ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პროზა
13 ნოემბერი, 2014


,,კლიტე გადავაგდეთ" ანუ ამბავი ბედის კარისა



ეს ჩემი ძველი ლექსია, კრებულიდან ,,ვიტა ბრევის" (2010).

კლიტე გადავაგდეთ
- - - - - - - - - - - - -

’’- წაიღე ეს ახალი კლიტე, გახსენი, ხელუკუღმა მტკვარში გადააგდე, გასაღები უბეში კარგად შეინახე და სამჯერ გაიმეორე:
’’ჩემი ბედი ასე ღია, გასაღები - ჩემს გულში’’.
.
*
ჯერ - კლიტის გახსნა და ბუტბუტით შელოცვა,
მერე - ხელუკუღმა მტკვარში გადაგდება.
გასაღებს დაქალი ინახავს უბეში.
ვინ იცის, ხვალიდან რა გზას დაადგება.

უხერხულ სიჩუმეს ვერევი ხუმრობით:
-ხმალივით გაგიჭრის ძველი რიტუალი.
საღამოს დარეკავს, შეხვდი, გაუღიმე,
იცოდე, არ უთხრა არაფრით უარი!

ეტყობა, ვიხუმრე, რაღაც, უადგილოდ,
ჩუმია დაქალი და მზერას ამკაცრებს.
ნეტა, რა ოხრობამ აუბათ თვალები!
მაინც ვერ გავიგე, რა უნდათ ამ კაცებს.

სიზმარში ვნახულობ დაქალს ნამარხულევს,
ტყუილად ვამხნევებ, რომ აღარ ბერდება,
არადა, ქალია, მართლა სანატრელი:
მორთული, მკერდსავსე და მაღალფერდება.

ივსება ხიდები კლიტის მსროლელებით.
ყველას უბედობა სტანჯავს და აკვნესებს.
დიდდება მდინარე და ველით, მღვრიეში
რა თევზი მოჰყვება ბადეს და ანკესებს!

2009

  ეს სახუმარო ლექსი, იქნებ არც გამხსენებოდა,  ,,ფეისბუქის" საერთო კედელზე რომ არ წავწყდიმოდი ერთ  ახალ სტატიას - ,,ჩაკეტილი ბოქლომი - 60 წლის შინაბერად დარჩენილი ქალის საშინელი ტრაგედია.".  სათაურიდანაც მისახვედრია, რომ სტატია მოგვითხრობს,  თუ როგორ გადააგდო ახალგაზრდა ქალმა მტკვარში ჩაკეტილი კლიტე, ბედის ,,შესანარჩუნებლად'' და როგორ დაკარგა სამუდამოდ იგი.   
      მჯერა თუ არა ჯადოებისა?  - არა!
      და არც არასოდეს დამიჯერებია. არც მკითხაობებსა და ასეთ რაღაცებს ვენდობი არასოდეს,  ალბათ იმიტომ, რომ ათეისტმა, კომუნისტმა პედაგოგებმა  -  ბებია-ბაბუამ (დედის მხრიდან) პატარაობიდანვე ჩამინერგეს,  ეს ყველაფერი სასაცილო სისულელეაო.
        მახსოვს, მათთან სტუმრობისას დები როლებს ვინაწილებდით და  ვასახიერებდით  ,,კაცია-ადამიანის'' იმ ეპიზოდებს, პირობითი სათაურით ,,თელეთი დაამუნათა" და ,,მაშ  ჩემი ხელობა რაღაა",  მკითხავი მიწიდან ვითომ ჯადოს  რომ ამოთხრის. ოჯახის წევრებზე და მათ სტუმრებზე  რვეულის ფურცელზე დაწერილ ბილეთებსაც ვასაღებდით ოც კაპიკად და ძალიანაც ვხალისობდით. 
      (მამის დედა- პირიქით, ძალიან მორწმუნეც იყო, უჩუმრად სულ დიდუბის ეკლესიაში დაგვატარებდა და ჯადო-მადოებისაც ძალიან სჯეროდა).

  ***
  ახლა არ ვიცი, რა ხდება ამ მხრივ საქართველოში,  ჩემს ახალგაზრდობაში კი  გასართობი ბევრი არაფერი გვქონდა და იქნებ ამიტომაც,  ერთობ მოდაში იყო ნაირ-ნაირი მკითხაობა-მარჩიელობები. ყავაში ჩახედვა ხომ აუცილებელ რიტუალად, ლამის ყოველდღიურ რუტინად  იყო ქცეული.
    მყავდნენ დაქალები, ხელჩანთაში იმ დღეს დანალევი ყავის ხელსახოცში ფრთხილად გამოხვეული რამდენიმე ჭიქაც კი რომ ედოთ ხოლმე.
      ყოველ მეორეს ,,შეეძლო ჭიქის წაკითხვა". იყო ერთი ჭიქების თხოვება-უკან დაბრუნება და ა.შ
    სანამცხვრე- კაფეებში ,,ჩამხედავები'' ძირითადად, დამლაგებლებად მუშაობდნენ. ჩახედვა - ძირითადად ერთი მანეთი იყო, ზოგან - ორი. უფროსობა და  უფროსობის უფროსობაც ალბათ თვალს  განგებ უხუჭავდა ამ  მეტწილად, შერეული ეროვნების,  ორ-სამ ენაზე მოლაპარაკე  ,,ბედისმხილველებს'', თორემ რა ძნელი დასანახი ის იყო,  ანიშნებდი თუ არა,  ტილოთი ხელში, ვითომ მაგიდის გადმოსაწმენდად მოსული რომ მოგიჯდებოდა და  შენი ჭიქაში ჩაცქერებული აგიბუტბუტდებოდა. შენც, დაასრულებდა თუ არა, გამზადებულ მანეთიანს ასაღები ლამბაქის ქვეშ ამოუდებდი.
      იმასაც  არაერთხელ შესწრებივარ, დისტანციურად, ტელეფონზე როგორ  ,,უხედავდნენ ჭიქაში", ანუ ,,ჩამხედავის თვალით" დაჯილდოებული გოგო ტელეფონით როგორ აღუწერდა  ყავის ჭიქის გამოსახულებებს ვინმე  ამხსნელს და იქიდან მიღებულ პასუხს ახმოვანებდა ,,კუტოკში".
    ის კი არა და, მეც ,, ჩამიხედავს ''  და არც თუ ურიგოდ გამომსვლია.   
      კურდღელი რომ სიფრთხილე და შიშია, მგელი - აგრესია, მელა - გაიძვერობა, ლომი- სამსახურის უფროსი ან მამა ოჯახში, სპილო ოჯახის მატერიალური სიძლიერე და სტაბილურობა,  ჩიტი - ახალი ამბავი,  ძაღლი - ერთგული მეგობარი, კატა - შემომძვრალი ახლობელი, რომელსაც შენთვის ცუდი უნდა და ა,შ. ამის გამოცნობას რა დიდი ზებუნებრივი უნარები სჭირდება. სიმბოლო სიმბოლოა.
    ერთხელ რომ გამივარდა საახლობლოში დიდი ჩამხედავის სახელი, ვინღა მომასვენებდა!
    ძალიან რომ შემაღონეს, ბოლოს ისღა მოვიგონე, ჩემმა მოძღვარმა მითხრა, შეწყვიტე ეს ამბავი, დიდი ცოდვაა და ღმერთი დაგსჯისო.
არ დაგიმალავთ და არც მოძღვართან ვყოფილვარ არასოდეს.
არც აღსარება მითქვამს,
არც ზიარება მიმიღია.
  მორწმუნეებს კი პატივს ვცემ.
    ,,ჯვარედინი ჩახედვაც'' არსებობდა. დედაჩემის ერთ დაქალს უყვარდა.  დალევდა ყავას, სამჯერ საათის ისრის მიმართულებით  დაატრიალებდა ფრთხილად, ხელუკუღმა გადააბრუნებდა ლამბაქის ნაპირზე, მერე ლამბაქსაც ასევე  დაატრიალებდა, ზედმეტ ნალექს გადაღვრიდა,  გადაბრუნებულ ჭიქასა და მის ძირზე დაცერებულ ლამბაქს  ოდნავ აცდიდა, რომ შემშრალიყო, მერე  უფრთხილესად შეახვევდა ხელსახოცში,  ცელოფანში ჩადებდა, მეტად რომ აღარ გამოშრობოდა, მოაჯდებოდა თავის  ლურჯ ,,ჟიგულის" და ერთსა და იმავე ჭიქას სამ-ოთხ სხვადასხვა ჩამხედავთან გადაამოწმებდა ხოლმე.
    განასხვავებდნენ დილის, საღამოს და შაბათს დანალევ ჭიქებს,  უტყუარობის ხარისხით.
    უზმოზე დანალევი - საუკეთესოდ მიიჩნეოდა.

    ***
    ხომ იცოდნენ მეგობრებმა მკითხაობებისა და რაღაც ეგეთებისადმი ჩემი აგდებული დამოკიდებულებს ამბავი, მაინც არ მანებებდნენ თავს:  აბა,  მარნეულელი მოლაო, აბა, ვიღაც კოჯრელიო, აბა, ორი დღით ჩამოსული ნათელმხილველი, მკითხავი კი არ გეგონოსო,  აბა, თეთრი მაგი, თანაც ახალგაზრდა ბიჭიო,  მოკლედ,  ხან სად წასვლას მთავაზობდნენ და ხან სად.
    ცხადია, არსად გავყოლილვარ, მოყოლით კი მუდამ წვრილად ვაყოლინებდი ამბებს, მერე მონაყოლს ცოტა წვენს მივუმატებდი და  პაროდირებას ვახდენდი ჩვენსავე წრეში.
    ერთხელ, გაგანია ზაფხულში გაქაფული სახლს ვალაგებ, თავზე ტონა მტვერი მაყრია და მანქანით მომადგნენ, ლამის ფეხებში ჩამივარდნენ, ოღონდ ახლა წამოგვყევი, უმაგრესი მკითხავია, შენი მკითხაობის ფულსაც ჩვენ გადავუხდით, დიდი რიგები აქვს, ერთმა ნაცნობმა ჩაგვიწყო მიღება, ვისაც რა უთხრა, ყველაფერი ასი პროცენტით ემთხვევა და მაინც გვინდა, დავრწმუნდეთ.  შენი ხომ ყველაფერი ვიცით და  ვნახოთ, სრულიად მოულოდნელსა და უცხოს რას გეტყვისო.
      გარეთ გამსვლელის სახე რომ მიმეღო, მინიმუმ ორი საათი მაინც დამჭირდებოდა.  ჩამომფერთხეს, ლამაზისეულივით გაპუწული,  გრძელ თმაში ფანქარგარჭობილი, შლოპანცებიანი გამაქანეს.
    ეს მკითხავი ქვიშაზე და სანთელზე იყო დასპეცებული  (ოღონდ, შენი წილი, ნაკურთხი სანთელი თვითონ უნდა მიგეტანა). სადღაც,  პლეხანოვის მიდამოებში,  იტალიურ ეზოში შევედით, ჩვენამდე სამი-ოთხი ქალი კიდევ იდგა. რიგმა რომ მოგვიწია, შევედით ოთხივენი.     
        ერთი მოკუკნული,  უფანჯრო ოთახი იყო.  ერთი ჩვენგანი  თვითონვე აირჩია და დასვა, სამნი კედელზე ვიყავით ატყუპებულები და ოფლი ღვარად გაგვდიოდა. ვერ დასავიწყებელი და ვერც დავიწყებული სუნი -  სამნაირი სუნამოსა და  ლოკალური სურნელებების ნაზავი იმ სიცხეში, თუ შეგიძლიათ გულისრევის გარეშე,  თავად წარმოიდგინეთ!
    ჯერ ჩემს წინ ორს უმკითხავა იმისთანა, რომ შოკში ჩააგდო, ერთი მთლად ცუდად გახდა, ვაიმე, ყველაფერი ზუსტად მითხრაო!  მეც კი ამაკანკალა!
      მოვიდა ჩემი ჯერი, ქვიშაჩაყრილ ემალის  მოზრდილ ჯამში ხელები  ლამის იდაყვამდე ჩამაყოფინა, კარგად ამოურიეო. ამასობაში, ვატყობ, გულდასმით მათვალიერებს. ხეხვა-წმენდისგან ფრჩხილებმომტვრეულ ხელზე ბეჭედი არ მიკეთია, არც რაიმე ოქროული,  ტანთ კაპიკისა არ მაცვია, ჩემი მორთულ-მოკაზმული დაქალებისგან განსხვავებით.  რაც მოვედით, არც გარეთ ამომიღია ხმა, აქაც ენაგაკმედილი ვზივარ...
      დაიწყო  ჩემი ანარევი    ქვიშის პეშვით ამოღება ჯამიდან და ნელ- ნელა ყრა სანთლით განათებული  მაგიდის ზედაპირზე.
    შენაო, მეუბნება, ოქროს გული გაქვს, ყველას სიკეთეს უკეთებ და ბოროტებად გიბრუნდება, ბედის კარი გაქვს ჩაკეტილი და იმიტომ ვერ თხოვდები, ჯადოს მანამ არ მოიხსნი, არაფერი გეშველებაო.         
      არადა, ეს ის დროა, მესამე ქმარყოფაზე რომ ვარ შემდგარი!
    იმ იდუმალებით მოცულ  სიჩუმეში რომ ამიტყდა ისტერიული სიცილი,  არც თვალების ბრიალი მშველის, არც მკლავზე ჩქმეტა, არც სიტყვა....
      ვეუბნები:
      - ქალბატონო,  ბედის კარი ჩაკეტილი კი არა, იმისთანა მოფარღალალავებული მაქვს, ორივე ხელით ვეჯაჯგურები, იქნებ რამენაირად ახლა მაინც აღარ გამომგლიჯოს ქარმა და მივკეტო მეთქი.
    მეოთხე ადამიანმა მკითხაობაზე თავი შეიკავა,  დღეს, რაღაც, თავს კარგად ვერ ვგრძნობო. ჩვენ სამის ფული კი მაინც გადაიხადეს გოგოებმა.
    სახლთან რომ მომიყვანეს, ვეხვეწე, ცოტა ხნით ამოდით-მეთქი და არაო.
    იცოდნენ ღადაობას აღარ მოვრჩებოდი.
    იმის მერე მკითხავთან წამოგვყევიო, აღარასოდეს შევუწუხებივარ.
    თვითონ, აღარ ვიცი, ისევ დადიან თუ არა. ჩემთან აღარ ამბობენ.
    გოგოებო, მაპატიეთ, რა, რომ მოვყევი ეს ამბავი!
    რა მოხდა, თქვენი სახელები ხომ არც მიხსენებია!
    ძალიან მენატრებით.
    გეხუტებით!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები