 | ავტორი: მინიმე ჟანრი: პოეზია 16 ნოემბერი, 2019 |
ბებიაჩემს ერთი ჩვევა ჰქონდა: გაიღვიძებდა თუ არა, გამოაღებდა ფანჯარას და საპურეში ჩარჩენილ პურის ნამცეცებს, რაფაზე ყრიდა მტრედებისათვის.
მე კი, ხელში აყვანილს მაყურებინებდა, როგორ ნელ-ნელა სხდებოდნენ მტრედები ჩვენი ფანრჯის რაფაზე და როგორ კენკავდნენ პურის ნამცეცებს. მეუბნებოდა: რომ გაიზრდები, არ დაგავიწყდეს მტრედების მოვლაო და კისერში მკოცნიდა.
ბებიაჩემს, არასდროს დავიწყებია მტრედების მოვლა. გათენდებოდა თუ არა, ხელის გულში იგროვებდა პურის ნამცეცებს და სათესლე მარცვლების მსგავსად, მოაბნევდა დროისაგან გახუნებულ ფანჯრის რაფაზე.
ერთ დილას, შუბლზე კოცნით გამაღვიძა ბებიაჩემმა. ცალი ხელით ვიფშვნეტდი თვალებს, მეორეში კი, ვგრძნობდი როგორ მიყრიდა, ოდნავ გატეხილი თეფშიდან პურის ნამცეცებს ხელის გულში.
მერე, ფანჯარასთან მიმდგარ სკამზე დამაყენა და მითხრა: „მოაბნიე ფანჯრის რაფაზე“ – და მე ვაბნევდი, ვგრძნობდი დილის სიოს სახეზე, ვგრძნობდი სიხარულს გულში და ვგრძნობდი როგორ მეხვეოდა ბებიაჩემი წელზე დამჭკნარი ხელებით.
და როცა მოვრჩი, როცა დაიცალა ჩემი ხელის გული ნამცეცებისგან, პირველი მტრედი დავინახე, როგორ აიჭრა წინა კორპუსის სახურავიდან ცაში, და როგორ ნელა დაეშვა ჩვენი ფანრჯის რაფაზე. სიხარულისგან - იქვე ავყვირდი.
ბებიაჩემს ერთი ჩვევა ჰქონდა: გაიღვიძებდა თუ არა, გამოაღებდა ფანჯარას და საპურეში ჩარჩენილ პურის ნამცეცებს, რაფაზე ყრიდა მტრედებისათვის.
ერთ დილას ვეღარ გაიღვიძა ბებიაჩემმა. ატყდა ტირილი, იყო სევდა, იყო ნუგეშიც. და როგორც ხდება ყველაფერი, ისე ხდებოდა. ჩამაოაფარეს თეთრი ნაჭრები ტელევიზორებსა და სარკეებს, შემოიტანეს სკამები მისაღები ოთახისათვის და მოემზადნენ, თავშალწაკრულნი.
მე კი, არასდროს მავიწყდება დილით ადგომა, ვეძებ ნამცეცებს, ვიგროვებ ხელში და ნელა ვაბნევ ფანჯრის რაფაზე. ხანდახანაც კი მეუფლება ისეთი განცდა, თითქოს ბებიას დამჭკნარ ხელებს კვლავაც ვგრძნობ ზურგზე, ანდაც ერთ დილას, წინა კორპუსის სახურავიდან, ბებიას სული მტრედად მოვა, დაჯდება იქვე ფანჯრის რაფაზე, და მომინდება ბავშვად გახდომა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ზედმეტად შეგვამზადა ავტორმა ამბისთვის
რავი, ისე, პოეზიადაც არ მომეჩვენა ზედმეტად შეგვამზადა ავტორმა ამბისთვის
რავი, ისე, პოეზიადაც არ მომეჩვენა
4. ძალიან კარგია.
ძალიან კარგია.
3. ძალიან მომეწონა . ძალიან მომეწონა .
2. როგორი გულწრფელი ტექსტებია სულ ამ ავტორთან.
როგორი გულწრფელი ტექსტებია სულ ამ ავტორთან.
1. სადა, ზედმეტი სამკაულების გარეშე და პირდაპირ გულში შემოდის. სადა, ზედმეტი სამკაულების გარეშე და პირდაპირ გულში შემოდის.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|