ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
22 მაისი, 2014


პერსი ბიში შელი - სტანსები დაწერილი გულგატეხილობისას, ნეაპოლის ახლოს

ცა გადიწმინდა, მზით მიწა შეთბა,
ტალღები რბიან ნარნარად, მალე,
ლურჯ კუნძულებს და თოვლიან მწვერვალს
მჭვირვალ იისფრით ფერავს შუადღე.
ნესტიან მიწის სუნთქვაა მჩატე,
გადაიშალნენ ირგვლივ კვირტებიც;
აღმაფრენ გრძნობას ბევრ ხმას უმატებს,
ქალაქიც, ქარნიც, წყლებიც, ჩიტებიც
და  მარტოობის ნაზი ხმით ვტკბები.

ჯერ ფეხდაუდგმელს, ვხედავ ფსკერს დაბლა,
ზღვის წყალმცენარეთ  მეწამულს, მწვანეს,
ვხედავ ნაპირზე მიხეთქილ ტალღათ
ვარსკვლავთა წვიმის მსგავს მდნარ სინათლეს
და მარტოდმარტო ვზივარ ქვიშაზე -
შუადღით ზღვაზე გაკრთება ელვა,
დასჭექს მახლობლად და ხმის სიმაღლე
გაძლიერდება, სხვა ვინმეც  ნეტავ,
თუ იზიარებს ჩემს გულისძგერას.


ვაგლახ! დამტოვა ღონემ, იმედმა,
მშვიდობა ვერსად ვერ შევიგრძენი,
სიმდიდრის მჯობი კმაყოფილებაც,
ვერ ვპოვე, ფიქრში რომ ჰპოვებს ბრძენი -
გვირგვინდადგმული მშვიდობის  ძღვენით;
ძალაუფლებამ, სახელმა, ტრფობამ,
გვერდი მიქცია, სხვებს კი შეშვენის  -
რომ დანათვლიათ ცხოვრებით ტკბობა;
არ მიწერია მსგავსად განცხრომა.


სასოწარკვეთა არ მაქვს სასტიკი,
სუსტია, ვით დღეს ტალღაც, ქარებიც;
რომ შემძლებოდა დაღლილ ბავშვივით
პირქვე დამხობა, გლოვა დარდების,
კვლავ რომ დამქანცავს ზიდვა-ტარებით,
ვიდრე ძილივით  სიკვდილი მოვა
და შევძლებ ვიგრძნო გამთბარ ჰაერში,
როგორ დამიზრობს სიცივე ლოყას,
ზღვა წამიკითხავს სულთბრძოლის ლოცვას.



გულქვა იყოო დამდებენ ბრალად,
ვით მე ვაბრალი დღეებს გაფრენილს,
რომ დამიბერეს გულ-ღვიძლი სწრაფად
და შეურაცხყვეს უდროო კვნესით;
კაცთ შეუძლიათ ბრალდება ჩემი,
ვინც მათ არ უყვართ, თუმც ენანებათ, -
საპირისპიროდ ლამაზ დღეების,
როცა დღე მზესთან ერთად გაქრება,
ხსოვნას შერჩება ის ნეტარება.


22 მაისი, ნიკოლოზობა, 2014 წ.


ორიგინალი იხილეთ აქ:

http://www.poetryfoundation.org/poem/174407

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები