ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
29 აგვისტო, 2012


დროა ბითური

დროა ბითური, ისე მიყურებს,
თითქოს ვალი მაქვს...
თუმცა, ვაი, მას,
ვინც არ წაისვა
იაფ ქლესობის
საცხი თავისით...
აბსურდს, გულღიას
სულ  აუღია
ყველა სიმაღლე.
თავს ვერ იმართლებ,
თუ არ დანებდი!
მე ჩემს ადგილზე
შევინანებდი,
ამ ჩუმ თანხმობას...
რა უსახლო ვარ
კარჩაკეტილი...
თავში კეტივით
მირტყამს დრო ნებას!
ყრუა გონებაც,
თავზარს რომ არ მცემს,
სული კი მაცნეს
მიგზავნის ჩუმად
და ვყლაპავ უმად
ჩემს უმწეობას...
სულ არ მწვეოდა
ნეტა სტრიქონი,
ვერც თავს ვუქონავ,
ვერც რას ვიგონებ,
სიტყვის გონი რომ
გავაბითურო.
ჰოდა, მით უფრო
მიჭირს ამოთქმა
განაყუჩების.
თვალებით ვამბობ,
განა ტუჩებით...
ასჯერ არ ვზომე,
ისე გავჭერი,
ახლა, ეს მძაღე
ყოფის ნაჭერი,
ჩემი ცხოვრების მონაკვეთია,
ენა რომ მწარედ
მომაკვნეტია...
ჯერ კიდევ მეწვის
ჩემს თვალში ბეწვი,
სხვისმა დირემ რომ
მტრობად მონათლა.
ვერ ვიმეგობრე
ამ ცრუ მორალთან...
ჰაერს ვისრუტავ
მძიმე ფილტვებით,
სუფთას ველტვოდი,
მტვრიანს ვიტევდი...
დრო კი ბითური,
საქმეს მირთულებს,
მე რომ არ მინდა,
ისე მიყურებს.
ნატვრა კი სადღაც,
კიბის რიკულში
გამოჩხერილი ნაღვლობს
თავის თავს...
მე კი უნატვროდ,
არც თუ უნაკლო,
რწმენა მაინც მაქვს...
      27.08.12


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები