ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დარემო
ჟანრი: პროზა
14 იანვარი, 2020


მე და მე

სადღაც მდელოში მიტოვებულ სახლში ფიცარმა გაიჭრაჭუნა.

ცივი აღმოსავლეთიდან მონაბერი ქარი მზიან, მაგრამ უსინათლო ცაზე ღრუბლებს აგრესიულად მიერეკებოდა.

სახლი ორსართულიანი იყო, აჭედილი ფანჯრებით და ჩამოღებული კარით.

ერთადერთი გზა, რომელიც სახლამდე მიგიყვანდათ ბალახებში იყო ჩაძირული. ბასრი მუქი მწვანე ღეროები ქარში შლეგიანივით ირეოდა და რაღაც აღვირახსნილის შეგრძნებას ტოვებდა.
....და ღმერთებო, არც ერთი ყვავილი.

მეორე სართული უბრალოდ არსებობდა. თითქოს ამ სახლს არ ეკუთვნოდა, არც მიწას და არც ამ სამყაროს.

ლელიანები ისევე უცებ წყდებოდა, როგორც იწყებოდა. სახლიდან ოცდასამი მეტრის მოშორებით, მიწა დაღრღნილ კლდედ იქცეოდა.  ქვემოთ კი ზღვა ლოკავდა ქვებს. ან იქნებ ოკეანე იყო, თუნდაც ტბა. რაც არ უნდა ყოფილიყო, მან მიწას ჩაასო კბილები და შთანთქა ნაპირი.

მხოლოდ ერთი ფანჯარა არ იყო ჩამსხვრეული. უფრო მეტიც ის აღარ არსებობდა, იქ სადაც ოთხკუთხა ჭრილი უნდა ყოფილიყო ახლა რაღაც შავი ზეწარი ფრიალებდა, ფორმას ვერ გაარჩევდით. თითქოს ქარს ემორჩილებოდა, ან ქარი იყო მისი მორჩილი. ამ ტალღების ქოთქოთში, ბალახის ამხედრებაში და ღრუბლების სიმხდალეში ნამდვილი ქაოსი იბადებოდა.

მაგრამ რა იყო აქაურობის აზრი და არსი. რატომ არსებობდა ეს სახლი ამ ღმერთისგან და ადამიანებისგან მიტოვებულ ადგილას. ვინ იყო მეორე სართულზე და ვის ემსახურებოდა ქარი.

ოთახის შუაში, იატაკზე დაგებულ ნოხზე ბავშვს ეძინა და ეს ყველაფერი ესიზმრებოდა, მის ყველა ჩასუნთქვაზე მზე სუსტდებოდა, ამოსუნთქვა კი გასაღვივებელ ცეცხლზე სულის შებერვასავით იყო. ხუთ წლამდე იქნებოდა და მას სიცოცხლე უყვარდა. მაგრამ ვერ იტანდა სინათლის ბურთს გარეთ, ამიტომ ეძინა ახლა. ადრე სცადა ამ აბეზარი ბურთის ჩაქრობა, მაგრამ მამამ აუკრძალა.

ყოველთვის როდესაც ეს სახლი მახსენდება ჟრუანტელმა მივლის. ის დაუკითხავად მოდის და მახსენებს თავს. მოდის და რაღაცას ითხოვს ჩემგან. ჯერ გულზე დამადებს ხელს შემდეგ ყელზე გაისვავს ცერა თითს და სისხლის ჩანჩქერი იფეთქებს მანამ, სანამ კანი სისხლძარღვებს არ აეკვრება და თვალები არ ჩაუცვივდება ბუდეში. შემდეგ დგას ასე შავი თვალებით და უსისხლო ლურჯი ტუჩებით ლოყაზე მკოცნის და ისე ქრება როგორც ჩნდება.

წასვლის წინ ხელს მიქნევს და დამტყდარი სახმო სიმებით, ხრიალა ხმით ამბობს.

,,ამაღამაც მოვალ და ვინ იცის, იქნებ ამაღამ მარტო არ წავიდე."
და მეც აქ ვარ, ისევე როგორც შენ და ველით და ველით და ველით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები