თავი 10
სამსახურიდან სახლში ახლად დაბრუნებული ამანდა ჰანცინგერი სააბაზანო ოთახში შხაპის მისაღებად შესულიყო, როცა პატრიკი მისი სახლის კარს მიადგა. ზარის ხანგრძლივი რეკვის შემდეგ გოგონა, როგორც იქნა, აბაზანიდან გამოვიდა და კარები გაუღო. არასასურველი სტუმრის დანახვისას ისეთი სახე მიიღო, აშკარად ეტყობოდა, რომ პატრიკის მისვლა არ ესიამოვნა: _ ხომ ვილაპარაკეთ პატრიკ, ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდა, ახლა რაღა გინდა? – მობეზრებული სახით შეხედა ამანდამ ძველ პარტნიორს. _ შენთან ურთიერთობის გაგრძელებას არც ვაპირებ, ამის სათხოვნელად არ მოვსულვარ. _ მართლა? აბა, მაშინ რამ მოგიყვანა? – ირონიულად ჩაეცინა ამანდას. _ ვიცი, რატომ დაიჭირე ჩემთან ურთიერთობა, ასე გაწყობდა და ახლა, როცა შენზე სიმართლე გავიგე, ისე მძულხარ, როგორც არავინ არასდროს, – კბილებიდან გამოსცრა პატრიკმა. _ კარგი ერთი, ვითომ რა სარგებელი უნდა მოეტანა შენთან ურთიერთობას ჩემთვის? _ მე ნუ მეკითხები, თავადაც კარგად იცი, – სიბრაზით აღმოხდა მამაკაცს. _ მაინც რა ვიცი, ვერ მიგიხვდი, რას გულისხმობ? _ ამანდა, ნუ მეთამაშები და თავს ნუ იკატუნებ, _ ხმას აუწია პატრიკმა. _ ჰო?.. და შენი რომ არ მეშინია? _ მიწვევ? – დაიღრიალა მამაკაცმა. _ ხმას დაუწიე და ჩემი სახლიდან მიბრძანდი! – ხმის აწევით უპასუხა გოგონამაც, – თან გაოცებული უყურებდა პატრიკს, აქამდე არასოდეს ენახა ასეთი აღელვებული, ყოველთვის გაწონასწორებული და თავაზიანი ტონით მოსაუბრე ახსოვდა. _ შენნაირ ადამიანთან, სხვანაირად ვერც ვისაუბრებ. რა გინდოდა ლიზასგან? პირდაპირ მითხარი. _ რომელი ლიზასგან? – შეიცხადა გოგონამ. _ თავს ნუ იკატუნებ-მეთქი და ნურც ანგელოზი გამოგყავს შენი თავი. რატომ მეკითხებოდი ლიზა მეტრეველზე ხშირად, რა გქონდა ჩაფიქრებული? _ რა, არ შეიძლებოდა? _ გაეღიმა ამანდას და თავი გაიქნია. _ ვიცი, რომ ლიზა გულზე არ გეხატებოდა, ისიც გავიგე, რომ სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, მის საცხოვრებელ მისამართს არ მოსცილებიხარ, სულელიც მიხვდება, რომ რაღაცას გეგმავდი. გაფრთხილებ, თუ გავიგე, რომ ლიზას სიკვდილში შენი ხელი ურევია... _ ახლავე გაჩერდი, ნუ მემუქრები და ჩემი სახლიდან გაეთრიე! _ სიტყვა არ დაამთავრებინა მამაკაცს და აღელვებულმა თითით გასასვლელი კარისკენ ანიშნა. _ სანამ სიტყვას არ დავამთავრებ... _ პოლიციაში ვრეკავ! – დაიღრიალა ამანდამ. _ ჩემი ხელით გამოგასალმებ სიცოცხლეს! – პატრიკმა ახლა უკვე გოგონას ხმას გადააჭარბა და ისე დაამთავრა სათქმელი. წასვლის წინ, კიდევ ერთხელ, ზიზღით გადახედა და გასასვლელისკენ ჩქარი ნაბიჯებით აიღო გეზი. როგორც კი პატრიკმა კარები მოიხურა, აღელვებულმა ამანდამ ახლოს მდგარი ყვავილების ლარნაკი ხელში აიღო და კარებს შეალეწა. შემდეგ მოწყვეტით ტახტზე დაეშვა და შუბლი ხელით მოიზილა. ყოფილი პარტნიორის სტუმრობამ გოგონა წყობიდან გამოიყვანა.
თავი 11
განათებული სცენა მეფის სასახლის ოქროსფერი დეკორაციებით და მოცეკვავეების ბრჭყვიალა კოსტიუმებით ისე საოცრად აბრდღვიალებულიყო, მის ნახვას არაფერი სჯობდა. დარბაზში მყოფები “მძინარე მზეთუნახავის” წარმოდგენით და კლასიკური მუსიკის ჰანგებით თითქოს დატყვევებულიყვნენ და ბალერინების და ბალერონების მიერ შესრულებულ ჰაეროვან ცეკვებს იმდენად დაემორჩილებინათ, ზოგს თავი სცენაზე მიმდინარე ეპიზოდის თანამონაწილე ეგონა. სასახლეში გამართულ დიდგვაროვანთა წვეულებაზე უმშვენიერესი პრინცესა ავრორა გამოჩნდა. თავზე დამაგრებული ძვირფასი ქვებით მოჭედილი გვირგვინი მის ქერა თმას კიდევ უფრო მეტ ბზინვარებას ჰმატებდა. ჩაიკოვსკის მელოდიებზე ნაზად აცეკვებული ლიზა მეტრეველი შეუდარებლად გადმოსცემდა მზეთუნახავის მეთექვსმეტე დაბადების დღის სიხარულის ემოციებს. მეფე-დედოფალი შვილის ბედნიერებით ხარობდა და მისი ცეკვის დროს, დაპატიჟებულ სტუმრებს ხანდახან სიამაყით გადახედავდა ხოლმე. მომღიმარი ავრორა ფრინველივით იჭრებოდა ჰაერში და ძირს დაშვებისას, მსუბუქი მოძრაობებით და ბრუნვებით აჯადოებდა გარშემო მყოფებს. დახვეწილი ცეკვებითა და მელოდიებით გაჟღენთილ მაყურებელს რეალობის აღქმის უნარი დროებით დაჰკარგვოდა. მოულოდნელად, წვეულებაზე მყოფებისთვის უცნობი პირი გამოჩნდა და გოგონას ყვავილების თაიგული გადასცა. ბედნიერი ავრორა სცენაზე ცეკვას თაიგულით ხელში აგრძელებდა და დიდგვაროვანი სტუმრებისთვის ღიმილს არ იშურებდა. უეცრად, ყვავილებში დამალული თითისტარით გოგონამ თითი გაიჭრა და ეს იყო ნიშანი, რომ ბოროტი ჯადოქრის წყევლა სრულდებოდა. მეფის სასახლეში მხიარულება წამში საშინელმა ამბავმა შეცვალა... პრინცესა ავრორას ძალა ნელ-ნელა ეცლებოდა, მკლავებში და ფეხებში სისუსტეს გრძნობდა და რომ არ წაქცეულიყო, სხეულს ძლივს იმაგრებდა. ლიზა მეტრეველის ულამაზესი საცეკვაო კოსტიუმი თანდათან სისხლმა შეღება. მომაკვდავი ბალერინა მაინც არ ნებდებოდა, ცეკვას აგრძელებდა. სახეზე ეტყობოდა, სხეულში მიყენებული ჭრილობა იმდენად ღრმა იყო, რომ ტკივილს ვეღარ უძლებდა. მაინც არ ეცემოდა, ბოლომდე იბრძოდა. ერთ მომენტში, სცენაზე ძალაგამოცლილი დაეცა კიდეც, მაგრამ უკანასკნელი ენერგია მოიკრიბა, წამოდგა და საკუთარი სისხლის გუბეში გააგრძელა ცეკვა. _ ეს რა საშინელებაა, წარმოდგენა ასე არ გრძელდება! მზეთუნახავს მხოლოდ თითი უნდა გაეჭრა და უნდა დაეძინა! ჰო, უნდა დაეძინა!.. – ბოდავდა ახლადგამოღვიძებული ვიღაც. მერე შეშინებულმა შუბლზე ცივი ოფლი ხელით მოიწმინდა და ამოილუღლუღა: – ლიზა, გთხოვ, წახვიდე და თავი დამანებო, ნუღარ მაწვალებ. ღმერთია მოწმე, შენი მოკვლა არ მინდოდა... – სიტყვა დაამთავრა და ძილდამფრთხალი ბალიშზე მიესვენა.
თავი 12
კაპიტანი ფერგესი ფინჯანი ყავით ხელში კაბინეტში ფანჯარასთან იდგა და ჩაფიქრებული მიშტერებოდა საშობაოდ მორთულ ნიუ-იორკის ქუჩებს. ქალაქი ორმაგად გააქტიურებულიყო. გარეთ მოფუსფუსე ხალხი საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრებით დახუნძლულიყო და ჭრელაჭრულა პარკებით მიუყვებოდნენ გზებს მაღაზიიდან მაღაზიამდე. კაპიტნის გონება ლიზა მეტრეველის საქმის დეტალებს ისე უღრმავდებოდა, ირგვლივ ვერავის და ვერაფერს ამჩნევდა. _ კაპიტანო, თქვენთან არიან, _ ჩაახველა ოთახში შესულმა ოფიცერმა, რომ მისკენ ზურგით მდგარი ფერგესის ყურადღება მიეპყრო. რიჩარდ ფერგესი თავის ფიქრებში იმდენად ღრმად წასულიყო, ოფიცერს რამდენჯერმე მოუხდა მისი სახელის წარმოთქმა, რომ კაპიტანი აზრებისთვის მოეწყვიტა. _ აჰ, შენ ხარ, ჯონ? – ძლივს გამოერკვა ფერგესი და ოფიცერს შეხედა. – რაო, რას ამბობდი? –სიტყვები გაამეორებინა ახლადშესულს. _ თქვენთან ახალგაზრდა ქალბატონია მოსული, _ ამბობს, ლიზა მეტრეველის დედა ვარო. _ შემოუშვი, _ უპასუხა ფერგესმა და სამუშაო მაგიდას დაუბრუნდა. _ გამარჯობა, მისტერ ფერგეს, როგორ ბრძანდებით? _ მოწიწებული ტონით ჰკითხა კაპიტანს კაბინეტში შესულმა ნათია მეტრეველმა. _ კარგად ვარ, გმადლობთ, მისის მეტრეველი. თავად როგორ გიკითხოთ? _ ღიმილითვე შეუბრუნა შეკითხვა მამაკაცმა. _ არა მიშავს. ნიკა ხურცილავას მიერ გადმოცემული ლიზას ჩანთა მოგიტანეთ, დღიურიც აქ აღმოჩნდა, – პირდაპირ საქმეზე გადავიდა ქალბატონი. _ მართლა? ალბათ, წაიკითხეთ კიდეც. _ დიახ, მაგრამ თითქოს საეჭვო ვერაფერი ვნახე. ჩემი აზრით, ჩვეულებრივი, ყოველდღიური ამბები წერია, ისეთი არაფერი. _ ზოგჯერ, ერთ პატარა დეტალსაც კი შეუძლია, კვალზე გაგვიყვანოს, – იმედიანად შეხედა ფერგესმა მეტრეველს. _ დიახ, სწორედ ამიტომ ვარ აქ, რომ დღიური გადმოგცეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ქართულ ენაზე წერია. _ ეს არ არის პრობლემა, უმოკლეს ვადაში გადავათარგმნინებთ და აუცილებლად გავეცნობით როგორც დღიურს, ასევე ყველა ნივთს, რაც ამ ჩანთაშია. – გაუღიმა მამაკაცმა. _ მისტერ ფერგეს, დღიურში, ბოლო გვერდზე, რაღაც უცნაური ინიციალებია, ვერ მივხვდი, რას უნდა ნიშნავდეს. არა მგონია, ვინმემ იქიდან აზრი გამოიტანოს და თარგმნოს, – არეული თვალებით შეხედა ნათიამ. _ ასე ვერაფერს გეტყვით, უნდა შევისწავლოთ, – ისევ გაუღიმა მამაკაცმა. _ თქვენი იმედი მაქვს, კაპიტანო. _ ნუ ღელავთ, როგორც კი დღიური გადაითარგმნება, გპირდებით, რომ თითოეულ გვერდს საგულდაგულოდ შევისწავლით და თუ რაიმე საეჭვოს მივაგნებთ, აუცილებლად საქმის კურსში ჩაგაყენებთ. _ დიდი მადლობა! _ მხოლოდ ახლა გაუღიმა იმედიანად ახალგაზრდა ქალბატონმა, სკამიდან წამოდგა და წასასვლელად მოემზადა. _ რას ბრძანებთ, ეს ჩვენი ვალია, – ხელი ჩამოართვა კაპიტანმა და მეტრეველი კაბინეტიდან გააცილა.
*** ნათიამ დიდი იმედით დატოვა პოლიციის შენობა, ნიუ-იორკის დათოვლილ ქუჩებს მეტროსკენ აუყვა და სახლისკენ მიმავალი მატარებლის ბაქანს მიადგა. ვიღაცამ მოულოდნელად უკნიდან მხარზე ხელი დაადო და უხერხულად, დაბალი ხმით ჰკითხა: _ Excuse me, am I standing on a right place to get to downtown Brooklyn? სხვა აზრებში წასულმა ნათიამ შეშინებული სახით შეხედა უცნობს. ხელში რუქით მდგარი ტურისტი რომ დაინახა, მხოლოდ მაშინ მოეგო გონს, გაუღიმა და დაუდასტურა, რომ სწორ გზას ადგა.
თავი 13
ფაბიანა ორი კვირის განმავლობაში ურეკავდა ნიკას, მაგრამ ბიჭი გოგონას ზარებს არ პასუხობდა. არც უნივერსიტეტში იცოდნენ მის შესახებ რამე. სოციალურ ქსელებში თუ მეილზე მიწერილი წერილების გაგზავნასაც არ ჰქონდა აზრი, ყველა მათგანი უპასუხოდ რჩებოდა. ერთ საღამოს, ფაბიანას ბინაში კარზე ზარის ხმა გაისმა: _ ნიკა? რა დაგემართა? როგორ შეცვლილხარ... – გაკვირვებულმა გოგონამ თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა ბიჭი და თვალებს არ უჯერებდა. _ სალაპარაკო მაქვს, შენი დახმარება მჭირდება, – სერიოზული სახით შეხედა გოგონას. _ რა თქმა უნდა, შემოდი. ფაბიანა სამართლის სკოლის ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი იყო. ნიკამ უნივერსიტეტის “კამპუსში” გაიცნო. მას შემდეგ ბევრი საერთო მეგობარიც გაიჩინეს. თავს ერთად კარგად გრძნობდნენ და ხშირად ხვდებოდნენ ხოლმე, მაგრამ სერიოზული ურთიერთობისთვის არც ერთი იყო მზად. ნიკას სახეზე ეტყობოდა, რომ კარგად არ იყო და რამდენიმე დღიანი დაკარგვისთვის სერიოზული მიზეზიც ჰქონდა. მისაღებ ოთახში შევიდა, ტყავის სავარძელში მოკალათდა და საუბარი დაიწყო: _ ფაბიანა, გახსოვს, პოლიციის განყოფილებაში რომ დამიბარეს? _ დიახ, რა ხდება? _ საქმე ეხება ლიზა მეტრეველის გახმაურებულ მკვლელობას, რომელიც ჩემი ბავშვობის დროინდელი სიყვარული იყო და აქ, ნიუ-იორკში მოკლეს. _ ის ქართველი ბალერინა გიყვარდა? _ სახე შეეჭმუხნა ფაბიანას. _ დიახ, – ნაღვლიანად შეხედა გოგონას და თავი დახარა. _ ასეც ვიცოდი, რომ შენი რამდენიმედღიანი დაკარგვა მაგ ბალერინის საქმეს უკავშირდებოდა. მომიყევი, როგორც შევძლებ, დაგეხმარები. _ მოიცადე, შენ საიდან იცი, რომ ლიზა მიყვარდა? _ ქალებს ვერაფერს გამოგვაპარებთ, – გოგონას უსიამოვნოდ ჩაეცინა და თვალებით ანიშნა, დაიწყეო. ნიკამ ყოველგვარი ზედმეტობების და შესავლის გარეშე დაიწყო: _ ლიზა მეტრეველს მკვლელობამდე ერთი დღით ადრე შევხვდი. მისთვის ჩვენი მეგობრისგან გამოგზავნილი საჩუქარი მქონდა გადასაცემი და ამასთანავე მინდოდა, საბოლოოდ დავრწმუნებულიყავი, რომ მასთან ურთიერთობის არანაირი შანსი არ მქონდა. ასეც მოხდა, როდესაც რესტორანში შევხვდი, მითხრა, რომ მეუღლესთან თავს არაჩვეულებრივად გრძნობდა და სურვილი არ ჰქონდა, ჩემ გამო, პირად ცხოვრებაში პრობლემები შექმნოდა. ვუთხარი, რომ მეგობრებად მაინც დავრჩეთ და ერთმანეთს ხანდახან შევხვდეთ-მეთქი, მაგრამ ამის გაგონებაც არ სურდა, წამოდგა და აღელვებულმა დამტოვა. რესტორანში ჩანთა დარჩა. დავურეკე, მაგრამ არ მობრუნდა, _ მითხრა, რომ მეორე დღეს სხვას გამოგზავნიდა და მისთვის გადამეცა. შემდეგ, ეს საზარელი ამბავი გავიგე. ვიდრე პოლიციელები ჩემს ამბავს შეიტყობდნენ, მინდოდა ჩანთა ოჯახის რომელიმე წევრისთვის მიმეტანა, მაგრამ უნდა ვაღიარო, გავხსენი და რომელიმე ნივთის სამახსოვროდ დატოვება გადავწყვიტე. სწორედ იმ დროს, როცა ლიზას კუთვნილ ნივთებს ვათვალიერებდი, შემთხვევით დღიური აღმოვაჩინე, გულმა ვერ გამიძლო, გადავშალე და ყველა გვერდი წავიკითხე. ჩემზეც ბევრი რამ შევიტყვე, _ თურმე ფიქრობდა, რომ ძალიან ამპარტავანი და მდიდარი ოჯახისგან გათამამებული, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე პიროვნება ვიყავი. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ასე ვჩანდი მის თვალში და გაცნობის პირველივე დღიდან არ მოვწონდი. ეს დღიური, საკმაოდ მძიმე წასაკითხი აღმოჩნდა... საბოლოოდ, ასლი გადავიღე და ჩემთან შევინახე, ხოლო ორიგინალი ჩანთასთან ერთად ლიზას დედას გადავეცი. _ ამ შემთხვევაში, მე რით შემიძლია დაგეხმარო? – ხმადაბალი ტონით ჰკითხა ფაბიანამ და წარბი ასწია. _ დამასრულებინე, ყველაფერს გეტყვი. დღიური თარჯიმანთან მივიტანე და ინგლისურად ვათარგმნინე. მინდა, შენც გადახედო. ვიცი, ძალიან დაკვირვებული თვალი გაქვს. _ ნიკა, ამ დღიურზე პოლიცია იმუშავებს და თუ რამეს მიაგნებენ, საქმეს თავადაც მიხედავენ. _ ხომ შეიძლება, რომ ჩვენც ვაწარმოოთ კერძო გამოძიება? _ როგორ არ შეიძლება, მაგრამ... _ არანაირი მაგრამ, ფაბიანა, გთხოვ, გვერდში დამიდგე. _ მე მაინც მგონია, რომ დროს ტყუილად დავკარგავთ, აზრს ვერ ვხედავ. რატომ მოინდომე, რომ კერძო დეტექტივობანას თამაში დავიწყოთ? რომელი შერლოკ ჰოლმსები ჩვენ ვართ?!. _ მინდა, პოლიციას დავასწრო, ლიზას მკვლელი ვიპოვო, თვალებში ჩავხედო და პასუხი მოვთხოვო იმისთვის, რაც ჩაიდინა. მოკლედ, დამეხმარები თუ არა? _ ძალიან აღელვებული ხარ, შურისძიების წყურვილით ხარ შეპყრობილი. გასაგებია, რომ ის ბალერინა გიყვარდა, მაგრამ ერთ დანაშაულს მეორე არ უნდა დაემატოს! ამის უფლებას არ მოგცემ, ვერ დაგეხმარები, ჩემი იმედი არ გქონდეს! _ „პასუხის მოთხოვნაში” დანაშაულის ჩადენა სულაც არ მიგულისხმია. _ მოდი, ჯერ დამშვიდდი და მოგვიანებით ვილაპარაკოთ. ხომ იცი, სისულელეებზე დროის ფუჭი კარგვა არ მიყვარს. ჩვენ მაინც ვერაფერს გავხდებით, ეს საქმე საკმაოდ კომპეტენტურ პირებს აქვთ ხელში, დაელოდე და დამნაშავესაც იპოვიან. _ ფაბიანა, როგორ არ გესმის? ეს სისულელე არ არის. გთხოვ, დამეხმარო. _ არ მესმის, რად გინდა? არც კი ვიცით, რას შეეწირა ლიზა, ვინ მოკლა და ვის ვუპირისპირდებით, თავს შარში იგდებ და ვატყობ, მეც პრობლემებს შემიქმნი. _ კარგი, რადგან ჩემი დახმარების სურვილი არ გაქვს, მაშინ სხვა ხერხს მივმართავ, – წამოდგა და წასვლა დააპირა ნიკამ. _ მოიცადე! – ხელით შეაჩერა ფაბიანამ, – მეცინება, მაგრამ მოდი, ერთ რამეზე გულწრფელად მიპასუხე: _ რომ ვიპოვოთ ლიზას მკვლელი, მერე რას ვაკეთებთ, რას გვაძლევს? რატომ გგონია, რომ ჩვენ თუ შევძლებთ ამ დღიურით მკვლელის პოვნას, პოლიციელები ვერ შეძლებენ? _ ფაბიანა, დამეხმარები თუ არა? _ ნიკა, პასუხიც არ გაქვს, წესიერად ისიც კი არ იცი, რატომ გინდა, ასე მოიქცე. _ მაგას მერე გაიგებ. _ ახლა მითხარი, სხვანაირად არ მაწყობს, უნდა ვიცოდე, რისთვის ვაკეთებთ ამას? _ სანამ ლიზა ცოცხალი იყო, ახლოს არ მიკარებდა. ამბობდა, რომ ერთი თავქარიანი და ჩემს თავზე შეყვარებული ბიჭი ვიყავი, რომელსაც ეგონა, ნებისმიერი გოგოს გულის მოგება შეეძლო. მისი აზრით, ის ჩემთვის მორიგი გატაცება იყო, რომლის მონადირების ჟინი მკლავდა. თუ სიკვდილის შემდეგ მართლა არსებობს რაღაც და გარდაცვლილი სულები რამეს ხედავენ, მინდა, ახლა მაინც დარწმუნდეს, რომ არც ისეთი ცუდი პიროვნება ვარ, როგორც ფიქრობდა. მსურს, ჩემი წვლილი შევიტანო მისი მკვლელობის გამოძიებაში. ამ სიტყვების გაგონებაზე ფაბიანას თვალები აუწყლიანდა, მერე თანაგრძნობით შეხედა, ხელები მოჰხვია, ჩაეხუტა და ჩუმად უთხრა: _ ნამდვილი ბავშვი ყოფილხარ, ჩერჩეტი და მგრძნობიარე ბავშვი. კარგი, დამიტოვე დღიური და გავეცნობი, ვინ იცის, მკვლელს თუ ცოცხლები გადავურჩით, მომავალში ეს ქეისი ერთ-ერთი დავალების ნიმუშადაც გამომადგეს უნივერსიტეტში. _ აი, ხომ ხედავ, უკვე ერთმანეთს ვუგებთ, თან, საკუთარი სარგებელიც შეიძლება ნახო, – სევდიანად გაუცინა ბიჭმა ფაბიანას, დღიური დაუტოვა და შეუთანხმდა, როგორც კი რამე საეჭვოს აღმოაჩენდა, საქმის კურსში ჩაეყენებინა.
თავი 14
ქალბატონმა ლუსიმ რამდენიმე დღით კალიფორნიაში, თავის დის მოსანახულებლად მოისურვა წასვლა. ლორენი მეუღლესთან ერთად მთაში, დიდ რანჩოში ცხოვრობდა, ცხენებს უვლიდა, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ოფისში აგენტად მუშაობდა და თავს ამით ირჩენდა. საღამო ხანი იყო, როდესაც პალმ სპრინგსის საერთაშორისო აეროპორტში ქალბატონ ლუსის დის ქმარმა სახლში წასაყვანად მანქანით მიაკითხა: _ როგორ ხართ? _ როგორ ვიქნებით, ჰოვარდ? ლიზას ამბავმა ყველა გაგვანადგურა. ძნელია, უყურო საკუთარ შვილს, რომელიც ყოველდღე ასეთ საშინელ წუთებს უძლებს. _ მესმის. პოლიცია რას ამბობს, ახალი ხომ არაფერია? _ ჯერჯერობით არაფერი. სამხილები არ აქვთ, მოწმეები არ ჰყავთ. ეს ართულებს საქმეს. ახლა ლიზას დღიურზე მუშაობენ, შეიძლება, კვალზე გაგვიყვანოსო და ვნახოთ, რა იქნება. _ ლიზას დღიური? _ ჰო, ჩანთაში უპოვეს. _ საინტერესოა. _ შენ როგორ ხარ? _ არა მიშავს, ვმუშაობ, ჯერჯერობით ჯანმრთელობა ხელს მიწყობს. _ შეკვეთები გაქვს? _ კი, არ ვუჩივი. თვეში ოთხ ბუხარს მაინც ვაკეთებთ. _ კარგია. პრეტენზიული კლიენტები ხომ არ გყავს? _ მაგათ გარეშე როგორ იქნება? _ გაეცინა ჰოვარდს. _ მართალი ხარ. _ ესე იგი, ლიზას დღიურზე მუშაობენ, არა? _ გამოძიების თემას მიუბრუნდა ჰოვარდი. _ ჰო, რა იყო? _ არა, არაფერი. პირიქით, კარგია, იქნებ რაღაცას მიაგნონ. _ ჰო... _ იცით, რა წერია დღიურში, თუ ჯერ არა? _ ლიზა ქართულ ენაზე წერდა, ამიტომ ჩვენ არ ვიცით, იქ რა წერია, მაგრამ როგორც დედამისი ამბობს, ისეთი არაფერი, განსაკუთრებულ ყურადღებას რომ იმსახურებდეს. ჯერ უნდა გადაითარგმნოს და მერე ვნახოთ. მოკლედ, ველოდებით, რას იტყვის პოლიცია. იმედი მაქვს, სიმართლე გაირკვევა. შენ ის მითხარი, ჩემი და როგორ არის? _ კარგად, ვახშამს გიმზადებს, ლუსის სათანადოდ უნდა დავხვდეო, – მხიარულად გადახედა მამაკაცმა. _ რას ამზადებს? _ ზღვის პროდუქტებს გიმზადებს. _ იცის, რაც მიყვარს, – კმაყოფილი სახით, მკრთალად გაეღიმა ლუსის. _ სხვა როგორ ხართ? დეივიდი როგორ არის? _ ხომ გითხარი, ძალიან დათრგუნულია. ვცდილობ, ვანუგეშო, მაგრამ არ გამომდის. _ ისევ იქ მუშაობს? _ კი, იქ მუშაობს. _ მახსოვს, ერთხელ თანამშრომელ ქალთან ერთად იყო კალიფორნიაში, ჩვენთანაც მოვიდნენ სტუმრად. _ აილინზე ამბობ? _ კი, სწორედ ეგ სახელი ერქვა. _ მათი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა. ეს მაშინ იყო, სანამ ლიზას გაიცნობდა. _ რა მოხდა, რატომ დაშორდნენ ერთმანეთს? _ სიმართლე გითხრა, არ ვიცი, მაგრამ რთული ხასიათის ადამიანი იყო. თავიდანვე ვიცოდი, რომ მათ ურთიერთობას დიდი დღე არ ეწერა, მაგრამ ამას როგორ ვეტყოდი დეივიდს? არ მინდოდა, გული მეტკინა მისთვის. ხომ იცი, მის პირად ცხოვრებაში არასოდეს ჩავრეულვარ. თვითონაც ისეთია, არც მოეწონება. _ ახლა სად არის აილინი? _ ისევ დეივიდთან მუშაობს და როგორც ვიცი, სხვაზე დაქორწინდა. _ პირველი ცოლი როგორ არის, კავშირი გაქვთ? _ პირველმა ცოლმა ნარკოტიკებს თავი დაანება და სარეაბილიტაციო კურსს გადის. ადრინდელივით მანჰეტენზე ოჯახის ბიზნესს უძღვება. _ კარგია, რომ ნარკოტიკებს აღარ ეკარება. როგორც ჩანს, შვილის დაკარგვისგან მიღებულ ტრავმას საბოლოოდ მოერია. _ მორევით რა გითხრა, ამ ტკივილს რომელი მშობელი გაუმკლავდება, მაგრამ ახლა, მთავარია, რომ ცხოვრებისკენ ისევ მოიხედა. ეჰ, რამდენჯერაც პატარა ენდრიუ გამახსენდება, იმდენჯერ ცხადად წარმომიდგება ხოლმე, როგორ გამოგვეცალა ხელიდან და ლამის გული გამეგლიჯოს. შენ რა, გგონია, ან დეივიდი და ან ევა მას როდისმე დაივიწყებს? არასოდეს! _ მართალია, _ დაეთანხმა ჰოვარდი. _ მგონი, მოვედით, ეს ხომ თქვენი სახლია? _ ბოდიშს ვიხდი, გავერთე ლაპარაკში და გავცდი. ახლავე მივაბრუნებ მანქანას. _ რა გჭირს, ხომ კარგად ხარ? _ ცოტა ფიქრებს გავყევი, _ ცალყბად გაიცინა მამაკაცმა. _ მესმის, მძიმე დიალოგი გვქონდა, _ ამოიოხრა ლუსიმ. მანქანიდან გადმოვიდნენ და სახლში შევიდნენ. ლორენი იქ არ დაუხვდათ, საჯინიბოში ცხენებთან იყო გასული და საკვებს აძლევდა. ცოტა ხანში, კოვბოის ქუდით, ჯინსებით, ჩექმებით და კუბოკრული პერანგით შემოსილი ხანში შესული ქალბატონი სახლში დაბრუნდა და დის დანახვაზე სახე ისე გაებადრა, პატარა ბავშვივით აცქმუტდა. _ რატომ არ დამირეკეთ, როცა მოხვედით, მობილური ტელეფონი მუდამ თან დამაქვს, _ უსაყვედურასავით ახლად მისულებს. _ არ გვინდოდა საყვარელი ცხოველებისთვის ჭამის სიამოვნება მოგეკლო, _ გაეხუმრა ჰოვარდი ცოლს. _ მერე რა მოხდა, გვიან ვაჭმევდი, – კისკისებდა ლორენი. მერე დას მიუბრუნდა: _ როგორ იმგზავრე? _ კარგად, მადლობა. _ იმისთანა ვახშამი მოგიმზადე, სჯობს აღარ გავაციოთ და მაგიდის გაშლას შევუდგები. _ მოგეხმარები, – ფეხზე წამოდგა ლუსი. _ იყოს, თავადაც მივხედავ,Dდაისვენე, დაღლილი იქნები. _ როგორც გინდა, – აღარ შეეწინააღმდეგა დას. ვიდრე ლორენი მაგიდას გააწყობდა, ლუსი გარეთ გავიდა და ძაღლებს მოესიყვარულა, თან, ფიქრებით სხვაგან წავიდა.
*** მეორე დილას ჰოვარდი სამუშაო ტანსაცმელში გამოეწყო, ხელსაწყოები მანქანის საბარგულში ჩაალაგა და ქალბატონებთან სასაუზმოდ მოემზადა. _ იცი, ჰოვარდ, _ წამოიწყო ლუსიმ. – მთელი ღამე ვფიქრობდი შენს სიტყვებზე. _ რასთან დაკავშირებით? _ გუშინ რომ დეივიდის წარსული სასიყვარულო კავშირები გაიხსენე, მივხვდი, შენი ეჭვები საითკენ მიგყავდა. _ ეჭვი ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება გაგვიჩნდეს, მაგრამ ამავდროულად რეალობა სულ სხვა იყოს. _ რაზე ლაპარაკობთ? – საუბარში ჩაერთო ლორენი. _ გუშინ, ვიდრე აეროპორტიდან სახლამდე მოვიდოდით, დეივიდზე და მის წარსულ სიყვარულზე ვსაუბრობდით. ჰოვარდს ჰგონია, რომ რომელიმე ძველმა პარტნიორმა ეჭვიანობის ნიადაგზე ჩაიდინა მკვლელობა. _ მე არაფერი მგონია, ლუსი, უბრალოდ გამორიცხული არაფერია. – ამის თქმა მინდოდა. _ რა თქმა უნდა, არაფერია გამორიცხული, მაგრამ ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ მკვლელი მამაკაცია. _ მერე რა, შეიძლება ის მამაკაცი ქალის დაქირავებულიც იყოს. _ ღმერთო, უკვე აღარ ვიცი, ვისზე ვიფიქრო, თავში დიდი აბდა-უბდა მაქვს. _ მოდი, გავყვეთ, ვის შეიძლებოდა, ლიზას სიკვდილით ხელი მოეთბო? – ისევ ჩაერთო საუბარში ლორენი. _ ვერ გეტყვი, ლორენ, შეიძლება ეს მკვლელობა ისეთის ჩადენილიც იყოს, ჩვენ რომ ეჭვითაც ვერ მივალთ. ამიტომ მირჩევნია, ცოდვა არ ჩავიდინო და ხელი არავის დავადო. ისე, უამრავი ვინმე შეიძლებოდა ყოფილიყო, ვისაც ლიზას სიკვდილი აწყობდა. ამ თემაზე მე და დეივიდს ბევრჯერ გვიმსჯელია, – მძიმედ ამოისუნთქა ლუსიმ. _ კარგი, სჯობს სხვა თემაზე ვისაუბროთ, ვატყობ, ყველას ძალიან გვამძიმებს ეს თემა. რას იტყვი, ჰოვარდ? – მიუტრიალდა ლორენი მეუღლეს. _ რა თქმა უნდა, – დაეთანხმა მეუღლეს, თან, დროდადრო მაჯის საათს უყურებდა, რომ დრო ეკონტროლებინა და სამსახურში არ დაგვიანებოდა. _ დღეს, მე და ლუსი მოლში მივდივართ, რამე ხომ არ გინდა, რომ გიყიდო? _ სამი დღის წინ სამუშაო ფეხსაცმელი რომ ვნახეთ, წინ რკინით გაწყობილი, თუ კიდევ დარჩა მაღაზიაში, მიყიდე და სახლში რომ მოხვალ, ფულს მოგცემ. _ კარგი. _ ზომა ხომ გახსოვს? _ 42. _ ყოჩაღ! – თვალი ჩაუკრა მეუღლეს. მერე წამოდგა და დაიბარა, საღამოს ექვსი საათისთვის დავბრუნდებიო. ლორენმა ქმარი გააცილა და ცხოველების გამოსაკვებად გარეთ გავიდა. ლუსიმ მაგიდა აალაგა და ისევ თავის ფიქრებთან განმარტოვდა. ერთ საათში დები მანქანაში ისხდნენ და სავაჭრო ცენტრისკენ მიდიოდნენ. _ ლორენ, როგორ მიდის სამსახურის ამბები? _ კარგად, არ ვუჩივი. ღვთის წყალობით თვეში ორ-სამ ბინას მაინც ვყიდი, ზოგს ვაქირავებ და ასე თუ ისე შემოსავალი მყოფნის. _ ალბათ, ჰოვარდიც გეხმარება. _ აბა, ამხელა ხარჯებს რანჩოში როგორ გავწვდებით? ჰოვარდიც ბევრს მუშაობს და მეხმარება. რატომ მეკითხები? _ არა, ისე... _ მისმა ნამუშევრებმა ისე გაითქვეს სახელი, ერთმა კლიენტმა ამას წინათ ნიუ-იორკის შტატში მიიწვია და იქ გააკეთებინა მარმარილოს დიდი ბუხარი. სახლი კი არა, სასახლე ჰქონდაო, _ გაოცებული ამბობდა, როცა ჩამოვიდა. _ ნიუ-იორკში იყო და ჩვენ არ გვინახულა? ეს როდის მოხდა? _ დეკემბრის დასაწყისი იყო, სადღაც ათი დღით დარჩა. ხომ იცი, როგორი დატვირთული გრაფიკი აქვს, თან, თქვენგან შორს, Uპსტატე Nეწ-Yორკ-ში მუშაობდა. _ რომელ ქალაქში იყო? _ მგონი, კუპერსთაუნში, ოთსეგოს ტბასთან ახლოს. _ ამბობდა, ულამაზესიაო. აუცილებლად მინდა, ერთ ზაფხულს ვეწვიო იმ ადგილს და დავისვენო. _ ჰო, კარგი იქნება, _ შეცვლილი განწყობით უთხრა ლუსიმ. _ რა მოხდა, ცუდად ხომ არ ხარ? _ მალე შეამჩნია გუნების შეცვლა დას ლორენმა. _ არა, რაღაცაზე ჩავფიქრდი, ყურადღებას ნუ მომაქცევ. იმ დღეს, დებს საყიდლებზე დიდხანს არ უვლიათ. მხოლოდ საჭირო ნივთები და რამდენიმე ხელი ტანსაცმელი შეიძინეს, შემდეგ პიცა და გაზიანი სასმელი მიირთვეს და სახლში დაბრუნდნენ. ლორენი საჯინიბოსკენ გაემართა და დაღლილობის მოსახსნელად საყვარელ ცხენთან ერთად მთაში გაიჭრა. ლუსიმ თავის ტკივილი მოიმიზეზა და სახლში დარჩა.
*** ლუსიმ გეგმები შეცვალა და მეორე დილით, ნიუ-იორკში გამგზავრება გადაწყვიტა. გონებაარეულმა გაიარა რეგისტრაცია და ავტომატურად მიჰყვა წესებს. როგორც კი თვითმფრინავის ბორტზე აღმოჩნდა, მთელი ღამის უძინარი, მალევე ძილმა წაიღო. ძილბურანიდან გამოსული კვლავ თავის ფიქრებს დაუბრუნდა და ცდილობდა, ჰოვარდი ლიზას მკვლელობასთან დაეკავშირებინა. ფიქრობდა მოტივზე, რა შემთხვევაში აწყობდა მისი რძლის სიკვდილი მამაკაცს. ბოლოს, ამოცანას ახსნა ვერ მოუძებნა, საკუთარი აზრების თავად შერცხვა და ფიქრი შეწყვიტა.
გაგრძელება იქნება
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|