ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
10 თებერვალი, 2018


კვალი

  ჯგუფელი მყავდა, სამუზეუმო ექსპონატი, აი, რომ დაინახავ ეგრევე მიხვდები, რომ ვიღაცა ჩვენი ცოდვით სავსემ ეს საწყალი ვაშლებისა და კომბოსტოს რიგებიდან შუაგულ დედაქალაქში ჩააგდო. თავი რომ ზომაზე დიდი და მრგვალი აქვს და წითელი ლოყები, ალბათ უჩემოდაც მიხვდით.  ვალერა  ჰქვია. არ სვამს, არ ეწევა, ქალებში არ დადის და საერთოდ, ცხოვრებაში არაფერი დაუშავებია. ვეღადავებით ხოლმე: უნივერსიტეტში რა გინდა, ეთნოგრაფიულმა უნდა გიყიდოს და ჩაგდგას სადმე ცენტრში. არ სწყინს, იმიტომ რომ ეს ამხელა მუტუკი ცარელა გულია.  ვალერა ის კაცია, რომელიც, ზუსტად იცი, რომ შენ თხოვნას არასდროს დაელოდება და, რომ დაგჭირდეს, საკუთარ სიცოცხლეს დაუფიქრებლად დასთმობს.
  ერთი ყელიანი, ნაქსოვი ჯემპრი აქვს, რომ უჭერს ეს გადაკეცილი საყელო, კიდევ უფრო დიდი ლოყები უჩანს.
-თუ ჩემი ძმა ხარ, გაიხადე რა ეგ ჯემპრი,- ეხვეწება ნიკუშა. 
  ერთხელ ბიჭებმა მოვილაპარკეთ:
-მოდი დავათროთ, აზრზე ხარ, ეგ რა როჟა იქნება მთვრალი?!
  ჰოდა, ავედით კოჯორში გიოსთან, ავიყოლეთ არყები და კიდევ რაც სჭირდება არაყს ყველაფერი, თავისი მჟავეებით, გაზიანებით, გოგოებით. ამ ძევოჩკებთან გაიასნებული გვაქვს, დავალება აქვთ, უნდა შეაბან და ვაჟიშვილობა დააკარგვინონ.
    დაიწყო სმა და ეს ჩიტუნები სულ გარშემო უვლიან ჟღურტულით, მაგრამ ზედაც არ უყურებს  ვალერა ამ აშხვართულ ნაშებს.
-იმპოტენტი ხარ, შე ჩემა?- იგუდება სიცილით ნიკუშა.
-არა, ადამიანი ვარ.
-რაა? ეს რა მოხია ჩემიიი? - მუცლები ხელით გვიჭირავს.
  4-5 ჭიქა აქვს დალეული და ვფიქრობთ გავაბით, გიო თვალს მიკრავს და მე „ვაიასნებ“ რაც ხდება და ტელეფონს ვრთავ, უნდა ვაბაზროთ.
-მერე, ბიჭო, ადამიანი რომ ხარ მანდ ვართ ჩვენც, შეხე რა ფეხები აქვთ, კისრიდან ეწყებათ ბიჭო, ვაფშე არ გევასებიან?
  ვალერა მთელი ტანით ბრუნდება და გასაყიდი საქონელივით ათვალიერებს გოგოებს თავიდან ფეხებამდე.
-კი, მომწონს, მართლა ძალიან ლამაზები არიან,- ამბობს მთელი სერიზულობით.
-მერე, ბიჭო? - ყელი მიშრება სიმწრით.
-მერე ის, რომ ცხოველს და ჩვენს შორის სხვაობა ისაა, რომ ცხოველი ინსტინქტს იკმაყოფილებს. ჩვენ კი გრძნობები გვაქვს. ახლა მე რომ ამ ლამაზ გოგოსთან დავწვე, რომლის მიმართაც არანაირი გრძნობა არ მაქვს, რა გამოვდივარ?
  კამერას ვთიშავ და ლაპარაკის უნარი აღარ მაქვს, ვეღარ ვაბამ სიტყვას სიტყვაზე, ვერაფერს ვპასუხობ. ვერც სხვები სცემენ პასუხს და მერე ამ ანგელოზებს ტაქსიში ვსხამთ  და ქალაქში გულდაწყვეტილებს ვუშვებთ. მიდიან და ჩვენ ვიწყებთ ნაღდ, კაცურ ქეიფს.
    ვალერა სვამს ყველა ჭიქას ბოლომდე და ჩვენ რომ თავები უკვე თეფშებში გვაქვს ჩაყოფილი, ის ჯერ ნიკუშას უჭერს შუბლს, მერე გიოს აწყნარებს, რომელიც რაღაც გაუგებარზე ბღავის და ბოლოს, რიგრიგობით მივყავართ საწოლებში. ღამე რამდენჯერმე ტელეფონის ფანრით  გვადგება თავზე და გვამოწმებს, ხომ კარგად ვართ, ვითომ ფრთხილობს, არ გაგვაღვიძოს, იმდენი მაგას რა ვუთხარი, ნამდვილი ველურია, ყველა კედელს თავს ურტყამს და დაბორიალობს წინ და უკან.
  დილით ზოგს სირცხვილი გვკლავს, ზოგს- პახმელია. მხოლოდ  ვალერაა  ისე, თითქოს არაფერი დაულევია. ღიღინ-ღიღინით დაბაჯბაჯებს ეზოში.  ჩვენ ხომ კამერებ მომარჯვებულები ველოდებოდით როდის დათვრებოდა,  ახლა ვალერა დადის ისე, ვითომ წუხელ აქ საერთოდ არ ყოფილა. სხვა კაცია, ეს ჩემი დიდთავა ძმაკაცი.
-მაგრად დავთვერით არა?- ეკითხება ნიკა.
-ისე რა,- პასუხობს და თავს ისე იჭერს, ვითომ წუხანდელი ჩვენი რწყევა და ლანძღვა - გინება საერთოდ არ უნახავს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერი გვახსოვს, თუ ჩემი ძმა ხარ ვის ავიწყება თავისი ჩასვრილი საქმეები, ყველას ყველაფერი ახსოვს მეორე დღეს, უბრალოდ ზოგისთვის აღარ მახსოვს, უდრის პასუხიმგებლობას ვიხსნი მომხდარზე. შიგნით, გულის სიღრმეში ყველამ ვიცით, რა ბებიაჩვენისასაც ვჭამდით.
  კიდევ ერთხელ გვაჯობა , როცა არ გამოიყენა შანსი და ამ ამბით სამაგიერო არ გადაგვიხადა. ვუყურებთ და ჩაფსმული ბავშვებივით ვეფარებით საკუთრ თავებს.
-ბიჭო, ასე ვეშაპივით თუ სვამდი, რას გვაბაზრებდი მთელი წელი ჰა? ერთი ჭიქა რომ ვერ დაგალევინეთ, - ეღრინება გიო და თავზე სველ პირსახოცს იხვევს.
-არ ვსვამ მე!
-ხოო,  ვალერა არ სვამს, ვალერა ყლაპავს,- ვითომ ხუმრობს ნიკა, - შე გამოშტერებულო, რას არ სვამ, იმდენი დალიე ერთ დალევაზე ჩვენ რომ მთელი წელი ვცოდვილობთ.
  აი, რაღაც ეგეთი ასაკი გვაქვს, ყველაფერი რომ გიხარია და გებლატავება, სადღაც ნაშას რომ ააგდებ კი არა და გვერდზე ჩაუვლი და მთელი კვირა რომ ყვები არმომხდარ ისტორიებს, სად იხიპიშე, რამდენ კაცს სცემე, რამდენს სვავ- ესეც ძაან სამარიაჟო თემაა, მაგრამ ამას ყველაფერი აქვს და არაფერს „ირგებს“, პირიქით ისეთი სახით ზის თითქოს ერცხვინება, რომ ჩაგვხოცა ამდენი ხალხი და თვითონ რომ, ვითომც აქ არაფერიო, ისე დადიოდა. ნაძლევს დავდებ, ვალერა ადგილაზე რომელიმე ჩვენგანი რომ ყოფილიყო, მთელი წელი იტრაბახებდა და სიმართლეს რამდენ ტყუილს მიამატებდა, ეგ კიდე სხვა თემაა.
-ბლატაობის ტრაკიც არა აქვს ამ საწყალს,- იფურთხება გიო და ძაან ცუდათაა, აი, რაღაც მწვანე ფერი ადევს.
-სმა საბლატაო არაა,- ისე ამბობს ვალერა, უფრო თავისთვის, ვიდრე ჩვენთვის.
-ბიჭო, აბა საბლატოა არაა, 10 ლიტრას რომ დალევ და ისევ ფხიზელი ხარ? - მოთმინებას ვკარგავ.
  ვალერი ბალახს აგლეჯავს წვერს და პირში იჩრის, ჩაფიქრებული და დაღონებული ზის, თავი დაუღუნია და პირდაფჩენილი ფეხსაცმელის წვერებს დასჩერებია.
-რა იყო, ბიჭო, გაგიტყდა? - მხარში ვარტყავ ხელს.
- მამაჩემი ლოთი იყო,- ამბობს სვენებ-სვენებით, დაფიქრებით,საცაა ატირდება,- ციროზით მოკვდა. ისიც მაგრად იტანდა ერთ დროს და მერე ვეღარ აიტანა. არა, სიკვდილის კი არ მეშინია, როცა სასმელს ვუყურებ,  სულ ის მახსენდება, 11-12 წლის ბავშვი სოფლის ბირჟაზე ჩაძინებულ მამას როგორ ძლივ-ძლივობით ვდებდი ხელის ტაჩკაზე და სახლში მიმყავდა, მიმყავდა და უკან ხალხის ხორხოცი მომყვებოდა. ეს ამბავი რომ მახსენდება გული მერევა და ... მირჩევნია წყალი ვსვა.
  ვდგავართ თავზარდაცემული, გადაფითრებულ სასტავი და ხმას ვერ ვიღებთ.
-ბიჭო, მამაშენი თუ... თუ გადაცვლილი იყო, არ ვიცოდით,- ძლივს ამომდის გამომშრალი ყელიდან სიტყვები.
  ეს იყო და ეს, მისთვის სასმელი აღარ შეგვითავაზებია კი არა და, მასთან ერთად დალევაც გვეხათრებოდა.
  ერთი დღეა და, ცუდი დრო იყო მაშინ,  ჭირდა. ყველა რაღაცას მამიმუნობდა, ყველა რაღაცას იპარავდა, ყველა თავისებურად ცდილობდა თავის გადარჩენას და ძარცვა და რამე მოსული პონტი იყო. ცუდი წლები იყო რა, ხოდა, ნიკუშამ ბებიამისის სახლის სარდაფში ალუმინის ქვაბები აღმოაჩინა. წავედით,  გამოვზიდეთ ჯამები, ქვაბები, ტაშტები, მერე რაღაც მავთულებიც ავხსენით ეზოს და ჩავაბარეთ. ფული გავტეხეთ, არ აიღო ვალერამ, გაიგიჟა თავი, სამყოფი მაქვსო. არა და რა აქვს, კაპიკებს უგზავნიდა დედამისი. რაღაცნაირი მურტალი დღე იყო, საკუთარ თავზე გვეშლება ნერვები, ამხელა კაცები ვართ და სიგარეტის ფული რომ ვიშოვოთ, ბებოს ნაქონ ქვაბებს ვჭეჭყავთ ქვით და მერე იმ ქვასაც ამ ქვაბები ვაყოლებთ, იქნება მეჯართემ ვერ დაინახოს და ესეც წონას მიათვალოს. ნიკუშა მაგარი მაიმუნი გვყავს, ასეთ დროს იცის ხოლმე, ისეთს იტყვის, გაგგუდავს სიცილით.
-ბიჭო, თუ რამე და კვალზე დაგვაჯდნენ, რა ვთქვათ? წინასწარ შევთანხმდეთ, ალიბი გვინდა.
-რა კვალზე? - წარბები მიხატულივით ასდის შუბლზე  ვალერის.
-მართლა ბებიაჩემი კი არ იყო, მოვიპარეთ და, თუ რამე, ერთ ამბავზე შევთანხმდეთ რა, მაგალითად, ვითომ ვალერასთან ვიყავით სოფელში.
  ვალერას ყვირილი აზანზარებს მინებს და მიმავალი მანქანიდან გვიხტება, ვეხვეწეთ, ვემუდარეთ და ვერ დავითანხმეთ რომ მანქანში ჩამჯდარიყო. მუცლები ხელით გვიჭირავს, ყველა ვერსია წარმოვიდგინეთ რას იზამდა, ეს რომ მართალი ყოფილიყო და პოლიცია დასდგომოდა.  ყველა ვერსია განვიხილეთ, ყველა, იმის გარდა, რაც ჩაიდინა.
  მოკლედ, ეს მართლაც გამოთაყვანებული, ღამის 4 საათზე წასულა, სახლიდან ცოცხი წაუღია და მართა ბებოს ეზო და მიმდებარე ქუჩები დაუგვია.
    გიორგი, მაგარი ფსიხია, ეკეტება მომენტებში, თავს ვეღარ იკავებს, ჭარხალივით უწითლება სახე და გადმოკარკლული თვალებით ღრიალებს:
-შე ქლიავოო, ამხელა მუტრიკი რომ დაენახე პოლიციას ღამის 4 საათზე, მინიმუმ ნარკოლოგიურში ან ფსიქიატრიულში ხომ წაგათრევდნენ!  რა ჩემ ფეხებად გინდოდა ცოცხი შუა ღამისას??
-კვალს ვშლიდი,- ამბობს დარცხვენილი. 
  ჰოდა,  ახლა რომ დავდგებით და მივედ-მოვედებით, ცუდი დრო იყო, მთელი თაობა გააფუჭაო, არაა, ძმაო, მართალი. დრომ კი არ გაგვაფუჭა, ჩვენ გავაფუჭეთ დრო, თორე, ჰაა, ვალერას მსგავს ნაღდ კაცებს რატომ ვერ მოსჭამა ფეხები?
  მაშინ, ეგ ამბავი რომ მოხდა, იმდენი ვიცინე, სიტყვის თქმა ვერ შევძელი, მერე კიდე მაგრად უტყდებოდა მაგას რომ ვახსენებდით, და  ახლა მინდა ვუთხრა: ვალერი, ძმაო, შე ჩემო თურაშაულისვაშლისლოყებავ, ეგრე აღარ მიქარო, თუ კაცი ხარ და შენი ნაფეხურების წაშლა აღარ სცადო, შენი კვალ დიდხანს უნდა ემჩნეოდეს ქალაქს. ისე, არ გეწყინოს და სამუზეუმო ექსპონატი მართლა ხარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები