*** გონებადაღლილი იდგა მოსაწევ ოთახში და თამბაქოს კვამლში გახვეული ახალ მთვარეს მისჩერებოდა. ტეროსთან დიალოგმა კიდევ ერთხელ შეაგრძნობინა წარსული :
-რომა, ორ თვეში ცეკვიდან გასტროლები მაქვს, სუხიშვილების ანსამბლი ჩეხოსლოვაკიაში მიდის. -ვერსად წახვალ!-მაგიდასთან მშვიდად იჯდა და გეტას გამომცხვარ „იდეალს“ ჩაისთან ერთად შეექცეოდა. -რა მითხარი? -მოგიწევს დაივიწყო ჰაერში ტლინკების ყრა და თვეობით გასტროლებში წანწალი. ამას არ დავუშვებ! -შეუძლებელია. -შესაძლებელია. -არა, შენ ამას არ გააკეთებ! მსახიობი ვარ. ცეკვა და მოქნილობა ისე მჭირდება, როგორც თევზს -წყალი. -აი, რას გეტყვი, რომა ტამოევის ცოლი არც მოცეკვავე იქნება და მითუმეტეს, არც მსახიობი. -მსახიობობისგან რაღა გინდა? -ვერ ავიტან, ჩემ ქალს ვიღაცამ ხელები უფათუროს. -როგორ არ გესმის? პირადი ცხოვრება და როლი სხვადასხვა რამეა. მსახიობები მხოლოდ პერსონაჟების ცხოვრებას ვანსახიერებთ. -უკვე გითხარი, აღარ იცეკვებ და არც თეატრალურ ინსტიტუში ივლი!- ხმას აუწია რომამ. -ამას სერიოზულად ამბობ? -მოულოდნელობამ თავზარი დასცა გეტას. -„რიჟიკას“ ვგავარ? მატყობ რამეს, რომ ხუმრობის ხალისზე ვიყო? -წარმოუდგენელ რაღაცას მეუბნები. იმ წყაროს მიკეტავ, რითიც ვსულდგმულობ. -რითი სულდგმულობ?!-თვალები დაუბრიალა მამაკაცმა. -ცეკვით და თეატრით. -ტაშ-ფანდურის დრო დამთავრდა! -არა! -კი. -არა, შეუძლებელია! -შეიგნე, რომ ორივესთან მოგიწევს გამომშვიდობება. -რას გააკეთებ, თუ არ დავემშვიდობე? -რა იყო, მცდი და მოთმინებას მიმოწმებ?! -არ მინდა შენთან უსიამოვნებები, მაგრამ არც ისინი მეთმობიან. ძალიან გთხოვ, ნუ ამიკრძალავ იმას, რის გარეშეც ძალიან გამიჭირდება. -სხვა რამე მოძებნე. მაინცდამაინც, ეს დედამოტ**ული ცეკვა და მანჭვა-გრეხვაა შენთვის ცხოვრება? არა-მეთქი!- ცოლს მიუახლოვდა და ყურებში ისე დასჭექა, საბრალომ ვეღარ გაუძლო გამაყრუებელ ხმას და ხელები აიფარა. მერე შეშინებულმა ამოიბუტბუტა: -არ მინდა სხვა რამე. რომამ ფანჯარასთან ძალით მიიყვანა, საჩვენებელი თითი ცისკენ გაიშვირა და განაგრძო: - ამ ახალ მთვარეს ვფიცავარ, თუ ზედ შუაზე არ გაგგლიჯო, კიდევ რომ ამ თემაზე სიტყვა წამოგცდეს! მამაკაცი ნერვებს აჰყვა, მაგიდა ძლიერი წიხლის დარტყმით ამოატრიალა და ისეთი სიტყვების კორიანტელი დააყენა, გეტა კედელთან აიტუზა და ხმას ვეღარ იღებდა.
*** -სად დაიკარგე, ტო? - მიაკითხა ტერომ. -არსად, აქ ვარ,-ამოიხვნეშა აბალაკმა. -ბარემ მეც მოვწევ ერთ ღერს,- სიგარეტს მოუკიდა და გააბოლა . გეტამ ნატანჯი და გაფითრებული სახით შეხედა ქალს. ტეროს მისი გამომეტყველება არ მოეწონა: -რა მოხდა? ხომ კარგად ხარ? -კარგად ვარ? რა ვიცი? ვიცი? არ ვიცი...-ორაზროვნად ჩაილაპარაკა აბალაკმა და ისევ მთვარეს მიაშტერდა. -წავიდეთ,- ბოლომდე ჩაუმწვარი სიგარეტი ჩააქრო ტერომ და თვალებით ანიშნა, -კარი გააღეო. გეტამ კარის სახელური ჩამოსწია და ცარიელ, თეთრ დერეფანში მასთან ერთად გაუყვა ოთახის გზას. საერთო ოთახს ისე ჩაუარეს, არცერთს გაუხედავს ტელევიზორის წინ მოგროვილი პაციენტებისთვის, რომლებიც მეთვალყურეებთან ერთად კომედიურ არხს უყურებდნენ და უკონტროლოდ იცინოდნენ. ერთის კისკისი მეორეს ედებოდა, მეორესი -მესამეს და საერთო ისტერიაში გადასდიოდათ. წესის მიხედვით, თერთმეტ საათზე ტელევიზორი გამოირთო და ხორხოციც თანდათან შეწყდა, თუმცა ზოგიერთი პალატიდან მაინც ისმოდა უძილობით შეპყრობილთა ხმა. რამდენიმე წუთში ექიმებისგან მიცემული დამამშვიდებლებით გაჭყეპილები გვარიანად გაითიშნენ და საავადმყოფო როგორც იქნა, გაირინდა. შუაღამე იყო, როდესაც ძილში წასულმა აბალაკმა ნება-ნებად მოსული წარსულის სურათებისგან წრიალი დაიწყო:
-ამას ვის ვხედავ? გაები, ჩიტო მახეში? -სადარბაზოში შესულს მაშინვე სწვდა ვიღაც ახმახი, პირზე ხელი ააფარა და მისკენ ბიძგით მიიზიდა. გეტას შიშისგან თვალები გაუფართოვდა და სისხლი გაეყინა. -დროზე ზევით! -უბრძანა და კიბეებისკენ გაათრია. უცნობმა კარგა ხანს ატარა სართულიდან სართულზე პანიკაში ჩავარდნილი აბალაკი, ვიდრე საბოლოოდ სახურავზე არ აღმოჩნდნენ. -ახლა ხელს გაგიშვებ, ერთი ზედმეტი ხმა და ისეთს დაგმართებ, მამაზეციერი ვერ გიშველის. გასაგებია? ქალმა მორჩილად დაუქნია თავი. მამაკაცმა ხელი გაუშვა და მკაცრად უთხრა: -თავი ჩაღუნე და არ მიყურო! ათრთოლებული აბალაკი მორიგ ბრძანებასაც დაემორჩილა. -„დავაი“, აჭიკჭიკდი სად არის შენი ქმარი? -არ ვიცი. უცნობი წინ აესვეტა, თუმცა გეტას მისთვის არ შეუხედავს, ოდნავ ცხვირმოცვეთილ, ყავისფერ ფეხსაცმელზე დააშტერდა. -მართლა? სანამ სახლიდან გავა, „ატჩოტებს“ არ გაბარებს?-დამცინავი ტონი იგრძნობოდა უცნობის ხმაში. -რომა და „ატჩოტები“? უკვე რამდენიმე დღეა, სახლში არ მოსულა, არაფერი ვიცი. -არც დაურეკავს თავისი ლამაზი ცოლისთვის?- ფეხებიდან აათვალიერა მამაკაცმა და მწველი მზერა პირდაპირ სახეზე შეაჩერა. ქალმა იგრძნო უცნობის საქციელი და უსიამოვნო შეგრძნებამ დაუარა. მაშინვე შეიშმუშნა. მამაკაცი თმაში სწვდა და სახურავის კიდესთან მიიყვანა: -რა გინდა ჩემგან? არ ვიცი-მეთქი, დაყრუვდი? რომც ვიცოდე, მაინც არაფერს გეტყოდი. -უკვე საკმარისად მოვუსმინე შენ ზღაპრებს. თავად აირჩიე, ან კიბეებით ჩახვალ აქედან, ან ფრენით. -გამიშვი. -დროზე, გელოდები,-უფრო ახლოს მიიყვანა კიდესთან. დამფრთხალი ქალი ვეღარაფერს ამბობდა, თვალებს ეზოსკენ აცეცებდა და თანდათან გულისცემა უხშირდებოდა. ანაზდად, გასროლის ხმა გაისმა. თავზარდაცემულმა გეტამ ხმამაღლა იკივლა და იგრძნო, მის უკან მდგომის სხეული როგორ მოდუნდა, ძალა დაკარგა და წამებში ძირს გაიშხლართა. დაცემულის თავიდან სისხლმა გამოჟონა და თანდათან უმატა. აბალაკმა იარაღით მდგომი რომას მეგობარი, რეზო ამოიცნო, რომელიც მისკენ მიიჩქაროდა: -რამე ხომ არ დაგიშავა?-სერიოზული სახით ჰკითხა ქალს. -არა,-აკანკალებულმა ძლივს წარმოთქვა და ტანსაცმელზე მოხვედრილ სისხლის შხეფებს შეძრწუნებულმა დაუწყო ყურება. რეზო ძირს დაიხარა და უძრავად მყოფს პულსი გაუსინჯა. როცა დარწმუნდა, გარდაცვლილი იყო, გეტას ახედა: -სასწრაფოდ სახლში შეხვალ და რაც გჭირდება, ჩაალაგებ. -რა ჯანდაბა ხდება? -აქედან რამდენიმე დღით შენ მეუღლესთან მივდივართ. -სად არის? ან შენ როგორ გაჩნდი აქ? მითვალთვალებდი? -კითხვების დასმის დრო არ არის. ქალი ზუსტად რვა წუთში იყო მზად. ფართხაფურთხით ჩაჯდა რეზოს მანქანაში და სწრაფი სიჩქარით სვანეთისკენ აიღეს გეზი. დაახლოებით ღამის თერთმეტი საათი იქნებოდა, როდესაც იქ ჩააღწიეს. მამაკაცმა გეტა გააფრთხილა, რომ გზა ფეხით უნდა გაეგრძელებინათ. -აქ რა გვინდა? -ნუ გეშინია, მომყევი. ქალი შედგა და ორჭოფობდა. -ჩემ ძმას არ გავწირავ. უნდა მენდო,- შეატყო, რომ გეტამ ეჭვი შეიტანა მასში. -ტყეში რა გვინდა? -მეტყევის ქოხში მიმყავხარ, -მოკლედ უპასუხა და ფანარი აანთო. მკაცრი და მოქუფრული იყო ბუნება. თოვლით დაფარული მთის წვერის ქვეშ არყის, მუხის, წიფლის და ნეკერჩხლის ტანბრეცილი, უღრანი ტყე ვრცელდებოდა. დადუმებულ არემარეში ორივე მათგანი ბილიკებს მიუყვებოდა: -აქედან შორია?- ცოტა ხანში შეწუხებული სახით იკითხა აბალაკმა. -არც ისე. ხომ არ დაიღალე? -კი. -რამდენიმე წუთიც გაუძელი და მალე მივალთ. ცივმა ჰაერმა ქალს სიცივისგან გააჟრჟოლა და მკლავებზე ხელები მოიკიდა, რომ როგორმე ეკალდაყრილი კანი გაეთბო. ჩანთის გახსნის თავიც არ ჰქონდა, უცნობისგან მიღებულ შოკს ემოციებისგან იმდენად დაეცალა, ძალა აღარ შერჩენოდა. ჰორიზონტზე ოდნავ მბჟუტავი შუქი გამოჩნდა: -აი, მოვედით,-ახარა რეზომ. გეტამ უკანასკნელი ენერგია მოიკრიბა და ფეხს აუჩქარა. კარს რომ მიუახლოვდნენ, ქალს კიდევ ერთხელ დაუარა შიშმა, თუმცა კაკუნის ხმაზე გამოსული მეუღლე რომ დაინახა, ერთიანად ამოხეთქა ყველაფერმა და გული ამოუჯდა. რომა არ მოელოდებოდა მეუღლის იქ ხილვას და მის დანახვაზე შეკრთა. ჩაეხუტა და გულის მოოხება აცადა. ინტუიციით მიხვდა, რომ რაღაც საშინელება მოხდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზო გეტას იქ არ მიუყვანდა. -არ მითხრა, რომ ამ დღეებში ისე მოგენატრე, ასეთი შეხვედრა დავიმსახურე,-ქმარი ეცადა, გეტასთვის იუმორში გადაეტანა შექმნილი სიტუაცია. ქალი კვლავ აგრძელებდა ცრემლების ღვრას. მლაშე სითხე უწყვეტად ჩამოედინებოდა და მამაკაცს ყელს და ტანსაცმელს უსველებდა. -რაღაც მოხდა და არ ამბობთ?- მეგობარს ეჭვის თვალით გადახედა. რეზომ მძიმედ ამოისუნთქა და ანიშნა, რომ მასთან ცალკე სურდა საუბარი. -მოდი, შემოდი. ნუ ტირი, გთხოვ. ხომ იცი, ყველაზე მეტად რასაც ვერ ვიტან, შენი ცრემლებია,-თავი ფრთხილად ააწევინა, ლოყაზე ნაზად აკოცა და ქოხში შეიყვანა,- დამელოდე, რეზოს დაველაპარაკები და მოვბრუნდები. გეტამ თავი დაუქნია და ცრემლების მოსაწმენდად ცხვირსახოცი ამოიღო ჯიბიდან. -გამარკვიე, რა ამბავია ჩვენს თავს?-ქოხიდან გასულმა რომამ სიგარეტის ღერი მოიმარჯვა და იქვე ჩამოჯდა. აბალაკი ფანჯრიდან კარგად ხედავდა მოუბრებს და ირგვლივ გაბატონებულ ტყის სიჩუმეში მკაფიოდ ისმოდა მათი სიტყვებიც. -„კაროჩე“ დემნას ბანდა გეძებს. ვერ გპატიობენ მათი კაცის მოკვლას. დღეს შენ ცოლამდეც მივიდნენ და მე რომ დროულად არ მიმესწრო... „იტოგში“, ყველაფერზე მიდიან, რომ როგორმე მოგწვდნენ და გაგამწარონ. -დედას შევე*ი! კიდევ რა გააკეთეს? -ცქიფო დაბრიდეს. -რა? როდის?-ხმა გაუტყდა რომას. -გუშინ საღამოს, საკუთარ მანქანაში. -ნაბოზვრები!-კბილები გააკრაჭუნა და მუხლის თავებს მთელი ძალით დაარტყა ხელის გულები. რამდენიმე წუთს ვერაფერი თქვა, მერე ერთი ამოიგმინა და საცოდავად ამოიხავლა:-„ბრატიშკა“. -ქუთაისის საიუველირო მაღაზიიდან ნაძარცვი „ტავარიც“ დავკარგეთ. ცქიფოს მანქანის „სიდენიებში“ იყო დამალული და მიაგნეს. -„იასნა“ ვიღაც აწვდის ინფორმაციას, ჩვენი ბანდიდან ვიღაც გადაიბირა. დროულად უნდა გაარკვიოთ ვინც არის და ყურით მომითრიოთ ის ახვარი. -ვინ შეიძლება, იყოს?-თვალები დაიწვრილა და ნიკაპის სრესვა დაიწყო რეზომ. -მკითხაობის დრო არაა. არცერთი წამი აღარ დაკარგოთ. საქმეზე გადადით!-მკაცრად უთხრა და სიგარეტს მოუკიდა. რამდენჯერმე გამოქაჩა თამბაქოს კვამლი და იმდენად არ ესიამოვნა, საზიზღრად დაიჯღანა, ძირს დააგდო, მთელი ძალით დააჭირა ფეხსაცმელი და გასრისა. ბოღმა ახრჩობდა, ხელები კეფაზე შემოეწყო და ნერვიულად დადიოდა წინ და უკან. სიჩუმე რეზომ დაარღვია: -რამე ხომ არ გინდა? ამოგიტან. -არაფერი მინდა. გუშინ კობრა იყო მოსული და რაც მჭირდებოდა, ... -სიტყვები გაუწყდა და წინადადება ძლივს დაამთავრა: - მომ... აწო...დ...ა. -მაშინ წავალ. -მოიცა!-ხელი ასწია რომამ და მეგობარი შეაჩერა, - კობრას ვინ უთხრა ჩემი აქ ყოფნის ამბავი? -დანელა ეტყოდა. მხოლოდ მე და მაგან ვიცოდით. -დროზე ისინი მოძებნეთ! სავარაუდოდ, იმ ორში იქნება ძაღლის თავი დამარხული. გუშინ კობრას რაღაც დავაბარე ცქიფოსთან, მან იცოდა ყველაფერი. -აუ, თუ რომელიმე მათგანი ცქიფოს სიკვდილთან და ოქროულის წაღებასთან რამე კავშირშია, სისხლს ვარწყევინებთ!- გააფთრდა რეზო. რომას ყველაზე ნაკლებად უნდოდა დაეჯერებინა, რომ საკუთარი დაჯგუფების წევრები ღალატობდნენ: -წადი და ზუსტად დაადგინე ყველაფერი. უმიზეზოდ და უსამართლოდ ბიჭებს ზედმეტი არაფერი აკადროთ! „ნესპრავედლივი“ ხელი არცერთს არ უნდა მოხვდეს! -დრო აღარ ითმენს, უნდა დაგტოვო. -შენ იცი,-მხარზე ხელი დაარტყა და ქოხში დაბრუნდა. გეტას ტირილის კვალად უპეები დასიებოდა. არაფერი უთქვამს, შეგუებული იყო მისგან ამგვარი საუბრების მოსმენას და მაშინვე დავიწყებას... რომამ ამოიხვნეშა, ბუხარში აგიზგიზებულ ცეცხლს შეშის რამდენიმე ნაჭერი დაამატა და სამფეხიან, ხის სკამზე დადარდიანებული ჩამოჯდა. ქალმა დიდხანს უყურა განსაცდელში ჩავარდნილ მამაკაცს და არ იცოდა მათ შორის აგებული სიჩუმის კედელი რომელი უროთი ჩამოენგრია. რომა თავის აზრებში ჩაკარგულიყო და ალისფრად აბრიალებულ ცეცხლს მიშტერებოდა. ხის ნაჭრები ტკაცუნით იწვოდნენ და აქეთ-იქით ჰყრიდნენ ნაპერწკლებს. -საერთოდ ვეღარ გცნობ...- ძლივს გაისმა გეტას მოგუდული ხმა. მამაკაცი სკამიდან წამოდგა და ცოლს გვერდით მიუჯდა: -ჩემი ძმა და მეგობარი მომიკლეს,- თავი ჩაქინდრა მამაკაცმა. -მეც გავიგონე, მაგრამ ყურები არ უნდა ჩამოყარო, ასეთია იმ ცხოვრების თამაშის წესები, რომელიც აირჩიე და მიჰყვები. -საშინელებაა, როდესაც გულის გული ადამიანი ხელიდან გეცლება და შენ არაფრის გაკეთება არ შეგიძლია. გონზე ვეღარ მოვდივარ. -სხვა გზა არა გაქვს, თქვენნაირები ძილშიც კი არ უნდა დუნდებოდნენ. რომას ყველაზე დაუცველი ადამიანის იერი ჰქონდა. ის შინაგანი სიძლიერე და უდრეკი ხასიათი სადღაც აორთქლებულიყო. ცოლის თხელი სხეული გულზე მიიკრა და თვალები დახუჭა. იმ წუთებში ორივე ერთმანეთს ავსებდა. უხმოდ, მხოლოდ გამოხატული გრძნობებით ანუგეშებდნენ ერთმანეთს, რჩევებსაც აძლევდნენ, დავობდნენ, ზავდებოდნენ, ეფერებოდნენ... ბუხარში შეშა კვლავ ტკაცუნობდა. ცეცხლი ისევ მძვინვარებით იწვოდა და მთელი მონდომებით აწვდიდა სითბოს ერთმანეთს მონატრებულ ცოლ-ქმარს. მთელი ღამე წვიმდა. დაახლოებით დილის პირას გადაიღო. საბნის ქვეშ ტკბილად ჩაძინებულ გეტას და რომას არაფერი გაუგიათ. როგორც კი ცაზე ინათა, ქოხის გარშემო მყოფი მაღალი ხეების დაგრეხილი ტოტებიდან ძლივს ჩააღწია ობოლმა მზის სხივმა და მძინარე მამაკაცს სახეზე დაუწყო თამაში. რომამ თვალები ძლივს გაახილა, თითებით მოიჩრდილა და მშვიდად მძინარ ცოლს დახედა, რომელსაც მოშიშვლებულ მკერდს გრძელი და სწორი თმა უფარავდა. მისმა სურვილმა იმდენად შეიპყრო, კოცნით გამოაფხიზლა. ქალმა გრძელი წამწამები ააფახულა და ქმრისკენ გადაბრუნდა. სასიყვარულო პრელუდია მამაკაცების შორიდან მომავალმა ხმებმა ჩაუშალათ. რომამ სასწრაფოდ ტანსაცმელი გადაიცვა, იარაღს დასწვდა და გარეთ გავარდა. შეშინებულმა ქალმაც მოძებნა სამოსი, წამებში ტანზე მოირგო და ფანჯრიდან დაიწყო გარშემო ტერიტორიის თვალიერება. მოულოდნელად გასროლის ხმა გაისმა. გეტას გული შეეკუმშა და გარეთ გავიდა: -რომა,- საწყლად ამოიკვნესა და გაფაციცებით მოჰყვა აქეთ-იქით ყურებას. ძალიან მალე მისკენ მორბენალი რომა გამოჩნდა, ხელი ჩაავლო და ისრებივით მოწყდნენ იქაურობას. -სად მიგყავარ? -გამაგრდი, შიშის და პანიკის დრო არ არის. ჩემი ძლიერი გოგო ხარ, -მხოლოდ ეს უთხრა და დიდ მუხას ამოაფარა: -აქ გაჩერდი, ხმა არ ამოიღო. მეც შენთან ვარ. -კი, მაგრამ... -ჩშ!.. -ჯანდაბა!- წაიჩურჩულა და გახშირებული სუნთქვა აუვარდა ქალს. რამდენიმე წუთში, ერთერთი ხის უკნიდან ვიღაც, საშუალო ტანის მამაკაცმა თავი გამოჰყო და მათი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. აღელვებულმა ქმარმა ცოლს უბრძანა, ძირს დაწოლილიყო. დაბნეული ქალი მაშინვე მიწაზე გაირთხა და არ ინძრეოდა. დაიძაბა, სუნთქვისაც კი ეშინოდა. ეს კი ძალას ართმევდა და კუნთებს ისე უდუნებდა, სხეული უმძიმდებოდა და სახით ეკვროდა მიწას. სველი ნეშომპალის და ხავსის სუნი ცხვირში უღიტინებდა და გულის რევის შეგრძნებას აძლევდა. გრძნობდა, რომ მათი სიცოცხლე სასწორზე იდო, მაგრამ მაინც ებღაუჭებოდა იმედს. იმ უკანასკნელ იმედს, რომელსაც ათასი თოკიდან გამომძვრალი რომა ერქვა. არ გასულა რამდენიმე წამი და ამჯერად რომას იარაღმა დაიქუხა. ელვის სისწრაფით გავარდნილმა ტყვიამ მიზანში ამოღებული მამაკაცი დაჭრა და მისმა ღრიალმა დაუყოვნებლივ გაჰკვეთა უღრანი ტყე. -აქ დარჩი, არ წამომყვე!- ისევ უბრძანა გეტას და დაჭრილის მიმართულებით გაიქცა. ქალს მარტო დარჩენის შეეშინდა და რომას შეუმჩნევლად გაჰყვა. რამდენიმე ხის მოშორებით დადგა და მსხვერპლზე ზემოდან არწივივით დაფრენილ ქმარს აკვირდებოდა, რომელიც ხელს ყელში უჭერდა და სიმწრისგან კბილებში სცრიდა: -აბა, გისმენ, რა ჩემი ყ*ე გინდა? ვისი გამოგზავნილი ხარ? ბიჭი არაფერს ამბობდა, მხოლოდ უჰაერობისგან ხროტინებდა. რომა არაჩვეულებრივად აკონტროლებდა სიტუაციას. ზუსტად იცოდა როდის წაეჭირა და ისევ აეშვა ხელი ძირს დაგდებულისთვის: -ალაპარაკდი, თორემ შენი თანამეწყვილის ბედს გაიზიარებ. გულში ტყვია და ჰოპ! მზად ხარ! -არ მომკლა, -ვედრება გამოსჭვიოდა თვალებიდან მიწაზე დაგდებულს. -ეგ შენზეა დამოკიდებული. მიდი, დაიწყე, შენზე დასაკარგი დრო არ მაქვს! -არ შემიძლია. -ის კარგად შეგეძლო, სიცოცხლეს გამოგესალმებინეთ მე და ჩემი ცოლი, არა?- მარცხენა ხელის მტევანი დაუჭირა და თვალიც არ დაუხამხამებია, შუა თითი წამებში მოსტეხა. მსხვერპლმა ღნავილი ატეხა. -თუ გინდა, რიგრიგობით ყველა თითი ასე არ გადაგალეწო, დაიწყე! -არ მაქვს უფლება,-თავს იქნევდა ახალგაზრდა. -აქ მე ვადგენ ვის რისი უფლება აქვს და რისი- არა. დაიწყე-მეთქი! მსხვერპლი ისევ ჯიუტობდა. რომამ დანა მოიმარჯვა, ჯერ თითებზე აათამაშა და მერე ალაპლაპებული, ბასრი პირი სახეზე დაუსვა. სისხლმა მაშინვე იჩქეფა და კანი წითლად შეეღება: -აბა, დავიწყო შენი ცოცხლად გატყავება, თუ ისევ თითების მტვრევას მივაწვეთ? -არც ერთი და არც მეორე. -იქნებ ლაჯზე აგხიო? ხედავ, რამდენ არჩევანს გაძლევ? დასაფასებელია, - არაემოციურად, ყოველგვარი ნერვის გარხევის გარეშე აგრძელებდა საუბარს. -არც ეგ,-ქშინავდა ახალგაზრდა და შიგადაშიგ ძლიერი ტკივილისგან იმანჭებოდა. მსხვერპლს ეტყობოდა, არ აპირებდა დანებებას. არც რომას უჩანდა პირი, რომ ასე იოლად შეეშვებოდა. მოულოდნელად, ახალმა აზრმა გაჰკრა თავში, წამოდგა და ბიჭს უბრძანა: -ოთხზე დადექი. -რა? -ძაღლივით დადექი და წინ იარე ქოხისკენ! ახალგაზრდამ თავი გააქნია. რომამ ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა და განზრახ ააცილა, რომ შეეშინებინა. -დაჭრილი ვარ, ვერ შევძლებ,-თავი იმართლა და საცოდავად შეხედა. -ძაღლი კოჭლობით არ მოკვდება. იხოხე! -ცივად თქვა რომამ. ზურგზე მწოლიარე ბიჭმა მიწიდან სხეული ძლივს ასწია და დამცირებული შეუდგა ბრძანების შესრულებას. თვალს რომ მოეფარნენ, გეტამ რამდენიმე ხით წინ გადაინაცვლა და ქოხისკენ დაიწყო ყურება. დაინახა, როგორ გამოიტანა რომამ ბარი და უბრძანა, ისევ ხოხვით გაჰყოლოდა. სიქაგამძვრალი ახალგაზრდა გვერდით მიჰყვებოდა. გეტა ქმარს მიუხვდა, რაც ჩაიფიქრა და შეძრწუნებული ყველაზე საშინელი მომენტის ხილვისთვისთვის ემზადებოდა. -აქ შეჩერდი!-ისევ გაისმა რომას ხმა. ახალგაზრდა გაჩერდა და სისხლმდინარე ჭრილობას ჭუჭყიანი ხელი მიაჭირა, თუმცა რომა ამ ფაქტს აინუნშიაც არ აგდებდა. ბარი მიუგდო და უბრძანა: -აეთრიე და საფლავის გათხრა დაიწყე! -რა? -რაც გაიგე. ბიჭმა თავს ძალა დაატანა და მიწის გათხრა დაიწყო. ხუთ-ექვს წუთზე მეტ ხანს ვერ გაუძლო, ბოლოს ბედს დანებდა, შორიახლოს, კუნძზე ჩამომჯდარ რომასთან მივიდა და უთხრა: -საკმარისია ჩემი წამება! ყველაფერს ვიტყვი,-აღმოხდა და ბარს ხელი გაუშვა. -გისმენ, საკუთარი სახელით და გვარით დაიწყე! -არა მგონია, ჩემი სახელი და გვარი რამეს გეუბნებოდეს, მაგრამ რადგან ასე გინდა, გეტყვი, არტურ სარქისიანი ვარ. შუკერას დავალებას ვასრულებ, მისი გამოგზავნილი ვარ. -მიზეზი. -შენ უნდა მომეკალი. რატომ და რისთვის, მეტი არაფერი ვიცი. -ვინც მოვკალი, ის ვინ იყო? -ორივე ერთ საქმეზე ვიყავით. -რასაც გეკითხები, იმაზე მიპასუხე! -სვანი მიშათი იცნობენ, გვარი არ ვიცი. -მდა.. -ჩაფიქრდა რომა,-შენნაირი არიფი სომეხი პირველად ვნახე ცხოვრებაში. -რატომ?-გაჭირვებით თქვა ახალგაზრდა მამაკაცმა. -რატომ და შუკერა ხომ ჩაუშვი? ვერც დამპალი თავი გადაირჩინე და შენი რატრატის წყალობით, დღეიდან დიდ სისხლისღვრას ჩაეყარა საფუძველი. -მაინც უნდა მომკლა? რომა შუშის თვალებით უყურებდა მის წინ მდგომს და სასხლეტზე თითის გამოსაკვრელად ემზადებოდა. -ღმერთო, რა შეგცოდე ასეთი, რომ ეს ცივსისხლიანი არსება შემაყვარე?- გეტა ხეს ზურგით აეკრო, სისუსტისგან მუხლებში ჩაიკეცა და ყურებზე ხელი აიფარა. -ძალიან დიდი შეცდომა იყო შენნაირი „პეშკის“ აქ გამოშვება, სათანადოდ ვერ გავერთე, - აგრძელებდა და სახეზე ბოროტი ღიმილი გამოკრთოდა. მსხვერპლმა თვალები დახუჭა. თავის მიმართულებით წასულმა ტყვიამ ხმამაღლა იგრიალა და ტვინი გაასხმევინა. რომა მიუახლოვდა და ზემოდან დახედა. დარწმუნდა, რომ სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ შერჩენოდა, უსულოდ მყოფი სხეული დაუმარხავი დატოვა და გეტას მოსაძებნად წავიდა. არც ისე დიდი ხანი დასჭირდა მის მიგნებას. შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით ათი ხის მოშორებით იმყოფებოდა: -აქ ხარ? რატომ შეიცვალე ადგილი? - ნადირთა საჯიჯგნად მაინც ნუ გაიმეტებ,- შოკში ჩავარდნილმა ქალმა ამოილუღლუღა და მუხლებში ჩარგო თავი. -გოდების დრო არ არის, რისი ღირსიც იყო, ის დაიმსახურა. წავედით, აფხაზეთში უნდა გადავიდეთ. ჩვენი აქ გაჩერება აღარ შეიძლება. -აფხაზეთში რა გვინდა? -მტერმა ჩვენი ადგილსამყოფელი იცის, ვიღაცამ გამყიდა. -თითო პრობლემა არ ილევა. -ასე ვიდგე და გისმინო? -შენ გგონია, დღეს მხოლოდ ორი კაცი მოკალი? აბა, კარგად შემომხედე, ვგავარ ცოცხალს? -ლექციებს მიკითხავ? ადექი, გავეცალოთ აქაურობას! -ეჰ!-ამოიოხრა ქალმა და ფეხზე წამოდგა. ქოხიდან საჭირო ნივთები წაიღეს და ტყის ბილიკებით დასახლებული პუნქტის მიმართულებით დაეშვნენ. რამდენიმე საათი ფეხით იარეს და ერთ-ერთ სოფელს მიადგნენ, სადაც რომას სანდო ნაცნობი ეგულებოდა. მისი წყალობით, იქაურობას თავი დააღწიეს და აფხაზეთში გადავიდნენ. დაახლოებით ოთხი საათი იქნებოდა, როდესაც გაგრაში ჩავიდნენ. მაისის მეორე ნახევარი იყო, ზაფხულის სეზონი ახლოვდებოდა და დამსვენებლების რაოდენობა უკვე უხვად შეიმჩნეოდა. მოკაშკაშე მზეზე ალიცლიცებული ზღვა, მთებზე შეფენილი თეთრი სანატორიუმები, პანსიონატები, დასასვენებელი სახლები, სპორტული ბაზები და სუბტროპიკული მცენარეებით მორთული ქუჩები ულამაზეს იერს სძენდნენ ქალაქს. რამდენიმე ადგილას ცხენებშებმული ეტლებით მოსიარულე, ულვაშგადაწკეპილი, აფხაზურ ჩოხებში გამოწყობილი მეეტლეები შეინიშნებოდნენ, რომლებიც ცნობისმოყვარე ტურისტებს გაგრის ქუჩებში დაატარებდნენ. -მოგწონს? -გაგრით აღტაცებულ გეტას გადაულაპარაკა რომამ. -ულამაზესი მხარეა. ამ უზარმაზარ, ნიჟარის და ტალღის ფორმის მოზაიკურ ნაგებობას შეხედე,-საჩვენებელი თითი გაიშვირა. -ეგ ავტობუსის გაჩერებაა. ასეთ მოზაიკურ ნაგებობეს აქ ბევრს შეხვდები. რამდენიმე დღე დავრჩებით. მეტი რა საქმე გვაქვს? ახლომდებარე ტერიტორიებს დაგათვალიერებინებ. -ვისთან მივდივართ? -ლამაზი ბუნების და ხედების თვალიერებას მოსწყდა და ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანა. -ასტან ოტირბასთან. -ეგ ვინაა? -ნაცნობის მამა. არაერთი კარგი საქმე გამიკეთებია მათთვის. ამასობაში მათი „ვილისი“ ოტირბების სახლსაც მიადგა. შუახნის მამაკაცი ეზოში საქმიანობდა და სტუმრების ხმა რომ გაიგონა, მათ შესახვედრად გაემართა. -მშვიდობა თქვენ გამოჩენას!- რომას გადაეხვია და სამივე სახლში შეიპატიჟა. სვანმა ნაცნობმა წასვლა ამჯობინა და დიდი ძალისხმევით დაუძვრა ხელიდან. რომა და გეტა კი სახლის მეორე სართულზე ავიდნენ, სადაც ბატონი ასტანის მეუღლეს, ქალბატონ ხიბლას და რძალს ისეთი სუფრა გაეშალათ, ჩიტის რძეც კი არ აკლდა. აბისტას, აშვჩაპანის, აყრდცას, არხვარახჩაპას და არიცვმგელის დანახვაზე ახლადმისულებს ნერწყვი მოადგათ და თავი აღარც დაუფასებიათ, მაშინვე ხელები დაიბანეს და სუფრას მიუსხდნენ. ბატონი ასტანის ბიჭმა სტუმრებს ღვინო მიართვა და თავადაც შეუერთდა. მამა-შვილმა ერთმანეთში გაარკვიეს, სასმელს რომელი დალევდა და შეთანხმდნენ, რომ ოჯახის უფროსი ითავებდა ღვინის დალევას. ქალები სამზარეულოში გავიდნენ და საქმიანობა გააგრძელეს. -რძალ-დედამთილი რატომ არ გვკადრულობენ?-ჩუმად გადაულაპარაკა რომას ცოლმა. -არ გვკადრულობენ, ცუდი ნათქვამია. ტრადიციის თანახმად, ისინი სუფრაზე არ სხდებიან. -რატომ? -მაგას მერე გეტყვი. -და ბიჭი რატომ არ სვამს ღვინოს? -ეგეც ამათი ადათ-წესებიდან არის. მამა როცა სვამს, ბიჭმა არ უნდა დალიოს, ან პირიქით. -რატომ? -ოჯახს რამე რომ დასჭირდეს, ერთ-ერთმა ფხიზელი გონებით უნდა უპატრონოს. შენი ცნობისმოყვარე ხასიათი რომ ვიცი, კითხვებით უნდა შემაღონო და ახლავე გაფრთხილებ, რაც გაინტერესებს, დაიმახსოვრე და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ. -კეთილი, -თავი დაუკრა გეტამ და მასპინძლების დაკვირვებას განაგრძობდა. ოტირბების ოჯახი ძალიან სტუმართმოყვარე და ენაწყლიანი ხალხი აღმოჩნდა. გვიანობამდე შემორჩნენ სუფრაზე და აფხაზური ხალხური სიმღერებიც დაამღერეს. განსაკუთრებით გულშიჩამწვდომი სტუმრებისთვის „ვარადო“ აღმოჩნდა. ყველა მათგანისგან ტკბილხმოვანებით და ღრმა შინაარსით გამოირჩეოდა. სიმღერის დასრულების შემდეგ ბატონმა ასტანმა ლეგენდაზეც უამბო, რომლის მიხედვით, „ვარადოს“, ანუ „კლდის სიმღერას“ ორი ძმის სევდიანი ამბავი ედო საფუძვლად. თურმე, მაღლა, კლდის ორწოხებში გახლართული უფროსი ძმა უმცროს ძმას შველას სთხოვდა. ამ უკანასკნელმა ქვემოდან შესძახა, დაღუპვის შემთხვევაში მის ცოლს ხასად დაისვამდა, ხოლო შვილებს მონებად გაიხდიდა. უფროსმა ძმამ ძალ-ღონე მოიკრიბა, ხლართებიდან გამოვიდა და მოღალატე ძმას სატევარი ჩასცა გულში. სახლში დაბრუნებულს დედამ აუხსნა, რომ ეს სიტყვები მის გადასარჩენად მოიგონა. გაუბედურებულმა კაცმა კლდის პირას, უმცროსი ძმის გვერდით მოიკლა თავი. გვიანი ღამე იყო, როდესაც რძალ-დედამთილმა სტუმრები ოთახებში დააბინავა. გეტას თვალი არ მოუხუჭავს. ასეთი ჩვევა ჰქონდა, უცხო სახლში და გარემოში ძნელად იძინებდა ხოლმე. ერთი სული ჰქონდა როდის გათენდებოდა, რომ ქმარი გაეღვიძებინა, დაპირება შეეხსენებინა და აფხაზეთის უკეთ გასაცნობად გარეთ გასულიყო. გათენებისას მასპინძლებმა არაჩვეულებრივი საუზმე დაახვედრეს. ბატონმა ასტანმა აუცილებლად სანახავი ადგილები ჩამოუთვალა და კარგი რჩევები მისცა. ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა რამდენიმე საათი დაისვენეს და შუადღისთვის ქალაქში გავიდნენ. თავდაპირველად, ტყე- პარკს მიაშურეს. შეუდარებლად ლამაზი იყო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი ეგზოტიკური ხეებით, სუბტროპიკული მცენარეებით, ლამაზი ხეივნებით, შადრევნებით და აუზებით დამშვენებული ადგილი. წყალში ამოზრდილი, მოტივტივე, გრძელყუნწიანი და ფართოფოთლიანი დუმფარა ყვავილები ირგვლივ შემოკრებილ დამთვალიერებლებს თავისებური ხიბლით იზიდავდნენ და თავს აწონებდნენ. სიახლეების ძიებით გატაცებულნი ხელოვნურად გაშენებულ აუზს მიადგნენ, სადაც გედები, იხვები და სხვადასხვა ჯიშის ფრინველნი დაცურავდნენ. დამსვენებლები მზესუმზირის მარცვლებით და ბატი-ბუტით ანებივრებდნენ. განსაკუთრებით, მაკაკა მაიმუნთან სურათის გადაღების დროს იხალისეს. გეტამ მხარზე დაისვა და მხიარული სახით პოზიორობდა ფოტოგრაფის წინ. გარემომ წყვილს განწყობა გამოუკეთა და ქალაქის დათვალიერების შემდეგ, ზღვისკენ გადაინაცვლეს. ხელიხელჩაკიდულები მიუყვებოდნენ მთის ძირებში მოქცეულ სანაპირო ზოლს და უზადოდ მოვლილი, პატარა კენჭებით გაწყობილი პლაჟებით და სადღაც შორს, წყალში გაჭრილი, პატარა, თეთრი გემების თვალის დევნებით ტკბებოდნენ. ალაგ-ალაგ რამდენიმე რუსმა გოგონამ რომას ყურადღება მიიპყრო და ცოლის რისხვაც დაიმსახურა: -ასე თუ გააგრძელებ, მოგიწევს მარტო სეირნობა. -რაო, ბარტყო, ეჭვიანობ? -რამდენჯერმე რომ საუბრის დროს სიტყვები შენელებული ტემპით წარმოთქვი და ქერა გოგოებს თვალი გააყოლე, გგონია, ვერ შეგატყე? რომას ეშმაკურად გაეღიმა: -ყველას თავის ადგილი აქვს ცხოვრებაში. -ჰოდა, გაჩვენებ შენს ადგილსაც, გინდა? -არა. -მაშინ ჭკუით იყავი!- გაფრთხილების ნიშნად, გაბუტული სახით თითი აუწია და პლიაჟზე ჩამოჯდა. -ძალიან მყავხარ გათამემებული. გაგიმართლა, რომ აფხაზი არ ვარ, თორემ ხომ ნახე, როგორი შეზღუდული უფლებებით სარგებლობდნენ ბატონი ასტანის ოჯახში ქალები? -გუშინ არ ამიხსენი, რატომ არ დასხდნენ რძალ-დედამთილი მაგიდასთან,- ინტერესით სავსე, მაგრამ კვლავ გაბრაზებული ხმით ბურდღუნებდა გეტა. -აფხაზებს რომ ჰკითხო, ამ წესს შემდეგი განმარტება აქვს - მთვრალმა სტუმარმა მათ ქალს თამამი თვალით არ უნდა შეხედოს. მათ შორის ურთიერთობა მაშინვე წახდება და ამას ერიდებიან. -და საჭმელს როცა ამატებდნენ, თეფშები რატომ გაჰქონდათ ჩვენგან სახით და უკან სვლით? -ესეც ერთ-ერთი გავრცელებული წესია, მამაკაცს ზურგი არ უნდა აქციონ. -რამდენი ჩვევა ჰქონიათ... -კიდევ დაინახე რამე? -ჰო. -ასეთი რა დაინახე? -გუშინ ძილის წინ, სამზარეულოში რომ შევაკითხე, დედამთილი მაღალ სკამზე იჯდა და რძალი დაბალზე. -ეგ უფროსის პატივისცემის ნიშნად ითვლება. შენ თუ შეამჩნიე, რომ რძალი მამაკაცს პასუხს არ უბრუნებდა? -კი. -სანამ მამამთილი უფლებას არ მისცემს ახლადშესულ რძალს, რომ დაელაპარაკოს, ქალი ხმას არ სცემს. -და შენ ამდენი ინფორმაცია საიდან გაქვს? -ბატონი ასტანის უფროსი ბიჭი და მე ქუთაისის ციხეში ერთად ვისხედით და დიდი დროც გვქონდა, რომ ბევრ საკითხზე აგვემაღლებინა ცნობიერება. -ოჰო, ეს ბოლო სიტყვები როგორი მაღალფარდოვნებით იყო წარმოთქმული,-აკისკისდა გეტა. -იცი რაზე მეშლება ნერვები? რატომ გგონიათ, რომ სხვა ეროვნების წარმომადგენელი აუცილებლად ქართველებზე რაღაცით დაბლა უნდა იდგეს? ვამაყობ იმით, რომ იეზიდად გავჩნდი, არც გაუნათლებელი და წერა-კითხვის უცოდინარი ვარ, პატივს ვცემ ჩემს რელიგიასაც, რომელიც ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენმა ერმა დიდი დაგვით და წვალებით მოიტანა და თუკი ეთნოსით სხვა ხალხებს მივეკუთვნები, არავისზე ნაკლები ადამიანი ვარ. -მე ეგ არც მიკადრებია შენთვის,- თავი იმართლა გეტამ. -მაკადრე, თუ არა, მაინც არ იყო ლამაზად ნათქვამი. -ბოდიში, თუ გაწყენინე. -მიღებულია. ცოტა ხანი აღარაფერი უთქვამთ, კენჭებით სავსე პლიაჟზე ჩამოსხდნენ და საკუთარ აზრებში დაკარგულნი კამკამა ზღვას და მათში მობანავე დამსვენებლებს უმზერდნენ. -გინდა, ზღვაში შევიდეთ?-დუმილი დაარღვია რომამ. -მინდა, ოღონდ დღეს- არა. გემუდარები, რიწის ტბაზე წამიყვანე რა,- პატარა ბავშვივით თითებით ყელი გამოიწია და ფეხები აათამაშა. -გამაგიჟებ რა, ხალხი ტყავიდან ძვრება, საგზური ხელში ჩაიგდოს. საიდან აღარ ჩამოდის, რომ ეს ჰაერი ისუნთქოს, ზღვაში იბანავოს და დაისვენოს და შენ სად გარბიხარ? -არ გავრბივარ, მინდა, იმ ტბის ნახვაც მოვასწრო. -იქ შედარებით გრილა. მთის წვერზე შეიძლება თოვლიც იდოს. აქ კი ყველაზე მშრალი და თბილი კლიმატია. წარმოგიდგენია? წელიწადში ორას ოცი დღე მზიანია. -ნათქვამია, რიწის ტბის სილამაზეს ვერაფერი შეედრებაო. ეს მამაჩემსაც არაერთხელ აღუნიშნავს და ყოველთვის მინდოდა, მენახა. -კარგი, რაკი არ იშლი, მაშინ ტაქსების გაჩერებისკენ წავიდეთ, ოღონდ ჯერ სადღაც დავრეკავ, კარგი? -მე ვიცი სადაც არის ტელეგრაფის შენობა. სანამ პლიაჟზე გამოვიდოდით, თვალი მოვკარი. -წავიდეთ,-რომა წამოდგა, შარვალი ჩამოიფერთხა და წინ მიმავალ გეტას უკან ღიმილით გაჰყვა. ვიდრე რომა ტელეფონზე თბილისელ მეგობარს ესაუბრებოდა და საქმეებს აგვარებდა, გეტა შორიახლოს სეირნობდა და ფინიკის პალმებით, კიპარისებით, მაგნოლიების ხეებით და ათასფრად აჭრელებული ყვავილებით დამშვენებულ ქუჩას უმზერდა. მართლაც, რომ საოცრება იყო გაგრა. არ გასულა ათი წუთი, ცოლ-ქმარი წითელთავიან, ყვითელ ტაქსში ჩაჯდა და რიწისკენ, კლდეებში გაჭრილ გზაზე მიემართებოდა. ერთ საათზე მეტი დასჭირდათ, რომ ტბის მისადგომებთან მისულიყვნენ. ცისფერი ტბაც ნახეს და დათვის ფიტულთან სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს. მალე ზღაპრული სილამაზის რიწასაც მიადგნენ. მომაჯადოვებელი ტბა გარშემო მდებარე ტყის მასივებით დაფარულ მთის კალთებს სარკესავით ირეკლავდა და საუცხოო ფერს იძენდა. -აბა, თუ იცი, რომელი მდინარის დაგუბების შედეგად წარმოიქმნა ეს ტბა? -სუფთა მკვეხარა ხარ. აქ იმიტომ ამომიყვანე, რომ გეოგრაფიის ცოდნა გამოამჟღავნო?-დასცინა რომამ. - უჟმური ხარ, ლაპარაკის ხალისს დაუკარგავ ადამიანს. -კარგი, დაიწყე, მოგისმენ. -არ მინდა ეგეთი დამადლებული მოსმენა. -მართლა მაინტერესებს. -არ გეტყვი,-გაიმრუსხა აბალაკი. -მუხლებზე დაგიდგე? -არაა საჭირო. -ოჰ, ნუ დაიწყებ ხოლმე, რა. ხომ იცი, ჭირივით მეჯავრება ეს ბუტია ხასიათი. გაგეხუმრე და ვერც კი მიხვდი. -უჭკუოც გამომიყვანა,-ჩაიდუდღუნა გეტამ. -მზეო, მთვარეო, ვარსკვლავებო, ვიცინო, თუ ვიტირო? -ხელები აღმართა მამაკაცმა. -იტირე, მეტის ღირსი არ ხარ. -გეტა, გაიტყიპები. -ვინ ვის გატყიპავს, მაგასაც ვნახავთ,- სიცილით მიუგო ქმარს. -ასე რა, ძლივს არ გამოიდარა?.. -გაუხარდა მამაკაცს,- რას ამბობდი? რომელი მდინარის დაგუბების შედეგად წარმოიქმნა რიწის ტბაო? -ლაშიფსის. გინდა ლეგენდაც გიამბო? -ვაჰ, მაოცებ, ბარტყო. -მამამ მიამბო ღრმა ბავშვობაში და დღემდე მახსოვს. ლეგენდის თანახმად, აღნიშნულ ადგილას ცხოვრობდა უმშვენიერესი ასული რიწა, რომელსაც სამი ძმა, აგეფსთა, ფშეგიშხა და აცეტუკა ჰყავდა. ტბის ნაცვლად აქ ხეობა იყო, სადაც მდინარე ჩამოედინებოდა. ძმები სანადიროდ ხშირად დადიოდნენ და რიწას მარტო უწევდა ხეობაში დარჩენა. ერთ დღეს, ძმებს ნადირობიდან დაბრუნება დააგვიანდათ. რიწას ძმები მოენატრა და წკრიალა ხმით სიმღერა დაიწყო. მისი ხმა ტყის ყაჩაღებმა გეგამ და თუ სწორად მახსოვს, იუპშარამ გაიგონეს, ქალი მოუძებნიათ და გაუტაციათ. -და ამ ამბავთან ტბა რა შუაშია? -დამაცადე! რიწას კივილი აუტეხავს, ძმებმა მისი ხმა გაიგონეს და დის კვალს გაჰყვნენ. ყაჩაღების ხელში ჩავარდნილი და რომ უნახავთ, ერთ-ერთმა იუპშარას ხმალი ესროლა და ხეობაში, სადაც დაერჭო, იქ წარმოქმნილა ტბა. თავად რიწა იუპშარას ხელიდან დაუსხლტა და ტბაში გადავარდა. გამწარებულმა ძმებმა იუპშარაც მოისროლეს, მაგრამ ტბამ არ მიიღო და მდინარეს ზღვისკენ გაატანა. მას გეგამ ვერ უშველა და დაიხრჩო. რიწას გადარჩენა ძმებმა ვეღარ შეძლეს და მთებში გაბრუნდნენ. ისინი დღესაც იცავენ დის განსასვენებელს. -თუ სიტყვას მორჩი, თავი დამიკარი და მე ტაშს შემოვცხებ, რომ განმანათლე. -დაიწყო ისევ,- კვლავ ეწყინა გეტას. რომა ახარხარდა: -მაშინ მედალი დამკიდე, ამხელა ზღაპარს რომ მოვუსმინე. -წადი რა, გამეცალე, დამპალო. -არა, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, ბავშვობის შემდეგ ზღაპრისთვის აღარ მომისმენია. -ეს ზღაპარი არა, ლეგენდაა. -ბოდიში, ეს როგორ გაკადრე,-ხარხარს აგრძელებდა მამაკაცი. -აბალაკმა ბრაზით ამოიხვნეშა და მკლავები ერთმანეთზე გადაიჯვარედინა. -ოჰ, გაგულისდა „ვასილევნა“. -დღეს პროგრამაში გყავარ? -ჰო, კაი, მოდი ჩემთან. ასე ყველაფერზე როგორ უნდა იბუსხებოდე?- მისკენ მიიზიდა და ლოყაზე აკოცა რომამ,- მოდი, სადმე შევიდეთ, ძალიან მომშივდა. -იმიტომ იღრინები, არა?-ირონიული ტონით ჰკითხა გეტამ. -ნება მიბოძეთ, აგიხსნათ, ხუმრობა სხვაა, ღრენა -სხვა. ახლა, თუ შეიძლება იმ მიმართულებით მიბრძანდით,-კვების პუნქტისკენ მიუთითა რომამ. -უფ!-ნერვიულად ამოისუნთქა ქალმა და გაჰყვა. რამდენიმე ახალგაზრდა, რუსი მიმტანი ვერცხლისწყალივით მოძრაობდა კლიენტების მაგიდებთან და ღიმილიანი სახეებით დაატარებდნენ ლანგრებს. წყვილმა შიმშილის გრძნობა რომ დაიკმაყოფილა, პატარა ნავით გადაწყვიტა გასეირნება. რაც უფრო ღრმად შედიოდნენ კავკასიონის მთებში ჩაძირულ საოცრებაში, მით უფრო იხიბლებოდნენ მისით. საღამო ხანი იყო, როდესაც გაგრაში დაბრუნდნენ. მასპინძლებმა თავი გამოიდეს და კვლავ მრავალფეროვანი კერძებით სავსე სუფრა დაახვედრეს. უზომოდ კმაყოფილმა სტუმრებმა ვახშმის შემდეგ ოტირბების ოჯახს ღამე მშვიდობისა უსურვეს და დაღლილები გაემართნენ საძინებლისკენ. მეორე დღეს ბიჭვინთაში წასვლა დაგეგმეს. დილა თავგადასავლით დაიწყო. აფხაზმა ტაქსის მძღოლმა შემთხვევით გეტას სიტყვებს მოჰკრა ყური, სადაც აღფრთოვანებით აღნიშნავდა, რომ საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მხარეში იმყოფებოდა და საპასუხოდ მძღოლისგან ისეთი აგრესია მიიღო, რომას თავი რომ არ შეეკავებინა, ერთი კარგად შემოელახებოდა: -გაგიმართლა, რომ ცოლი მახლავს, თორემ გაჩვენებდი როგორ არ არის აფხაზეთი საქართველო,- ფული მიუგდო, რამდენჯერმე შეუკურთხა და ნერვებმოშლილმა მანქანის კარი მთელი ძალით მიუჯახუნა. გაცხარებული ტაქსის მძღოლი თვალებიდან ნაპერწკლებს ჰყრიდა. მგზავრებს მანქანით წინ გადაუხტა, მერე სწრაფად დაატრიალა და ჰაერში მტვრის ბური დააყენა. მხოლოდ საბურავების გამაყრუებელი წუილის ხმა ისმოდა. რომამ დიდი ქვა აიღო და გამწარებულმა მანქანის მიმართულებით ისროლა: -შენი დედა მოვ**ან შე, ქათამო! ჩემი ბრალია, სახე უნდა ამეხია და ისე გამეშვი. -ნერვებს გაუფრთხილდი, სადარდებელი ისედაც არ გვაკლია,- ამშვიდებდა გეტა. -არა, ამ არარაობამ როგორ უნდა მასწავლოს სად ვცხოვრობ და რომელი ქვეყნის ნაწილში მოვხვდი? ფუ, ამის!..- ცოფიანივით ღრიალებდა მამაკაცი. -მოდი შევირგოთ ეს დღეები. სულ მუდამ როგორ უნდა ბრდღვინავდე? რომამ სიგარეტს მოუკიდა და კოლხი მედეას ძეგლის ქვეშ ჩამოჯდა. -შეხედე, რა სილამაზეა,- გეტა სახეგაბადრული შესცქეროდა ქვიშიან პლაჟს და ზღვას, რომლებსაც მთელ სანაპირო ზოლზე რელიქტური ფიჭვის კორომები გასდევდა. -შენ რომ გაგრაში მოზაიკური ნიჟარის ფორმა მოგეწონა, აქაც ბევრია მსგავსი ტიპის ნაგებობები. -მართლა? -გინდა, გაჩვენო? -რა თქმა უნდა, ოღონდ ჯერ ბიჭვინთის სამონასტრო კომპლექსში წავიდეთ. ამბობენ, რამდენიმე წლის წინ დიდი ორგანი დაუდგამთ და საგალობლები ფორტეპიანოს და მისი ხმის თანხლებით სრულდებაო. -ნუ ღელავ, ყველაფერს მოვასწრებთ. ცოტა ხანი აქ დავრჩეთ, ზღვაში შევიდეთ, „ზაგარი“ მივიღოთ და არსად დაიკარგება ის ტაძარი. -პირობა პირობაა,-გეტამ თვალი ჩაუკრა და ზღვაში შესასვლელად მოემზადა. საოცრება იყო ბიჭვინთის კონცხი თავის ბუნებით, ჰაერით და საკურორტო კომპლექსებით. დამსვენებლების სახეზე კმაყოფილება, ღრმა შთაბეჭდილებები და ბედნიერება იკითხებოდა. რომამ ცოლს ხათრი ვეღარ გაუტეხა და რამდენიმე საათში ტაძრისკენ დაიძრნენ. როგორც კი მიუახლოვდნენ, გეტას მაშინვე თვალში მოხვდა ხუროთმოძღვრების ქართულ-ბიზანტიური შერწყმულობის ტიპი, რომელიც X-XI საუკუნის მაშინდელი პოლიტიკური მდგომარეობის კვალს წარმოადგენდა. ნაგებობა მონაცვლეობით ნაწყობი, ბრტყელი აგურის და გათლილი ქვის ჰორიზონტალური რიგებით იყო აშენებული. -მე აქ დაგელოდები, ოღონდ ძალიან არ დააგვიანო, - გარეთ დარჩა რომა. -შევეცდები,-ქალმა პირჯვარი გადაიწერა და ტაძარში შევიდა. შესვლისთანავე მისი ყურადღება კედლის მხატვრობის შემორჩენილმა ფრაგმენტებმა მიიქციეს. როგორც იქ აუხსნეს, ისინი XVI საუკუნით თარიღდებოდა. აგრეთვე შეიტყო, რომ გეგმით წაგრძელებულ ჯვაროვან-გუმბათოვან ეკლესიას თავისებური იშვიათობაც ახასიათებდა -აღმოსავლეთით სამი შვერილი აფსიდი ჰქონდა და დასავლეთით - ნართექსი. ფართო მრგვალი გუმბათი თავისუფლად მდგარ ორ ბურჯს და საკურთხეველის აფსიდის კედლის შვერილებს ეყრდნობოდა. გეტამ ზევით აიხედა და თვალი არ მოუშორებია იესოსთვის. თითქოს რაღაც ძალა სიმშვიდის ძაფებს ავლებდა უფლის ტაძარსა და მის სულს შორის. თითქოს ზებუნებრივი ენერგია იღვრებოდა მის სხეულში და თითოეულ უჯრედს უჯანსაღებდა. იქვე ჩამოჯდა და ბევრი რამე შესთხოვა წმინდანებს. დიდი ხანი არ დაჰყო, ტაძრიდან მალე გავიდა და პირველი, რაც გააკეთა, გარეთ მყოფ ქმარს მივარდა და გადაეხვია. -არ მეგონა, თუ ეკლესიაში შესვლა ჩემს თავს კიდევ უფრო შეგაყვარებდა, თორემ უფრო ადრე მოგიყვანდი, - როგორც სჩვეოდა, მამაკაცმა იუმორში გაატარა გეტას გულაჩუყება. ქალი ემოციებს კიდევ მეტად აჰყვა, თბილად აკოცა და მკლავები ზურგზე შემოაჭდო. -გავაგრძელოთ სეირნობა? -რატომაც არა?- მიუგო კარგ ხასიათზე მოსულმა, ხელი მოჰკიდა და დაბის უკეთ გასაცნობად გაჰყვა. საკმაოდ დიდხანს იარეს, ნახეს მოზაიკურად გაწყობილი ფერად-ფერადი კედლები, შადრევნები, პარკები და ბოლოს სვენებ-სვენებით მიადგნენ თოვლივით თეთრად შეღებილ, განათებულ შუქურას. რომა მის წინ ჩამოჯდა და ზევით, ბინდში გაჭრილ შუქს უყურებდა. შემდეგ ნელ-ნელა მოაშორა მის წინ აღმართულ მაღალ შენობას თვალი, ცოლს გრძნობით სავსემ გადახედა და ჩურჩულით ამეტყველდა: -ბევრი ქალი მყოლია, მაგრამ ასეთი რამ არცერთთან განმიცდია. მაშინაც კი, როცა გეხუტები, ვგრძნობ, სულ სხვა ემოციები შემოდიან ჩემში. ჩემთვის ხარ შექმნილი, რომ შუქურასავით გზას მინათებდე. -შუქურასავით? -ჰო, შუქურა ხარ, რომელიც ხორცს და სულს მითბობს. ერთადერთი ხარ, ვისთანაც ყოველგვარი აღკაზმულობის, სიფრთხილის და არაბუნებრივობის გარეშე მიწევს ურთიერთობა. სიმშვიდის სავანე ხარ, სადაც ჩემი სიცოცხლის სხივი ანათებს და გთხოვ, არასოდეს ჩაქრე, რომ არც მე დავბნელდე. -შენც შუქურა ხარ ჩემი, რომელიც ამოუხსნელი იდუმალებით მიზიდავს და სიყვარულით მათბობს. დაე, ინათე და ნუ ჩამაქრობ, რომ წყვდიადში დარჩენილივით არ მომიწიოს სიარული, თორემ გზას ვეღარ გავიგნებ და დავიღუპები.
გაგრძელება იქნება
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|