ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბეთ ავენ
ჟანრი: საბავშვო
8 ოქტომბერი, 2011


...ცოტა მაცადე და..მოგიყვები...

-აბა, დროზე, ისაუზმე და წავიდეთ! 
-არ მინდა რა, დე, ძალიან გთხოვ!       
-ცაფო, აღარ მოგბეზრდა ყოველ დილით ერთიდაიგივე? 
-არა, არ მომბეზრდა, არა, შენთან მინდააა - ატირდა პატარა ციყვი ცაფო. 
-სულ ჩემთან არ ხარ? მთელი საღამო, მთელი ღამე, ჰა?   
-დღისითაც მინდა შენთან, დე, დღისითაააც - ტირილს უმატა. 
-ცაფო, შვილო, მეც მინდა შენთან, ძალიან მინდა, მაგრამ სურსათის მარაგი ვინ უნდა შეაგროვოს, თუ არა მე? მთელი ზამთარი რითი უნდა ვიკვებოთ? არ გიფიქრია?! 
-კი, მიფიქრია, მაგრამ რა ვქნა რომ შენთან მინდა, დე? - ტირილს აგრძელებდა ცაფო.
-კმარა! შეწყვიტე ტირილი! არ გამოვა! სწრაფად, ისაუზმე და ბებოსთან! მეტი აღარ დამალაპარაკო!  -  ხმას აუწია დედამ.     
შეატყო, რომ არ გაუვიდოდა. რამოდენიმე თხილის გული მიირთვა და  კაკლის ლებანიც დააყოლა.   
-აბა, წავედით!  -  და ხიდან ხეზე, სკუპ-სკუპით კარგა დიდი მანძილი გაიარეს. 
  ბებო უკვე რა ხანია სოროს ქვემოთ , მსხვილ ტოტზე იჯდა და საყვარელ ცაფოს ელოდებოდა.   
-მოდი, მოდი ბებო გენაცვალოს!  როგორ გელოდები ყოველ დილით, რომ იცოდე!   
-აბა, ცაფო, ბებოს დაუჯერე,  საღამოს  მოგაკითხავ - უთხრა დედამ. 
-ეჰ, როდის მოვა ეგ  ,,საღამო,,?! 
ბებოს გული ატკინა ამ სიტყვებმა, მაგრამ არაფერი უთქვამს. ცაფო უხალისოდ მიუჯდა გვერდით, ხმას არ იღებდა. ბებომ სოროდან თხილი და მარცვლებით სავსე გირჩა გამოუტანა.
-არ მინდა! ვისაუზმე!  -  მკვახედ თქვა. 
ბებომ ცაფოს გახედა, ძალიან ეწყინა. სიტყვაც არ უთქვამს, ისევ სოროში შებრუნდა, მერე  დაუძახა.   
-ცაფო, ბებო, აბა შემოდი, რაღაც უნდა გითხრა. 
-უფ, რა უნდა ერთი ვიცოდე?! - გაიფიქრა და - ჰო, მოვდივარ, მოვდივარ-ო    -  უთხრა. 
უხალისოდ შევიდა.  ბებო საწოლზე  ჩამომჯდარიყო.   
-ცაფო, არც ისე პატარა ხარ,  რომ ვერ ხვდებოდე გულს როგორ მტკენ.   
-აბა, რითი? - სხვათაშორის იკითხა ცაფომ. 
-თუნდაც იმით, რომ,  აი ახლა, ასე უგულოდ მელაპარაკები. 
-კარგი რა, ბებო! 
-არა, ცაფო,  ,,კარგი რა,, არა! ყურადრებით მომისმინე! მე ასეთი მოხუცი კი არ დავბადებულვარ. მეც მიყვარდა დედა, ყურადღება, თამაში. ყურადღება ყველას სიამოვნებს, მაგრამ ის არ უნდა იქცეს მთავარ საზრუნავად! თუ ასე მოხდება, მაშინ ვერავის შეიყვარებ და არც შენ არავის ეყვარები. ჩვენ, ციყვები, კეთილები, მშრომელები და მზრუნველები ვართ, და, სხვათაშორის, არც ისე უშნო ცხოველები. თუნდაც ჩვენი კუდი რად ღირს!...ეჰ, ერთ დროს როგორი კუდი მქონდა?! ფაფუკი, ფუმფულა, მოქნილი...რას იზამ...ჰო, და იმას გეუბნებოდი...ჩუ!...მგონი კვერნა გვიახლოვდება...გარეთ თავი არ გაჰყო! 
-კვერნა? 
-ჰო, კვერნა, ჩუ...   
მე არ მეშინია!  -  თქვა და სოროდან წამში გავარდა! 
-არა, ცაფო! რას ჩადიხარ?!  - დაიყვირა ბებეომ  - და თითონაც გაყვა. 
კვერნა, რომელიც სოროსთან ჩასაფრებულიყო ცაფოს თათები მოხვია და სხვა ხეზე ისკუპა.
-ცაფოოო! - ბებო კვერნას დაედევნა. 
-მიშველე, ბებოოო!  - ყვირიდა ცაფო. 
-მოვდივარ, ცაფო!  - და დიდ ნახტომში კვერნას ზურგზე მოახტა!  ჩასცხო და ჩასცხო თათები! 
კვერნამ სიმწრისაგან კბილები დაკრიჭა, მაგარამ ცაფო მაგრად ეჭირა და თავის სოროსკენ მიაქანებდა. ასე, სამივე - კვერნას თათებში ცაფო, ზურგზე კი ბებო. საბედნიეროდ კვერნას სორომდე დიდი მანძილი იყო და დაღალა გაუთვალისწინებელმა ტვირთმა. ამის გამო, ერთერთი ნახტომი ვეღარ გამოუვიდა, მომდევნო ხემდე ვეღარ მიაღწია და მოწყვეტით დაეშვა დაბლა. ცაფომ თვალები დახუჭა: 
-ბებოოო!  - ძლიერად დაიყვირა. 
ამ დროს ბებეომ კვერნას ყურზე უკბინა, კვერნამ თათი მოუქნია და ცაფო დაუვარდა. ცაფომ იყოჩაღა და ტოტს ჩამოეჭიდა. გაცხარებულმა კვერნამ ეს რომ დაინახა ნადავლი ხელიდან დამისხლტაო, ახლა ბებოს ორივე თათი მოუქნია და... კუდი!...კუდი მოაწყვიტა ბებოს!..კვერნა მიწას დაენარცხა. არავინ იცის რამდენ ხანს იწვა გაშხლართული... 
შეშინებული ცაფო და ღონეგამოცლილი უკუდო ბებია სოროსკენ მიემართებოდნენ. ბებო ხმას არ იღებდა, რამოდენიმეჯერ გახედა ნაკუდარ ადგილს...სოროში რომ შევიდნენ, ბებო საწოლზე დაწვა.. ისე უძგერდა გულიიი!!! ცაფო ახლაღა მოეგო გონს. 
-რა მეშველებოდა, ბებო რომ არა?! როგორ გადამარჩინა?! კუდი დაკარგა...ჩემს გამო...ვის გაუგია  უკუდო ციყვი?...ჩემი ბებო... 
-ბებო...  - ჩურჩულით თქვა. 
ბებო ხმას არ იღებდა.   
-ბებო, მაპატიე, გთხოვ... 
-უკვე გაპატიე... 
-ასე სწრაფად? 
-კი, ასე სწრაფად...   
-ბებო...ახლა...კუდის გარეშე რა უნდა ქნა? 
-ეჰ, კუდი...კუდი..რა კუდი ის იყო? იმ კუდმა  თავისი კუდობა დიდი ხანია მოლია...მოდი ჩემთან, მოდი...რა კი შენ ცოცხალი ხარ, აღარაფერს ვჩივი...   
-ბებო, როგორ გიძგერს გული?!   
-ჰო...  -  სუნთქვა გაუხშირდა.   
-ბებო, ცუდად ხარ?  -  შეშინდა ცაფო. 
-არა, კარგად ვარ...ძალიან კარგად...ასე კარგად ჯერ არ ვყოფილვარ...პირველად არის რომ დღისით მეძინება...დედაშენმა მითხრა კარგად მღერისო, მართალია? 
-არ ვიცი, დედას მოსწონს. 
-ჰო,და მიმღერე... 
-კი, ბებო,რა გიმღერო? 
-აი, დედაშენმა რომ გასწავლა ის... 
-ციყვების იავნანა? 
-ჰო, ციყვე...ბის...იავ...ნანა... 
-კი, ბებო ახლავე! 
დიდხანს უმღეროდა ცაფო...დიდხანს...ისე ტბილააად... 
-რა უნდა ქნას უკუდოდ?  -ამას ფიქრობდა ცაფო, ფიქრობდა, რადგან ვერ მიმხვდარიყო, რომ ბებოს კუდი, ზუსტად იმ  წამიდან,  აღარ  სჭირდებოდა... 
          დიდი დრო გავიდა მას შემდეგ... 
-აბა, დროზე, ცაფო! ისაუზმე და ბებოსთან წაგიყვან. 
-არ მინდა, დე, ბებოსთან, შენთან მინდააა... -  ატირდა. 
-ცაფო, ხომ იცი, რომ საქმეები მაქვს? ზამთრისთვის მარაგი ხომ გვინდა? ჰა? - ეუბნებოდა დედა. 
  ...................................................................................
- მოდი, მოდი,  ჩემო კუდფუნფულავ, ბებო გენაცვალოს  -  სოროდან თხილი გამოუტანა და მარცვლებით სავსე გირჩაც. 
მადიანად შეექცეოდა პაწია ცაფო. 
-ბებო, შენს ბებოსაც ცაფო ერქვა? 
-არა, ცაფო არ ერქვა 
-ბებო, მომიყევი, გთხოვ, როგორ გიხსნა კვერნისაგან. 
ბებია ცაფო სადღაც წარსულში გადავარდა...ხმას ვერ იღებდა, რადგან  თვალებს თხილისოდენა ცრემლები მოსწყდა... 
-ჰო... მოგიყვები... ცოტა მაცადე და... მოგიყვები...აბა რას ვიზამ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები