ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთ
ჟანრი: პროზა
17 აპრილი, 2011


წერილები ( ფ. ს. ფიცჯერალდი "ნაზია ღამე" )

წერილი N 1



“ მაშინდელივით ახლაც წვიმაა ციურიხში. რამდენიმე დღით ჩამოვედი ბავშვებთან ერთად და ბოლოსდაბოლოს მოვაბი თავი შენთვის წერილის მოწერას.
ალბათ ბანალურია იწყებდე წერილს ამინდზე წერით.
ასე მაშინ ხდება, როცა სათქმელი იმდენად ბევრია, რომ ყველაზე უმნიშვნელოთი იწყებ მას.
ვიცი რომ ამჯერად ციურიხში ხარ და რატომღაც მომესურვა ფინჯან ყავაზე მომეპატიჟე, თუმცა ტომის გამო უარის თქმა მომიწია საკუთარი თავისთვის.
ტომს ვუყვარვარ. ზუსტად ისე, როგორც შენ ისურვებდი.
გეთანხმები, ნამდვილად უაზრობაა უყვარდე მეუღლეს ისე, როგორც მისი ყოფილი ქმარი ინატრებდა, მაგრამ ტომი ამას ვერც კი ხვდება და როგორც ყველა შეყვარებული მამაკაცი, თვლის, რომ ქვეყნად ყველაზე განსაკუთრებულად ვუყვარვარ და რომ ჩვენი გრძნობა არ არის შედარებითი.
ერთ–ერთი მიზეზი, რის გამოც მასთან ვარ, სწორედ ეს არის. მისი შემყურე, ჯერ კიდევ ვიჯერებ რომ ხანდახან რეალობაზე სასურველი ლამაზი ტყუილი არის და რომ ჭკვიან ადამიანებსაც უყვართ ხანდახან თავის მოტყუება.
მას მარტივად ვუყვარვარ და შენი სიყვარულივით დამღლელი არაა მისი გრძნობა.
ყოველ დილით შეუძლია მითხრას, თუ რა მშვენიერი ვარ, როცა ახალგაღვიძებულზე თბილად ვუღიმი.
მან კი არ იცის, რომ შიზოფრენიით შეპყრობილი ადამიანები ძნელად გამოერკვევიან ხოლმე ძილიდან და ეს ღიმილი მხოლოდ სიზმრების კვალია სახეზე.
მას სჯერა, რომ მხოლოდ მისთვის ვიღიმი, განა ეს საოცრება არ არის, დიკ?
გჯეროდეს იმის, რაც ასე ძლიერ გსურს.
ადრე შენც ისურვე ჩემი გამოჯანმრთელება და ეს ნატვრა ისეთი მტკიცე და ყოვლისმომცველი აღმოჩნდა, რომ ასრულებისთანავე გაგანადგურა.
კაცი, რომელსაც ოცნებები უხდება, საბრალოა.
დიკ, მე არ მდომებია არასოდეს შენთვის ცუდი და ტომის სიყვარულზე აყოლა მხოლოდ ამის დადასტურებაა.
(როცა ძალიან მოგენატრები, წარმოიდგინე ხოლმე, როგორი სასაცილო ვარ, როცა სიყვარულს ვთამაშობ. ჩემი ჰალუცინაციები ხომ ისეთი რეალურია, რომ ვერაფრით ვიწვევ მათ სპეციალურად, ამიტომაც გაფუჭებული თოჯინასავით ვიმეორებ ყველაფერს, რასაც ტომი აკეთებს ჩემ გამო. ალბათ ამიტომ ჰგავს ეს ურთიერთობა იდეალურს).
მე გიღალატე, რომ გადამერჩინე.
(ჰო, ხანდახან ასეთი უღვთოა გრძნობები…)
დიკ, მე აღარ ვხარხარებ, როცა მტკივა…
შენ იცოდი, რომ ეს შიზოფრენიით დაავადებული ადამიანის თავდაცვითი რეაქციაა, ტომი კი ფიქრობს რომ დავცინი, როცა ბოლო ხმაზე ვხარხარებ.
შეყვარებული კაცი ხომ ყველაფერს ეგოისტურად უდგება. საყვარელი ქალის ყოველი ქმედების მიზეზს საკუთარ თავში ეძებს.
იცი, დიკ, როცა ძალიან მეცინება, სხვენში ვიკეტები. მტვრით მევსება ხოლმე ასეთ დროს ფილტვები და ტუჩებზე ხელისგულაფარებული ბოლომდე ვუშვებ ემოციებს და მოგუდულ ხმაზე ისმის ჩემი ხარხარი.
მას მერე ზუსტად 3 წელი გავიდა.
შენი წერილები სხვადასხვა ქვეყნიდან მომდის და იმდენად განყენებულ, გაცვეთილ და უბრალო ბარათებს წააგავს, თითქოს მათ ბავშვი წერდეს.
დიკ, შენ ცხოვრების მწვერვალს მიაღწიე 3 წლის წინ და ახლა ქვემოთ ეშვები.
ო, დიკ… მე რომ შემეძლოს კიდევ ერთხელ შეგხვდე ისე, თითქოს პირველად გხედავდე, აუცილებლად აგივლიდი გვერდს.
ჩვენი სიყვარული იმდენად ცოცხალი იყო, რომ ერთ–ერთის ენერგია ბოლომდე შთანთქა, რათა ეარსება…
შენ რომ როზმერისთან არ გეღალატა ჩემთვის, შესაძლოა ყველაფერი ასე არც მომხდარიყო.
ის, ახალგაზრდა, ლამაზი გოგონაა, მაგრამ რა შეეძლო მას შემოეთავაზებინა შენთვის გარდა იმისა, რაც გააჩნდა?
სილამაზე კი ჭკნება და ეს ჩემზე უკეთ შენ იცი.
იმდენად კარგად იცი ეს ყველაფერი, რომ როზმერი მიატოვე.
ახლა მარტოსული და ნაწილ–ნაწილ დაშლილი სამყაროში დაბორიალობ და ვერაფრით გაგირკვევია, სად დაკარგე სიცოცხლე…
ის კი ჩემთან არის, ჩვენს შვილებშია.
მათ თვალებში ვხედავ იმ განვლილ 10 წელს და ყოველდღე, გაღვიძებისას სიზმრიდან გადმოსული შენი სახე მაღიმებს, ტომს კი ჰგონია რომ ჯანმრთელი ცოლი ჰყავს, რომელიც მხოლოდ მას უღიმის დილაობით.
მე მიყვარს ტომი, ისე როგორც ქალებს უყვართ მამაკაცები, მაგრამ მე ვერაფრით შევიყვარებ მას შენსავით, დიკ…
შენ არასოდეს ყოფილხარ უბრალოდ მამაკაცი, შენ ჩემი ცხოვრებასთან დამაკავშირებელი ძაფი იყავი, რომელიც საკუთარი ნებით გავწყვიტე, როცა თავიდან დავიწყე სიცოცხლე.
მე აღარ ვიყურები შენი თვალებით და არც ხარხარის დროს მიხუტებს ვინმე გულში. რადგან არავინ იცის, რომ ასეთ დროს მტკივა და ეს ჩემი თავდაცვითი რეაქციაა…
ძაფები იმაზე ადრე წყდებიან, ვიდრე ჩვენ გვგონია…
როცა ადამიანი ამინდის ცნობით იწყებს წერილს, ის აუცილებლად მალავს რაღაც მნიშვნელოვანს.
დიკ, მე აღარ ვარ ძალიან ჭკვიანი და საშინლად ლამაზი ქალი.
მე უშენოდ უბრალოდ ნიკოლი ვარ…”







---------------------------------------------------------------------------------------------------------



წერილი N 2




  " უკვე რახანია ღია ბარათის გამოგზავნას ვგეგმავ შენთვის, მაგრამ ყოველთვის როცა ათასნაირი ხედებით აჭრელებულ ბარათებს ვუყურებ, უკან ვიხევ და ვიტოვებ კიდევ ერთ სათქმელს ისე, გულში დასაგუბებლად.
  საკმაო დრო გავიდა, რაც ჩემი უკანასკნელი წერილის შემდეგ შენ აღარ გამოგიგზავნია ის გულუბრყვილო ჩანაწერები, რომლითაც უნებურად საკუთარ განწყობას ამხელდი. (მხოლოდ ბავშვებს შეუძლიათ მძაფრად იგრძნონ ყველანაირი განცდა). შენ აღარ გვწერ, მაგრამ დიკ, მე არ მაქვს იმდენი ძალა, რომ ეს საშინელი უყურადღებობა გისაყვედურო, რადგან უკვე ყინვა დგას ფანჯრებს მიღმა და მთელი სიცხადით მაგრძნობინებს, როგორი მტკივნეულია შენთვის სულში გაჩენილი დარდისფერი ფანტელები... ხო, შენში მხოლოდ ერთი სეზონი დარჩა მას შემდეგ, რაც ბავშვებთან ერთად წამოვედი.
და დიკ, არა! მე არ გსაყვედურობ უყურადღებობის გამო, რადგან მხოლოდ მას შემდეგ იცის ჩემთან ყველაზე ცივი ზამთარი..
  დიკ, ბავშვები ხშირად გკითხულობენ. ალბათ ყველაზე მეტად მათ უხაროდათ შენგან გამოგზავნილი წერილ-ბარათები, რადგან დღემდე ვუმტკიცებ მათ, რომ სასწაულის საძებნელად მოგზაურობ სხვადასხვა ქვეყნებში და მის გარეშე არ დაბრუნდები.
იცი, ჩვენი ქალიშვილი ღამ-ღამობით ტირის, დიკ.. რადგან შენ წასვლამდე მას ეგონა, რომ ჩვენ ვიყავით შენი სასწაული..
ბოლო ხანებია სენტიმენტალური განწყობა მომეძალა. მელოდრამებზე მეტირება ხანდახან, ოღონდ გასაოცარი ის არის, რომ მე მათ არც კი ვუსმენ. უბრალოდ, როცა ვხედავ როგორ თამაშობს ორი ადამიანი სიყვარულს უნებურად მეცრემლება თვალები, რადგან ჩვენ რეალობაც კი ვერ გამოგვივიდა ასეთი ლამაზი..
მაგრამ მე ძლიერი ქალი ვარ, ეს არ დამავიწყდება, დიკ. მე ქვეყნად ყველაზე ძლიერი არსება ვარ, რადგან გვერდით ორი სასწაული მყავს, რომელთა თვალებიც არ მაძლევს ნებას დავნებდე.
  დიკ, დრო არ ბრუნდება უკან და მაინც რომ შეიძლებოდეს მისი თავიდან დატრიალება, როგორც რაიმე ფირის, გეფიცები, არასოდეს გაგცემდი ხმას და ცალმხრივი გრძნობით ავივსებოდი მხოლოდ. ხო, დიკ, ჩემი სიყვარული საშიში იყო შენთვის.. განა შეიძლება გიყვარდეს ქალი, რომელსაც შიზოფრენია აქვს?
  არ მიპასუხო (შენ ხომ ისედაც აღარ მწერ წერილებს, ძვირფასო), შიზოფრენია არ იკურნება და რეციდივები ახასიათებს. შენ პირველივე წუთიდან იცოდი, რომ ჩემდამი გრძნობით მთელ ცხოვრებას ჰაერში კიდებდი, მაგრამ არ მოერიდე ტკივილს, დარდს, იმედგაცრუებას და წლები მაჯერებდი, რომ ჩემი გამოჯანმრთელება შესაძლებელია. ღმერთო, ჩემი გადარჩენის იმედს მინერგავდი ამდენი წელი.. მე კი ახლა ისე ავად ვარ.. უშენობით..
თავში ათასი ხმის ნაცვლად მხოლოდ შენი სიტყვები ჩამესმის.
დიკ, გრძნობები არ კვდებიან, ისინი სხვადასხვა განზომილებებს გადიან და ბუმერანგივით უკან გვიბრუნდებიან.
  არასოდეს მეგონა, თუკი შესაძლებელი იყო ორმხრივი გრძნობის შემთხვევაში ორი ადამიანი ცალ-ცალკე ირჩევდეს ყოფნას. და მე არ ვნანობ, არცერთ ჩემს არჩევანს, რადგან თუ მკითხავენ, მიყვარს თუ არა ვინმე, მე მაქვს ამ კითხვაზე პასუხი. დიახ, მე უშენობა მიყვარს ახლა.. და ეს ისეთივე ძლიერია, როგორც თავად შენ. პლუსი და მინუსი ერთი სიძლიერისაა, უბრალოდ ერთი დადებითია და მეორე უარყოფითი და განა შემიძლია არ მიყვარდეს რაიმე შენი მხოლოდ იმიტომ რომ ის შეიძლება უარყოფითად იყოს დამუხტული?
  დიკ, ხანდახან მეც მინდება ჩვენი ქალიშვილივით ღამ-ღამობით ვიტირო, როცა მეღვიძება და ბალიშზე შენს სუნს ვერ ვპოულობ ვერაფრით..

  მე ვერ გიგზავნი ჭრელ ბარათებს, რადგან მგონია, ეს იგივეა, რომ სამგლოვიარო წერილი გამოგიგზავნო ფერადი ბაფთით.. "




ნიკოლი


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები