ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჭა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
5 სექტემბერი, 2014


ჩანახატი, რომელიც

                        ოსტატი ნიავი

ბინდდება. მზით გამთბარ დღეს, სანამ გავიდოდეს, ნიავი მსუბუქად აგრილებს.
მგონი ისაც აივანზე ზის ჩემსავით, დღეზე ვამბობ, ღრუბლის აივანზე,  გრძელი თმა, აკეცილი აქვს, ხელებით უკავია კეფაზე და ნიავი სანეტაროდ გაუდ-გამოუდის კისერში...


ღრუბლები აიშალნენ, კუს ნაბიჯით გაუდგნენ გზას უმისამართოდ. დაიგრუხუნა. წვიმამ წამოაყარა. ნიავივით მსუბუქად წამოაწკაპუნა. მალევე გადაიღო.

კუს ნაბიჯი უძახე შენ და ...სანამ ეს დავწერე, ცა გადაწმენდილი დამხვდა.
გამომრჩა, როდის აუჩქარეს ღრუბლებმა ფუმფულა ფეხებს?...
კიდევ უფრო ჩამუქდა გარემო.

მთელი რიტუალია :  ღრუბლები დეკორაციას ცვლიან, სცენაზე კი ჯერ ისევ ნიავი დაჰქრის, დაჰქრის და ჩურჩულით ამცნობს მაყურებელს ღამის შემობრძანებას. ხეებიც აიყოლია, ააშრიალა...
-დღეს აცილებენ!...-ღამეს ხვდებიან!...

ერთი საათიც და...სცენას მთლიანად აავსებს  ღამე, კუნჭულსაც კი არ დატოვებს ცარიელს.
წარსდგება  მთელი თავისი მბრწყინვალებით, მთვარით, ვარსკვლავებით .

უკვე მიწყნარდნენ ჩიტები, კუტკალიები, კატები.
დიდ ხეზე მობინადრე კაჭკაჭებიც აღარ ჩანან, მაგრამ მე მაინც ვხედავ, როგორ გარინდულან  ტოტებში და როგორ  გაუდით  ნიავი ბუმბულში. სიამოვნებისგან ეყვინთებათ.

უმსუბუქესად ხდება გარდასახვა დღიდან ღამეში.
გადადის სიცოცხლე ერთიდან მეორეში.
მთავრდება ერთი და ამავ დროს იწყება მეორე.

თმას ხელი გაუშვი, გონება დავძაბე, თვალებიც, შეგრძნების სიხშირე, ისეთი მაღალი-გულმა ჩხვლეტა დამიწყო... -უწვრილესი ზოლიც კი ვერ შევამჩნიე  ჰორიზონტზე,
ზღვარი, სად დამთავრდა დღე და საიდან დაიწყო ღამე.

ჰო...ამ სცენარის ავტორი ნიავია.  მსუბუქი, ჯადოსნური ჯოხით ხელში, ოსტატი თავისი საქმის.  და მაინც...აშკარაა, ვიღაცის მითითებით მოქმედებს ეს საამო, ვიღაც დიდის...დიდი სიყვარულის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები