ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიჩელი
ჟანრი: პროზა
27 აპრილი, 2016


ქალის „შურისძიება”

ქალის „შურისძიება”
      (მოთხრობა- პოსტფაქტუმ)

ვიწრო, დანგრეული გზის გარდი-გარდმო ერთფეროვანი პეიზაჟები ჩუმად, მუნჯური კინოს კადრების სისწრაფით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. აწოწილი, ნაყოფგაცლილი ხეები ყოყმანს მოეცვა- შელეოდნენ თუ არა თავიანთ პეწდაკარგულ სამოსს. მოულოდნელად წვიმა წამოვიდა. წვრილი წვეთები ნემსებივით ესობოდა სიმჭკნარეშეპარულ ფოთლებს. კაცი მოეშვა, თითქოს ამ უსიამო  მოლოდინის გამართლებას ელოდაო. მინის საწმენდები ჩართო. მოიწყინა. ასეთ დროს ყოველთვის ბავშვობაში განცდილი ბებიამისის ძველი იმერული ხის სახლი აგონდებოდა, დამსკდარი შიფერით. ყოველი მორიგი წვიმა ძველი ტაშტებისა და ჯამების მომარაგებასა და სათანადო ადგილას განლაგებას რომ მოასწავებდა. სადღაც წაკითხული გაახსენდა, ტროპიკულ ქვეყნებში, სადაც ხშირი წვიმები იცის, მცხოვრებნიც მელანქოლიურები ყალიბდებიან, რასაც წვიმის მონოტონური და მოსაწყენი ხმა განაპირობებსო. მისი მხედველობის არეში ბებერი, აწოწილი ჭადარი ამოიზიდა. ყველასაგან მიტოვებული მარტოსულივით გამოიყურებოდა წვიმაში. ხემ მისი მოგონებანი ისევ ბავშვობის სადინარში გადააგდო. უცებ, ბინდში შეამჩნია, როგორ გამოეყო ჭადარს გამხდარი, ბეღურასავით გალუმპული გოგონას ლანდი და ხელი დაუქნია. არ უყვარდა შემთხვევითი მგზავრები და არც შეუნელებია სვლა, ისე განაგრძო გზა. ცოტა რომ გაიარა, ინანა, ამ წვიმაში როგორ დავტოვეო. მანქანა გააჩერა და უკუსვლით დაბრუნდა ჭადართან. ფანჯარას დაუწია და ხმამაღლა გასძახა:
  -უკაცრავად, გვიან შეგამჩნიეთ, თბილისისკენ მოდიხართ?
  -გოგოს პასუხი არ გაუცია, თავდაღუნული გამოიქცა მანქანისკენ. უკანა კარი გამოაღო და ჩაჯდა.
  კაცმა მანქანა დაძრა და მგზავრი სარკეში შეათვალიერა. ეს მისი ოცწლიანი მძღოლობის ჩვევა იყო.გოგო ლამაზი არ იყო, მაგრამ რაღაცნაირი, დასამახსოვრებელი თვალები ჰქონდა, საყვვედურით გამომზირალები.ჩვიდმეტი-თვრამეტი წლისა იქნებოდა, თუმცა სიგამხდრის გამო უფრო პატარად გამოიყურებოდა. ჩუმად იჯდა , გარინდებული, თავის საფიქრალს მისცემოდა, თითქოს კაცის არსებობა დავიწყებოდა.
  -როგორ უცებ გაგვიწვიმდა, თითქოს ღრუბელი არ ჩანდა და...- თქვა კაცმა, მხოლოდ იმიტომ, რაიმე რომ ეთქვა. თანამგზავრი არ გამოპასუხებია.
  -მერე როგორ დასცხო. რომ იტყვიან, ძაღლს ვერ გააგდებ გარეთო.- გააგრძელა ისევ.
  -მე არავის გამოვუგდივარ, თვითონ დავტოვე.- ხმა მტკიცე და გამომწვევი იყო.
  -რას ბრძანებთ, თქვენ არ მიგულისხმიხართ, უბრალოდ, გამოთქმაა ასეთი. მე ძველი კაცი ვარ და ძველი გამოთქმების ერთგული დავრჩი.
  -ერთგულება ადამიანებმა დიდიხანია დაივიწყეს. ძაღლებს თუ შემორჩათ.
  -თქვენ ასე ფიქრობთ?
  -დარწმუნებული ვარ.
  -ასე ახალგაზრდა და ასე კატეგორიული?
  -რატომ გიკვირთ?
  -რა ვიცი, კატეგორიულები უფრო გვიან ხდებიან, ახალგაზრდობა, როგორც წესი, გულუბრყვილობის ხანაა.
  -როცა შენს გულუბრყვილობას უნამუსოდ იყენებენ, სხვა არაფერი დაგრჩენია.
  -ვერ გავიგე, რაზე ამბობთ?- გოგონას არაფერი უპასუხია. ისევ გაირინდა.
  წვიმამ იკლო. გუბეებმა იმატა.
  პირველსავე შემხვედრ იაფფასიან სასადილოსთან გააჩერა მანქანა. უფრო იმიტომ, ამ უბრად მგზავრობისთვის რომ მოეღო ბოლო.
  -ხომ არ გვესაუზმა?
  -ჩემთვის ნუ შეწუხდებით, არ მშია.- ეტყობოდა, რაღაცის თქმა უნდოდა და ჭოჭმანობდა.
  -თუ რაიმე განზრახვა გაქვთ, შეგიძლიათ, ყოველგვარი შესავლების გარეშე.- გოგოს სახე რაღაცნაირი ნიშნისმოგების გამომხატველმა ღიმილმა დაფარა. კაცი დაიბნა.
  -ვერ გავიგე, რას გულისხმობთ?
  -იგივეს, რასაც თქვენ.
  -რამით ვგავარ შემთხვევით შემხვედრებზე მონადირეს?- სიბრაზის სიცილით დაფარვა სცადა  კაცმა.
  -არ ვიცი, ვის ჰგავხართ. თქვენ ყველა ერთმანეთს კი ჰგავხართ.
  -ნუთუ? რას მერჩით, ვერ ვხვდები.
  -არაფერი, უკან ხომ არ გადმოხვიდოდით?
  -რისთვის?
  -რა ვიცი, გავერთობოდით ცოტა.- გოგო ცდილობდა ვულგარულად გამოსვლოდა.
  -არა მგონია, ახლა ამისი დრო და ადგილი იყოს.- კაცი ძლივს ფარავდა გაოცებას ასეთი უცერემონიო შემოთავაზებისგან.
  -თქვენ რა, გეშინიათ?
  -არ მესმის, რისი უნდა მეშინოდეს?
  -რა ვიცი, კაცებს ასეთ დროს რა აშინებთ- გზიდან აყვანილისგან რაიმეს აკიდების, რამე შარის. თქვენ უკეთესად არ იცით.
  -არაფრის არ მეშინია. უბრალოდ ძალიან პატარა და უცხო ხარ ჩემთვის.- კაცის იერი ახლა უფრო შემწყნარებლური იყო.
  -კომპლექსი გაწუხებთ?- გოგო ცდილობდა ცინიკურად გამოსვლოდა. -თვალებზე გატყობთ, ერთი სული გაქვთ, როდის დამეუფლებით.
  -ვითომ? დავიჯერო, ასე კარგად იცნობთ მამაკაცებს?
  -საკმაოდ სერიოზული გამოცდილება მაქვს. ნურაფრის გეშინიათ, მოდით!
  კაცს უხერხულად გაეცინა.
  -დარწმუნებული ვარ, რაღაც იმპულსურ განცდას შეუპყრიხართ და მალევე გადაგივლით.
  -ყველაფერში ასე ხართ დარწმუნებული?
  -არა მგონია.
  -თქვენ ხომ საკუთარ თავში დარწმუნებული კასტა ხართ.
  -ვინ ჩვენ?
  -მამაკაცები.
-რას გვერჩით, ბატონო?!- კაცს ნერვებს უშლიდა გოგოს თავხედური ტონი. თუმცა სიტუაციის უჩვეულობა რაღაცნაირ ინტერესსაც უღვივებდა. პატარა გოგონებისადმი სექსუალურ ლტოლვას  არასოდეს შეუწუხებია, თუმცა მორიგი, ახალი პარტნიორისადმი მარადმამაკაცური ინტერესი მაცდუნებლად უღიტინებდა მისი ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს. ერთი მხრივ, არაფრით სურდა ამ ტუტუცი გოგოს გაუგებარ ახირებას აჰყოლოდა. მეორე მხრივ- იმასაც ხვდებოდა, თავს დიდხანს ვერ დაიჭერდა. მისგან დამოუკიდებლად ტვინიდან გასხლეტილი და ხერხემალ გავლილი იმპულსებით მგრძნობიარე ორგანო თანდათან უმკვრივდებოდა. იგრძნო, როგორ აუკანკალდა მუხლები. მიხვდა, დაძაბულობას ვერ მოიხსნიდა. მანქანა გზიდან უსაფრთხო ადგილას გადააყენა, გადმოვიდა და უკანა კარი გამოაღო. გოგონამ მორჩილად ჩაიჩოჩა. ორივე დუმდა.
  -რა გინდა ჩემგან, ვერ ვხვდები! დავიჯერო, ასე მოგწონს ასაკიანი მამაკაცები? ვერ ვიხსენებ, შევხვედრივართ ოდესმე მე და შენ?- იკითხა ბოლოს კაცმა.
  -არასოდეს.
  -მაშ რა მოგივიდა?
  -იქნებ მე პირველსავე შემხვედრთან მაწყობს.
  -და იქნებ მე არ მაწყობს, პირველივე შემხვედრი ვიყო, ამაზე არ გიფიქრია?
  - დამიჯერეთ, გთხოვთ, თქვენ ჩემგან არანაირი პრობლემა არ გემუქრებათ!- გოგოს ხმაში გამაღიზიანებელ ტონს მუდარის ინტონაცია ჩაენაცვლა.
  -და თქვენ?
-ჩემზე ნუ დარდობთ!- გოგონას ეტყობოდა, ჩქარობდა. კაცმა, რომლისთვისაც უკვე ყველაფერი სულერთი გამხდარიყო და საბოლოოდ დანებებოდა ინსტიქტების ჭირვეულობას, წელზე მოხვია ხელი და მიიზიდა. გოგონა უხალისოდ დაჰყვა, მაგრამ დაძაბულობაზე ეტყობოდა ნერვიულობდა. კაცი პირველად იყო ასეთ გაურკვეველ სიტუაციაში. მანქანის სალონში ეროტიკული თავგადასავლებისთვის შეუფერებლად მიაჩნდა თავი, თუმცა ეს ექსტრემალური მდგომარეობა მის ვნებას ამძაფრებდა. ხელი პარტნიორის საკინძის ღილებისკენ წაიღო. გოგო შეიშმუშნა:
  -თუ შეიძლება, ასე ნუ რა, გთხოვთ! სავარძელზე გადაწვა, შარვალი სწრაფად გაიხსნა, ტრუსთან ერთად მუხლებს ქვევით ჩაიწია და უხერხულად, დემონსტრაციულად გაშალა ფეხები. კაცმა თვალი აარიდა მის ბოქვენზე მოდებულ მკრთალ ღინღლს. „მიძალებული ლუკმა” არ ხიბლავდა. საკუთარ თავზე მოსდიოდა გული. ვერ გაეგო ასეთი უსიტყვო კაპიტულაციის აზრი, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრი აღარ შეეძლო, მთლიანად სურვილს დაერია ხელი...
  გამვლელი მანქანების ფარებიდან ასხლეტილი შუქის ნაკადები რიტმულად სერავდნენ სიბნელის უბეში შეყუჟული ავტომობილის სალონს. როცა გოგოს თავშეკავებული კივილი აღმოხდა, კაცი გაოგნდა. იგრძნო, როგორ უგემურად გათავისუფლდა დაჭიმულობისგან. ის რომანტიულ ურთიერთობებს ანიჭებდა უპირატესობას, ნაუცბათევი სექსი ყოველთვის ასეთ იმედგაცრუებას უტოვებდა და პარტნიორის მიმართ საოცარი გულგრილობა ეუფლებოდა. საკუთარი თავის მიმართ ზიზღი იგრძნო, წამოდგა და ისე, რომ სახეზე არ დაუხედავს, მანქანიდან გადავიდა. შორიახლო ქვაზე ჩამოჯდა და სიგარეტს მოუკიდა. წვიმის წვეთები ზანტად წყდებოდნენ შემჭკნარ ფოთლებს. ზევით მიმავალ სიგარეტის ბოლს მისჩერებოდა. მანქანის კარისკენ ჰქონდა ყურადღება მიპყრობილი, მაგრამ კარის გაღების ხმა იგვიანებდა. . შეწუხდა, სიგარეტი გადააგდო. მანქანასთან მივიდა და კარი ოდნავ გამოაღო. გოგონა ისევ იწვა, ოღონდ გრძელი ჟაკეტის კალთა მუხლებამდე ჩამოექაჩა. ერთხანს ასე იყვნენ მდუმარედ.
  -ცუდად ხომ არა ხარ?- იკითხა ბოლოს.
  -არა, არ ინერვიულოთ.- გოგოს აქამდე გამომწვევ ხმას უმწეობა შეჰპარვოდა. კაცმა ინანა, ასე იოლად დამყოლი რომ აღმოჩნდა ვიღაცის მისთვის გაუგებარ განზრახვებში. ეჩვენებოდა, რომ ბრმა იარაღად გამოიყენეს. თავს შეთქმულების უნებურ მონაწილედ თვლიდა, რომლის შესახებ არაფერი უწყოდა. თუმცა ეს იდუმალება მის თვალში გოგოსადმი ინტერესს აღვივებდა, მაგრამ არასექსუალურს. საჭეს მიუჯდა და მანქანა დაძრა. გოგო ნელა წამოჯდა, მოწესრიგდა და ჟაკეტში  გაეხვია, ისე, რომ სახეც არ უჩანდა. კაცი თავს იმტვრევდა, რაზე შეეძლო ელაპარაკა ასეთ დროს, მაგრამ ვერაფერი მოესაზრებინა. მასში სინდისის ქენჯნისა და გაბითურების განცდის საზიზღარი ნაზავი ალუფხულიყო. ეჩვენებოდა, რომ სადღაც, სხვენზე მიგდებულ წიგნში  მოთხრობის ფინალს გადააწყდა, რომლის წინა- ძირითადი ნაწილი მიზანმიმართულად ამოეხიათ.  ამასობაში შეამჩნია, უკვე დიღომს გასცილებოდნენ.
  -სად გნებავთ?-ესღა მოახერხა.
  -ცოტა წინ და გეტყვით.- ხმა სადღაც შორიდან ისმოდა. კაცმა თავი მიიბრუნა. გოგონას თვალები ახლა უფრო ღრმად და სევდიანად გამოიყურებოდა.
  -თქვენს მობილურს ხომ არ დამიტოვებდით?- იკითხა უნებლიედ, უფრო ჩვევის გამო.
  -რა საჭიროა. თქვენი მისია უკვე შესრულებულია.აქ, სადმე გამიჩერეთ- მეტროსთან!
  -სახლამდე მიგიყვან.
  -არ მინდა, გმადლობთ!- ეს მადლობა შეთავაზებისთვის იყო თუ „მისიისათვის”, კაცმა ვერ გაიგო. მანქანა შეაჩერა. ჩათვალა, რომ გამოთხოვებამდე რაღაც უნდა ეთქვა.
  -ვწუხვარ, რომ ასე...
  -არ არის საჭირო!- შეაწყვეტინა გოგომ. სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან, კარი მძიმედ მიაჯახუნა და ფეხარეული გაემართა ტროტუარისკენ.

      2015, X

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები