ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მერიენ
ჟანრი: პოეზია
26 ნოემბერი, 2019


აირწინაღი

დროა, დავბრუნდე დედის წიაღში
და სხვა უდაბნო ტანიდან ვიშვა,
სამყარო გახდეს აირწყინაღი,
რომელმაც ჩემი სახე მანიშნა.

შიში, რომელიც მხრავს და მაწამებს,
სუროდ და ხავსად შემომეხვევა,
შემოვა ჩემში ღრმად და ნაწლავებს
ჩამოყრის ხმელ და მრუდე ფეხებთან.

რკინის ბავშვობა ჟანგს ჩაუყლაპავს
და მისი ექო დაუზრავს ყინვას,
ჰგავს უიმედოდ გაჭედილ კლაპანს
მხოლოდ ცარიელ წარსულში ყვინთვა.

ყარს არსებობა, როგორც ბუნკერი,
როგორც გახრწნილი ნაგასაკელი,
არ მაქვს ნობელი და არც ბუკერი,
მხოლოდ - ეს მყრალი ნაგავსაყრელი.

მყიფე ლექსებად ვიშლები, დროა...
მარტო დავბრუნდე დედის წიაღში
და ეს სიმყრალე შევუშვა მდორედ
სამყარომოხსნილ აირწინაღში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები