ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
1 ივნისი, 2016


გზა მონასტრისკენ ( თავი VII )

მშვიდობა - ცივილიზაციის სიკეთეა,
ომი კი - მისი დანაშაული.

                                      ვ. ჰიუგო

                                                                                                    ***

დასასრული თითქმის ყველაფერს აქვს, გარდა სიყვარულსა, ამის დიდად მწამს. სრულდება სიცოცხლე და მასთან ერთად ჩვენი ყოფაც. სიყვარული კი ისაა, რაც იარსებებს მანამ, სანამ ვარსებობთ ჩვენ და მის შემდეგაც. დასრულებით კი სრულდება იმ ადამიანების ცქერით ტკბობა, რომლებიც სიცოცხლეში ასე გვიყვარდა. რადგან ჩვენ ვტოვებთ ამ სამყაროს, ისინი კი ისევ იქ რჩებიან ან პირიქით, ისინი გვტოვებენ ნაადრევად. ცხოვრება კი მშვენიერია იმ გადმოსახედიდან თუ რა გზას დავადექით თავის დროზე და თუ მიგვიყვანა ამ გზამ იმ ბედნიერებამდე საიდანაც უკან მოხედვისას, ღრმად ჩასუნთქვის შემდეგ ვიტყვით, რომ ცხოვრება მართლაც მშვენიერია. მე - სანდრო ტაბატაძე იმის მიუხედავად, რომ სიკვდილს თვალებში ჩავხედე და მაინც აქ ვრჩები, ვამბობ, რომ თუ ჩემი სიცოცხლე შესაძლო იყო, რომ დასრულებულიყო იმ დაბობმბვისას, მაშინ  მე ბედნიერი კაცი ვარ იმ გზით რომლითაც ვიარე. არაფერს არ შევცვლიდი ჩემი ცხოვრებიდან, რადგან თუ მე ვარ ასეთი, როგორიც ვარ, ესე იგი ეს ყველაფერი აუცილებელი იყო ჩემს ცხოვრებაში და მოხდა კიდევაც.
  თუმცა, სად ვარ ახლა? 
ჩემს ფიქრებში... რა თქმა უნდა...
  მე ერთ-ერთი სამხედრო ჰოსპიტალის, ასევე ერთ-ერთ პალატაში ვარ საწოლს მიჯაჭვული და გონს, ჯერჯერობით არ მოვსულვარ. ვცდილობ, მაგრამ ამაოდ. მესმის პალატაში პერსონალის ხმა. მნახველთა იმ ნაკადის საუბრებიც, რომლებიც თავიანთი ახლობლების სანახავად არიან მოსულნი. მესმის თუ როგორ გადაადგილდებიან გაუჩერებლივ აქეთ-იქით. იმ ექიმების სუნთქვაც, ჩემს საწოლთან, რომ ჩამომსხდარან დროებით. მე კი ასე ვარ, ჩემს გონებაში მოხეტიალე. ფიქრებით კი ყველას ვესაუბრები. "ნუ ნერვიულობთ! მე აქ ვარ და მესმის თქვენი, უბრალოდ მადროვედ - თქო". ისინი კი უიმედოდ ამოიოხრავენ და ასე უშედეგოდ გაცილდებიან ჩემს მდუმარე სხეულს. 

                                                                                        ***
-გონს მოდის.
-რაა?
-ექიმს დაუძახეთ! 
-მიმიშვით!  - თქვა პალატაში შემოსულმა ექიმმა და ექთანი გვერდზე გასწია. - დაბრუნებას გილოცავთ, სანდრო...

ქუთუთოები ნელა ავწიე, თუმცა პალატაში შემოსულმა დღის სინათლემ, წამით თვალი მომჭრა. ოთახს მდუმარედ გადავხედე რის შემდეგაც, ექიმს მივუბრუნდი:
-სად ვარ?
-გორის სამხედრო ჰოსპიტალში, უკვე ორი დღეა.
-ბიჭები სად არიან? 
-თქვენ თავის სერიოზული ტრამვით შემოგიყვანეს აქ, უნდა დაისვენოთ.
-სად არიან მეთქი? - საწოლიდან წამოწევა ვცადე, რაზეც ექიმმა მხარზე ძლიერად მომიჭირა ხელი და ისევ იგივე მდგომარეობაში დამაბრუნა.
-სანდრო, თქვენი ადგომა ჯერ ნაადრევია. აჯობებს წინააღმდეგობას თუ არ გაგვიწევთ და...
-ექიმო თქვენთვის აჯობებს მითხრათ, სად არიან?! - უეცრად თავბრუ დამეხვა და ბალიშზე მძიმედ ჩამოვდე თავი.
-ყველაფერი კარგად იქნება. ლიკა! -ექთანს გახედა ექიმმა. ის კი, უკვე წინასწარ გამზადებული დამამშვიდებელი ნემსით გამომეცხადა საწოლთან.
-ომი დასრულდა სანდრო, მშვიდად იძინე! 
                                                                                                                        *** 
დიახ, ომი დასრულდა თუმცა მტერმა გვაჩვენა, რომ ის ბრუნდებოდა იმ გეოგრაფიულ სივრცეში საიდანაც 90-იანი წლების დასაწყისში, "საბჭოთა კავშირის" დაშლის შემდეგ გამოვიდა. საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, მათი იდეოლოგიის მიმდევრებისათვის, 21 საუკუნეში მომხდარი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო და რომ ეს მათი სახალმწიფო ცივილიზაციის აღდგენის ჭეშმარიტი დასაწყისი იქნებოდა. მოწინააღმდეგეების პირისპირ დარჩენილი საქართველო კი, კვლავ ცდილობს საკუთარი ადგილი მოძებნოს მსოფლიოს რუკაზე. დანარჩენი კი უბრალოდ ღმერთის ნებაა, გაგრძელდება თუ არა ორ მართმადიდებელ ქვეყნებს შორის კონფლიქტი, რამაც ამდენი ახალგაზრდა კონფლიქტის ზონაშივე დატოვა უსიცოცხლოდ. გამოუცდელი ვაჟკაცები, რომლებისთვისაც ფრონტზე პირველივე გასროლილი ტყვია გახდა საკმარისი, მათი ხელყოფისათვის. მხოლოდ 5 დღე იმისთვისაც, რომ დასრულებულიყო ახალგაზრდა, ენერგიით აღსავსე ბიჭების ყოფა, ამ მუდმივად ტანჯულ მიწა-წყალზე...
და მე?!
მე ისევ ჰოსპიტალში ვარ და ისევ იმ პალატაში. გარკვეული დროის შემდეგ კომატოზური მდგომარეობა დასრულდა და მეც ნელ-ნელა გონს მოვედი. თავიდან გამიჭირდა აღქმა რაღაც-რაღაცეების, თუმცა იქაური პერსონალის დაუღალავი ყურადღებითა და თანადგომით, დავუბრუნდი ჩემს დღევანდელ დღეს. დაუკავშირდნენ ჩემს ოჯახსაც და მომდევნო დღეს ისინიც ჩამოვიდნენ. პალატიდან გარკვევით მესმოდა მშობლებისა და მეგობრების საუბარი ექიმთან. ცდილოდნენ, რომ ყველას შესძლებოდა ჩემი ნახვა, რაც თითქმის შეუძლებელიც  კი იყო. ექიმმა მხოლოდ ილოსა და დედაჩემს დართო ნება და აი! ისინიც გადმოცდნენ კარების ზღურბლს. დედა ძალიან შეცვლილი იყო, სახე ისეთი ფერმკრთალი ჰქონდა, რომ სიცოცხლის არანაირი ნიშან-წყალი არ ეტყობოდა. თვალის უპეებთან კი, უძილობისა და ნერვიულობისაგან მუქი ფერი გასჩენოდა. ცდილობდა ცრემლები დაემალა ჩემთვის, თუმცა ცოცხალი შვილის დანახვისაგან გამოწვეული ემოციები, სჯაბნიდა მის სიმტკიცეს. ასე, ილოზე ხელის დაყრდნობით მომიახლოვდა და მაგრად ჩამიკრა გულში. "სანდრო, შვილო, სანდრო ბიჭო,"- იმეორებდა დაუსრულებლად. წუთით ამომხედავდა ხოლმე,  აკანკალებულ ხელებს სახეზე მომისმევდა და კვალავ მიკრავდა გულში. შემდეგ ჩემივე თხოვნით სკამზე ჩამოჯდა, თუმცა ხელი მაინც არ გაუშვია. კოცნიდა და თან სახით ეფერებოდა მას. წამით არ მაშორებდა თვალს და თითქოს არც კი სჯეროდა ჩემი დაბრუნება. გარკვეული დროის შემდეგ ოდნავ წამოვიწიე და შუბლზე ვაკოცე:
-მე დავბრუნდი დედა, დასრულდა. მე აქ ვარ, ხედავ? აქ...
-სანდრო ... -განაგრძობდა ის.
შემდეგ, ილო გადმოიხარა ჩემსკენ, გადამკოცნა და თან კარებისკენ მანიშნა.
-დაბრუნებას გილოცავ, სანდრიკ, ჩემო ძმაო.
იქ კი გიო დავინახე, ყავარჯნებით. ჩუმად მიღიმოდა შორიდან, ხოლო ექიმის გაუჩინერების შემდეგ, დიდი წვალებით, ნელ-ნელა მოუახლოვდა საწოლსაც.
-სანდრიკ... 
-გიო, ეს პერიოდი აქ იყავი? -ვკითხე მას.
-ხო, სანდრიკ, მაგრამ შენ გონს იშვიათად მოდიოდი. ერთი-ორჯერ ვიყავი და ვერც კი მიცანი.
-არ მახსოვს...
-ასე იყო, ასე.
-ფეხზე მალე დადექი რა! -მითხრა, ილომ და თან, გიოს გახედა - ნახე ძმა, როგორ დაჰქრის ყავარჯნებით?! -რაზეც ყველას გაგვეცინა.
-ექიმი რას იძახის? - ბიჭებს შემოგვხედა დედამ.
-24 საათის განმავლობაში დავაკვირდებითო -წამოიწყო გიომ -თუ არაფერი არ შეიცვლება, მაშინ ხვალ შუადღისას გამოწერენ.
-შენ გაიხარე შვილო! ჩემი ვაჟკაცი ბიჭები...

მალე ექიმიც გამოჩნდა პალატაში, რის შემდეგაც პალატის დატოვება მოუწიათ ჩემებს. დედამ მშვიდად გამიშვა ხელი და ნელი ნაბიჯებით კარებისაკენ დაიძრა, გზად კი ცრემლებს იმშრალებდა. ბოლო მათ, გიო მიჰყვებოდა როდესაც მას დავუძახე:
-გიო... 
ის მოტრიალდა, რაზედაც ექიმი გაშლილი ხელებით შუაში ჩაგვიდგა .

-საკმარისია მეგობრებო. ბიჭს დასვენება სჭირდება.
-ექიმო -შევხედე მას - მხოლოდ ერთი წუთი...
-სანდრო...
-გთხოვთ! ერთი წუთი, მხოლოდ...
მან უკმაყოფილოდ გამოგვხედა ორივეს და ულაპარაკოდ გაგვცილდა. ისევ გიოს მივიბრუნდი.
-მომიახლოვდი!
გიომ ყავარჯნები იქვე საწოლის თავთან მიაყუდა და სკამზე ჩამოჯდა.
-დანარჩენები სად არიან? - ჩავეძიე მას და პასუხის მისაღებად თვალებში ჩავაშტერდი.
-ლევანი გადარჩა, თუმცა სხვა ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ჩვენც ქართველმა ჯარისკაცებმა გვიპოვეს, საგუშაგოს მისადგომებთან უგონო მდგომარეობაში."რუსკის" კვალი დაბომბვის შემდეგ იკარგება, არავინ იცის თუ სადაა?
-დანარჩენები?
-აჯობებს ახლა...
-მე უნდა ვიცოდე, გიო.
-ისინი დაბომბვისას დაიღუპნენ, სანდრიკ...
-მეთაური, სხირტლაძე, მაგომედოვი?! - ვიმეორებდი მე
-ყველანი, სანდრიკ, ყველანი დაიღუპნენ. საგუშაგოზე ცოცხალი არავინ გადარჩენილა. - ამოიოხრა მან, რაზეც მე თავი გადავატრიალე და...
-გასაგებია.
პაუზის შემდეგ, გიო წამოდგა და ასევე უჩუმრად დატოვა პალატა. მხოლოდ სამი გადარჩენილი, ჩვენი ბრიგადიდან და მხოლოდ რამოდენიმე დღე, ყველაფრის გასაქრობად. პასუხი მძიმე მოსასმენი გახლდათ ჩემთვის, თუმცა უნდა გამეგო.
შემდეგ ისევ ჩამთვლიმა.
                                                                                                                        ***

  "მაგალითის გარეშე ვერაფერს შეისწავლი" - გზად, კომენსკის ამ გამონათქვამზე ვფიქრობდი და მახსენდებოდა "რუსკი". ნეტა იმ ცხოვრებისაულმა მოვლენამ რომელსაც ომი ერქვა, მისცა მას მაგალითი იმის, რომ ის ცოცხალი გადარჩა, თუ ეს მართლაც ასეა, "რუსკის"თან დაკავშირებით, მაგალითი ან მიზეზი თუ რატომ, მაინც და მაინც ის და არა სხვა?! იქნებ იმიტომ, რომ მას ღმერთის ძიება ჰქონდა დაწყებული და გადარჩა კიდეც, ამ სულიერი ძიების გასაგრძელებლად. იქნებ უფალი მას სულ სხვა გზას უმზადებდა, რომელიც ომში ნამდვილად არ სრულდებოდა, თუმცა, სადაა "რუსკი"? ეს შეკითხვა არ მასვენებდა. ვგრძნობდი მის არსებობას აქ, ჩვენს შორის და მჯეროდა, რომ აუცილებლად შევხვდებოდით ერთმანეთს. იქამდე კი, მძიმე და დამქანცველი გზა გამოდგა გასავლელად. მანქანაში ხმა არავის გაუღია. მე კი გავყურებდი გზად ყველაფერს და რაც უფრო მეტ მანძილს გავდიოდით ქალაქისკენ, მით მეტი ისტორია იშლებოდა ჩემს თვალ წინ. გადამწვარი და მიწასთან გასწორებული სახლები. შუა გზაზედ მიტოვებული მძიმე ტექნიკა და ხალხის უმეტყველო თვალები. მარადიორების მიერ გაძარცვული მოსახლეობა და აშკარად დაწყებული კრიზისი. ეს ყველაფერი ვიხილე გზად და მივხვდი, რომ ყველაზე მეტი, კიდევ წინ მქონდა და ომის პერიპეტიები არ დასრულებულა "ნულის" საგუშაგოზე. ჩემთვის ომის აღქმა, ისევ გაგრძელდა ჰოსპიტალიდან გამოწერის შემდეგ.
  სახლმადეც ჩავაღწიეთ. მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ, ილო გამოემართა ჩემსკენ დასახმარებლად რაზედაც, მე...
-თავად შევძლებ - ვუთხარი და სახლის კიბეები დამოუკიდებლად ავიარე. შესვლისას უმრავი მეგობარი თუ ნაცნობი სახე შემომეგება. დიდ ბედნიერებას ვამჩნევდი მათ თვალებში და სათითაოდაც მილოცავდნენ, შინ მშვიდობიანად დაბრუნებას. მეგობრები, თანამშრომლები, ჯგუფელები და ა.შ. ყველანი აქ იყვნენ. საოცარად დადებითი აურა შეიქმნა, თუმცა ამ ყველაფერს რატომღაც ჩემზე დიდად არც უმოქმედია. გარკვეული დროის შემდეგ, ოთახში განვმარტოვდი მოსასვენებლად. დედამ, ნინისთან ერთად სამზარეულოში გადაინაცვლა და შეუდგნენ  კიდეც სამზადისს. უამრავი ადამიანი ტრიალებდა აქ და მაშინვე იწყეს სხვა და სხვა მოსაზრებების გამოთქმა ომთან დაკავშირებით. ჩემი განწყობა კი სადღაც გამქრალიყო. რომ არა ბიჭები სუფრასთან არც გავიდოდი. 
-სანდრიკ, როგორ ხარ? - ოთახში შემოვიდა ბესო, ილოსთან ერთად
-ნორმალურად.
-არ გამოხვალ? -თავის მოძრაობით მიმითითა სტუმრებზე.
-კი, გამოვალ.
-ასე ვერ იქნები სულ. - სკამი შემოატრილა და ჩემ წინ ჩამოჯდა, გიოც.
-ვიცი, ვიცი ხო...
-აბა რას აპირებ?
-გზა უნდა გავაგრძელო.
-ეგ როგორ? 
-აქედან წასვლა მინდა.
-ჯერ ეხლა არ მოხვედი?!
-ცოტა ხნით უნდა მოვწყდე აქაურობას, ხომ გესმით?!
-და სად, სად აპირებ?
-ჯერ არ ვიცი. ქალაქ გარეთ სადმე.
-მომისმინე, ჩემთან წაგიყვან გინდა?
-სად?
-სოფელში ჩემთან. ძველი სახლი გვაქვს იქ, დიდი ეზოთი. მშვიდი სიტუაციაა და მოგეწონება.
-ცხოვრობს ვინმე? -ვკითხე ილოს
-კი, ბაბუა მხოლოდ.
-სუფთა ჰაერი. ცოტა მოძლიერდები, სანდრიკ - იდეა მაშინვე აიტაცა, გიომ
-კაი, ეგრე მოვიქცეთ.
-კი სჯობს, დამიჯერე!
-ბიჭებო, სანდროს ეძახიან...
-სანდრიკ... -შემომხედა კარებთან მდგარმა, ბესომ და მეც წამოვდექი. 

-ესაც ჩვენი გმირი - გამოჩენის თანავე, ჭიქა ასწია სუფრის თამადამ და ყველას ყურადღება მაშინვე ჩემსკენ გადმოვიდა. დალევით ვერ დავლევდი, თუმცა ჭიქა მაინც ავწიე და თამადას გავხედე. რაღაცნაირად შევიბოჭე, რადგან მათი ეს მხიარულება ცოტა არ იყოს მეუცნაურა. ომი, ხომ ახალი დასრულებული იყო და ქალაქშიც მეტად მძიმე სიტუაცია სუფევდა.

-აბა რას გვეტყვი სანდრო? - მკითხა მან ღიმილ ნარევად.
-ვერ დალევს - გადაულაპარაკა ერთ-ერთმა სუფრის წევრმა.
-ერთი დაილოცოს კაცმა და თუ უნდა სულ ნუ დალევს, ვინ აძალებს? - შეუტია თამადამ და ისევ მე მომიბრუნდა. - აბა გისმენთ შვილო, რისი თქმა გინდა?

-დიახ! - მოულოდნელად სიბრაზე მომაწვა და თითქოს, შიგნიდან მახრჩობდა - მე შემიძლია მოგიყვეთ ახალგაზრდა ბიჭების ისტორია, რომლებიც ომში წავიდნენ და საბოლოოდ ფორმაც კი ვერ გაიხადეს საკუთარი ხელით, რადგან ისინი დახოცეს. მე შემიძლია მოგიყვეთ იმ ბიჭების ისტორიაც, რომლებმაც წლების განმავლობაში ბევრი ისწავლეს, იშრომეს, დაისახეს სამომავლო გეგმებიც თუმცა მხოლოდ 5 დღე გახდა საკმარისი იმისთვის, რომ მათი ოცნებები, მათთან ერთად გამქრალიყო. ზოგისთვის, 5 დღეზე ნაკლებიც კი. შემიძლია გითხრათ, მათი უკანასკნელი სიტყვები და გითხრათ თუ როგორი სულისკვეთებით ეჭიდებოდნენ მტრის თავდასხმებს. აი იმ ბიჭების ისტორია, რომელთაგანაც ზოგმა იარაღის გამოყენებაც კი არ იცოდა ნორმალურად, სროლაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. მათ ოჯახი და პატარა შვილები დარჩათ უმამოდ. ახალგაზრდა გოგოები, სულ რამოდენიმე დღეში, შავებში ჩაცმულ ქვრივებად გადაიქცნენ და რა? ეს გაინტერესებდათ? სწორედ ეს ყველაფერი ვნახე ჩემო მეგობრებო ამ ბოლო ხანებში, თუ ძალიან გაინტერესებთ, შემიძლია მათ ოცნებებზეც მოგიყვეთ, მაგრამ არა... თქვენ ეს არ გაინტერესებთ (ჩამეღიმა) მაშინ მე მომიტევეთ ყველამ, დალევით დავლევ -ჭიქა მაგიდაზე დავდგი და ხელი ზედ დავაფარე -თუმცა, დღეს არა... -შემდეგ კი უჩუმრად გავედი ოთახიდან. სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა სუფრის წევრებში და გაურკვევლობის თვალებით უყურებდნენ ერთმანეთს. 

-სანდრო, სად მიდიხარ, შვილო? - მკითხა დედამ, როდესაც დაინახა თუ როგორ ვაგროვებდი ჩემს ტანსაცმელს ჩასაბარგებლად .
-სანდრიკ, რა დაგემართა? 
-გზა უნდა გავაგრძელო...

           
 
                                                                                                          (გაგრძელება იქნება)







                     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები