ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მერიენ
ჟანრი: პოეზია
25 დეკემბერი, 2019


იხილე ნათელი!

ჩვენ, ვინც შევძელით დაბადება,
როგორ ვახერხებთ,
რომ დედის წიაღიდან გამოსულებს,
მალევე გვავიწყდება ერთადერთი სამშობლო?!
და როგორ ვტოვებთ მას?
მენჯის ძვალში გაჩხერილები,
ლორწოსა და სისხლში ამოსვრილები,
ჭიპლარშემოხვეულები
და თითქმის მკვდრები,
ნაწილ-ნაწილ დაგლეჯილები
თუ ცოცხლები?
ნეტავ,
თუ ვიცოდით დაბადებამდე,
რომ ეს ტანჯვა სიცოცხლედ ღირდა?
რომ ამის შემდეგ გველოდა
ვან გოგის ფერები,
ვარსკვლავებიანი ღამეები
და თავდახრილი მზესუმზირები,
მცხუნვარე მზე
და მზისგან გახურებული კანი.
ნუთუ ვიცოდით,
რომ ნაწლავებისა და შინაგანი ორგანოების სითბოსა და სუნს,
მზის სითბო და აყვავებული ატმის სურნელი შეცვლიდა?
და დაბადებისთანავე დავივიწყეთ
მუცლადყოფნის უსაფრთხო,
მაგრამ მოსაწყენი პერიოდი.
აი, გამოვიარეთ დედის საშო,
თბილ სახვევში ჩაგვფუთნეს
შუბლზე ნაზად გვაკოცეს და გვითხრეს:
იხილე ნათელი!
და ყველაფერი დაგვავიწყდა დედის ტანჯვაზე,
მის ტკივილსა და ოფლზე,
მისი მუცლის სიმრგვალეზე,
მისი კანის ჩახევაზე,
მისი ძვლების მტვრევაზე,
მის კრუნჩხვებსა
და კრთომაზე,
მის ჯერაც ქალწულებრივ შიშზე.
ჩვენ, ვინც შევძელით დავიწყება
დედის მუცლისა,
ნუთუ სიკვდილის შემდეგ,
შევძლებთ დავიმახსოვროთ,
რამე მაინც,
ამ ცხოვრებიდან?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები