ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზღაპრადმოსული
ჟანრი: პროზა
3 მაისი, 2015


მადლენა

      ღამით მოკლაო მადლენამ...საკუთარ ლოგინში, ჩვეულებრივი დანით მოკლაო...როგორც ბევრი სხვა, ეს დღეც ჩვეულებრივად გათენდებოდა ამ პატარა ქალაქის , პატარა უბანში, რომ არა ეს შემზარავი ამბავი.
  მზიანი დილა იყო. წინაღამის ნაწვიმს იშრობდა მიწა და სასიამოვნო სუნის მქონე ორთქლად ადიოდა ზევით. სახლთან უამრავი ცნობისმოყვარე შეგროვილიყო. დედაკაცები ვიშვიშებდნენ, მამაკაცები გმინავდნენ, ბრაზობდნენ, ბჭობდნენ, იბრალებდნენ და განიკითხავდნენ.
  სეირის მაყურებლები გვერდზე გავწიე და სახლში შევედი. მე, როგორც უბნის პოლიციელს, დამნაშავე უნდა დამეპატიმრებინა და შესაბამისი აქტიც შემედგინა. ოთახში სასმელის, სისხლისა და უბედურების სუნი იდგა. უშნოდ არეულ საწოლზე დასისხლიანებული გვამი და მის გვერდით უძრავად მჯომი მადლენა დამხვდა. წინააღმდეგობა არ გაუწევია, აუღელვებლად გამომიშვირა ხელები და ასევე აუღელვებლად გამომყვა განყოფილებაში. არასოდეს მინახავს ასეთი მშვიდი სახის დამნაშავე, მითუფრო მკვლელი.
      მადლენა, ორმოცდაათიოდე წლის ქალი. ისეთი ქალების კატეგორიას ეკუთვნოდა, ოცისაც და ორმოცდაათისაც ერთნაირად რომ გამოიყურებიან. მუდმივად ერთნაირი ვარცხნილობა, თითქოს თმა არც ეზრდება და არც ფერს იცვლისო. უღიმღამო ჩაცმულობა, იაფფასიანი ბაზრობების დახლებზე ნაყიდი ტანსაცმელი, შეცვლას რომ არ ექვემდებარება და ჩამქრალი, უინტერესო თვალები. სიხარულსაც და ტკივილსაც ერთნაირი ემოციით რომ გამოხატავენ. მშრომელი კი იყო ეს უფერული ქალი. დღენიადაგ საქმიანობდა. მზეს თვალები არ ჰქონდა ჯერ გახელილი, მადლენა რომ ჯამ-ჭურჭელს აჩხარუნებდა სამზარეულოში, მერე მაღაზიაში გარბოდა, საუზმე რომ მოემზადებინა ქმარ-შვილისთვის. სახლში დაღლილი, სამსახურისკენ მიმავალ გზას დაადგებოდა ფეხით და ახლა იქ განაგრძობდა მუხლჩაუხრელად შრომას. სამშობიარო სახლის სანიტარი იყო მადლენა, მუყაითი და უპრეტენზიო მუშაკი. არასოდეს აგვიანებდა, არც შვებულებას გამოიწერდა უმიზეზოდ, დალურჯებულ სახესაც არ მოირიდებდა და მაინც გამოცხადდებოდა სამსახურში. წესრიგისთვისა და მორჩილებისთვის იყო დაბადებული. დალურჯებული სახე ტყუილად არ მიხსენებია, ასეთები მრავლად იყო მის ცხოვრებაში. ხან ფეხი დაუცდებოდა და მაგიდის კიდეს ჩამოარტყამდა, ხან შემთხვევით მოუხვდებოდა რამე, რას ვიზამთ? დალევა უყვარდა ქმარს და...
  მადლენას ქმარი, მეუღლე, თუმცა კი ოჯახის უღელი მეტწილად მადლენას აწვა მხრებზე, ვიდრე მას. ვაჭრობაში არ გაუმართლა, ხელობაც ვერ ისწავლა, ტაქსის მძღოლობით კი როგორ არჩენ აბა ოჯახს? ბევრი რომ არ ვისაუბრო, ჩვეულებრივი კაცი იყო, კაცი იყო და ქმარი. დალევაცა და ლამაზი ქალების დევნაც თავის დროულად იცოდა. მადლენასთვისაც ბევრჯერ მიუტანიათ ენა ქმრის საქციელზე, თავისი თვალითაც უნახავს მოარშიყე კაცი, მაგრამ... 
    სამი შვილი ჰყავდა მადლენას, სამი ულამაზესი ქალიშვილი, განსაკუთრებით ნაბოლარა, "ნანატრი" სოფიო სჯობდა ყველას. აკი ყველაზე პატარა გაუთხოვდათ კიდეც. მხოლოდ მათ შემხედვარეს უნათდებოდა ქალს სახე. იმ დღესაც სოფიოს დაჟინებული თხოვნით შეიღება თმა და ახალი კაბაც იყიდა, ჩემს ქორწილში ლამაზი მინდა იყოო, სთხოვა შვილმა და უარი ვერ უთხრა. ვერც მას და ვერც ოჯახის ახლობელს უთხრა უარი, მხოლოდ ერთ ცეკვაზე. სამაგიეროდ კი ქმრის განრისხებული მზერა, აყალმაყალი და ჩხუბი მიიღო, ჩაშლილი ქორწილი და მტირალი პატარძალი.
  დანაშაულების უმეტესობა ღამით ხდება. ხშირად, მხოლოდ მთვარეა ხოლმე მოწმე,  ჩადენილი ქურდობისა თუ მკვლელობისა. მთვარეა ხოლმე მოწმე ბევრი ადამიანის უბედური ცხოვრებისაც. ბევრის საიდუმლოს ინახავს, ბევრის ჩივილს და სამდურავს ისმენს და დუმს, დუმს და არაფერს ამბობს. არც ამ ამბისა მითხრა რამე, ისევე როგორც მადლენამ არ თქვა არაფერი დაკითხვაზე, გარდა ერთი სიტყვისა: -დამიგვიანდა.

     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები