ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მინიმე
ჟანრი: პოეზია
25 დეკემბერი, 2019


საუბარი მამასთან ( ოთხი სევდა)

საუბარი მამასთან
( ოთხი სევდა)

სევდა პირველი

მშია - მეთქი ვუთხარი და
რამდენიმე წუთი
ვუყურებდი
მამაჩემის ტირილს.
ვერაფირთ ვერ ვიგებდი
რა ვაწყენინე.

ახლა კი, როცა ვფიქრობ,
ვხვდები,პირველად
მაშინ შევცოდე,
მამაჩემი რომ
ავატირე.

და რა ძნელია
იყო ცოდვილი იმის გამო,
რომ გშია.

სევდა მეორე

ჩხუბის ხმაზე, ყოველთვის ჩემს ოთახში
შევდიოდი და თვალებზე
ხელებს ვიფარებდი.
მეგონა ამით ვეღარაფერს დავინახავდი.
ანდაც ვერაფერს მოვისმენდი
რაც იქ ხდებოდა.
**
ჯერ ისმოდა ყვირილი,
მერე ჭიქებისა და თეფშების მტვრევის
ხმა და ისმოდა გინებაც.
მე კი ნელ-ნელა მივაცურებდი აკანკალებულ
ხელებს ყურებისკენ და ვუჭერდი
მთელი ძალით.
**
ერთხელ კი ვეღარ მოვითმინე.
გავაღე კარი.
ფეხშიშველი გავედი
სამზარეულოში და ჩემი საყვარელი
ჭიქის ნამსხვრევებთან დავდექი.
ვიდექი ასე, გაუნძრევლად,
უთქმელად სიტყვის
და ვუყურებდი,
როგორ კრეფდა მამაჩემი
ჭიქის ნამსხვრევებს.

სევდა მესამე

როცა მამაჩემი,
ერთ შუაღამეს,
საპურეში ჩარჩენილი
პურის ნამცეცების ჭამის დროს
დავინახე,
კედელს ამოვეფარე და
ჩავიცუცქე.

ვუსმენდი როგორ ნელა ფხეკდა,
დაუჭრელი ფრჩხილებით
პლასტმასის საპურეს
და ვერ ვინრძრეოდი.
ვტიროდი ჩუმად, როგორც შემეძლო.
ასე, ბავშვურად.

და მე ვნანობდი,
და მტკიოდა
რომ დაწოლის წინ
ბოლო ნაჭერი
პური შევჭამე.

სევდა მეოთხე

გუშინ მამაჩემის
საფლავს ვერ მივაგენი.
გუშინ მეორედ
მოკვდა მამა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები