ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაგდალენა ბეი
ჟანრი: პოეზია
12 აპრილი, 2015


მეგობრის ხსოვნას

თუ იცი, ნეტავ, როგორი მეგობრობა იცოდი?
ან როგორი ღიმილი გქონდა?
თავგადახსნილი ქვევრივით მადლიანი,
შემოდგომასავით დალოცვილი,
გაზაფხულივით იმედიანი და ძარღვიანი.
ბარაქიანიც დაგქონდა გული...
ეგ უმადური წლები კი ვერადა ვერ დააპურე.
სად ეჩქარებოდათ?
სად გაგირბოდნენ?
ან რად იმტვრევდნენ იმ თავს და ცხვირ-პირს?
ან შენთან ყოფნას სხვა რა უჯობდათ?
სად ჯანდაბაში მიუყვებოდნენ ნაცრისფერ ბილიკს?
...
დაბერებულხარ, მართალი კაცის ბედ-იღბალო,
დაბერებულხარ!
გზებიც აგრევია.
ვის შეატოვე მაგ ბიჭის ღიმილი?
ეგ რა ცოდვა აგიკიდებია?
დაგცდენოდა და...
ერთი სიტყვა მაინც რომ დაგცდენოდა,
მაგ საქმეშიც შემოგიდგებოდა,
შენ საზიდს თავისი მხრებით აზიდავდა,
მაგრამ...აღარ არის.
მარმარილოს შეხიზვნია მისი ღიმილი.
იმ ქვას კი მართლა ქვის გული კი არა აქვს,
ვერადა ვერ უძლებს მკერდზე ამოტვიფრულ სიკეთეს,
თვალს ვერ უსწორებს გადაღეღილ საკინძეს
და სულ ბინდისფერ ყვრიმალებზე ასკდება
სიცივეზე გამობმული ლურჯი ძარღვები...
ყრუ ძახილი და ნაბიჯების ხმაც სულ შავ მიწად ეშლება ფეხქვეშ.
...
ჰეი, შენ, სულსწრაფო წუთისოფელო!
რა სულ თავდაღმართებში გივლია?!
განა გაუკვალავში დადიოდი, რომ
სულ არავინ გადაგეყარა?
ვინმე მაინც არ დაგემგზავრა,
პური რომ შენთან ერთად გაეტეხა,
ან სულ ტყუილი მუსაიფი მაინც გაება?!
იქნება, როგორმე დაეყოვნებინე!
იქნება, როგორმე დაეყოლიებინე!
იქნება...
იქნებ!
შენ რომ სადმე მაინც ჩაგემუხლა,
შენ რომ ცალი ფეხი მაინც აგეთრია,
აგე, მაგ ბიჭის სიკეთის მადლმა,
გაჭაღარავებას მაინც მოასწრებდა,
შვილებსაც მზერას გააყოლებდა,
ცოლსა და დედას შავ კაბას არ შეაკერინებდა,
ძმასა და მამას სიმწრის მუშტებს არ შეაკვრევინებდა.
არც თავს შეგაკლავდა.
ადგებოდა და თავის დროს დაელოდებოდა,
მაგრამ კეთილი ზღაპრები შუაღამემდე მთავრდებიან,
ლამაზი სიზმრები კი განთიადისას ფეხაკრეფით მიიპარებიან...
და მხოლოდ მზის და მთვარის ამბებმა იციან დანარჩენი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები