ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკო ლეჟავა
ჟანრი: პოეზია
7 იანვარი, 2020


ტელევიზიის სარდაფში (სატელევიზიო სპექტაკლი) სერია 20

სერია # 20

                  მოქმედი პირები:
ოსტატი  - ავეჯის ლოთი, თვითმარქვია რესტავრატორი,
                                                            რომელიც ტელევარსკვლავი გახდა;             
შეგირდი - ოსტატის შეგირდი, შრომისმოყვარე;
პაველი  - წითელარმიელი;
კანტროლკა - შუასაუკუნეების დროინდელი ჯალათი;
და სხვები.


სტუდიაში მარტო დარჩენილმა ოსტატმა „ახალი ველოსიპედის“ გამოგონებაზე მუშაობა განაგრძო - დღე მიიწურა... ღამეც... და უკვე გამთენიისას, დაღლილ-დაქანცულს მაგიდასთან ჩამოეძინა.

ახალი სურათი:
აეროპორტი, ავიასადისპეჩერო.
ავიადისპეჩერი მიშკა-შეგირდი მონიტორზე ავიალაინერთა მოძრაობის კურს თვალს ადევნებს. მას უახლოვდება სტიუარდესის ფორმაში გამოწყობილი ჟანა-დამლაგებელი, ის, ვინც პირველივე დღიდან ოსტატს გადაემტერა.
- მოხვედი, ჩემო ჩიტუნია... - მიუალერსა ავიადისპეჩერმა მიშკა-შეგირდმა სტიუარდესა ჟანა-დამლაგებელს.
- მომენატრე ჩემო ვეფხუნია...
- მუხლზე ჩამომიჯექი...
- ისინი სად არიან?
- ვინ ისინი, შენი ეკიპაჟის წევრები?
- ხო, სამი იდიოტი - ოსტატი, პაველი და კანტროლკა!
- სად იქნებიან, ცაში...
- უჩემოდ გაფრინდნენ?!
- ვერ გაგიმეტე დასაღუპად; გაუმართავ ავიალაინერზე დავსვი... ვუთხარი, რომ შენ შეუძლოდ ხარ!
- ჩემო ვეფხუნია...
- ჩემო ჩიტუნია...

ღრუბლების მიღმა აჭრილ ავიალაინერის შტურვალს მფრინავის სამოსელში გამოწყობილი ოსტატი უზის; მეორე პილოტად პაველი ჰყავს; ხოლო მათ უკან მდგარი კანტროლკა, ბორტ-მექანიკოსია.
პირველი პილოტი მიმართავს მეორე პილოტს (ოსტატი პაველს):
- პავლიკია, პრიბორ?
- პრიბორ დესიტ!
- რაის დესიტ?
- აბა, რაის პრიბორ?! - ხელების განზე გაშლით უთხრა პაველმა.
- შტურვალს ხელს ნუ უშვებ! ტრამვაის საჭეს კი არ უზიხარ...
სწორედ ამ დროს, ავიალაინერს ყვავი წამოეწია, ოსტატს გულგრილად გამოხედა და წინ გადაუსწრო. შეურაცხოფილმა ოსტატმა ფრენის სიჩქარეს უმატა, ყვავს დაეწია და ისეთნაირად აუარა გვერდი, ლამის მოთელა. გაავებული ყვავი ისევ დაეწია ავიალაინერს და ფრთის წვერით ოსტატს ანიშნა, როგორც ადამიანები საფეთქელზე მიბჯენილი თითით ვანიშნებთ ერთმანეთს - ხომ არ გაგირეკავსო(!), და გადაუსწრო წინ; კარგა მანძილზე ჩამოიტოვა.
- ამ თავხედს დამიხედეთ!!! - იყვირა ოსტატმა და მაქსიმალური სიჩქარით ყვავს დაედევნა.
„ბუხ“! - გაისმა ხმა... და ავიალაინერი მსუბუქად შექანავდა კიდეც.
- რა მოხდა?! - შეჰყვირა მეორე პილოტის შტურვალთან მჯდომმა შეშფოთებულმა პაველმა.
- არაფერი, ყვავი გავთელე...
ორიოდ წუთში თვითმფრინავმა გულაღმა გადაბრუნება დაიწყო და დაღმა, ღრუბლებში ამოზნექილ, ულმობელი კლდისკენ დაექანა. რამოდენიმე წამში - ბახ! ბა-ბახ! ბა-ბა-ბახ! რკინაც კი დადნა... 

- ვაიმე! - იყვირა მძინარე ოსტატმა და ფეხზე წამოიჭრა. - სად ვარ?!
- სად უნდა იყო, აქ ხარ, რა დაგემართა? - ერთხმად უთხრეს პაველმა და კანტროლკამ, ვინც ესესაა სტუდიაში შემოსულიყვნენ.
- ცოცხალი ვარ?
- ცოცხალი ხარ! რა მოხდა?
- საშინელი სიზმარი მესიზმრა!
- რა სიზმარი, ნიანგი დაგესხა თავს?
- ნიანგი არა, უარესი - ერთი ძველი ანეგდოტი მესიზმრა...
- რა ანეგდოტია ასეთი, ნიანგზე უარესი?
ოსტატმა სული რომ მოითქვა, მერეღა თქვა:
- არა ძმაო, თვითმფრინავის დანახვა არ მინდა!
- თვითმფრინავი დაგეჯახა? - ჰკითხა კანტროლკამ.
- თვითმფრინავი როგორ დამეჯახებოდა, ყვავი კი არ ვარ!
- შიგ იჯექი და ჩამოვარდა?
- თქვენც იქ იყავით!
- დავიხოცეთ?
- რკინაც კი დადნა...
- შეფ, ცოტა არაყი დალიე, მოგეშვება... - ურჩია პაველმა.
- უფროსო, არაყი არ დალიო, რომ სვამ, იმიტომ გესიზმრება ეგეთი სიზმრები! - უთხრა კანტროლკამ.

მცირე ხნის შემდეგ:
- შეფ, რა ქენი, ახალი ველოსიპედი გამოიგონე?
- თითქმის...
- პედლები აქვს?
- მაგ საკითხზე ვმუშაობ...
- ნახაზში ჩამახედე.
- არ ჩაგახედებ!
- რატომ არ ჩამახედებ?
- საიდუმლოა!
პაველმა ხელი ჩაიქნია და თავის ადგილს მიაშურა.

სტუდიაში შემოვიდა მეყავე მარგო, ურიკითურთ - „ყავა ქვიშაზე“.
- ვაა, მარგო მოვიდა!
- გემრიელი ყავაც დაგვილევია...
- სალამი გვრიტებო!
ცხელ ქვიშაში მოსადუღებლად ხუთი პორცია ყავა ჩაადგა; აქედან ერთი, თავისთვის.
- ოსტატო ვერ გცნობ, არ მომესალმე.
- ცუდი სიზმარი ნახა...
- მარგო, ჩემს უგუნებობას ყურადღება არ მიაქციო; ერთი თხოვნა მაქვს - გვრიტები, ჩიტები და ყველაფერი ის, რაც ფრენასთან ასოცირდება, არ გამაგონო!
- ეგ შენს სიზმარს უკავშირდება?
ოსტატმა არაფერი არ უპასუხა. სწორედ ამ დროს, მარგომ შეამჩნია შუშის სარქვლის ქვეშ მოქცეული „ბარაქის ფეხი“, რომელიც ოსტატმა ლასკა-თაგუნიას ფეხის მიხედვით შექმნა.
- ეს რა არის? - იკითხა მან.
- ეგ წარმატების მომტანი თილისმანია! - ოსტატს ხასიათი გამოუკეთდა.
- რისი მომტანი?
- წარ-მა-ტე-ბის, ანუ ბა-რა-ქის ფეხი! - დამარცვლით გაუმეორა. - ლასკა-თაგუნიას ფეხბედიერი ფეხის მიხედვით შევქმენი!
- ლასკა-თაგუნია ვინაა, შრეკი?
- ფიტნესვარსკვლავია!
- ააა...
მარგომ „ბარაქის ფეხს“ გარშემო შემოუარა.
- რისი ფეხიაო, რა თქვი?
- ლასკა-თაგუნიასი!
- ვისი კი არა, რისი?
- „ბა-რა-ქის ფე-ხი-ა“! - ისევ დაუმარცვლა. - ნუ გეღიმება, მის სასწაულმოქმედებაში დაგარწმუნებ - შენს ურიკას შევახებ და კლიენტურა მოგემატება!
ოსტატმა „ბარაქის ფეხს“ სარქველი გადახსნა, მოწიწებით ხელში აიღო და მარგოს ყავის სადუღებელ ურიკას ჯერ გარშემო შემოატარა, შემდეგ, შეახო.
- ეს გამამდიდრებს? - სიცილი ვერ შეიკავა მარგომ.
- სულ მინიმუმ, ყავა-ხანის მესაკუთრეს გაგხდის!

სტუდიაში შემოდის ტელეკომპანიის ხელმძღვანელი ბატონი X, რამდენიმე მოადგილისგან შემდგარი ამალით.
- სალამი არწივებო! - მიესალმა სტუდიაში მყოფთ.
ოსტატს ნერწყვი რიყის ქვასავით შეახმა ყელში; დასხმულ ცივ ოფლზე აღარაფერს ვამბობ...
- ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობს! - თქვა მოსულმა და სტუდიის თვალიერება დაიწყო. - ჩინებულად მოწყობილხართ - ჯერ მარტო „ბარაქის ფეხი“ რად ღირს... ელვის პრესლის ცხირსახოცი... მენდელეევის ტაბულა, რომელიც ვიღაც-ვიღაცეებს პითაგორას ცხრილი ეგონათ... სხვა განძი... და ბოლოს, მთავარი - შენზე, ოსტატო, რომ არაფერი ვთქვათ, ეგზოტიკური კანტროლკა და განუმეორებელი პაველი რად ღირს! - ჯიბიდან გოზინაყის შეფუთული ნაჭერი ამოიღო და ოსტატის მაგიდაზე დადო. - ეს იმას...
კიდევ გაიარ-გამოიარა და ყავის სადუღებელ ურიკასთან შედგა.
- ქალბატონო მარგო, საქმიანი წინადადებით უნდა მოგმართოთ: თქვენი ურიკა „ყავა ქვიშაზე“ და ზოგადად, თქვენი პერსონაჟი ბრწყინვალედ ჩაჯდა გადაცემა „ტელევიზიის სარდაფში“! ამიტომ, როლს გთავაზობთ - დღეში ერთხელ შემოირბინეთ და თქვენი უგემრიელესი ყავით გაუმასპინძლდით სტუდიაში მყოფთ! ხელფასის გარდა, აგინაზღაურდებათ ყველა გაწეული ხარჯი, ყავის, შაქრის და ასე შემდეგ.
მარგო დაიბნა.
- დათანხმდი, დათანხმდი მარგო! - გადაუჩურჩულეს პაველმა და კანტროლკამ.
მოულოდნელობისაგან დამუნჯებულმა ოსტატმაც დაუქნია თავი. ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ სიზმრისეულ ავიაკატასტროფის შთაბეჭდილებებში იყო; გარდა ამისა, მისი ფიქრით, მარგოს გადაცემაში აყვანის შემთხვევა ჯადოსნური „ბარაქის ფეხის“ დამსახურება უნდა ყოფილიყო, რომელიც ამ უკანასკნელმა, კლიენტურის მოზიდვის მიზნით, მარგოს ურიკას შეახო.
ზომიერი ყოყმანის შემდეგ, მარგომ თანხმობა განაცხადა.
- კეთილი. - თქვა ტელეკომპანიის ხელმძღვენელმა და სტუდიის დასატოვებლად მოემზადა. - ხო მართლა, ოსტატო, „ახალი ველოსიპედის“ გამოგონებაზე მუშაობას რომ დაასრულებ და ააგებ პირველ ეგზემპლიარს, ერთხელ გამაკატავე!
მან სტუდია დატოვა.

- რაო, რაო, ამდენ არაყში ერთი ბოთლი კონიაკი როგორ არ გირევიაო; ვინ თქვა ეს?! - ოსტატმა პაველს ხუმრობით თვალები დაუბრიალა. - აბა, ეს რა არის?! - მაგიდის ქვემოდან ძვირადღირებული კონიაკის ბოთლი ამოდგა. - ყავას კონიაკი უხდება... _ მიშკა, ბუფეტიდან ტკბილეული მოარბენინე! - ფული გაუწოდა. - მარგო, შენი კოლექტივში ჩარიცხვა უნდა აღვნიშნოთ!
ჭიქები შეავსო და თავისი, ისე გადაჰკრა, არ დაელოდა სხვას.
- მარგო, დალიე, ნუ გერიდება!
- მე ვერ ვსვამ... - ცოტა  მოწრუპა. - ოსტატო, ამდენი ხანია აქ ვარ და ის ვერ გითხარი, რისთვისაც მოვედი.
- რა ხდება, ხომ მშვიდობაა? - მეორე ჭიქა გადაჰკრა.
- მშვიდობაა. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამართულ სასამართლო პროცესს რომ დავესწარით, ხომ გახსოვს?
- მაგას რა დამავიწყებს; მთელი ორი გადაცემა მივუძღვენი მას!
- ჰოდა, ახლა იქ ერთი პაციენტი, მეტსახელად მეცნიერა, ლექციას წაიკითხავს სამყაროს წარმოშობის შესახებ; წამოდი, დავესწროთ!
- ოო, მაგ ლექციის გამოტოვება არ იქნება; რომელ საათზე დანიშნა?
- თუ ვიჩქარებთ, მივუსწრებთ.
- რას ველოდებით, გავქანდეთ! - მესამე ჭიქაც გადაჰკრა. - მე თუ მიკითხეს, უთხარით - მივლინებაშიაო!

ფსიქიატრიული საავადმყოფო
პალატა # 6
ლექცია სამყაროს წარმოშობის შესახებ

(ხმის დასაწმენდად, მეცნიერამ შეკრული მუშტი პირთან მიიტანა და მსუბუქად ჩაახველა; დარბაზი, ანუ პალატა, გაირინდა.)
- პირველ რიგში, პიროვნულად წარმოგიდგებით: მე ვარ ტრაგიკული ბედის მქონე მეცნიერი, რომელიც მეცნიერებათა აკადემიაში ლექციებს უნდა ვკითხულობდე, მაგრამ ბედის უკუღმართობით, საშუალო სკოლის პედაგოგიც ვერ გავხდი... ეს არ მაკმარა ცხოვრებამ - ერთ დღეს, თეთრ ხალათში გამოწყობილი „ჯალათები“ გამომეცხადნენ და მომახალეს: რომ მე ფსიქიურად გაუწონასწორებელი პიროვნება ვარ(!), რომ საშიშროებას წარმოვადგენ ირგვლივ მყოფთათვის(!), და აი აქ, ამ კედლებში, გამომამწყვდიეს! ალბათ, მკითხავთ: რითი ვუპასუხე ამ აღმაშფოთებელ უსამართლობას? რითი ვუპასუხე და - მორჩილებით! ცხოვრებას დავემორჩილე... მორჩილება ნიშანია იმისა, რომ მე შეშლილი არ ვარ!
(მეცნიერამ კიდევ ერთხელ მიიტანა შეკრული მუშტი პირთან, თუმცა ამჯერად არ ჩაახველა.)
საქმეზე გადავალ: მეცნიერებაში გაბატონებული აზრის თანახმად, სამყარო წარმოიქმნა კოსმიური დიდი აფეთქების შედეგად. ჰო, ოდესღაც სამყარო არ იყო და წარმოიქმნა, მაგრამ აფეთქება აქ არაფერშუაშია! აფეთქება, რომელმაც თითქოსდა სამყაროს გაშლა გამოიწვია, საერთოდ არ ყოფილა! მიუხედავად იმისა, რომ სამყარო იშლება, ეს გაშლა სულაც არ ნიშნავს გაფართოებას. სამყარო არა მზარდი, არამედ რხევადია! ოღონდ, აღნიშნული რხევის მასშტაბი იმდენად დიდია და დროში განვრცობილი, რომ ის თავად სამყაროს სიდიდეს უტოლდება. აღნიშნული რხევა მუსიკალური ინსტუმენტის „გარმონის“ გაშლა-შეკუმშვის ანალოგიურია _ მაშინაც კი, როცა ეს ინსტრუმენტი იშლება, მისი გარკვეული ნაწილი, შეიძლება, უძრავი დარჩეს, ან სულაც, იკუმშებოდეს კიდეც. დადგება დრო, როცა (გარმონის მსგავსად) სამყაროს საერთო კუმშვა საერთო გაშლას გადააჭარბებს და შემდეგ, ისევ პირიქით მოხდება. სამყაროს უკიდეგანობის ხარჯზე მიჩნეულია, რომ ის რკალისებურია, ესე იგი, შეკრული გარმონის ფორმისაა. უნდა წარმოვიდგინოთ „გარმონი“, რომელსაც თავი და ბოლო არ გააჩნია!
დიდი გულისტკივილით უნდა აღვნიშნო ის, რომ მეცნიერთა ერთ ნაწილს, „გარმონის“ ხსენებაზე, დოლი და ღვინით სავსე ჭიქები გაახსენდება... ყურადღება არ მიაქციოთ ასეთებს.
მეცნიერება სამყაროში ცნობს მხოლოდ მატერიას, არადა, არამატერიალური სამყაროც არსებობს! ეს ორი სამყარო, რა თქმა უნდა, ერთი მთლიანობაა, მაგრამ ამ მთლიანობაში ორივეს როლი თანაბარი არ არის. ერთი მეორეზე იმდენად აღმატებულია, რომ მას დამოუკიდებლადაც გააჩნია სრულფასოვანი სახე. ეს აღმატებული მხარე, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არამატერიული სამყაროა. მატერიული სამყარო მასთან შედარებით უმნიშვნელო და უსუსურია. მართებული იქნება, თუ ვიტყვით, რომ არამატერიული სამყარო მატერიულის არა პარტნიორია, არამედ მისი მფლობელია, მას საკუთარ წიაღში მოიცავს! აღნიშნული თეორია ადვილად გასაგები რომ გახდეს, ის ადამიანის აგებულების ფორმულას უნდა შევადაროთ, რადგან ადამიანი სამყაროს ანალოგიურადაა შექმნილი - იგი შედგება სხეულისგან, რომელიც მატერიაა და სულისგან, რომელიც მატერია არ არის. სხეული ადვილად შესაგრძნობი რამაა, ხოლო სული - ბევრი ვერც ხვდება, რომ მას ასეთი რამ (საუნჯე) გააჩნია. არა და, სული ადამიანში ყველაფერია! ყველაფერია და სწორედ ამის ნიშანია ის, რომ სული სხეულში მხოლოდ დროის გარკვეულ ეტაპზე იბუდებს და შემდეგ, მისგან დამოუკიდებლად განაგრძობს არსებობას. და აი, როგორც ადამიანის შემთხვევაშია - სხეულს განაგებს სული, ასევე სამყაროშიც მატერია ემორჩილება უზენაეს ინტელექტუალურ ძალას - სამყაროს სულს! დიახ, სამყარო სულიერია და მისი გაშლა არა „დიდ აფეთქებად“ წოდებული უსულო ფიზიკური მოვლენაა, არამედ ის პულსია, ცოცხალი ორგანიზმის სუნთქვა, მოძრაობა! ამიტომ შევადარე სამყარო „გარმონს“ - ეს ინსტრუმენტი უსულო საგანია, მაგრამ სულიერის ხელში ის მოძრავი ხდება და ჟღერადიც! მაგრამ, როგორ უნდა ჩასწვდეს სამყაროს სულს ის მეცნიერი, რომელსაც საკუთარი სული ვერ შეუცვნია?!
სამყარო ხელოვნურად რომ არის შექმნილი, ამ თეორიაში დასარწმუნებლად საკმარისია მისი რომელიმე ერთი ელემენტი გამოვიკვლიოთ, თუნდაც ფუტკრის ოჯახი. ამ ერთიციდა მწერების ცხოვრების ფენომენალური წესი ვერ აიხსნება ისეთი ზღაპრით, როგორიც მეცნიერებამ, მაგალითად, სპილოს ფიზიონომიის ჩამოყალიბებას მოარგო - ცხვირი იმიტომ დაუგრძელდა, რომ მაღალი ხეებიდან ფოთლები მოეწყვიტაო! ჩემი აზრით, სპილოს ფიზიანომიასთან დაკავშირებით ვაი-მეცნიერებს კიპლინგისეული ვერსია უფრო უნდა ერწმუნათ, ვიდრე დარვინის! რაც შეეხება ფუტკრების ოჯახს - ფუტკრები საქმეს კოლექტიურად აღასრულებენ, ანუ, მთლიანი საქმის ცალკეული სამუშაოები ერთმანეთში განაწილებული აქვთ. როგორ გაინაწილეს საქმე, როცა ფიქრისა და ბჭობის უნარი არ გააჩნიათ? სწორედ აქ იკვეთება გარეშე ინტელექტის აქტიურობა, ანუ ზეშემოქმედის არსებობა, რომელმაც ეს მწერები დააპროგამა, თუ რომელმა საქმის რა ნაწილი შეასრულოს. ადამიანის ხელებიც ასეთნაირადვეა მოწყობილი (დაპროგრამებული) - შეთანხმებულად ერთ საქმეს აღასრულებენ, ოღონდ `შეთანხმება~ არა მათ შორის მოხდა, არამედ ისინი გონებამ დააპროგრამა!
(დარბაზში სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა.)
- მე დავამთავრე! - თქვა მეცნიერამ, თავი დაუკრა ყველას და იქაურობა დატოვა.
ის აპლოდისმენტებით გააცილეს.

- ოსტატო, ჩვენი წასვლის დროა!
- მარგო, ამ პიროვნებას რატომ არ უშვებენ?
- სად არ უშვებენ, გარეთ?
- მეცნიერებათა აკადემიაში!
- მეცნიერებათა აკადემიაში რომ შეუშვან, ჯერ აქედან გარეთ უნდა გაუშვან!
- აქედან რატომღა არ უშვებენ გარეთ?
- აქედან იმიტომ არ უშვებენ, რომ მეცნიერებათა აკადემიაში არ შეუშვან!
- ეგ როგორ?
- წამოდი ოსტატო, წამოდი...

ქუჩაში გასულებმა კარგა ხანს იარეს ჩუმად, ბოლოს, მარგომ თქვა:
- მე ამ ლექციას მეორედ დავესწარი.
- სხვა დროსაც წაუკითხავს?
- მციროედენი ინტერპრეტაციებით.
- რა თქვა ისეთი, რაც დღეს არ უთქვამს?
- თქვა, რომ - „ადამიანი მაიმუნისგან არ წარმოქმნილა, მაგრამ დიდი ალბათობაა იმისა, რომ ის ამ არსებად იქცევაო!“
- ვაა...

მეოცე სერიის დასასრული.
2.I.2020

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები