ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელუჩი
ჟანრი: პოეზია
31 ოქტომბერი, 2019


ვინმეს, ვისაც ვუყვარდი

ტკივილი აწევს ფრთების ნაცვლად ჩემს მხრებს და ბეჭებს,
რომელიც შენი წასვლის შემდეგ გამიორკეცდა.
ვგავარ მუსიკას, მოუსმინე რომელსაც ბევრჯერ,
აიკვიატე, მაგრამ ბოლოს მაინც მოგბეზრდა.

ნეტავ თუ გახსოვს მისაბაძი ჩემი სიმშვიდე,
ჩემი ღიმილი, ხუმრობები, ხელები, ხმები;
ნეტავ იმატებს გულისცემის ხმა და სიხშირე
ჩემსავით, როცა უცაბედად ქუჩაში მხვდები.

გეუბნებოდი, საყვარელო, ჩემთან მოიწყენ,
ჩემთან ცუდია, უკუნია, ეკალ-ბარდები.
შენ ამომწურავ, ვეღარ გაძლებ, სხვებივით ისევ
მეც წიგნის ბოლო ფურცელივით დაგიმთავრდები

და ასეც მოხდა, სამწუხაროდ, შენი გრძნობები
გახუნდნენ, თითქოს გაიცრიცნენ პერანგებივით
და სამუდამო მომიძღვენი დამშვიდობება,
რადგან გრძნობები მკვდრეთით, ალბათ, ვერ აღდგებიან.

ტკივილი აწევს ამიტომაც ჩემს მხრებს და ბეჭებს,
ცარიელ ადგილს შენ მაგივრად ვერავინ მივსებს.
გავხარ მუსიკას, მოვუსმინე რომელსაც ბევრჯერ,
ავიკვიატე, მაგრამ მაინც დღედაღამ ვისმენ.






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები