ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნანა 1978
ჟანრი: პროზა
12 ოქტომბერი, 2018


ბავშვი N.107 (თავი I)

  შუადღის ცხელი მზე ნელ-ნელა ლღვებოდა ცაზე. მომწვანო-ოქროსფერი მინდორი გარინდებულიყო და მზეზე მოთმინებით ირუჯებოდა. ირგვლივ, სადაც თვალი მიწვდებოდა, სხვადასხვა გამაში სრული სიმწვანე გამეფებულიყო, ტყე ზურმუხტში ჩაძირულიყო, მინდორში ღია სალათისფერი-მოყვითალო ბალახი გამრავლებულიყო, მინდვრის და ტყის კიდესთან, საზღვარზე მუქი მომწვანო-ლურჯი ღვიის ბუჩქები იწონებდა თავს. გრილი სიო მოშორებოდა ზანტად გადაწოლილ, მძინერე  მინდორს, ანცად დახტოდა  ტყეში და ფეხებში ებლანდებოდა ბუჩქებს და ჭაობისფერ ხავსს. ჩიტები ფიჭვის წიწვებს ამოფარებოდნენ და მშვიდად ჟღურტულებდნენ,  ჭრიჭინები სასიამოვნოდ ზუზუნებდნენ  გახურებულ ბალახებში. ცად აზიდული, ბუმბერაზი მთები დაფიქრებით გადმოსცქეროდნენ ფეხებთან გართხმულ, მწვანე ოქროში ჩასმულ მრგვალ მინდორს,  შუაგულში უშნოდ ამოზრდილ შემხმარ ხეს; იქვე  გველივით მიიკლაკნებოდა მინავლებული მდინარე, მდინარის პირას მისვენებულ, გახურებულ ქვებზე ჩაძინებული ხვლიკები მზეს უფიცხებდნენ ჭორფლიან, გამობერილ მუცლებს, ირგვლივ მინდვრის ყვავილების,  ბალახების, აშმორებული წყლის და სიცხის სუნი ტრიალებდა.
    თეთრი, მსუბუქი ავტომობილი ნელი სვლით ჩამოსრიალდა ფერდობზე და მდინარის ჩადაბლებული ნაპირისაკენ აიღო გეზი, გზაზე მიმოყრილ ქვებს და ჩაღრმავებულ ადგილებს ოსტატურად უქცევდა გვერდს და წინ მიიწევდა, სანამ გასაჩერებლად მოსახერხებელი ადგილი არ იპოვა. მანქანიდან  მამაკაცი გადმოვიდა, კარები ღია დატოვა და მდინარის ნაპირს დაუყვა. საშუალოზე მაღალი იყო, თხელი აღნაგობა ჰქონდა, თუმცა სუსტი არ ეთქმოდა,  სხეულს ჯერ კიდევ ეტყობოდა ოდესღაც ნავარჯიშევის კვალი, ტანზე მსუბუქად ეცვა, ყავისფერი, მოკლესახელოებიანი მაისური დაუდევრად ჩაეჩურთა  მუხლებზე გადახეული ჯინსის მოკლე შარვალში, მხრებამდე ჩამოშლილი  ხვეული თმის ნაწილი მზის სათვალეებით უკან ჰქონდა გადაწეული, ნათელ, მაღალ შუბლზე  და ოვალურ სახეზე ანცად დასთამაშებდა  წაბლისფერი კულულები.
  მდინარის პირას ჩაიცუცქა და ირიბად, ქვეშქვეშად  გადხედა მანქანაში მჯდომ ქალს. ცოტახანს ჩუმად უყურებდა, მერე ირონიულად ჩაიღიმა, თავი გადააქნია და  მზის სხივებზე აციმციმებულ წყალზე გადაიტანა მზერა.
  მოგვიანებით მანქანიდან ქალიც გადმოვიდა.  ფრთხილი, მოზომილი ნაბიჯებით ჩაუყვა მდინარის ნაპირს. საშუალო სიმაღლის იყო,  სასიამოვნო გარეგნობის, ტანზე მჭიდროდ მომდგარი თეთრი კაბა ნათლად მოწმობდა მის უნაკლო აღნაგობას, გრძელი ქერა თმა კეფაზე შემოეგრაგნა, საყურეები თანაბრად მიჰყვებოდა შველივით მოღერებულ კისერს. გზად მომავალი რამდენჯერმე დაიხარა და მინდვრის ყვავილები მოწყვიტა.
  მამაკაცმა იგრძნო ქალის მოახლოება, გული  მოეწურა გარდაუვალი უსიამოვნო საუბრის მოლოდინში, გულის ჯიბიდან სანთებელა და სიგარეტი ამოიღო, ქალისაკენ თავი არც მოუბრუნებია, გახურებულ ქვაზე ისე ჩამოჯდა, ღრმა ნაფაზი დაარტყა, ნიკოტინი მახრჩობელა გველივით მოედო გულ-ფილტვს .
  -ნუ მოწევ, გავნებს-ქალის ნაზმა ჩურჩულმა ნარნარი სიოსავით ჩაუქროლა.  ფრთხილად ჩამოჯდა მის გვერდით, სიყვარულით შეავლო ნამტირალევი თვალები, გრძელი, თლილი თითებით გაუსწორა შუბლზე ჩამოშლილი ურჩი კულული.
  -მიფრთხილდებიი?-ჩაიღიმა ირონიულად.  -რომ მიფრთხილდებოდე, ამ სიურპრიზს არ დამახვედრებდი..- თავი აიქნია და მოსაფერებლად წამოსული ხელი აირიდა.
  უხერხული სიჩუმე საწვიმრად გამზადებული ღრუბელივით დამძიმდა და გაიწელა.
  -რას აპირებ?- ხმა  გაბრაზვოდა,  დაბალ ბარიტონს ბოღმა, შიში და მოუთმენლობა გამოერია.
  -რას უნდა ვაპირებდე? -ქალმა კითხვა შეუბრუნა ცოტახნის ფიქრის შემდეგ. 
  წუხანდელ ღამეზე ფიქრობდა. სასწავლებლიდან ადრე წამოვიდა, მარკეტში შეიარა და საღამოს ვახშამისათვის ყველა საჭირო პროდუქტი იყიდა,  გამოსასვლელში მინის კარადაში სასაჩუქრე, შესაფუთ  პატარა კოლოფებს მოკრა თვალი და უკან შებრუნდა. სანამ მანაქანაში ჩაჯდა, მოსაღამოვდა კიდეც და თბილისის ქუჩები ჭრელა ჭრულა მანქანებით გაივსო, მძღოლები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, გზას არ უთმობდნენ. საცობებით გავსებულიყო ძველი ქალაქი, ნახშირბადის სქელი ფარდა გადაკვროდა და სუნთქვის საშუალება აღარ იყო. საჭესთან მოთმინებით იჯდა და გზის გათავისუფლებას უცდიდა. მის წინ უშნოდ გახიდულიყვნენ მტვრიანი მანქანები. ლამაზ, თლილ თითებს რიტმულად უკაკუნებდა ტყავგადაკრულ საჭეს, მელოდიას აყოლებდა. სახლამდე ძლივს მიაღწია, ნაჩქარევად გადმოიღო მანქანის საბარგულიდან სავსე პარკები და ბინისაკენ გაემართა. სახლში შევიდა, ჩამრთველს აჰკრა ხელი და სამზარეულოში, მაგიდაზე სანოვაგე ფრთხილად დააწყო.  ტანსაცმელი გამოიცვალა, აბაზანაში შევიდა,  წყალი გადაივლო, თავისუფალი, სპორტული ტანისამოსი გადაიცა და ვახშმის სამზადისს შეუდგა. მაგიდა ორისათვის გააწყო, მოოქროული თეფშის გვერდით  მოგრძო, ოქროსფერი კოლოფი დადო. ის იყო მაღალფეხა ბროლის ჭიქაში სისხლივით წითელი ღვინო ჩამოასხა, რომ  კარზე ზარის ხმაც გაისმა და ღიღინ ღიღინით გაეშურა გასაღებად.
-გოგაა! დაიკივლა სიხარულით და შემოსულს კისერზე ჩამოეკიდა.
-მაცალე გოგო-  ჩაიბურტყუნა გოგამ, თუმცა სიამოვნებით შემოაჭდო წვრილ წელზე ხელები და თვალებში ყურადღებით ჩახედა.
-რაო, ახალი რა არისო? რაღაც საეჭვოდ და ეშმაკურად გიციმციმებს ეგ თვალები, როლზე დაგამტკიცეს?
ქალმა მკლავები მოაშორა.
-ნუ რა შუაშია ახლა ეს, კარიერის გარდა არაფერი არსებობს გასახარი?
ნაცრისფერი მოკლე პიჯაკი მზუნველად გახადა და საკიდზე ჩამოკიდა, ტყავის პორტფელი ჩამოართვა, იქვე, კარადაში შეინახა და სამზარუელოსკენ უბიძგა.
  მყუდრო, პატარა ბინა იყო, სულ ორი ოთახით, სამზარეულო, საძინებელი და მისაღები თანამედროვე, მსუბუქი თეთრი კარებებით უერთდებოდა საერთო შესასვლელს. ბინაში სისადავე და სიმყუდროვე იგრძნობოდა, პატარა ჟურნალების მაგიდაზე გვირილები ჰარმონიულად ერწყმოდა რძისფერ ლარნაკს.  ოთახებში ძირითადად თეთრი და ყავისფერი ჭარბობდა. სამზარეულო  თეთრი აკრილის პრიალა ავეჯით იყო გაწყობილი, ლამაზად გაშლილი მაგიდა თავსა და ბოლოში სასანთლეებით ოთახის შუაგულში იდგა.
-რა ხდება, დაბადების დღე მაქვს? სანთლები რაღა იყო ვითომ, შუქი არ გყოფნის? 
-აღარ გაჩუმდები? გაიბუტა ქალი, ტუჩები საყვარლად გამობუსხა და სკამზე ჩამოჯდა.
-მაპატიე, დაღლილი ვარ, გაუთავებელმა რეპეტიციებმა ბოლო მომიღო, მართლა მაპატიე..მოეხვია და საფეთქელთან აკოცა.
  გოგა ჯანაშია ცნობილი მსახიობი, უცოლო, 40 წლამდე, მუდამ ფორმაში იყო, მოზარდობის ასაკში ინტენსიურად ვარჯიშობდა სპორტდარბაზში და ალბათ მისი წყალობით, ჯერ კიდევ კარგად გამოიყურებოდა. სიმპათიური იყო, თითქმის ლამაზი მამაკაციც კი ეთქმოდა, განსაკუთრებით გრძელ, ხვეულ  თმას უფრთხილდებოდა და ბევრი მისი მეგობრისაგან განსხვავებით, ამაყობდა კიდეც. მუდამ  გემოვნებით იცვამდა, მისი ჩაცმულობა და ცხოვრების სტილი ყოველთვის განსჯის საგანი იყო და ბევრი ახალი დამწყები მსახიობისათვის მისაბაძ მაგალითად ქცეულიყო. ბაძავდნენ ყველაფერში, ჩაცმულობაში, საუბრის, სიგარეტის მოწევის თუ სიარულის მანერაში, სცენაზე მუშაობაში, გემოვნებაში. დედისერთა ბიჭი ბავშვობიდანვე გადამეტებულ მზრუნველობასა და ყურადღებაში იზრდებოდა, არაფერი არ აკლდა, არასდროს არ უნატრია ახალი სათამაშო, მობილური, მოგვიანებით ავტომობილი თუ ბინა... მუდამ თავს ეხვია თაყვანისმცემლები, არასოდეს არ აკლდა საშემსრულებლო როლი სცენაზე, თეატრსა თუ კინოში, მასთან ინტერვიუზე  ვამპირებივით დაგეშილი ჟურნალისტების მუდამ უსასრულო რიგი იდგა, ყოველთვის  ქონდა ფული და შესაბამისად ლამაზი ქალები მისი ემოციებისაგან დაცლილ ცხოვრებას მეტ-ნაკლები პერიოდულობით ალამაზებდნენ.  თავისი ქალების სახელებიც კი ერეოდა ერთმანეთში, თუ ძმაკაცი ვითომ შემთხვევით გაეხუმრებოდა, როგორ ხარ შე მექალთანეო, წარბებს გაოცებით აწევდა, გრძელი წამწამებით შემოჯარულ თვალებს ააფახურებდა და თავს იმართლებდა“ მე რა  მექალთანე ვარ, თვითონ მიხტებიან კალთაში“.
  ლამაზი დედა ჰყავდა გოგას, უსაზღვროდ განათლებული,  ამბიციური და თავნება ქალი იყო.  სიგარეტით ხელში, ამაყად დააბიჯებდა სალონებსა და რესტორნებში და საღამოს შეკრებილთ მუდამ თავს ამახსოვრებდა უცნაური გამოხდომებით. ხან მომღერალს ჩაეჩრებოდა და არცთუ ცუდად ჩაუღიღინებდა მისამღერს, ხან  ღვინით სავსე ფუჟერს მაღლა ასწევდა ნატიფი ხელით, გვერდზე მოისროდა მამასისხლის ფასად ნაყიდ ოქროსფერ ქურქს, სკამზე შედგებოდა რომელიმე თაყვანისმცემლის დახმარებით და სტუმრების გასაგონად სადღეგრძელოებს ლექსად ამბობდა.  უზადო, დახვეწილი გემოვნების მქონე, ასაკის მიუხედავად სულ მოდურად და ახალგაზრდულად იცვამდა, თანაბრად იხდენდა ოდესღაც უნაკლო,  ჭკნობაშეპარულ ტანზე როგორც სპორტულ ისე პოპულარულ ბუტიკებში სპეციალური შეკვეთით გამზადებულ, ძვირადღირებულ საღამოს კაბებს. გენების დამსახურება იყო თუ დედის მონდომების, ვაჟიც მისი სრული ასლი გახლდათ.
  საღამომ სასიამოვნოდ ჩაიარა, მშვიდად ივახშმეს, მხოლოდ  ერთჯერ დაარღვია იდილია მობილურის ზარმა. დედა ურეკავდა ქალიშვილს, დროულად მისვლას სთხოვდა, რაზეც დამაჯერებელი ხმით უპასუხეს, ამ ღამით დაქალთან დავრჩებიო.
  როდესაც  გოგამ ღიმილიანი და მოუთმენელი სახით მოგრძო, ოქროსფერი სასაჩუქრე კოლოფი  ფრთხილად გახსნა და  შიგთავსი ყურადღებით შეათვალიერა, თავად დარცხვენილმა, თვალები მოარიდა, ჭურჭლის ნიჟარასთან მივიდა და დასვრილი თეფშების გულმოდგინედ რეცხვას შეუდგა. ერთხანს მხოლოდ წყლის ხმა ისმოდა.
ნათლად ახსოვს,  როგორი ჩუმი სიხარულით ელოდა საყვარელი ადამიანის ზურგსუკან მოახლოებას, ჩახუტებას, კისერში კოცნას... გული მოეწურა ტკივილისაგან,  ცხელი წყის ქვეშ  გაშეშებული თითები გაუცივდა და აუკანკალდა.
მძიმე ნისლივით ჩამოწოლილი დუმილი კარების გაჯახუნების ხმამ დაარღვია, მოულოდნელობისაგან შეკრთა, შუშის გამჭვირვალე, ყვავილებიანი ჭიქა ხელიდან გაუსხლტა და ნიჟარის ფსკერზე ზღვის ბრჭყვიალა კენჭებივით მოეფინა.

  (გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები