმური სიტყვის არსებობაში.  მაგალითად, ფულის ცნება იყოფა უამრავლ კერძო შემთხვევებად:
“ხრეში” – ხურდა ფული ( ხრეშთან, მსხვილ ქვიშასთან, გარეგნული            მსგავსების გამო)
“ტრიოხმესტკა” – სამმანეთიანი
“პიტიმესტკა” – ხუთმანეთიანი
“დესიმესტკა” – ათმანეთიანი
“ლიმონი” – მილიონი
ქურდული ჟარგონისათვის დამახასიათებელი მიდრეკილება ცნებების უმაღლესი განმაზოგადებელი ერთეულების ცალკეულ კერძო შემთხვევებად დაშლისაკენ კარგად სჩანს შემდეგ მაგალითში. ავიღოთ სალიტერატურო ქართული სიტყვა “ეშხი”. სიტყვა “ეშხი” ნიშნავს სილამაზეს, სიტურფეს, მომხიბვლელობას. სალიტერატურო ქართულში სიტყვა “ეშხი” მრავლობითში არ გამოიყენება. სამაგიეროდ, ქართულ ქურდულ ჟარგონში  ის უკვე მრავლობითის ფორმით გვხვდება. რატომ?
ადამიანის გარეგნულ სილამაზეს, ცხადია, მრავალ კომპონენტთა ერთობლიობა განაპირობებს. “ეშხი” ამ კომპონენტთა ერთობლიობის ზემოქმედებით გამოწვეული მთლიანი შთაბეჭდილებაა. ჟარგონში კი ამ მთლიანი შთაბეჭდილების დანაწევრება ხდება პატარ – პატარა “ეშხებად”, რომლებიც თითქოს ცალ – ცალკე ახდენენ ესთეტიკურ ზემოქმედებას სილამაზის აღმქმელზე.
განსაკუთრებით მრავალრიცხოვანია ქურდებისა და ქურდობის ცნების  აღმნიშვნელი სიტყვები:
“რამკიანი (ქურდი)” – კანონიერი ქურდი, ქურდი, რომელიც მკაცრ ქურდულ კანონებს ემორჩილება, ანუ მკაცრი ქურდული კანონების ჩარჩოში (“რამკაში”)  ზის (არ უნდა ჰქონოდა პასპორტი,  ოჯახი, სამსახური, არ უნდა ემსახურა ჯარში და ა. შ.).
“განაბი” – ქურდი (ებრაული(იდიში)“განავ” – იდან).
“გიმელი” – ქურდი.
“გადაღუნვა” – სხვისი კუთვნილის უკანონოდ მითვისება.
“ჭმევა” – მოტყუება,თაღლითურად რაღაცის მითვისება.
“მჭმეველი” – ვინც მოატყუა, თაღლითურად რაღაცა მიითვისა.
“აცოცება” – მოპარვა.
“აწევა” – მოპარვა.
“აქაჩვა” – მოპარვა.
  განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსის დათვლის კონკრეტულობა. განყენებული რიცხვითი სახელები (ერთი, ორი, სამი და ა. შ. )  ქურდულ ჟარგონში არ არსებობს. მაგალითად:
“მრავლობითში სხედან” – ბევრნი არიან.
ქურდული ჟარგონი აღნიშნავს არა მარტო რაიმე მოვლენას, არამედ დამოკიდებულებას ამ მოვლენისადმი. ქურდი ცდილობს თავისი მეტყველება კონკრეტული გახადოს. სიტყვა თითქოს განუყოფელია იმისგან, რასაც აღნიშნავს და ერთდროულად მჭიდროდ არის დაკავშირებული გრძნობად აღთქმასთან. ამაშია ქურდული მეტყველების ემოციურობისა და კონკრეტულობის საფუძველი. ასახელებს რა რაიმე ნივთსა და მოვლენას, ქურდი ცდილობს გამოხატოს, ერთი მხრივ, თავისი ემოციური დამოკიდებულება მისდამი, ხოლო მეორე მხრივ, ცდილობს მიღებული შთაბეჭდილება დაიყვანოს სხვა, მისთვის უფრო ნაცნობ და ახლობელ მოვლენებამდე.
ქურდული ჟარგონის აღწერილობითი ხასიათი მჭიდროთ არის დაკავშირებული მის ემოციურ მხარესთან. სხვათა შორის, ჩვეულებრივი, ადამიანური მეტყველებაც ხშირად იყენებს მოვლენის დახასიათების აღმნიშვნელ სიტყვას თვითონ ამ მოვლენის აღმნიშვნელი სიტყვის მაგივრად. ქურდული ჟარგონი ამ მეთოდით განსაკუთრებით ფართოდ სარგებლობს. მაგალითად:
“დურა” –პისტოლეტი, რევოლვერი (შემოსულია რუსული ჟარგონიდან).
“გაბოზებული(ბოზი) იარაღი” – იარაღი, რომლითაც კაცია მოკლული.
“სველი იარაღი” – იარაღი, რომლითაც კაცია მოკლული.
“დამწვარი იარაღი” – იარაღი, რომლითაც კაცია მოკლული.
“უატკაზო იარაღი” – ტექნიკურად გამართული იარაღი.
მიზნიანი იარაღი” – ტექნიკურად გამართული იარაღი.
ქურდული ჟარგონის ზემოაღწერილი აღწერილობითი ტიპის სიტყვების ანალიზი საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ქურდულ ჟარგონს აქვს მკვეთრად გამოხატული ტენდენცია გამოხატოს უფრო ზოგადი ცნება ნაკლებად ზოგადი ცნებით, უფრო აბსტრაქტული ცნება ნაკლებად აბსტრაქტული ცნებით. მაგალითად:
“აჭამა” – დაარტყა. საჭმელთან ეს მოქმედება იმიტომ არის ასოცირებული, რომ ამგვარი დარტყმა პირის არეში ხდება.
“ავარდა” – პროვოკაციაზე წამოეგო, გრძნობებს აჰყვა. სულიერი მოვლენა შედარებულია სწრაფ ფიზიკურ გადაადგილებასთან ქვემოდან ზემოთ. შედარების არსი იმაში მდგომარეობს, რომ მაღლა ატყორცნილი საგანი ან ადამიანი მოკლებულია საყრდენს და, ასე ვთქვათ, თავის თავს აღარ ეკუთვნის.
“აუხტა” – შეედავა, აუხირდა, წაეჩხუბა. მშვიდა ურთიერთობიდან კინკლაობაზე გადასვლა წამოხტომასთან არის ასოცირებული.
“ტეხავს” – უსიამოვნო გრძნობას იწვევს, განწყობილებას აფუჭებს.
“ასწორებს”  – სასიამოვნო გრძნობას იწვევს, კარგ გაწყობილებას ქმნის.
“პოზა უჭირავს” – ცდილობს, თავი მოგვაჩვენოს იმად, რასაც სინამდვილეში არ წარმოადგენს.
იგივე მოვლენასთან გვაქვს საქმე, როდესაც ქურდული ჟარგონი ცდილობს რთული მოვლენა ან საგანი დაასახელოს უფრო მარტივით და პრიმიტიულით. მაგალითად:
“პლეტი იყიდა”  – გაიქცა, მოკურცხლა (“პლეტი” ებრაულად ლტოლვილს ნიშნავს).
“ჯართი” – ძველი ავტომობილი.
“გადააგორა” – ძნელი საქმე გააკეთა (თითქოს მძიმე საგანი გორვოთ გადაიტანა ერთი ადგილიდან მეორეზე).
“დაქლიავდა” – გამოშტერდა, გაოგნდა.
“კრამიტებდაჩოჩებული” – შერეკილი, გაჟი, ჭკუასუსტი (შედარებულია ცუდად დახურულ სახლთან).
“მოკეტა” – გაჩუმდა.
“მოტყდა” –  გაიპარა, წავიდა.
“მოხეული” – დიდი ტანის ადამიანი.
ქურდული ჟარგონი ცდილობს ნებისმიერი აბსტრაქტული ცნების მატერიალიზებას და კონკრეტიზირებას, ცდილობა ყველაფერი ისე წარმოადგინოს, რომ შეიძლებიდეს მის დროებრივსა და სივრცობრივ განზომილებაში წარმოდგენა. მაგალითად:
“დააბა” – მოხიბლა, სასიყვარულო ურთიერთობაზე დაიყოლია.
“წააბა”  – მოხიბლა, სასიყვარულო ურთიერთობაზე დაიყოლია.
“წაება”  – მახეში გაება, ანკესს წამოეგო.
“დაასველა” – რაიმე მოვლენის აღნიშვნა ქეიფით.
“დააყუმბარა” – დალია (მაგარი სასმელი, რომელიც ყუმბარასთან არის შედარებული, “ფეთქებადი” ბუნების გამო).
“დაახეთქა” – თქვა (უმეტესად ტყუილი).
“დაბერა” – გაიქცა.
“დაქლიავდა” – გამოშტერდა, გაოგნდა.
“ერხევა” – ცუდად აქვს საქმე.
“ეტენება” – ახლო ურთიერთობას ცდილობს მასთან, ვისაც მისგან შორს უნდა თავი დაიჭიროს.
“ზედა აქვს” – გარანტირებული აქვს (თითქოს ზედ, ანუ საკუთარ სხეულთან ახლოს, ვთქვათ ჯიბეში აქვს), მაგალითად, “წარმატება ეგრევე ზედა აქვს”.
“იგრიალა” – დრო კარგად გაატარა.
“ირტყამს” – ქალი, რომელიც თავისუფალ სექსუალურ ცხოვრებას ეწევა.
“რამკების მტვრევა” – ქურდული კანონების დარღვევა.
“რეკა” –დაარტყა, ესრო
“ხიპიში ამიწია” –  ჩხუბი, აყალმაყალი (ჩხუბი ამიტეხა).
        “შუხური ამიწია” – ჩხუბი,აყალმაყალი (ჩხუბი ამიტეხა).
“რვიანებს ხაზავს” – მთვრალია და ბარბაცით მიდის.
“საქმე გასკდა” –დაფარული გამჟღავნდა.
“ტვინი(ჭკუა) ეკეტება” – ძალიან მოსწონს, მოწონებისაგან გონება უბნელდება.
“ტიხარის გაკეთება” – რაიმეს დალევა ან ჭამა შიგადაშიგ სხვა სასმელის ან საჭმელის დაყოლებით, ვთქვათ, არყის სმა ლუდის დაყოლებოთ.
“ტუზი დაეცა” – ბედმა გაუღიმა, გაუმართლა, თითქოს კარტს თამაშობდა და იმ დროს მოუვიდა ტუზი (უძლიერესი კარტი), როცა ძალიან სჭირდებოდა.
“უბერავს” – სვამს ალკოჰოლიან სასმელს.
“უბრახუნებს” – სვამს ალკოჰოლიან სასმელს.
“ურტყამს” – სვამს ალკოჰოლიან სასმელს.
“უსტვენს” – გიჟია, სულელია.
“ლეტნად” არის – გიჟია, სულელია.
“შეუბერა” – დიდი სისწრაფით გავარდა.
“ძილი გამოაცხო” – დაიძინა (ალბათ იგულისხმება, რომ დაძინება, ისევე როგორც ნამცხვარის გამოცხობა, ერთბაშად არ ხერხდება, დრო სჭირდება).
ძალიან საინტერესოა ქურდულ ცნობიერების წარმოდგენა ადამიანის სხეულის ნაწილების შესახებ. მაგალითად:
ადამიანის თავი: “გოგრა”, “სხვენი”, “სახურავი”.
ადამიანის თვალები: “ფარები”.
ადამიანის სახე: “როჟა”, “სიფათი”.
ადამიანის ხელები: “თათები”, “კლანჭები”.
        ბუნებრივია, რომ ასეთი “მექანიზირებული” ადამიანი კი არ წავიდა, არამედ “მოტყდ ”, კი არ ლაპარაკობს, არამედ “ახურებს”, კი არ უყვარდება ვინმე, არამედ “ახვევს”, კი არ ფიქრობს,არამედ “არტყმას”,  შეიძლება მისი “მარტივ მამრავლებად დაშლა” ანდა “ნაკერავზე გახეთქა”.
“მარტივ მამრავლებად დაშლა” – მათემატიკაში ნიშნავს რიცხვის დაშლას მარტივი რიცხვების ნამრავლად. ქურდულ ჟარგონში ნიშნავს ძალიან მაგრად ცემას, ისე მაგრად,რომ თითქოს ნაწილებად დაიშალა. ადამიანი წარმოდგენილია მექანიკურ თოჯინად, რომლის დაშლაც შეიძლება შემადგენელ დეტალებად.
“ნაკერავზე გახეთქა” – ნიშნავს სასტიკად ცემას. ნაკერავი ადამიანს, თუ ნაოპერაციები არ არის, რა თქმა უნდა, არა აქვს. ამ გამოთქმაში ლაპარაკია წარმოსახვით ნაკერავზე – თითქოს ადამიანი ისევე იყოს შეკერილი, როგორც თოჯინა.
საინტერესოა, რომ როცა ქურდული ჟარგონი ცდილობს ცოცხალი ადამიანი არაცოცხალ “მექანიზმად” წარმოგვიდგინოს, ცდილობს ადამიანის ქცევის მატერიალიზებას, ერთდროულადვე იგივე ქურდული ჟარგონი ზოგიერთ მატერიალურ საგანს გასულიერებულად (ანიმიზირებულად) წარმოგვიდგენს. ეს საგნები ცხოველების სახით წარმოგვიდგებიან. ქურდული ცნობიერება ახდენს არა მარტო უსულო საგნების, არამედ ადამიანების ანიმიზირებასაც. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რომ აქ, ისევე როგორც პირველყოფილი ადამიანის ცნობიერებაში, გვხვდება ერთი და იგივე ცხოველები: ტურა, მელა,მგელი, ვირი, ჯორი, ძაღლი, კურდღელი, ყვავი და ა. შ.  ესე იგი, იგავ – არაკების ტრადიციული გმირები ქცევის სტერეოტიპური ნორმებით. უეჭველია, რომ იგავ – არაკების ამ გმირების შესახებ სტერეოტიპურ შეხედულებებს მაშინ ჩაეყარა საფუძველი, როცა პირველყოფილი მონადირე ცდილობდა წინასწარ გამოეცნო ამ ცხოველების ქცევა ნადირობაზე და გაემართლებინა თავისი მოქმედება.
ასევე იქცევიან ქურდები, როცა “ნანადირებს” ჯგუფებად ყოფენ “ნადირობაზე” მათი ქცევის მიხედვით. მაგალითად:
“ჩიტი” – გულუბრყვილო, იოლად მოსატყუები ადამიანი (მახეში ჩიტივით იოლად გასაბმელი).
“ჯიხვი”– ჩამორჩენილი, ხალხში გამოუსვლელი, უგუნურად აგრესიული.
“პინგვინი” – გულუბრყვილო, იოლად მოსატყუები ადამიანი, ადვილად დასაჩაგრი ადამიანი.
იგივე სიტუაცია გვაქვს პოლიციელებთან დამოკიდებულებაში. მართალია, ქურდები არ ნადირობენ პოლიციელებზე, პირიქით, პოლიციელები ნადირობენ ქურდებზე, მაგრამ აქაც ქურდული ჟარგონი პოლიციელებს იგავ – არაკების ტრადიციული გმირი ცხოველების სახელით მოიხსენიებს. მაგალითად:
“ძაღლი” – პოლიციელი, საერთოდ, წესრიგის დამცველი (ძაღლი ხომ პატრონის კარ – მიდამოს იცავს).
დამახასიათებელია, რომ იქაც კი, სადაც ქურდული ჟარგონი ადამიანებს, მათი “ნადირობაზე” ქცევის მიხედვით ყოფს არა ცხოველური, არამედ რაიმე სხვა ნიშნის მიხედვით, იქაც კი ადამიანებს ისეთ სახელებს არქმევს, რომლებიჩ მათ ადამიანურ ღირსებას ლახავს, პრაქტიკულად ცხოველების დონეზე დაყავს. მაგალითად:
“რქიანი” – ჩამორჩენილი, ხალხში გამოუსვლელი, უგუნურად აგრესიული.
“ქაჯი” – ჩამორჩენილი, ხალხში გამოუსვლელი, უგუნურად აგრესიული.
“ქლიავი” – სულელი.
“ჯიგარი მასტი” – კარგი, გულიანი ადამიანი (პირდაპირი მნიშვნელობით “ჯიგარი ” საქონლის გულ – ღვიძლია).
“შკაფი” – დიდი ტანის ადამიანი.
“შუშაბანდებიანი” – სათვალეებიანი.
“ათვისებული” – ქალი, ვისთანაც სექსუალური ურთიერთობა ჰქონდათ.
“აუთვისებული”– ქალი, ვისთანაც სექსუალური ურთიერთობა არ ჰქონდათ.
“ცხრა ნომერი კალოში” – ჩამორჩენილი, სოფლელი.
“წამობრინჯული” – გაბღენძით მჯდარი ( ბრინჯი ხარშვისას მოცულობაში მატულობს).
  განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ქურდულ ჟარგონში ძალიან ფართოდ გავრცელებული მეტონიმიის განსაკუთრებული შემთხვევა, როცა ადამიანი აღინიშნება ადამიანის სხეულის ზოგიერთი იმ ნაწილების სახელებით, რომელთა ხსენება ნორმალურ ადამიანურ საზოგადოებაში არ არის მიღებული. ეს არის, ერთი მხრივ, ადამიანის სხეულის ის ნაწილი, რომელიც წელსა და ფეხებს შორის, ზურგის მხარეს, მდებარეობს, და  მეორე მხრივ კი ადამიანის სასქესო ორგანოები. ქალი აღინიშნება ქალის სასქესო ორგანოს, მამაკაცი კი მამაკაცის სასქესო ორგანოს სახელით. თუმცა არის გამონაკლისებიც, როცა ქალს მამაკაცის სასქესო ორგანოს, ხოლო მამაკაცს ქალის სასქესო ორგანოს სახელით აღნიშნავენ. მაგალითები? მაგალითები არ მომყავს. ვისაც მაგალითები აინტერესებს, შეჩერდეს რამდენიმე წუთით საქართველოს თითქმის ნებისმიერ დასახლებულ პუნქტში არსებულ უსაქმურების ე.წ. “ბირჟა” –  ზე, სადაც დილიდან საღამომდე მდგომი უსაქმურები საკუთარ სახელებს ერთმანეთს ეძახიან.
ქურდული ჟარგონისათვის დამახასიათებელია  ტენდენცია მონოსილაბიზმისაკენ, მოვლენა, რომელიც ასევე დამახასიათებელი იყო პირველყოფილი ადამიანის მეტყველებისათვის. მაგალითად:
“პუსტა – პუსტა” – პოლიციის რიგითი თანამშრომელი, რომელსაც ჯერ წოდება არ მიუღია და სამხრეებზე რაიმე განმასხვავებელი ნიშანი არა აქვს (რუსული“пусто” - ცარიელი).
  “ჰოპ – სტოპ” – ქუჩაში ვინმეს გაჩერება გაძარცვის მიზნით (შემოსულია რუსული ქურდული ჟარგონიდან).
“დაგადუგი” –ჩხუბი.
“შოკო ” – შოკოლადი.
“კონო” – კონიაკი.
ქურდული ჟარგონი სინთეზურია. ცალკეული სიტყვის მნიშვნელობა განისაზღვრება მისი ადგილით წინადადებაში.  თუ ჩვეულებრივ ადამიანურ მეტყველებაში წინადადების ელემენტერული, უმცირესი ნაწილაკი სიტყვაა, მაშინ ქურდულ ჟარგონში ასეთი ელემენტერული  ნაწილაკი, როგორც წესი, იდიომატური გამონათქვამია – გამზადებული შტამპი რამდენიმე სიტყვისგან, რომელთაგან თითოეულს რაიმე დამოუკიდებელი მნიშვნელობა არა აქვს. მნიშვნელობას იძენს მხოლოდ სიტყვათა მთელი შენაერთი მთლიანობაში. მაგალითად:
“ბუს კვერცხები” – არაფერი.
“ბებია გიჭყავის” – ისე არ იქნება, შენ რომ გინდა.
“მოხარჩული წაბლი არ გინდა?” – იტყვიან დამცინავი ტონით, როდესაც ვინმე არარეალურ სურვილს გამოთქვამს.
“პირი მოუკუპრა” – შავი დღე აყარა (თითქოს პირი ამოუქოლა კუპრით. კუპრით იგმანებოდა ტიკის გახვრეტილი ადგილები, რასაც ტიკის მოკუპრვა ერქვა).
“რამკების მტვრევა” – ქურდული კანონების დარღვევა.
“იხვის ტოლმა” (გამოთქმაში:“...არა, იხვის ტოლმა”) – იტყვიან დამცინავი ტონით, როდესაც უნდათ თანამოსაუბრეს აგრძნობინონ, სისულელეს ლაპარაკობ, უაზრობას ამბობო.
“...კეთილებში გაისეირნა”“ – აგინა
“გვარში გასათხოვი არ დაუტოვა” – ძალიან აგინა
ქურდული ჟარგონისათვის დამახასიათებელია  ტენდენცია შტამპისაკენ, ტრაფარეტისაკენ. ბევრი ქურდული გამონათქვამი ერთი და იგივე სქემით იგება.  ქართულ ქურდულ ჟარგონში ბევრი  გამონათქვამი იგება მიცემით ბრუნვის თნდებულით  “–ში ”,  ყველა ამ გამონათქვამს დაახლოებით მსგავსი მნიშვნელობა აქვს და გვიჩვენებს მოქმედების ჩადენის საშუალებას.მაგალითად:
“ეტყობოდა, გაკეთებულში რომ იყო”  – ნიშნავს: გაკეთებული ჰქონდა          (ნარკოტიკული ნივთიერება).
“შენ დღესაც გადაყლაპულში ხარ?”  – ნიშნავს: ნასვამი ხარ?
“წაგებულშია ”  – ნიშნავს: წაგებული აქვს (ფული).
“რამდენშია? ” – ნიშნავს: რამდენი აქვს წაგებული?
ზოგჯერ აწარმოებს ზმნიზედებს ზედსართავებისაგან. მაგალითად:
“ნაღდში დურა ედო”  – ნიშნავს:  ნამდვილად ედო პისტოლეტი.
“ნაღდი საქმეა! – ნატურში?! – ნატურში.”  – ნიშნავს: ნამდვილად.
ამ მიდრეკილებას რთული იდიომატური გამონათქვამებისაკენ მივყავართ გამარტივებულ სინტაქსსა და გამარტივებულ მორფოლოგიისაკენ: ქურდის მეტყველება იკუმშება, ფრაზებს წყვეტილი ხასიათი აქვთ. ფრაზაში შემასმენლის ან ქვემდებარის გამოტოვება (რომელიც იგულისხმება) ჩვეულებრივი მოვლენაა. თუ შტამპი გრძელია, ისიც იკუმშება, – შტამპის გაგრძელება იგულისხმება.
აქ კი ქურდული ჟარგონი ჩიხში ექცევა. ქურდულ სამყაროში წარმოშობილი ნებისმიერი სიტყვა დაუყონებლივ წინასწარ გამზადებულ შტამპში ექცევა. სიტყვა მკვდრადდაბადებული აღმოჩნდება. ამაშია იმის ერთ – ერთი მიზეზი, თუ რატომ იღუპება უამრავი ახლადწარმოქმნილი სიტყვა და რატომაა, რომ ქურდული ჟარგონის ძირითადი ლექსიკური ფონდი საუკუნეების განმავლობაში უცვლელი რჩება.
გადავიდეთ ქურდული ჟესტების ენის განხილვაზე. უეჭველია, რომ ქურდული ჟესტების ენა შეიძლება განვიხილოთ, როგორც კიდევ ერთი ენობრივი მოვლენა, რომელიც მას პირველყოფილი ხალხების კინემატიკურ მეტყველებასთან აკავშირებს. როდესაც ზემოთ ქურდული ცნობიერების მაგიურ ხასიათზე ვლაპარაკობდით, აღვნიშნეთ რამდენიმე ცნება, რომელთა ხმამაღლა წარმოთქმა ქურდულ სამყაროში ტაბუირებულია. ქურდს ეშინია თქვას რაიმე ზედმეტი, გასცეს საკუთარი თავი და სხვები. ეშინია თქვას ტაბუირებული სიტყვები. ქურდი დაძაბულია. და სწორედ აქ ჩნდება ჟესტი. ჟესტი – ეს არის ტაბუირებული სიტყვის არწარმოთქმის გამო შექმნილი დაძაბულობისაგან თავდახსნის საშუალება. არ შეუძლია რა წარმოთქვას ტაბუირებული სიტყვა: “ქურდობა”, ქურდი ამ ცნებას ხელის მტევნის მოძრაობის ჟესტით აჩვენებს. ყაჩაღობისა და იარაღიდან სრილის ცნებას საჩვენებელი თითის მოძრაობით აჩვენებენ. პოლიციელის ახლოს ყოფნას, საფრთხის ცნებას ქურდი აჩვენებს მაგიდაზე თითების დარტყმის, თითქოს აკაკუნებსო, ჟესტით. იგივე ჟესტი პროსტიტუციის ცნებას გამოხატავს. ყველა ეს ჟესტი არის მინიშნება. მინიშნება მოქმედებისაკენ. ანუ აქაც, ისევე როგორც ქურდულ სიტყვაში, საქმე გვაქვს სიგნალთან.
წარმოვიდგინოთ სიტუაცია: მოულოდნელად გვესმის კარის მოჯახუნების ხმა. ჩვენ შევკრთებით. რატომ? რა არის ეს? უბრალოდ ხმა? სიტყვა? სიგნალი მოქმედებისაკენ? რატომ შევკრთით? იმიტომ, რომ ეს ხმა, თუ სიტყვა, თუ სიგნალი მოქმედებისაკენ ზემოქმედებს არა მარტო და არა იმდენად თავის ტვინის ანალიტიკურ მონაკვეთებზე, რამდენადაც ჩვენს ნერვულ – მუსკულურ სისტემაზე უშუალოდ და რეფლექტორულ რეაქციებს იწვევს. ჩვენ რეფლექსურად ვრეაგირებთ. ჩვენი რეაქცია მოტორულია. ქურდულ სამყაროში განსაკუთრებით ფართოდ გავრცელებული ცნობიერების მოტორული ტოპი ქმნის მდგომარეობას, როდესაც ქურდული სიტყვა მოქმედებს არა მხოლოდ თავის ტვინზე, არამედ მუსკულურ სისტემაზე. ამრიგად, ქურდული ჟესტი, ეს არის, ერთი მხრივ, ქურდული ცნობიერების მოტორულ – მუსკულური ტიპის შედეგი, ხოლო მეორე მხრივ, ტაბუირებული სიტყვების არწარმოთქმის გამო შექმნილი დაძაბულობისაგან თავდახსნის საშუალება.
თუ გავაგრძელებთ შედარებებს პირველყოფილ ადამიანთან, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ  პირველყოფილი ადამიანისათვის ჟესტების ენიდან ზეპირ მეტყველებაზე გადასვლის ერთ – ერთი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ზოგიერთი ჟესტის ტაბუირება, ანუ პირველყოფილ ადამიანის პირველი სიტყვები ჟესტების ევფემიზმებია.
ისევე, როგორც შეიძლება ვილაპარაკოთ დიდი ხნის წინათ არსებული პირველყოფილი ადამიანის ნიშნების ატავიზმების შესახებ ანთროპოლოგიაში, როგორებიცაა თითების შემაერთებელი აფსკები, თმიანობა სახეზე, კუდი და ა. შ. , ასევე შეგვიძლია ვილაპარაკოთ პირველყოფილი ადამიანის მეტყველების ელემენტების რეციდივების შესახებ ქურდულ ჟარგონში.
ქურდული ჟარგონის სიტყვებისათვის დამახასიათებელია არაჩვეულებრივი ექსპანსიის უნარი, უნარი, გავრცელდეს საკუთრივ ქურდული სამყაროს ფარგლებს გარეთ. ქურდული ჟარგონის სიტყვებთან ერთად ვრცელდება ქურდული იდეოლოგიის, ქურდული მსოფლმხედველობის შხამი. საკმარისია ითქვას, რომ ქურდები და ქურდული ცნობიერების მატარებელი ქურდ – ბაცაცები ნოდარ დუმბაძის ქურდული ჟარგონითა და ქურდული იდეოლოგიით გაჟღენთილი წიგნიდან “თეთრი ბაირაღები” მთელ გვერდებს სწავლობდნენ ზეპირად. და ამას ისინი აკეთებდნენ, ვისაც მანამდე სიცოცხლეში ერთი წიგნიც კი არ ჰქონდათ წაკითხული.
და რას აკეთებს ამ დროს ქართული ენათმეცნიერება? იმის მაგივრად, რომ შეისწავლოს ქურდული ჟარგონის წარმომქნელი სოციალური მიზეზები და ამის საფუძველზე გაერკვეს ქურდული ჟარგონის ლინგვისტურ ბუნებაში, ამის მაგივრად უკეთეს შემთხვევაში ცალკეული ქურდული სიტყვების ეტიმოლოგიზაციითაა დაკავებული,  ხოლო უარეს შემთხვევაში ქურდულ ჟარგონს სრული დუმილით უვლის გვერდს.
ზოგადად, ქურდული ჟარგონი არის ძირითადად პროფესიონალი ქურდების მეტყველება, რომელიც შედგება გამოგონილი, გადაკეთებული ან უცხო ენებიდან შემოტანილი სპეციფიკური სიტყვებისა და შესიტყვებებისაგან, და რომელიც გასაგებია მხოლოდ მომხმარებელთა ვიწრო წრისთვის, ხოლო ნაწილობრივ ან სრულიად გაუგებარია სხვებისთვის. ქურდულ ჟარგონში არ არის დაცული არც ერთი ენის სისწორე და არის ენის დამახინჯების ყველაზე უხეში და მავნე სახე, უსისტემო აზრობნების შედეგი. ქურდულ ჟარგონს არა აქვს რაიმე ენობრივი დამოუკიდებლობა, მოეპოვება მხოლოდ ცალკეული სიტყვები, შესიტყვებები და გამოთქმების თავისებური კილო.
და ბოლოს, დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ,რომ ქურდული ჟარგონი ენის პათოლოგიაა. ისევე როგორც ქურდული სამყარო სახელმწიფოს თვალსაზრისით – ანტისახელმწიფოებრივია, სამეურნეო თვალსაზრისით –  სამეურნეო ცხოვრების დეზორგანიზაციას იწვევს, საზოგადოების თვალსაზრისით –  ანტისაზოგადოებრივია, ასევე, ქურდული ჟარგონი სემანტიკის თვალსაზრისით – არღვევს სემანტიკას, სინტაქსის თვალსაზრისით – არღვევს სინტაქსს, მორფოლოგიის თვალსაზრისით – არღვევს მორფოლოგიას.
ისევე, როგორც კრიმინალიტიკა დანაშაულს განიხილავს როგორც ანტისოციალურ მოვლენას, ასევე ლინგვისტიკაც ქურდულ ჟარგონს უნდა განიხილავდეს როგორც მოვლენას, რომალიც არღვევს ენის მთლიანობას. ქურდული ჟარგონი ენის ავადმყოფობაა. ამ ავადმყოფობობის დიაგნოზი ქურდული ცნობიერების და მეტყველების პირველყოფილი პრიმიტივიზმია.


ადვოკატი კახაბერ როდინაძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები