მოქმედი პირები: ოსტატი - ავეჯის ლოთი რესტავრატორი; შეგირდი - ოსტატის შეგირდი, შრომისმოყვარე; პაველი - წითელარმიელი; კანტროლკა - შუასაუკუნეების დროინდელი ჯალათი; და სხვები.
შეგირდი სამუშაო მაგიდასთან თავაუღებლად მუშაობს. ოსტატიც იქვეა; ფიქრით გართული ბოლთას სცემს; უცებ, კედლის იმ წერტილთან შედგა, სადაც წინა დღეს პირველი სამუშაო დღის აღმნიშვნელი ნიშანი (იქსი) დასვა, მოიმარჯვა ფანქარი და ერთი იქსი მიამატა. - ესეც, ტელევიზიაში ჩვენი მოღვაწეობის მეორე დღე! - თქვა და, გაიზმორა. ის იყო ბოლთის ცემა უნდა განეგრძო, რომ კარებში შემოვიდა მეეზოვის ცოცხიანი, ახალგაზრდა, შავგრემანი გოგო. - ისევ კუდიანი მოვიდა! ვიცანი! - დაფრთხა ოსტატი, - ის ბაბა იაგას ქალიშვილია - ბაბა იაგა უმცროსი! - გამარჯობა! - თქვა სტუმარმა. - სულ გამარჯვებულმა იარეთ! - მლიქვნელურად გაელაქუცა ოსტატი, - სიმართლე გითხრათ, დღეს არ გელოდით! - გუშინწინაც ვიყავი თქვენთან, მაგრამ არ ბრძანდებოდით! - გუშინ დედათქვენი იყო ჩვენთან - დიდი პატივით მივიღეთ... - დედაჩემი? - დიახ, ცოცხი შევურემონტეთ! - დედაჩემი კანცელარიაში ალაგებს. - კანცელარიაში? - სახელმწიფო კანცელარიაში! - სახელმწიფო კანცელარიაში?! საწყლები... სტუმარი საამქროს თვალიერებით გაერთო; ოსტატმა დრო იხელთა და შეგირდს გადაუჩურჩულა: - სიტყვა „დალაგება“ ამათ ენაზე ხომ ხვდები რას ნიშნავს?! - რას? - არანაკლებ დამფრთხალმა კითხვა დაუბრუნა. - რას და... კღ!!! - კისერზე ცერა თითი გამოისვა. ისევ სტუმარს მიუბრუნდა. - ახია მაგათზე! მე თუ მკითხავთ, სახელმწიფო კანცელარიას მარტო დალაგება კი არა, გენერალური „უბორკა“ სჭირდება! სტუმარმა მხრები აიჩეჩა. - თქვენ რა გაქვთ დასალაგებელი? - ჩვენ არაფერი, გუშინ დედათქვენმა ისე საგულდაგულოდ „დაგვალაგა“, მეტი დალაგება აღარ გვჭირდება! სტუმარმა კიდევ ერთხელ აიჩეჩა მხრები. - ესე იგი, არ გჭირდებით?! - ჩვენ არა! კარგი იქნება თქვენ და დედათქვენი სახელმწიფო კანცელარიის გარდა პარლამენტსა და მინისტრთა კაბინეტსაც თუ „დაგვილაგებთ“! - რას მიედ-მოედები?! თუ დასალაგებელი არაფერი გაქვს, განცხადება რატომ მიეცი - დამლაგებელი მესაჭიროებაო?! გულმოსულმა სტუმარმა ცოცხის ტარი იატაკს დაჰრა და გასასვლელისკენ გაემართა. საამქროში დარჩენილებმა შეამჩნიეს, რომ სტუმარს ზურგზე მეეზოვის ემბლემა ეხატა - „ვარ ჩვენი ქალაქის მეეზოვე“; და ოსტატი მიხვდა, რაშიც იყო საქმე. - ქალბატონო, ერთი წუთით თუ შეიძლება, თქვენ ჩვენი ქალაქის მეეზოვე ხართ? - მე შენი ქალაქის პრეზიდენტი ვარ, აფერისტო! მეეზოვე ქალი თვალს მიეფარა. - ე, ბიჭო, დააბრუნე, უთხარი, რომ ვეხუმრე! შეგირდი მეეზოვეს დაედევნა. მარტო დარჩენილი ოსტატი შეგირდის სამუშაო მაგიდასთან ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო. - ტელევიზია ან ამაშენებს, ან მთლად დამაქცევს... - რაღაც ხანს დაჰყო ასე და უცბად, თითქოს სხვა ადამიანი გახდა, გაიბღინძა, სკამის საზურგეს აეკრა და ფეხები წინ გაშალა; ფეხები კი გაშალა, მაგრამ ვერ გაიმართა, რადგან შეგირდის მაგიდა და სკამი მცირე ზომისა იყო; წამოდგა და თავის სამუშაო კუთხეს მიაშურა. - ჩემი საკადრისი მაგიდა ესაა! - ჩაილაპარაკა, ჭიქაში არაყი ჩაასხა და გადაჰრა. შეგირდი და მეეზოვე საამქროში შემოვიდნენ. - გავიცნოთ ერთმანეთი, მე ოსტატი ვარ! „ბატონო ოსტატო“ - ასე მომმართე! - ბატონოს გარეშე რომ მოგმართო, ქვეყანა დაიქცევა?! - ნუ, კარგი, ეგრე იყოს - ვაფასებ უბრალოებას... თაგუნია! - რა თქვი? - რა და... არაფერი! - ვერ არის ეს კაცი! - ჩაილაპარაკა მეეზოვემ. ოსტატმა პირი შეგირდისკენ იბრუნა და გადაუჩურჩულა. - ამას ერთ წამში თაგვად გადავაქცევ, მაგრამ მე დამლაგებელი მჭირდება, თაგვი კი არა! - რას ჩურჩულებთ, თქვით რა გაქვთ დასალაგებელი და ხელფასი რამდენი მექნება?! - დასალაგებელი არც თუ ბევრი რამ გვაქვს - დღის ბოლოს მაგიდებს გადაწმენდ, იატაკს გამოგვი და სველი ტილოთი მოწმენდ. - ხელფასი? - ხელფასი? ხელფასი... როგორ გითხრა, ტელევიზიის კადრების განყოფილების უფროსთან ერთი ომი გადავიტანე, რომ ჩვენი საამქროსთვის დამლაგებლის შტატი დაეშვა. შენც არ მომიკვდე, ქვა ააგდო და თავი შეუშვირა - დამატებით მხოლოდ ერთი ან ორი დამხმარე მუშის აყვანა შეგიძლიაო და ისიც, დროებითო, სანამ ტელევიზიაში სარესტავრაციო ავეჯის რაოდენობა შემცირდებაო! ეს იმას ნიშნავს, რომ ხელფასი ჩემი ჯიბიდან უნდა გადაგიხადო. მოკლედ, ასე მოვილაპარაკოთ: დღეს დაალაგე, ამასობაში, მე ყველაფერს დავითვლი, საბუღალტრო ხარჯთაღრიცხვა მიჩვენებს, თუ რა თანხის გადახდა შემიძლია. მშვიდად იყავი, გულს არ დაგწყვეტ - მე ის კაცი არ ვარ, ვინმეს შრომა არ დავუფასო! - კარგი, სიტყვაზე გენდობი, ხვალ დილისთვის უკვე უნდა ვიცოდე ხელფასი რამდენი მექნება! - კეთილი! - ეშმაკურად ჩაიღიმა ოსტატმა. მეეზოვემ, უფრო სწორად, დამლაგებელმა, საამქრო დატოვა. მისი გასვლითანავე ოსტატს სახე შეეცვალა, მრისხანე გახდა. - ო, რა კაპარჩხანა ვინმე ჩანს... სანამ ახალ დამლაგებელს ვიპოვი იმუშაოს და მერე, თაგვად გადავაქცევ! - შეგირდს მიუბრუნდა, - საქმეს მიხედე... სეირს რომ მისჩერებიხარ, მიშკა! - მიშკა? - გაიოცა შეგირდმა. - ჰო, მიშკა! - მე რომ მიშკა არ მქვია! - მიშკა რუსულად თაგვს ნიშნავს! ამას ისე, უბრალოდ გეუბნები - შრომა რომ გიყვარდეს! აგე, შენი შესაკეთებელი რამდენი სკამი დაგროვდა, ნელა მუშაობ! ოსტატმა თავისი წილი „შესაკეთებელი“ სკამებიდან ერთი გამოარჩია, დინჯად შეათვალიერა, მაგიდაზე შედგა და დაზიანების იმიტაცია, ეგრეთწოდებული „საფირმო ნაკლეიკა“ ააფხრიწა. - დავიღალე... - სკამზე ჩამოჯდა, - ამდენი ერთად ცხოვრებაში არ მიშრომია! - თქვა და თავის თავს საუბარი გაუბა, - რა ცუდია, რომ ადამიანს ხელფასის დღე იშვიათად აქვს! ამიტომ, დამხმარე მუშებად ერთი-ორი მკვდარი სული უნდა ავიყვანო - თითოეულს თვეში ათ ლარს გადავუხდი, დანარჩენ თანხას მე ჩავიჯიბებ! ჩვენ ბუღალტერს შენზე ხელფასი ორასი ლარი ხომ დავანიშნინე, ჰოდა, იმ ორზეც იმდენივე დანიშნოს! მთავარია, დავაჯერო, რომ მუშახელი მაკლია - ჩემი მოკავშირე დამლაგებლის მეშვეობით ტელევიზიის მთელ ავეჯს ჩემი „საფირმო ნაკლეიკებით“ ავაჭრელებ! ორი „მკვდარი სულისგან“ თვიურად სამასოთხმოცი ლარი შემოსავალი მექნება! - მე რომ მითხარით, ბუღალტერმა ხელფასი თვეში ასი ლარი დაგინიშნაო?! - აღშფოთდა შეგირდი. - ასი ლარი კარგი ფულია! შენ შეგირდი ხარ, ორასი ლარი შეგირდისთვის იმდენად დიდი ხელფასია, რომ ასეთი თანხა სიზმარშიაც არ უნდა გესიზმროს! შეგირდმა მხრები აიჩეჩა, შემდეგ ხელი ჩაიქნია და მუშაობა განაგრძო. - მომინდომა აშენება... - ჩაიბურტყუნა ოსტატმა და შეგირდისაგან ფარულად კიდევ ერთი ჭიქა გადაჰკრა. მცირე ხნის შემდეგ, საამქროში შემოვიდა ახმახი, წელში მოხრილი წითელარმიელი, ხელში გაზეთის ნაგლეჯი ეჭირა და დაბნეულმა, თვალების აქეთ-იქით ცეცება იწყო. როგორღაც, საზარელი შესახედაობისა იყო ეს კაცი - ვარსკვლავიანი ქუდით, შინელით. შეშინებულმა ოსტატმა, რადგან გასაქცევი არსად ჰქონდა, თავი მოიმძინარა. წითელარმიელი მიუახლოვდება „მთვლემარე“ ოსტატს და მისი გაღვიძება სცადა, თუმცა ხელით შეხება ვერ გაუბედა. - Товарищ... Товарищ... (მეგობარო...) ოსტატმა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ამოიხვრინა... წითელარმიელი მას გაეცალა. ახლა შეგირდს მიუახლოვდა და გაუმართავი ქართულით მიმართა: - ამხანაგო, შენ „პადსობნი რაბოჩი“ გჭირდება? - ვინა? - ნუ, „რაბოჩი“, მუშა! - არ მჭირდება. - ეს განცხადება შენ მიეცი გაზეთში? - არაფერი ვიცი. ოსტატი მათ საუბარს თვალებმოჭუტული უსმენდა, განცხადების ხსენებაზე, თითქოს იმ წუთას გაეღვიძაო, გამოცოცხლდა, წითელარმიელი თავისთან მიიხმო. - სამსახურს ეძებ? - ხო! - ჩვენ, არც თუ იოლი სამუშაო გვაქვს! მითხარი, შეგიძლია თუ არა არაფრის კეთება? წითელარმიელი ვერ მიხვდა კითხვას, მხრები აიჩეჩა. - რა ვერ გაიგე, გეკითხები: შეგიძლია თუ არა მთელი დღის განმავლობაში არაფერი არ აკეთო? - შემიძლია! - ჰოდა, მოვილაპარაკეთ! შრომის წიგნაკი მომიტანე და ყოველი თვის ბოლოს ათი ლარი გარანტირებული გაქვს! - სულ არაფერი არ უნდა გავაკეთო? - სულ არა-ფ-ერი არ უნდა გა-ა-კე-თო! - გამოაჯავრა. - ოცი ლარი მომეცი და იმას გავაკეთებ, რისი გაკეთებაც ვიცი! - რისი გაკე-თ-ება იცი? - ტყვიამპრქვევით რვიანებს ვხატავ! - რვიანებს ხატავ? - ხო, რვიანებს ვხატავ! - მხატვარი ხარ? - სნაიპერი ვარ! - ესე იგი, სნაიპერი ხარ და რვიანებს ხატავ... - ტყვიებით! - მკაფიო რვიანებს? - მკაფიოს! - მერედა, ეგ მე რაში მჭირდება? - თუ კი ვინმე გაგაბრაზებს, დაგხვრიტავ! - მე დამხვრიტავ? - იმას დაგხვრიტავ, ვინც შენ გაგაბრაზებს! - აა, იმას დახვრიტავ?! - ხო, იმას, შენ არა! მე ქართულად ცუდად ვლაპარაკობ. - გასაგებია... ეგ საინტერესო წინადადებაა - ტყვიამფრქვევი მაჩვენე! - Мой пулемёт в музеи находится! (ჩემი ტყვიამფრქვევი მუზეუმშია) - ვკაკომ მუზეი? - საქარტველოს ოკუპაციის ვ მუზეი! - აბა, შენა ხარ... - Етат пулемёт и вправда мой! лична таварищ Будёни подорил! (ის ტყვიამფრქვევი მართლაც ჩემია, პირადად ახანაგმა ბუდიონმა მაჩუქა) - ოტკუდა ტი ზნაეშ ჩტო ეტა ტოტ პულემიოტ, კოტორი ტებე ბუდიონი პოდარილ, ჰა?! - Да там царапка стаит – „ЖАНА...“ и т.д.! (ზედ ამოჩხაპნილი მაქს - „ჟანა...“ და კიდევ რაღაც სიტყვა) - ჟანა? - ხო, ჟანა! - ჟანა ვინ არის? - ჟანა ჩემი საცოლე იყო! - ჟანა დარკი? - დარკი არა! Козликова её фамилия! (მისი გვარი კოზლიკოვაა) - კოზლიკოვა ჟანა? - ხო, ჟანა კოზლიკოვა! - არ გამიგია... - მხრები აიჩეჩა, - კარგი, ახლა ეს მითხარი: მუზეუმიდან ექსპონატს ვინ გამოგატანს?! - როგორ თუ ვინ, მე მაგათ ვაჩვენებ, როგორ უნდა კერძო საკუთრების დაუკითხავად ვ მუზეი გამოფენა! - შენ თვითონ ვინ ხარ, ასე რომ იმუქრები? - მე კორჩაგინი ვარ! - კორჩაგინი? - ხო, კორჩაგინი! - გამიგია... ოსტატმა ფიქრს მისცა თავი, შემდეგ წითელარმიელს თითით ანიშნა სკამი მოიწიე, მომიჯექიო. - ესე იგი, - ჩურჩულით წამოიწყო, - ტყვიამფრქვევს დაიბრუნებ და ვინც მე გამაბრაზებს... - დავხვრიტავ! - იცი რა, სიტყვა „დახვრეტა“ ყურს უხეშად ხვდება - XXI საუკუნეა... მოდი, ეს სიტყვა რამე სხვა სიტყვით შევცვალოთ! - ტკვიამფრქვევით „დავამუშავებ“! - მაგ ტერმინს ცოტა არა უშავს, მაგრამ... ეს „დამუშავებული“ ადამიანი რომ გადარჩეს და სამართალდამცავებთან გაიქცეს, გვიჩივლოს - სამუდამო კატორღა გარანტირებული გვაქვს! შენ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხზე რაიმე მყარი გარანტია მჭირდება! - გარანტია თუ გინდა, კანტროლკას მოგიყვან - ჩემ მიერ შესრულებულ სამუშაოს ის ცულით დაადასტურებს! მაგის ნახელავს შემოწმება არ სჩირდება, ის თვითონაა კანტროლკა! - კანტროლკა ვინღაა? - ჯალათია, დიდი ცული აქვს! შენ გამბრაზებელს მე ტყვიამფრქვევით რომ დავამუშავებ, ის თავისი დიდი ცულით ჩემ გაკეტებულ საკმეს დაადასტურებს - თავი მოჭრა! - ვაა... - მაგასაც ოცი ლარი გადაუხადე თვეში! - ათ ლარზე არ იმუშავებს? - არა, პროფესიონალია! - რაც არის არის, მომიყვანე ეგ შენი „კანტროლკა“! ოღონდ, ერთი პირობა მაქვს: საქმე ისე გააკეთეთ, რომ მასში მე არ გამრიოთ, ვითომ მე არაფერი ვიცი. - თუ შენ არ მეტყვი ვინ გაგაბრაზა, მე როგორ მივხვდე ვინ „დავამუშავო“ ტყვიამფრქვევით? - რა უნდა მაგის მიხვედრას, კლიენტები როცა მოვლენ შენც ხომ აქ იქნები და დაინახავ ფული ვინ კარგად გადამიხადა და ვინ ცუდათ! - ვაი თუ, შემეშალოს? - ნუ ეხლა, ერთი-ორი კლიენტი აქეთ იქნება თუ იქით, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს! ისე, მაინც ყურადღებით იყავი! წადი ახლა და ის შენი „კანტროლკა“ მომიყვანე! - სანამ მოვიყვან, წამოდი ვ მუზეი ჩემი ტყვიამფრქვევი გაჩვენო. - წავიდეთ! - საამქროდან გასვლის წინ შეგირდს მიმართა, - აბა, შენ იცი, საქმეს მიხედე, არ „ისაჩკაო“, მიშკა!
ახალ კადრში ოსტატი და წითელარმიელი საქართველოს ოკუპაციის მუზეუმში ტყვიამფრქვევის წინ დგანან. - Во, надпис: „Жана + Павел = Любъов!“ я же говорил! (აი, ხომ ხედავ წარწერას - „ჟანას მივუმატოთ პაველი უდრის სიყვარულს“! - მოიცა, წარწერაში გამარკვიე - ჟანა ჟანაა, მაგრამ პაველი ვინღაა?! - პაველი მე ვარ! - პაველი როგორ ხარ, შენ ხომ თქვი კორჩაგინი ვარო?! - კორჩაგინი ჩემი გვარია! - აა, მივხვდი! მაგრამ ამ ტყვიამფრქვევს აქედან როგორ გაიტან?! - გავიტან! შენ ოღონდ ტაქს ფული გადაუხადე, რომლითაც მოვიტან! - ავტობუსით წამოიღე! - ავტობუსში არ ამატანინებენ! ამასობაში, მათ პირველკლასელი გოგონა მიუახლოვდა. - დედიკო, დედიკო, მოდი, ნახე, წითელარმიელი გაცოცხლდა. - Погуляй детачка, погуляй... - ბავშვი თავიდან მოიცილა, - ხვალ სამსახურში ტყვიამფრქვევთან და კანტროლკასტან ერთად გამოვცხადდები! ისინი მუზეუმიდან გავიდნენ.
მეორე სერიის დასასრული.
რეკლამა ეთერში:
ეკრანზე ის მრავალშვილიანი ოჯახი გამოჩნდა, ამასწინათ ერთ-ერთ სააფთიაქო ქსელს რომ გაუწია რეკლამა - „ძარცვა აფთიაქში“. ოჯახის წევრები წინა სიუჟეტში თუ გულუბრყვილო მძარცველები იყვნენ, ახლა ერთ მუშტად შეკრულ, მრისხანე ბანდად ჩამოყალიბებულიყვნენ - ყოველ მათგანს შავი სათვალე დაებნია და იერზე ეტყობოდათ, თუ ამ სათვალეების მიღმა, რაოდენ მრისხანედ აბრიალებდნენ თვალებს. რას უწევდნენ რეკლამას და, ნუ გაიკვირვებთ - ლიმონათს, X-ს კომპანიის მიერ წარმოებულ ლიმონათს.
X ლიმონათის რეკლამა: - ჩვენ გახლავართ მრისხანე ტერორისტული ორგანიზაცია - „ბარმალეი“! ჩვენ არ ვხუმრობთ და ნიშნად ამისა, ჩავიდინეთ მნიშვნელოვანი დივერსიული აქტი - ჩვენს ეზოში აღმოცენებულ ქლიავის ხეს მოვაჭერით ტოტი! კატეგორიულად მოვითხოვთ: საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ მაღაზიაში, სახელგამებისა და რკინეულობის მაღაზიების ჩათვლით, გაიყიდოს X ლიმონათი!!! იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული, ქლიავის ხეს მოვჭრით ძირში!!! რეკლამა დააბოლოვა მელოდიამ: ტყე შეუნახე შვილებსა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. გასდის და გააქვს... :) გასდის და გააქვს... :)
1. უყურე შენ ბატონ ოსტატს, რა დღეშია ...
უყურე შენ ბატონ ოსტატს, რა დღეშია ...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|