ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თ.კომლაძე
ჟანრი: პოეზია
30 მარტი, 2019


თავისუფალი ქვეყანა

აი, ახლა კი საბოლოოდ დავრჩით ჩვენ მარტო,
რადგან სულ ბოლო მეგობარმაც დაგვტოვა
და გაეშურა ამერიკისკენ...
არადა გეგონა უფრო ადრე მოხდა ეს ყოველივე,
რომ დიდი ხნის წინათ დაუსვი საკუთარ თავს მარტოობის დიაგნოზი..
აი, თუნდაც მაშინ, როდესაც ცოლი გაგექცა.
ჰო, სწორედ იმ დილით,
როცა საწოლიდან და იატაკიდან წამოკრიფა მიმოფანტული სიყვარულის ნარჩენებიღა,
ბოლო ცრემლი და ბოლო ღიმილი დაგიტოვა კარსუკან...
ან თუნდაც მაშინ, როცა ძაღლი მოგიკვდა.
არა სიბერით,
არც რაიმე დაავადებით,
შენი ცხოვრებით დაღლილმა
საკუთარზე თქვა უარი...
მაშინაც ამას ფიქრობდი, როცა სამსახური დაკარგე.
კი, დიდი ხანი თავად გინდოდა მიტოვება,
თანაც სხვადასხვა,
ფილმში ნანახი
შთამბეჭდავი მეთოდით,
თუმცა ვერაფრით ვერ გაბედე
გეთქვა უარი საჭმელზეც ღირსებისათვის...
ხანდახან ისიც გეგონა
რომ მარტოობა
ბავშვიბიდან მოგსდევდა...
მას შემდეგ რაც შენ სახლიდან გაქცეულ მამაშენს გამოეკიდე,
კვალში ჩაგიდგა და უკან გექაჩებოდა.
შესაძლებელია,
რომ სიმართლესთან ყველაზე ახლოს
მაშინ იყავი,
როდესაც ბანკმა სახლი გაგიყიდა
და მამაშენის ქურთუკში გახვეულს,
შენი ძაღლის საფლავზე გეძინა,
ცოლის სურათთან ჩახუტებულს...
მაგრამ არა,
აი, ესაა მომენტი,
აი, ახლა კი, საბოლოოდ მარტო დავრჩით
ჩემო თავო,
რადგან სულ ბოლო მეგობარმაც დაგვტოვა
და გაეშურა ამერიკისკენ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები